USD 2.6729
EUR 2.8469
RUB 2.8628
თბილისი
რა გვასწავლა 13 ივნისმა - თბილისის მერია და მეწყერის ანატომია
თარიღი:  2486

მეწყერის ისტორია

მაჭავარიანის ქუჩის ფერდობი, რომელიც ბოლო დღეებში საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, იქ განვითარებული მეწყრული მოვლენების გამო, კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის.

აღნიშნული ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია 01.10.18.006.227, სს „ ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ საკუთრებაა და მისი ფართობი 166256.00 კვ.მ-ია. როგორც ამ კომპანიის საჯარო რეესტრის ამონაწერში ვკითხულობთ, სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენელი და მისი მოადგილე, პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერები, ბ-ნი მამუკა ხაზარაძე და ბ-ნი ბადრი ჯაფარიძე არიან. მათვე ეკუთვნით ამ ფერდობის ირგვლივ მდებარე კიდევ რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა.

აქედან გამოდის, რომ ნებსით თუ უნებლიეთ სახელმწიფო ბიუჯეტით წარმოებული სამუშაოების გამო, მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთს საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა და მისი შემდგომი მატერიალური ღირებულების ბედი ძალიან ბუნდოვანია.

უცნობია, იყვნენ თუ არა საქმის კურსში მეპატრონეები, რომ მათი მიწის ნაკვეთი მეწყერ და ღვარცოფ საშიშ ზონაში იყო მოქცეული, მაგრამ ეს ინფორმაცია რომ მერიის მესვეურებს დიდი ხნით ადრე ჰქონდათ, ეს ცხადზე ცხადია.

2019 წლის  20 მარტს მიღებულ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას თან ახლავს „საშიში გეოდინამიკური პროცესების მიხედვით თბილისის დარაიონების რუკა“.

ამ რუკაზე გეოსაშიშროებიდან გამომდინარე განხორციელდა ქ. თბილისის არეალის დარაიონება (ზონირება) კატეგორიების მიხედვით, კერძოდ: დაბალი, საშუალო და მაღალი კატეგორიები, სადაც თავის მხრივ გათვალისწინებულია ტერიტორიის მორფოლოგიური (რელიეფი), ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროლოგიური (დატბორვა) პირობები, გეოლოგიური აგებულება, თანამედროვე სტიქიური პროცესები და ანთროპოგენური ფაქტორი.

მაჭავარიანის ფერდის ამ მონაკვეთს მიენიჭა რთული ტერიტორიის სტატუსი, სადაც რელიეფი დახრილია (20% -ზე მეტი) და ძლიერ დანაწევრებული, ამგები გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან და ქანების წოლის ელემენტები ძირითადად თანხვედრილია ფერდობების დახრილობის მიმართულებებთან, წყალსადინარების ჭალა-კალაპოტის (მათ შორის დატბორვის) ზონები და გამოირჩევიან სტიქიური პროცესების მასშტაბური განვითარებით.

       

აქვე დატანილია ორი საკმაოდ დიდი ზომის ღვარცოფის ზოლი, რომელიც ასევე საშიშროებას წარმოადგენს უხვი ნალექის მოდინების შემთხვევაში. ანუ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდი, სადაც ეს მეწყრული პროცესები გააქტიურდა, იმთავითვე მაღალი რისკის მქონე გეოდინამიური პროცესების არეალში შედიოდა.

ზოგადად კი თბილისის საერთო ფართობიდან, რომელიც 36 ათას ჰექტარს შეადგენს, 14 ათასი ჰექტარი სწორედ ამგვარი რისკფაქტორების შემცველი ტერიტორიებია, რომლებიც, პოტენციური საშიშროებიდან გამომდინარე, ან არ გამოდგება სამშენებლოდ, ან მშენებლობის ნებართვის გაცემამდე განსაკუთრებულ დაკვირვებას და დეტალურ კვლევას მოითხოვს.

2019 წლის მაისში ქ.თბილისის მერია აცხადებს ტენდერს (NAT190009097) მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებზე და ამ ტენდერში გამარჯვებული ხდება შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“, რომლემაც აღნიშნული სამუშაოების შესრულება 15 მილიონ ლარად ითავა და მას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 10 ივლისს გაუფორმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება  № 01.01.01/30/274-ი, რომელშიც შემდგომ 10-ჯერ შევიდა შესწორება. ეს შესწორებები ითვალისწინებდა სახელშეკრულებლო თანხის გაზრდას და სამუშაოების ვადების გადავადებას.

ტენდერის პირობები ითვალისწინებდა სსიპ-საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შექმნილი პირველადი ტრასირების პროექტის კორექტირებას, იმ მიზეზით, რომ  პროექტით გზის მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო ე.წ. მიწაყრილების მოწყობის ტექნოლოგიით, რაც უფრო უსაფრთხოს ქმნიდა გზის მშენებლობას, მაგრამ მისი განხორციელება დაკავშირებული იყო ხანგრძლივ პერიოდთან (მიწაყრილის მდგრადობის პერიოდია 12 თვე) და ამიტომ მერიამ მოგებულ კომპანიას შეთავაზა აერჩია მისთვის მისაღები სამუშაოების განხორციელების სხვა ტექნოლოგია და რადგან ტენდერი ითვალისწინებდა პროექტირება-მშენებლობას, კონტრაქტორ კომპანიას თვითონ უნდა ეწარმოებინა კვლევითი სამუშაობი და შეერჩია ტექნოლოგიაც. და ყველაფერი ეს იმისთვის, რომ პროექტი განხორციელებულიყო დროში შეზღუდულად (იხ. ტენდერის პირობები) და შესაძლებელია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ამის მიზეზი, კახა კალაძის მერობის ვადის ამოწურვა ყოფილიყო 2021 წლის ოქტომბრისათვის. ამ მოსაზრებას ამყარებს, ბოლო დროს საინფორმაციო საშუალებებით წარმოებული სარეკლამო კამპანია, რომელიც გვამცნობდა, რომ ეს გზა 7 თვეში დასრულდებოდა.

