საკონსტიტუციო სასამართლოს იმ პარტიის აკრძალვა შეეძლება, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებული მიზნის, საქმიანობის არსისა და პერსონალური შემადგენლობის იდენტური იქნება.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
"წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლი პოლიტიკური პარტიებზე, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. შესაბამისად, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი კვლავ ზემოაღნიშნული პარტიების არსებითად მსგავსი ახალი პარტიები დააფუძნონ და კვლავ განაგრძონ არაკონსტიტუციური საქმიანობა, სასამართლო წესით აეკრძალებათ ასეთი ფიქციური პარტიების მეშვეობით მოქმედება." - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი - მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას გაიმეორებს.
სწორედ აღნიშნულ ინიციატივას ერთვის თან “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიღების შედეგად, პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადები მჭიდროვდება.
კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში - 14 დღეს.