USD 2.7270
EUR 3.1287
RUB 3.4745
თბილისი
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 30 ივნისის შეჯამება
თარიღი:  441
- 24 თებერვალს, როდესაც რუსებმა შავი ზღვის კუნძული ზმეინი ხელში ჩაიგდეს რუსულ მედიასა და პოლიტიკურ კომენტატორებში დიდი ზეიმი იყო. დუგინის - პრო-რუსული ძალების ერთ-ერთი საყვარელი პოლიტიკური ანალიტიკოსის - მიერ განცხადებაც გაკეთდა და აღინიშნა, რომ ზმეინი რუსული სამხედრო-პოლიტიკური ისტორიისა და კულტურისათვის სულიერი მნიშვნელობისა იყო და ამით შავი ზღვის რუსულ ტბად გადაქცევის პროცესიც შეუქცევადად წარიმართებოდა.
ბოლო ათი დღის განმავლობაში პრაქტიკულად უწყვეტად მიმდინარეობდა უკრაინელთა იერიში კუნძულ ზმეინზე განთავსებული რუსული სამხედრო ნაწილებისა და ტექნიკის წინააღმდეგ. ეს იყო გაგრძელება ჯერ კიდევ აპრილში დაწყებული პროცესისა, რომლის დროსაც რუსები ათობით სამხედროსა და ძვირფას ტექნიკას, მათ შორის ხომალდებსა და სამხედრო კატერებს კარგავდნენ ზმეინის შენარჩუნების პროცესში.
კუნძული, რომელიც ხმელეთიდან 35 კილომეტრში მდებარეობს ოდესის ბლოკადისათვის იყო განკუთვნილი. ამასთან, ზმეინი შესაძლოა გამხდარიყო ერთგვარი სამხედრო პლაცდარმი სადესანტო ექსპედიციებისათვისაც. ამ ფონზე, წუხელ უკრაინელთა საარტილერიო იერიში განსაკუთრებული ინტენსივობით განახლდა კუნძულის წინააღმდეგ, რომელსაც როგორც "კეისრების" და "კრაბების" ისე "ბოჰდანას" მეშვეობით ბომბავდნენ უკრაინელები.
დღეს, უკრაინელთა თანმიმდევრული და გამანადგურებელი შეტევის ფონზე, რუსებმა იძულებითი ევაკუაცია განახორციელეს კუნძულიდან. ზმეინი თავისუფალია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, საფრთხე ოდესასა და მის რაიონზე მოხსნილია. რუსებმა ზმეინისათვის ბრძოლაში უზარმაზარი სამხედრო და რეპუტაციული ზარალი მიიღეს. ზმეინის გათავისუფლება უკრაინელთა მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
- რუსული საზღვაო-სადესანტო ხომალდი მარიუპოლთან ახლოს საზღვაო ნაღმზე აფეთქდა და ჩაიძირა.
- მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს ლუგანსკის რაიონში, ლისიჩანსკის მისადგომებთან. ამ ეტაპზე, სამხედრო მოქმედებების ყველაზე აქტიური ფაზა ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გრძელდება. ამასთან, რუსებმა დაიწყეს სივერსკი-ლისიჩანსკის საგზაო მონაკვეთის საარტილერიო და საავიაციო იერიში. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ბახმუტი-ლისიჩანსკის გზა გადაჭრეს, მაგისტრალის დიდი ნაწილი კვლავ უკრაინელთა ხელშია, თუმცა ამ ეტაპზე საეჭვოა ამ გზის გამოყენება როგორმე მოხდეს მათი მხრიდან. ახლა უკვე სწორედ სივერსკი-ლისიჩანსკის გზაა როგორც მომარაგების არტერია, ისე პოტენციური საევაკუაციო ხაზი უკრაინელთათვის. ბრიტანელი ჟურნალისტები, რომლებიც ლისიჩანსკში იმყოფებოდნენ აღნიშნავენ, რომ ქალაქი ძალიან კარგადაა გამაგრებული და სამხედროებს მისი დაცვის მოტივაცია აქვთ, თუმცა თუკი ევაკუაციის ბრძანება მოვიდა ისინი დატოვებენ ლისიჩანსკს და გამაგრდებიან უფრო უსაფრთხო პოზიციებზე, სავარაუდოდ ბახმუტის სიახლოვეს. სავარაუდოა, რომ ევაკუაცია მართლაც განხორციელდება. თუმცა, ამასთან, სიუჟეტში ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ქალაქში და მის შემოგარენში უკრაინელებს ძალიან კარგი ბუნკერული ქსელი აქვთ რომელთა გამოყენება მულტიფუნქციურადაც შეიძლება.
