USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
რა ინფორმაციულ კოდს დებდნენ ჩვენი წინაპრები ქართულ ზარში და რატომ ყრიდნენ ისინი ზარის დასამზადებელ ცხელ მასაში ფეტვს
თარიღი:  4153

ალბათ, იშვიათია ადამიანი, ქართული ზარის რეკვა მასში დიდ ემოციებს რომ არ აღძრავდეს, განსაკუთრებით, თუ წირვაზეა და ლოცულობს. ქართველმა კაცმა ზარის ჩამოსხმის განსაკუთრებული წესი იცოდა და რაც მთავარია, ქართულ ზარში საოცარი საიდუმლობები იყო ჩადებული. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება, კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი:

 – ზარი ბევრი ისეთი ადამიანური ტონისგან შედგება, რომელიც ბადებს სწრაფვას მაღალი სულიერებისკენ. ამიტომ, კონკრეტულად, როდის გამოადნეს ლითონი, იქიდან არ იწყება ზარის ჩამოსხმა. ძალიან ხშირად ჰგონიათ, რომ ზარი მეტალურგიული მიღწევის ერთ-ერთი ნაწილია. ეს არცოდნაა, თორემ მკრეხელობად ჩაითვლებოდა. ზარი არ უნდა ჩამოასხათ, როგორც ქვაბი, ტაფა და ასე შემდეგ. ზარში საოცარი საიდუმლოებებია ჩადებული. ზოგიერთი საიდუმლო ისეთი მისტიკურია, რომ უკვირთ, როგორ შეიძლება, ასეთ რამეზე ჯერ კიდევ ძველ დროს ჰქონოდა ადამიანს წარმოდგენაო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ხილვითი ცოდნაა და იმ ადამიანებს ერგოთ, ვინც ეს ზარი ჩამოასხა. ისინი ხომ ამას სხვანაირად უყურებდნენ. შესაბამისად, ზარი მარტო მეტალურგიული პროცესებისგან არ შედგება. სანამ ზარი ჩამოისხმებოდა, ბოლო მორევისას მდუღარე ლითონის მასაში ამოავლებდნენ სოჭის, მარადმწვანე მცენარის ნერგს ფესვიანად და მოურევდნენ. ეს თითქოს გასაოცარია, რომელი ნერგი გაუძლებს მორევისთვის გათვალისწინებულ ტემპერატურას? მაგრამ ეს იყო ინფორმაციული კოდი, რომ, როგორც სოჭი იყო მარადმწვანე, ასე მარად დაერეკა ამ ზარს. დღეს, თანამედროვე მეტაფიზიკაში ინფრომაციული კოდი გარკვეულია და არსებობს სპეციალური აპარატი, რომლის დახმარებითაც ხდება მისი გაზომვა. მაგრამ, ეს საიდან იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა? – რა თქმა უნდა, ხილვითი ცოდნა ჰქონდათ, როდესაც მათ უფალი გაუხსნიდა გონებას, შემდეგ კი, საოცარ მიგნებებს აკეთებდნენ. ასეთი მისტიკური საიდუმლო ძალიან ბევრია. ავიღოთ ის, თუ რა შემადგენლობის უნდა ყოფილიყო ლითონი. პატარა ექსკურსს გავაკეთებ, რომ ყველაფერი უფრო ნათელი გახდეს. ლუხუმის საბადოში არის დარიშხანის მინერალი. იქ ასევე არის მინერალი ანთიმონეტი, რომელსაც ძველი ქართველი ლითონის ხანჯლის, ან ხმლის დამზადებისას ურევდა. როცა თანამედროვე აპარატურით გაზომეს ეს მინერალი, აღმოჩნდა, მას ისეთი ინფორმაციული კოდი აქვს, რომ ადამიანში აგრესიულ თვისებას აძლიერებს. მოგეხსენებათ, ხმალი და ხანჯალი ადამიანს მოსაფერებლად არ სჭირდება. ლუხუმის დარიშხანის მინერალებს შორის არის კიდევ სამი სხვა მინერალი – მინერალთა სამება, რომელიც ადამიანში მიმტევებლობას, მონანიებას და უფლისადმი შეთხოვნის გრძნობას აღძრავს. ესენია: არსენოპირიტი, რომელსაც ვერცხლისფერი დაჰკრავს და მისი სიმბოლო შორეულად, მეტაფორულად მთვარის სიმბოლოა, მეორეა რეალგარი, რომელიც მეტაფორულად გარიჟრაჟს წააგავს, როცა წითლად შეიფერება ცა. ეს წითელი ცა საოცრად ენერგიულია, სიცოცხლის დაწყებაა. სხვათა შორის, სწორედ მაშინ არის ცა ასეთი, 6 საათზე, როცა პირველი, დილის ლოცვა იკითხება. მესამე მინერალი აუროპიგმენტია, რომელიც კაშკაშა მზისფერია და მზის სიმბოლოა. ანუ, წარმოიდგინეთ, მთვარიდან გადავდივართ მზეზე და ეს ყველაფერი შეგვიძლია მზისა და მთვარის ერთობლიობად წარმოვიდგინოთ. ახლა, როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი ლითონში: კალა იყო სწორედ ის სიმბოლო, რომელსაც თავისი მინერალი ჰქონდა – არსენოპირიტი; მერე იყო რეალგარი, როგორც გადასვლა; მზის ამოსვლის პროცესში და შემდეგ ამოდიოდა მზე. ანუ, ეს უკვე აუროპიგმენტში გადადიოდა, რომელიც გამოსახულებაა სპილენძისა. ანუ, აქეთ კალა, იქით სპილენძი და მივიღეთ ქართული ბრინჯაო. ასეთი ჰარმონია არც ერთ კულტურას არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროპორციებიც. 

