[11.04.2024] - საბრძოლო მოქმედებების შეჯამება უკრაინაში:
- დონეცკის ოლქში, ქალაქი დონეცკის დასავლეთით, რუსებმა დაიკავეს დასახლება პერვომაისკე. უკრაინელებმა კონტრიერიშის მისი ნაწილის დაბრუნება შეძლეს. ძალიან აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს არამხოლოდ დასახლებაში, არამედ მის შემოგარენში. - დონეცკის ოლქში, მარიინკას სამხრეთით, ნოვომიხაილივკასთან მაღალინტენსიური ბრძოლები გრძელდება. რუსები დასახლების შტურმს აგრძელებენ თუმცა იმ მასშტაბის დანაკარგების ფონზე, რომელიც 2022 წლის შემდეგ ბევრი აღარ ყოფილა. ბოლო 10 დღეა დონეცკის ოლქი, ქალაქი დონეკიცს შემოგარენი ყველაზე აქტიურ საომარ ზონადაა ქცეული.
- რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ ქალაქ ხარკოვს / ხარკივს. ჰუმანიტარული სიტუაცია ძალიან მძიმეა. უკრაინელებმა რუსეთის საზღვრის გამაგრება დაიწყეს. არ გამორიცხავენ იერიშის დაწყებას უშუალოდ ხარკოვის მიმართულებით. თავად რუსი პროპაგანდისტები ღიად აცხადებენ, რომ უკრაინის დამარცხება ხარკოვის დაბომბვაზე და მის სრულ განადგურებაზე გადის, რასაც ჯერ ქალაქის და შემდეგ მთელი ოლქის დანებება უნდა მოჰყვესო. უკრაინელებს კარგად აქვთ ქალაქი გამაგრებული.
- რთული სიტუაციაა ბახმუტის დასავლეთით, ჩასივ იარისაკენაც. რუსები ბოლო ორი კვირაა ტალღებად უტევენ დასახლების შემოგარენს. თუმცა მიუხედავად დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურებისა ქალაქი და მისი შემოგარენი უკრაინელთა ხელშია. ჩასივ იარის გამაგრება ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილ-მაისში განხორციელდა. შესაბამისად ქალაქში შეღწევა და მისი აღება რუსეთისათვის ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. ჩასივ იარი შემაღლებულზეა და იქიდან ბახმუტის პოზიციები კარგად ჩანს.
- კიევში რუსებმა ტრიპოლის თბოელექტროსადგური დაბომბეს, რითაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას.
- უკრაინელებმა რუსული პოზიციები და იარაღის საწყობი დაბომბეს ავდიივკაში, ინდუსტრიული ზონის მიმართულებით. ავდიივკას გამოყენებას რუსები შემდგომ პლაცდარმად აპირებენ რის გამოც ქალაქის დაუსახლებენ ნაწილში იარაღის საწყობებს ქმნიან. უკრაინელთა ნებისმიერი ასეთი იერიში წარმატებული პრევენციაა.
- უკრაინული დრონები შვეულმფრენებზეც ნადირობენ. შავ ზღვაში ჩამოგდებულ იქნა Ka-27 რუსული მოიერიშე შვეულმფრენი.
- უკრაინელებმა დრონებით ან დაუდგენელი ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანეს რუსების ინდუსტრიულ ზონაზე ჟელეზნოგორსკში, კურსკის ოლქში. - უკრაინული დრონები აგრძელებენ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და ტერმინალებს დაბომბვას საზღვრიდან 900-1000 კილომეტრის მოშორებითაც კი. რეალურად, უკრაინული დრონები რუსეთის ევროპულ ნაწილს მეტწილად ფარავენ.
- რუსეთში, მდინარე ურალზე, ყაზახეთის საზღვრისაკენ რამდენიმე კაშხალი გასკდა. ორენბურგისა და კურგანის ოლქების ნაწილი თავისი ქალაქებიანად წყალმა დაფარა. ევაკუაცია არ მხოლოდ დაგვიანებით განხორციელდა. ქალაქი ორსკის კატასტროფულ მდგომარეობაშია ხოლო წყლის დონე კვლავინდებურად ზემოთ იწევს. კაშხლების გასკდომამდე დაზიანება რამდენიმე დღით ადრე იქნა შემჩნეული. ადგილობრივმა მოსახლეობამ და ხელისუფლებამ ნაცვლად ღონისძიების გატარებისა მღვდელი მიიყვანეს კაშხალთან და ალოცინეს.
- რუსეთში, სმოლენსკში, ბელარუსისაკენ მიმავალი პენინსკის ხიდი ჩაინგრა. დაზიანებულია როგორც საგზაო ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. რუსი პროპაგანდისტები დივერსიაზე საუბრობენ.
- უკრაინელები მთელი ფრონტის ხაზის ირგვლივ თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის დასკვნით ეტაპზე არიან გადასული. მოსალოდნელია, რომ პრაქტიკულად, 2024 წელი აქტიური თავდაცვის რეჟიმში ყოფნა იქნება დღის წესრიგში თუკი რაიმე უეცარი ცვლილება არ განხორციელდა.
- რუსეთი ჩქარობს, აშშ-ში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამოყენება მისი სასიცოცხლო ინტერესია. კრემლი წელს უკრაინის წინააღმდეგ მაქსიმალურ დაწოლას შეეცდება. ძველი ტექნიკის კანიბალიზაციისა და ახლის შექმნის ფონზე როგორც დათვალეს რუსეთს ტექნიკა კიდევ 18 თვე ეყოფა (თუ 2022 წლის მასიური დანაკარგები არ განმეორდა). ამ ფონზე რუსეთი ფიქრობს, რომ უკრაინის იარაღის დეფიციტის ფონზე 18 თვეში წარმატებას მიაღწევს.
- ევროპარლამენტმა ევროსაბჭოს ბიუჯეტის მიღება დაბლოკა მანამ, სანამ უკრაინის შეიარაღება არ მოხდება ევროკავშირის მიერ. რეალურად, ევროპარლამენტი ძალიან აქტიურობს უკრაინის მხარდაჭერის მხრივ. ამასთან, ევროკავშირის სახელმწიფოები სწრაფად ცდილობენ იარაღის აქტიურ წარმოებაზე გადავიდნენ და დააბალანსონ აშშ-ს ფონზე შექმნილი დეფიციტი.
- აშშ-ში კრიზისი გრძელდება. არამხოლოდ ქვეყანაშია პოლიტიკური დაძაბულობა, არამედ რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებშიც. რესპუბლიკელების შიგნით ტრამპის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირებაა. კონფლიქტის საგანი უკრაინაცაა. დემოკრატიულ პარტიაში კი ისრაელისადმი მხარდაჭერაზეა კონფრონტაცია.
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.
მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.
რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.
მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.
უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.
მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).
სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.
მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?
როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.
კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.
2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).
იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.
ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.
რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.
ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.
ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.