აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „რა წერია სენატში ინიცირებულ "ქართველი ხალხის აქტში?“.
გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ტექსტს:
23 მაისს, სენატორებმა ნიუ-ჰემფშირის შტატიდან ჯინ შაჰინმა (დემოკრატი) და ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი) ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელსაც “ქართველი ხალხის აქტი” ეწოდება და ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც შეერთებული შტატების მოსაზრებით, ხელს უშლიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესს და ევროატლანტიკურ გზაზე სვლას.
კანონპროექტის თანავტორები ასევე არიან სენატორი ბენ კარდინი (დემოკრატი მერილენდიდან) და სენატორი პიტ რიკეცი (რესპუბლიკელი ნებრასკიდან).
აქტი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას საქართველოში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების შესახებ და აშშ-ის სენატის აზრით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ საჭირო ზომებს, “ქართული ოცნების” მიერ, ე.წ. "აგენტების კანონის" დაწინაურებაზე პასუხად.
სენატი მასში საუბრობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის მმართველი ძალის მიერ, აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ მომხდარ თავდასხმებზე, ამერიკის წინააღმდეგ თავდასხმებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობისა და დაშინების შემთხვევებზე, ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე, ასევე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შელახვაზე.
აქტში ნათქვამია, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ “ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ” მიიღო “უცხოეთის აგენტების კანონი” და რომ ეს ნაბიჯი ძირს უთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
აქტის მიხედვით, სენატი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკამ უნდა "გამოხატოს სერიოზული შეშფოთება იმ დაბკროლებებზე, რომლებიც ექმნება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებსა და პროცესების გაძლიერებას, მათ შორის, საგარეო აგენტების შესახებ კანონპროექტით, რომელიც შეანელებს ან შეაჩერებს საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევისკენ, რაც აღიქმება როგორც საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის სტაგნაცია და გამოიწვევს ნეგატიურ საშინაო და საერთაშორისო შედეგებს საქართველოს მთავრობისთვის”.
აქტში საუბარია საქართველოს ხელისუფლების, ყოფილი და ახლანდელი წევრებისთვის სანქციების დაწესებაზე, რომლებიც თანამდებობაზე 2012 წლის შემდეგ იმყოფოდნენ და ასევე იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა თუ ოპოზიციის წინააღმდეგ.
აქტი ამბობს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა უნდა იყოს: “სწრაფი შედეგების დაკისრება იმ პირებზე, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ხელმძღვანელობდნენ ან პირდაპირ და შეგნებულად ჩაერთნენ ხელმძღვანელობაში, ქმედებებში ან პოლიტიკაში, რაც ძირს უთხრის საქართველოში მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტს, ან ტერიტორიულ მთლიანობას”, - ნათქვამია კანონპროექტში.
სენატში ინიცირებული საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, სანქციები შესაძლოა დაუწესდეს:
“(1) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც 2012 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მთავრობის პარლამენტის წევრად, საქართველოს მთავრობის პარლამენტის აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი.
(2) ნებისმიერი პირი, რომელიც მსახურობს ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რომელიც მუშაობს საქართველოს მთავრობის სახელით, მათ შორის სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო ან ადგილობრივი ან მუნიციპალური ხელისუფლების სახელით.
(3) (1) პუნქტში აღწერილი თანამდებობის პირის ან (2) პუნქტში აღწერილი პირის უახლოესი ოჯახის წევრი.”
აქტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს “პოლიტიკური მოტივაციით” დაკავებული პირები და გაიწვიოს საქმეები მათ წინააღმდეგ. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება, რათა ის ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას.
სენატორების მიერ წარდგენილი აქტი ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს, შეადგინოს იმ პირთა სია, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, ჩართულია კორუფიცაში ან “ბლოკავს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოში".
აქტში ნათქვამია: "კონგრესის თვლის, რომ "ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირებისკენ მიმართული ქმედებები, საქართველოში კორუმპირებული ან ოლიგარქიული ძალების არასათანადო გავლენის გამო, წარმოადგენს კორუფციის ფორმას".
კანონპროექტი მოიცავს როგორც სავიზო, ისე ქონებრივ სანქციებს.
“შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს მოგზაურობის შეზღუდვები ან სანქციები პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ ქმედებებზე, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას, რაც მოიცავს ძალადობას ან დაშინებას საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ”, - ნათქვამია აქტში.
კანონპროექტი ასევე განიხილავს კერძო საკუთრების გაყინვას და ავრცელებს საქართველოზე “რუსეთის მავნე საგარეო საქმიანობის” და ე.წ. “მაგნიტსკის აქტით” გათვალისწინებულ სანქციებს.
ამასთან, აქტში საუბარია საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პატრნიორობის შეჩერებაზე. "კონგრესის აზრით, [სახელმწიფო] მდივანმა უნდა შეაჩეროს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომელიც შეიქმნა 2009 წლის 9 იანვარს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით, მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა არ მიიღებს ზომებს, რათა (1:) ასახოს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული სურვილები და (2:) შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება - ხელი შეუწყოს ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ”, - ნათქვამია აქტში.
კანონპროექტი 5 წლის ვადით მოქმედებას ითვალისწინებს და გარდა სხვა ნაწილებისა, მოიცავს ვალდებულებას, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ გადახედოს საქართველოში მის მიერ განხორციელებულ პროექტებს, მის დახმარებას ქვეყნის შიგნით, შეაჩეროს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა და გადახედოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.
აქტში აღნიშნულია საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამონაწილეობა საერთაშორისო მისიებში და ნათქვამია, რომ უნდა იქნას შესწავლილი, თუ როგორ გაგრძელდეს პარტნიორობა სამომავლოდ. აქტი ასევე ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს, შეისწავლოს რუსეთისა და ჩინეთის გავლენები საქართველოში. კანონპროექტით გათვალისწინებულია ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის 50 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება.
ამ ნაბიჯამდე, "ქართული ოცნების" მიერ ე.წ. "უცხოური აგენტების" კანონის განხილვისა და მიღების პარალელურად, ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა რამდენიმე წერილი გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ.
წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/senate-act-on-georgia/7625110.html
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.