– რამდენი უნდა იყოს სპილენძი, კალა? 

– აქაც სასწაულს ვეჯახებით. ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ადამიანის აღქმის რეცეპტროებიდან 75 პროცენტი დადებით ემოციებს აღიქვამს, 25 პროცენტი კი – უარყოფითს. რადგან ამქვეყნად ბევრი ცუდი რამ ხდება, ამიტომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ნიჭით, რომ 75 პროცენტი დადებითი აღვიქვათ, 25 პროცენტი კი – უარყოფითი. რაც მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი დევს ქართულ ზარში, ანუ დადებითი იმპულსების რაოდენობა დაახლოებით 75 პროცენტია, ხოლო უარყოფითის ამრეკლავი ვარიანტი – 25 პროცენტამდე. წარმოიდგინეთ, რა საოცარია ქართული ზარი, სადაც ამრეკლავიც კი არ უშვებს უარყოფით ემოციებს. მაგრამ, არც ეს არის საკმარისი. მე მქონდა ბედნიერება, რომ სახელმწიფო მუზეუმში მენახა ძველი ქართული ზარი, რომელიც ყრუდ იდგა. იქ, ასევე იყო ბერძნული, რუსული ზარები. ჯოხი დავარტყი და ყველაზე კარგი ჟღერადობა ჰქონდა ერთ-ერთ ზარს. ახლოს რომ მივედი, აღმოჩნდა, რომ ქართული ზარი იყო. გამიკვირდა, რატომ უნდა ჰქონოდა ქართულ ზარს ასეთი ჟღერადობა. სწორედ აქედან დამებადა იდეა, რომელიც მერე სამების ზართან დაკავშირებულ ჩემს გამოგონებაში შედის. ეს არის „ოქროს წონის“ იდეა. აღმოჩნდა, რომ ზარს, შეიძლება, ძირითადიდ, ერთი და იგივე ტონალობა ჰქონდეს, თუ ის იქნება ექვსი, შვიდი, რვა, თითქმის 12 ტონამდე. მაგრამ არსებობს რაღაც წონა, რომლის დროსაც ის ყველაზე კარგად ჟღერს. ეს გავითვალისწინე, სწორედ წმიდა სამების დედო-ზარის გაკეთებისას.

– რა წონის ზარს აქვს ყველაზე კარგი ჟღერადობა?

