USD 2.7585
EUR 2.9910
RUB 3.0337
Tbilisi
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  259
2023 წლის 29-30 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
 
- ბოლო დღეებია უკრაინული შვეულმფრენები ძალიან გააქტიურებულები არიან აღმოსავლეთის მიმართულებით, დონეცკის ოლქში. ეს არამხოლოდ კონცენტრირებული რუსული მოიერიშე ნაწილების წინააღმდეგაა ეფექტური საშუალება, არამედ მიანიშნებს იმაზეც, რომ უკრაინელები ცდილობენ კონტრშეტევის წინ მოწინააღმდეგის პოზიციების დასუსტებას. თუმცა ნებისმიერი სამხედრო აქტივობის (შვეულმფრენი იქნება ეს თუ არტილერია) კონცენტრაცია კონკრეტული მიმართულებით ასევე მიანიშნებს რუსების იძულებას მაქსიმალური აქცენტი სწორედ აქეთ მიმართონ. ეს კი უკრაინელებს სხვაგან გააქტიურების საშუალებას აძლევს.
 
- მოსალოდნელი იყო რომ რუსები შეეცდებოდნენ არ დაეკარგათ ინიციატივა - სწორედ ამიტომ დაიწყეს ინტენსიური დაწოლა უკრაინულ პოზიციებზე ლუგანსკის ოლქის უკრაინულ ძალიან მნიშვნელოვან პლაცდარმზე ბილოჰორივკას მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ბოლო ორი დღის განმავლობაში ორჯერ წარმოებული შეტევა ორივე შემთხვევაში ძალიან ეფექტურად იქნა მოგერიებული.
 
- უკრაინულმა დრონმა სევასტოპოლში ნავთობტერმინალი დაბომბა, რამაც დიდი ხანძარი და დაკვამლიანება გამოიწვია. ამან რუსულ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია და ქალაქისა და შემდგომ მთლიანი ნახევარკუნძულის სწრაფი ევაკუაცია დაიწყეს. ამ ფონზე, მაღალი მოთხოვნისა და საჰაერო იერიშის გამო ბენზინიც კი დეფიციტური გახდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სევასტოპოლზე განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა არამხოლოდ სამხედრო სამიზნის განადგურებაა, არამედ პოლიტიკურად და ემოციურად აზიანებს კრემლის მდგომარეობას. მათთვის სევასტოპოლის დაცვა მოსკოვის დაცვის წონამდე იყო აყვანილი.
 
- დონეცკის ოლქში რუსული იერიშის ძირითად მიმართულებად ბახმუტთან ერთად ავდიივკაა. ქალაქის მიმართულებით რუსები ყველა სახის იარაღს იყენებენ. ავდიივკას მისადგომებთან შეტაკებები მიმდინარებს. ქალაქს უტევენ როგორც რეგულარები, ისე სეპარატისტები და დაქირავებულები. მიუხედავად ამისა, უკრაინული ელიტური დანაყოფები ეფექტურად ართმევენ რის ფონზეც რუსული დანაკარგები სწრაფად მზარდია. იმდენად დიდი რაოდენობით სამხედრო ძალები ჰყავთ რუსებს ავდიივკასაკენ გადასროლილი, რომ აშკარაა შემტევი ნაწილები ფსონს სწორედ მის აღებაზე დებენ. თუმცა ამ ფონზე უკრაინელებისათვის უფრო მეტი სამიზნეა კონცენტრირებული ერთ, პატარა სივრცეში. ავდიივკა, როგორც უკრაინული თავდაცვის ერთ-ერთი ღერძი რუსებისათვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს 2014 წლის ბოლოდან მოყოლებული.
 
- "ვაგნერის" ხელმძღვანელ პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება გრძელდება. პრიგოჟინი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრო საკმარისი შეიარაღებით არ ამარაგებს მის სამხედრო ძალებს რის გამოც დანაკარგები ძალიან დიდი აქვთ. პრაქტიკულად 100 მეტრზე წასაწევად 100 სამხედრო ეღუპებათ და ორი ამდენი ეჭრებათ. ეს კი კატასტროფული მაჩვენებელია ნებისმიერი სამხედრო ძალისათვის. იმდენად გამწვავებულია დაპირისპირება თავდაცვასა და პრიგოჟინს შორის და იმდენად ცდილობს პრიგოჟინი ნებისმიერი მცირე წარმატების მხოლოდ "ვაგნერის" დამსახურებად წარმოჩენას რომ უკრაინული კონტრშეტევის ბახმუტის ან მისი შემოგარენის მიმართულებით დაწყების შემთხვევაში არც ისაა გამორიცხული მართლაც შეატოვონ პრიგოჟინი თავის სამხედროებთან ერთად უკრაინელებს.
 
რეალურად კი ბახმუტს ათასობით რეგულარული რუსული ნაწილები უტევენ თავის მძიმე ტექნიკასა და სპეციალურ დანაყოფებთან ერთად. უბრალოდ 9 თვეზე მეტი დრო ე.წ. "მსოფლიოს მეორე არმია" მცირე ზომის ქალაქსაც რომ ვერ იღებს ეს უკვე დიაგნოზია.
 
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
business
რას წარმოადგენს ამერიკული BlackRock-ი, რომელიც $10.5 ტრილიონის აქტივებს მართავს?

გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს. აი, სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს.

ამ ყველაფრის დამსახურებით, BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი, ბოლო შედეგებით, $10.5 ტრილიონად იყო შეფასებული. 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.4 ტრილიონით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.4 ტრილიონია, როცა ესპანეთის, ინდონეზიის და საუდის არაბეთის - ნაკლები. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან ამ მაჩვენებელს ქვეყნების მშპ-სთან თუ შევაფარდებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უსწრებს.

რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერირებს BlackRock-ი $10.5 ტრილიონად შეფასებული აქტივების მართვით?

2024 წლის I კვარტალში, BlackRock-მა $4.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 11%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად, ბოლო პერიოდში მკვეთრად, კერძოდ 36%-ითაა გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში $1.5 მილიარდი შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს, უმეტესწილად, ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით - აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება.

აქციების კუთხით, BlackRock-ის აქტივებს შორის ყველაზე დიდი წილი მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ და ფინანსურ კომპანიებზე მოდის. BlackRock-ის აქციების პორტფელის ათი უდიდესი პოზიცია კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 - Microsoft - $229.7 მილიარდად შეფასებული 542.02 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 5.37%)

#2 - Apple - $178.4 მილიარდად შეფასებული 1.04 მილიარდი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 4.17%)

#3 - NVIDIA - $164.66 მილიარდად შეფასებული 182.42 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 3.85%)

#4- Amazon - $115.18 მილიარდად შეფასებული 638.54 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 2.69%)

#5 - META - $77.18 მილიარდად შეფასებული 158.94 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.8%)

#6 - Alphabet (Class A) - $62.77 მილიარდად შეფასებული 415.9 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.47%)

#7 - Alphabet (Class C) - $54.11 მილიარდად შეფასებული 355.37 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.27%)

#8 - Eli Lilly - $50.78 მილიარდად შეფასებული 65.27 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.19%)

#9 - Broadcom - $46.27 მილიარდად შეფასებული 34.91 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.08%)

#10 - Berkshire Hathaway (Class B) - $45.21 მილიარდად შეფასებული 107.51 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.06%)

წყარო:https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way