- ხერსონის მიმართულებით, დნიპროს რაიონის მხრიდან განახლდა უკრაინელთა შეტევა. ამჯერად მათ დასახლება პოტიომკინე გაათავისუფლეს სრულად. ზოგადად, ხერსონის რაიონის დიდი ნაწილი მდელო და სტეპია. შესაბამისად, აქ დასახლებიდან დასახლებამდე ტერიტორია უკონტროლოა. პირველ მსოფლიო ომში ძალიან პოპულარული გახდა ტერმინი "No man's land" რომელიც გამოხატავდა ტერიტორიას, რომელიც მოწინააღმდეგე სამხედრო ძალებს შორის იყო მოქცეული, თუმცა ვერავის მიერ კონტროლდებოდა, რადგან მისი კონტროლი რელიეფური და სამხედრო პირობების გათვალისწინებით შეუძლებელი იყო. ახლა სწორედ ასეა უკრაინელებსა და რუსებს შორის. პრაქტიკულად No man's land იმდენად დიდი, გაშლილი და დაუსახლებელია, რომ იქ დიდი კონტრშეტევის წამოწყების გარეშე მისი დაკავება და კონტროლი შეუძლებელი იქნება. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგის ყველა საარტილერიო ჭურვი თუ დრონიდან ნასროლი რაკეტა სამიზნედ გაქცევს. ამ ტერიტორიის გადალახვას მაშინ ექნება აზრი, თუკი დიდ დასახლებამდე ჩავლენ უკრაინელები. ასეთი კი რეალურად ხერსონი და მისი შემოგარენია.
- ბრიტანელებმა დაიწყეს უკრაინელთა წვრთნა უშალოდ ინგლისის ტერიტორიაზე. 500-მდე უკრაინელი იწვრთნება როგორც საარტილერიო დანადგარებზე ისე ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე და მძიმე ტექნიკაზე. მათი გადამზადება ნიშნავს, რომ კურსგავლილები არამხოლოდ საკუთარ სახელმწიფოს მიეშველებიან ფრონტზე, არამედ თავად იქცევიან ინსტრუქტორებად დანარჩენი უკრაინული სამხედრო ნაწილებისათვის. ამასთან, ყველა ტექნიკა, რომელსაც აითვისებენ უკრაინელები მალე უკრაინაშივე აღმოჩნდება. ბრიტანეთის მიერ კიდევ დამატებით მიწოდებული 1 მილიარდი ფუნტი სტერლინგი უკვე ხმარდება უკრაინის გადაიარაღებას და ეს მხოლოდ დასაწყისია.
- საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დამატებით კიდევ 6 "კეისარს" გადასცემს უკრაინას. ამას დაემატება მძიმე ტექნიკა და ჯავშანტრანსპორტიორები. ფრანგული შეიარაღება ძალიან კარგად მუშაობს ამ ომში. შეარაღების გადაცემა დაანონსდა იტალიის მხრიდანაც.
- პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ მას ომის დასრულება შობამდე - 25 დეკემბრამდე - სრული გამარჯვებით უნდა. იმ ფონზე, რომ ნატო რუსეთს საკუთარი უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად სახავს ეს სრულიადაც არ არის წარმოუდგენელი.
ანალიტიკა
«The Daily Telegraph» : „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.

მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.

რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.

მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები  და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.

უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.

მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).

სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.

 მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?

როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.

2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.

ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.

რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.