– ეს ჩემი საიდუმლოა და როდესაც უფალი ჩემს თავს მოითხოვს, ამას, ალბათ, დავწერ. თუმცა, მარტო წონა არ არის მთავარი, აუცილებელია დიზაინის, ფორმის გათვალისწინება – როგორი ენა ექნება, სად დაიკიდება. ზარის დამზადებისას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, სად და როგორ ჩამოისხმებოდა, როგორ ამოთხრიდნენ მიწას. ამას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ზარს ბეღელსაც უწოდებდნენ. ასეთი ხალხური ლექსიც არსებობს: „ორმოში ფეტვი ჩავყარე“. როდესაც ზარი უნდა ჩამოესხათ, ჩვენი წინაპრები ფეტვს, როგორც სიუხვის, მარადიულობის ნიშანს, ყრიდნენ ცხელ მასაში. რა თქმა უნდა, ფეტვი ვერ გაუძლებდა იმ სიმხურვალეს, მაგრამ ესეც ინფორმაციის ჩადებაა. ქართველები ზარის დასარეკ ენას, ძირითადად, რკინისგან აკეთებდნენ. რკინას ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს: ჯერ ერთი, არ ტყდება და ბევრმა არ იცის, რომ დარეკვის დროს ზარი ძალიან ხურდება. ლითონის ეს განსხვავებულობა შედარებით ამცირებს გახურების კოეფიციენტს. არის კიდევ ძალიან საინტერესო ნიუანსი, პრაქტიკულად, გამოდის, რომ გვაქვს კალა, სპილენძი და რკინა, ანუ ლითონის სამება, რასაც თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. რუსები ზარებს სხვადასხვა სახელს არქმევდნენ, არავის დაურქმევია ზარისთვის დედო-ზარი. ზოგს ჰგონია, რომ მას იმიტომ დაარქვეს დედო-ზარი, რომ დიდია და მძიმე. არა, მასში უფრო დიდი აზრი დევს. დედო-ზარი მაშინ არის დედო-ზარი, თუ მას კიდევ ერთი ზარი, თუნდაც ერთი შვილი ჰყავს. რას ნიშნავს ეს, ანუ მანძილი დედასა და შვილს შორის მეტი უნდა იყოს, რომ მან შეძლოს შვილის გაჩენა. მაგრამ შვილებს შორის მანძილი მცირეა, იმიტომ რომ, შვილები ერთმანეთთან ახლოს არიან. თუ დედა ზარი იქნებოდა 40- კილოგრამიანი, შვილები იქნებოდნენ 20-10-კილოგრამიანები. რადგან დიდია პირველი მანძილი, ამიტომაც ჰქვია მას დედო-ზარი და არა იმიტომ, რომ მძიმეა. ეს საოცარი თვისება კი აისახება ხმოვანებაში, იმიტომ რომ, დედას სხვა ხმა ექნება, შვილებს კი – სხვა. ყველაზე პატარა შვილს, ანუ ყველაზე პატარა ზარს, როგორც პატარა ბავშვს, რომელიც ხმამაღლა ტირის, ყველაზე მაღალი ხმა ჰქონდა და ის იყო მოხმობის ზარი. მას ხალხისთვის უნდა დაეძახა. შემდეგი ზარი შედარებით დიდი იყო და ეს იყო მიმტევებლობის ზარი. მერე კი ზარები თანდათანობით დიდდება და მოდის უკვე მონანიების ზარი. როგორც იცით, წირვა-ლოცვის დროს ყოველთვის სხვადასხვანაირად რეკენ ზარებს. შესაბამისად, არსებობს ეგრეთ წოდებული კანონიკური რიტმები, შეფარდებები, როდის იყოს უფრო მაღალი ზარები, როდის შემოვიდეს დიდი ზარი. მაგალითად, როდესაც სრულიად საქართველოს პატრიარქი შემოდის, მაშინ სწორედ დედო-ზარი რეკავს, როგორ შეიძლება სხვა ზარმა დარეკოს. 

– ქართული ზარის ჟღერადობა განსხვავდება სხვა ზარების ჟღერადობისგან?

– შეიძლება ეს ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ სიმართლეა, თითქმის ყველა ოპერაში შეყვარებულები ტენორები არიან. რატომაა ყველა შეყვარებული ტენორი, არ შეიძლება, ბანი ან ბარიტონი იყოს?! იმიტომ, რომ სიმღერის ტონალობა ისეთ სიხშირეებზეა, ჩვენში მეტ სურვილს აღძრავს მის შესაცოდებლად – რომ მასთან ერთად განვიცადოთ, კათარზისი დაგვეუფლოს. ეს ყველაფერი კი სწორედ საეკლესიო ზარებმა უკარნახეს კომპოზიტორებს ქვეცნობიერად, განურჩევლად იმისა, თუ როგორი იყო ზარი. ისინი სხვანაირად აღიქვამდნენ ამას, სხვანაირად ესმოდათ ზარის ხმა და გრძნობდნენ, როგორი სიხშირის, სიმძიმის ზარი, როგორ ზეგავლენას ახდენდა ადამიანზე. ამას სხვაგან კომპოზიტორები გრძნობდნენ, ჩვენთან კი – ზარის ჩამომსხმელები. 

