USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Тбилиси
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 31 მაისის შეჯამება
дата:  594
- რუსებმა ლუგანსკის რაიონის ქალაქი სევეროდონეცკის უმეტესი ნაწილის დაკავება შეძლეს. უკრაინელები ქალაქის 30% აკონტროლებენ, რითაც საევაკუაციო დერეფანს იცავენ მოსახლეობისა და სამხედრო ძალებისათვის. ქალაქისათვის ბრძოლა 25-ე დღეა მიმდინარეობს.
 
ქალაქის დასავლეთით მდინარე სივერსკი დონეცამდე კიდევ რამდენიმე პატარა დასახლებაა, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ, თუმცა საეჭვოა თავდაცვის ზღუდე რომელიმე მათგანზე მოეწყოს. სავარაუდოა, რომ რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეაკავებენ უკრაინელები რუსებს მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე და კრიტიკული მდგომარეობის დადგომისთანავე ორგანიზებულად დაიხევენ უკან მდინარის დასავლეთით, ლისიჩანსკის მიმართულებით.
 
ზუსტად არაა ცნობილი ინფორმაცია დანაკარგების შესახებ, მაგრამ ცალკეული ცნობებით რუსეთის მხარეს მებრძოლი სეპარატისტების დანაყოფების და იძულებით გაწვეულების მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია. მძიმე დანაკარგებია მშვიდობიან მოსახლეობასა და უკრაინულ ძალებშიც. სხვაობა ისაა, რომ უკრაინელები საკუთარ სამხედროებს უფრო მეტად უფრთხილდებიან, ვიდრე რუსები.
რუსების შეტევა ლისიჩანსკისაკენ ამ ეტაპზე კიდევ უფრო რთული იქნება, თუკი მდინარის მეორე მხარეს გადასვლა საერთოდაც მოხერხდა. ერთადერთი საფრთხე პოპასნაიადან წამოსული რუსული დაჯგუფებაა, რომელსაც უკრაინელთა პოზიციების ზურგში მოხვედრა შეუძლია.
- იზიუმის აღმოსავლეთით, უკრაინელებმა გაათავისუფლეს ნაწილობრივ ოკუპირებული დასახლება ველიკაია კომიშუვახა. რუსებმა უკან დაიხიეს. ამ ქალაქის სრული გათავისუფლება მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობის არაა, არამედ რუსული შემტევი ნაწილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოზიციას ქმნიდა. როგორც უკრაინელები წერენ რუსებმა დიდი დანაკარგები განიცადეს.
 
- ხერსონის რაიონში რუსებმა უკრაინული კონტრშეტევის შესაჩერებლად მდინარე ინჰულენცზე გადასასვლელი ის ხიდები ააფეთქეს, რომლებიც მათ ხელში იყო. მდინარე არაა დიდი და მასზე გადასვლა როგორც ქვეითებს ისე მძიმე ტექნიკას თავისუფლად შეუძლია. ამასთან უკრაინელთა საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე მდინარის აღმოსავლეთითაა და ხერსონის რაიონში ღრმად ოპერირებს.
 
რუსებმა მთლიანად დანაღმეს ხერსონის ხიდი (ჯერ კიდევ აპრილში) და ნოვა კახოვკას წყალსაცავი. უკრაინელთა მასირებული იერიშის შემთხვევაში ისინი მათ აფეთქებას აპირებენ. რთული სათქმელია ნოვა კახოვკას წყალსაცავთან დაკავშირებით რა მოხდება, მაგრამ უკრაინელთა იერიშის შემთხვევასი ხერსონის ხიდის აფეთქება უფრო რეალისტური ჩანს. თუმცა ხერსონი მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზეა და ხიდის დანაღმვა ქალაქზე უკრაინელთა შესაძლო იერიშს ვერ შეაჩერებს.
 
- ყოველდღიურად იზრდება დასავლეთის სახელმწიფოების მიერ უკრაინისათვის მიწოდებული არტილერიის რაოდენობა და შესაძლებლობა. ამასთან უმჯობესდება უკრაინელი არტილერისტების ცოდნაც. ამ მხრივ უპირატესობა ცალსახად უკრაინელთა მხარესაა. სასურველი იარაღის საკმარისი რაოდენობით მიღების შემთხვევაში რუსული არტილერია მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება.
 
- წლის ბოლოსათვის ევროკავშირში რუსული ნავთობი საზღვაო გზით საერთოდ ვეღარ შევა. ეს კი რუსული ნავთობის ევროპული ბაზრის დაახლოებით 70%-ია. სწორმა საინფორმაციო კამპანიამ, საერთო საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციამ და ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოს ზეწოლამ საფრანგეთას და გერმანიაზე გაამართლა და მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ნელ-ნელა რუსული ენერგობერკეტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს არამხოლოდ ახალი ბაზრების და წყაროების მოძიებას შეუწყობს ხელს, არამედ განახლებად ენერგიაზე გადასვლას კიდევ უფრო დააჩქარებს. სრულიად შესაძლებელია ვიხილოთ ატომური ენერგიის აქტიური დაბრუნება მთელს ევროკავშირში.
გიორგი კობერიძე
мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати