USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 1 ივლისის შეჯამება
თარიღი:  351
- წუხელ მძიმედ დაიბომბა ოდესა. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა საცხოვრებელ კორპუსებზე. დაღუპულები და დაშავებულები მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობაა. ამის ფონზე დღეს დღის განმავლობაში რამდენჯერმე იქნა იერიში მიტანილი ქალაქ მიკოლაივზე. ამ შემთხვევაშიც სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა აღმოჩნდა. ტერორი უკრაინაში ყოველდღიურ რუსულ ხელწერადაა წარმოდგენილი.
- უკრაინულმა არტილერიამ ერთდროულად რამდენიმე რუსულ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში დონეცკის რაიონში. რუსული სამხედრო ბაზა დაიბომბა ხერსონშიც. ამ მიზანმიმართული იერიშების მიზანი არამხოლოდ რუსულ ლოჯისტიკაში პრობლემების შექმნა, არამედ სამხედრო ძალების დემორალიზებაა, რომელთაც შტაბების უფრო და უფრო შორს, რუსეთის საზღვართან გადაწევა უწევთ. ეს კი სამხედრო მოქმედებებში რუსული ოფიცრების მიერ სიტუაციის კონტროლს კიდევ უფრო გაართულებს.
- დონეცკის ოკუპირებულ ნაწილში სერიოზული შიდა არეულობაა. მშობლებს შვილებს სტაცებენ სახლებიდან, უნივერსიტეტებიდან და ქუჩებიდანაც კი. ცალკე იძულებით წაყვანილი სტუდენტები აპროტესტებენ თავიანთ უიმედო მდგომარეობას და ცალკე მშობლები. სიტუაცია კრიტიკულად დემორალიზდა სეპარატისტების ბანაკში. ამასთან, დონეცკის სეპარატისტებში, რომლებიც საკვებისა და შეიარაღების დეფიციტს განიცდიან ბრძანებების შეუსრულებლობამ ყოველდღიური სახე მიიღო.
რატომ არ ხდება იგივე ლუგანსკელ სეპარატისტებში? თავიდან აპროტესტებდნენ ისინიც დღეს კი მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ მკვდარია. მოკლულებს კი პროტესტის გრძნობა არ აქვთ. რაც უკრაინაში ხდება ყველა სეპარატისტისათვის ქრესტომათიული გაკვეთილი უნდა იყოს - რუსეთი მათ ცხოველებადაც კი არ აღიქვამენ, რომ გამოკვებონ და აღჭურვონ. 18 წლის სტუდენტებს ფრონტზე უეჭველი სიკვდილისათვის აგზავნიან, ხოლო ქალაქებს უცხოვრებელს ხდიან. თავად ლუგანსკელები წერდნენ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მამაკაცი აღარ დადის ქალაქშიო, მხოლოდ მოხუცები, ყაჩაღები (ეს განსაკუთრებით გახშირდა) და რუსული არმიის ნაწილებიღა დადიან, რომლებიც ან ახალ საზარბაზნე ხორცს ეძებენ ან ალკოჰოლს. ამად იქცა ლუგანსკი და დონეცკი. ამის შემდეგ გონიერი არ უნდა იყოს ადამიანი რუსეთის ოკუპაციას მიემხროს.
- დონეცკის რაიონში რუსებმა ბახმუტის მიმართულებით შეტევა წამოიწყეს და სამი განსხვავებული მიმართულებიდან სცადეს ფრონტის ხაზის გარღვევა. ამ მიმართულებით ინტენსიური საბრძოლო მოქმედების არეალი დაახლოებით 15 კილომეტრზეა გადაჭიმული. დღეს საღამოსათვის გაირკვა, რომ ყველა წამოწყებული შეტევა ბახმუტისაკენ სრულიად ჩაუვარდა და რუსებს დიდი დანაკარგებით უკან დახევა მოუხდათ.
- ლუგანსკის რაიონში უკრაინულმა ავიაციამ დღესაც განახორციელა რამდენიმე სამხედრო გაფრენა რუსული პოზიციების წინააღმდეგ ლისიჩანსკის მიდამოებში. უკრაინელები კვლავაც აკონტროლებენ ქალაქს. ეს სავარაუდოდ ასე იქნება მინიმუმ მანამ, სანამ ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მათ ხელში დარჩება და ქალაქის პოტენციურ ევაკუაციაზე ან გამაგრებაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რუსების მიერ ქარხნის სრულად დაკავების შემთხვევაში ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის შანსი გაიზრდება.
რუსი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ის, რაც ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის ირგვლივ მოხდა არის რუსული წინდაუხედაობა და უკრაინული მახე. ისინი ამაში იმ ფაქტს გულისხმობენ, რომ რუსებმა ძალიან დიდი დრო და ცოცხალი ძალა შეალიეს სტრატეგიულად შედარებით უმნიშვნელო სევეროდონეცკისათვის ბრძოლას უშალოდ ქალაქის ქუჩებში, მაშინ, როდესაც ლისიჩანსკზე სამხრეთიდან შეტევისა და ქალაქის ალყაში მოქცევის შემთხვევაში რუსები სევეროდონეცკსაც და ლისიჩანსკსაც ალყაში მოაქცევდნენ და სავარაუდოა, რომ ზარალი ბევრად მძიმე იქნებოდა მათთვის. ახლა კი, რაც არ უნდა მოხდეს ლისიჩანსკში, დრო და სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ დაკარგულია რუსებისათვის.
- კრემლს სერიოზულად ეშინია ყირიმის ხიდზე უკრაინელთა იერიშის. ამის ალბათობა ამ ეტაპზე მაღალი არაა, მაგრამ წვრთნები ხიდის დაცვისათვის მიმდინარეობს. სავარაუდოა, რომ უკრაინელები ამ ეტაპზე თავიანთ ისედაც ლიმიტირებულ რესურსს ხიდის წინააღმდეგ არ (და სიშორის გამო ვერ) მიმართავენ, მაგრამ ხიდი, როგორც რუსული ანექსიის სიმბოლო მაინც რჩება პერმანენტულ პოტენციურ სამიზნედ.
პოლიტიკური ნაწილი:
- ჩეხეთი იწყებს უკრაინელ სამხედროთა წვრთნას. არ არის ცნობილი რა რაოდენობაზეა საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს მისი მხრიდან უკრაინის დახმარება მხოლოდ იარაღის ინსტრუქტაჟით არ შემოიფარგლება. ამასთან, ჩეხეთია სწორედ ის სახელმწიფო, რომელიც დღეიდან ევროსაბჭოს პრეზიდენტი გახდა. შესაბამისად, ევროკავშირის დღის წესრიგის ფორმირება პრაღაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული. სწორედ ამ ფონზე ჩეხები აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ენერგოდამოუკიდებლობა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
- დღეს პირველად მოხდა, რომ ევროკავშირში გაზის ამერიკულმა იმპორტმა გადააჭარბა გაზის რუსეთიდან იმპორტს. აშშ გაზს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე თხევადად აქცევს. შემდეგ ხომალდებით ჩააქვს ევროკავშირში და იქ სპეციალურ ტერმინალებში ტვირთავს. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი რთული და ძვირიანი პროცესის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში, იმ ფონზე რომ რუსეთი ძალიან ძვირად ყიდის გაზს ევროკავშირზე და შემდეგ ამ ფულს სხვა ქვეყნების დასაპყრობად მოიხმარს (თავი რომ დავანებით პოლიტიკურ ენერგოზეგავლენებს), აშშ-დან მიწოდებული გათხევადებული გაზი სრულიად რაციონალური ხდება.
- რთული სიტუაციაა ლიეტუვასა და გერმანიას შორის. როგორც ცნობილია ლიეტუვამ კალინინგრადზე რუსული ტვირთების მიწოდება შეზღუდა. თუმცა გერმანიას კალინინგრადისათვის გამონაკლისის დაშვება სურს. ლიეტუვა უარზეა. მყარი პოზიცია აქვს პოლონეთსაც. ნებისმიერი გამონაკლისი, მით უფრო კალინინგრადის ოლქზე, რომელიც ერთი დიდი სამხედრო ბაზაა თავისი ისკანდერებითა და ჯავშანტექნიკით, რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ევროპული მშვიდობისათვის. მისთვის ტვირთების მიწოდების დაშვება არამხოლოდ პოლიტიკური წინდაუხედაობა იქნება, არამედ შეიქმნება პრეცედენტი, რომელსაც რუსეთი სხვაგვარად სხვა ადგილას გამოიყენებს.
საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.