სულ ვაბობ, რომ პირველი კომპოზიტორი ქალი იყო, რომელმაც „ნანა“ უმღერა შვილს. იმ ქალისგან უნდა მოესმინა ბავშვს საგალობელი, შემდეგ წაიყვანდა ეკლესიაში, ისწავლიდა საგალობელს და მათ ისეთი ფორმა უნდა ჰქონოდა, რომ ბავშვამდე მისულიყო. ეს საოცრად ავითარებდა ბავშვის სმენასაც და მის სულიერ მხარესაც. ჩვენი წინაპარი ამის მიხედვით არჩევდა, რა მასის ზარი უნდა ჩამოესხა მაშინ. იმ დროს ისეთი ტექნიკა არ იყო, რომ წონა ზუსტად განესაზღვრათ და ცხრა ზარის კომპოზიციები ქართულ სამგალობლო სისტემაში შეგვექმნა. ეს გავაკეთე მე, თუმცა ჩემთვის მუდმივი ფუძე იყო ის, რომელიც ქართულ გალობაში დაიბადა და რომელიც ქართული აზროვნებიდან წამოვიდა. 

– ქართული ზარი ფორმითაც განსხვავებული და საინტერესოა. 

– არის რუსული ზარები, ფარფლებიან „შლაპას“ წააგავს. არის ბერძნული ზარები მუზარადის ფორმის. ასევე, არის წაწვეტებული ზარები, აღმოსავლური კატეგორიის. არის, ასევე, გერმანული ზარები, რომლის სიგანეც და სიმაღლეც ერთნაირი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, სიგრძე-სიგანის ჰარმონიაა. ქართული ზარი ამ თვალსაზრისითაც უნიკალურია. ქართული ზარი წააგავს გუმბათს და თითქოს პატარა გუმბათი გადაძახილშია დიდ გუმბათთან. თვითონ გეომეტრიულ ფიგურებს გარკვეული ენერგია აქვს. ყველაზე კეთილშობილი ენერგიისაა გუმბათი. ამიტომ, ქართული ზარების ზედა ნაწილი ძირამდე გუმბათოვანია. ეს მჟღერი ნაწილი გადაძახილს აკეთებს ეკლესიის გუმბათთან და ქმნის საინტერესო ანსამბლს. ყოველივე ეს კარგად იცოდნენ ძველმა აკუსტიკოსებმა. რეცეპტურაში, ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს ზარების კორპუსი, ანუ როგორი უნდა იყოს ის. ქართული ზარი ოდნავ რომ დავაგრძელოთ, ტაძრის ფორმას მიიღებს, ამასაც შესაბამისი დატვირთვა აქვს. ზარის კიდევ ერთი საინტერესო თვისებაა ის, რომ მყარია და ენის დარტყმით ხდება დარეკვა, ან თვითონ ზარის კორპუსი მოძრაობს. კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიის ზარის კორპუსი მოძრაობს, ქართული ზარი კი მყარია და მასაც თავისი რეცეპტურა სჭირდება. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: თითოეული ზარი თავისი ბგერითი სპექტრით შესაბამისობაში მოდის ფერთან. სამების ზარის მაგალითზე გეტყვით: დედო-ზარი, რომელმაც ადამიანს სიმშვიდე უნდა მიანიჭოს, ცისფერია, ხოლო ლოცვის ზარები – მიმართვა უფლისადმი, ოქროსფერია. საეკლესიო ზარს ჯვარი რომ აქვს, ეს დიზაინი არ არის. ეს არის ყველაფერი, იმიტომ, რომ, თვითონ ჯვარშია საოცარი ძალა სულიერების, ზემოქმედების. ამიტომ, როცა ზარი ირეკება, ის ჯვრის ძალა, რომელიც მასზეა გამოსახული, ბგერებად, ინფორმაციად იქცევა. მისი ჩუქურთმაც ბგერებად და ინფორმაციად იქცევა. ასევეა, წარწერა, რომელიც ძველი ქართულითაა შესრულებული, ისიც მუსიკაა და მთლიანობაში ვიღებთ საოცარ კომპოზიციას, ერთობას, რომელსაც ადამიანი თუ ყურს დაუგდებს, ვფიქრობ, ყველა სიძნელეს გადალახავს... ზარებს თავისი ისტორია აქვს. ხშირად ამბობენ, ზარის რეკვის ხმა შორს მიდისო. ის არ არის ვიოლინო, არც ფორტეპიანო. მას უფრო დიდი დანიშნულება აქვს. ზარის დანიშნულება ისტორიულადაც საინტერესოდ ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს რიტუალის, მისტიკის, ფიზიკისა და ქიმიის საფუძვლიან ცოდნას და აკუსტიკის ბრწყინვალე გათვლას.

 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.