2020 წლის ივლისის თვეში, სამხარაულის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, კონტრაქტორმა მოითხოვა დამატებითი ფულადი სახსრები და მერიასთან გაფორმებული შეთანხმების ხელშეკრულებით მიიღო კიდევ 1 478 362,84 ლარი. სამხარაულის დასკვნაში დაფინანსების გაზრდის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო, გეოლოგიური კვლევის პროცესში დაფიქსირებული მეწყერული ზონების გამაგრების აუცილებლობა.

2020 წლის ოქტომბერში მხარეებს შორის ისევ გაფორმდა შეთანხმება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, რადგან ამ პერიოდში მშენებლობა შეფერხებული იყო ფერდობზე განვითარებული მეწყრის და „დიდი მეწყრული სხეულის“ ჩასახვა -გააქტიურების გამო.

2021 წლის 19 მარტს კი მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია რომ  „როდესაც პირველი ბზარები გაჩნდა, დაახლოებით, ორი კვირის წინ, იყო გაცილებით პატარა მასშტაბის. შესაბამისად, რეკომენდაციები იყო, რომ იმ მომენტისთვის, იმ დღისთვის არ იყო მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი. თუმცა, როდესაც მეწყერმა იმ ეტაპს მიაღწია, რომ უკვე შეიძლებოდა გადაადგილებისთვის და მოსახლეობისთვის საფრთხე შეექმნა, იმ დღესვე გავრცელდა განცხადებაც და ქუჩაც ჩაიკეტა.“

როგორც ჩვენს მიერ აღწერილი ქრონოლოგიიდან ჩანს, თბილისის მერია მინიმუმ 2 წელი მაინც იყო ინფორმირებული, რომ ამ ტერიტორიაზე მეწყერის რისკი რეალური იყო, მაგრამ მაინც აგრძელებდა სამშენებლო სამუშაოებს. გერმანიიდან ექსპერტების ჩამოყვანის ორგანიზება სულ ცოტა 2 კვირას მაინც მოითხოვს და ლოგიკურია, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მერიამ ე.ი. საფრთხე 2 კვირის წინაც რეალური იყო.

და რომ არა ახლად გაჩენილი ნაპრალების სურათების გასაჯაროება და საზოგადოების მძაფრი რეაქცია, დიდი ალბათობით თბილისის მერია არც ახლა აპირებდა ყურის შებერტყვას და საფრთხის ქვეშ აყენებდა მოქალაქეების სიცოცხლეს.

სპეციალისტების პოზიცია

ამერიკელი სპეციალისტი დეივ პეტლი, ამერიკის გეოფიზიკური საზოგადოების (AGU) მეწყრების ბლოგზე აქვეყნებს თავის შეხედულებას თბილისის მეწყერის თაობაზე:

"საქართველოში, თბილისში, 500,000 კუბური მეტრის მეწყერი განვითარდა განაპირა დასახლებულ არეალში, რაც, ალბათ, გზის მშენებლობამ გამოიწვია.

ამ მასშტაბის მეწყერის მართვა რთული იქნება. მახსენდება Rattlesnake Ridge მეწყერი, როდესაც მოიძებნა პრაგმატული გამოსავალი მიეშვათ მეწყერი, რათა მეწყერი თავისუფლად გადაადგილებულიყო და ეწარმოებინათ მისი მუდმივი მონიტორინგი.“

წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის მთავარი გეოლოგის ლევან ჯაფარიძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ფერდობზე გააქტიურებული მეწყრული პროცესი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ლევან ჯაფარიძის თქმით, პრევენციული ღონისძიებებისთვის, პირველ ეტაპზე, აუცილებელია გაკეთდეს საინჟინრო-გეოლოგიური ღონისძიებების პროექტი ანუ ე.წ. სტრატიგრაფია და ეს სხვა არაფერია თუ არა შრეების ჩაწოლის სურათის ასახვა. ამის მიხედვით, სადღაც მოიჭრება ის ქანები, რომელთა გამაგრება შეუძლებელია.

ნაწილი უნდა გამაგრდეს სხვადასხვა გეოტექნიკური ღონისძიებით. ეს ყველაფერი გასაკეთებელია და არ მგონია, ამას დიდი დრო დასჭირდეს. მთავარია გაკეთდეს იმ ხალხის მიერ, ვისაც ამის გამოცდილება აქვს.

ირაკლი ჟვანია, არქიტექტორი, ურბანისტი - დავხედოთ მერიის ვებგვერდზე ინტერაქტიულ რუკას და გენგეგმით დადგენილ სხვადასხვა ზონებს. აქ ხედავთ გეოსაფრთხეების ზონებს - მწვანე დაბალი რისკი, ყვითელი საშუალო რისკი, წითელი მაღალი რისკი. წითელი ხაზით მოვნიშნე გაჩენილი რღვევის ხაზი, პატარა  ლურჯი წრით მრავალსართულიანი მშენებლობა, რასაც ჩვენ ენაზე მაღალი ინტენსივობის განაშენიანება ეწოდება, დიდი წრით გზის სამშენებლო არეალი.

ახლა კითხვა: რატომ მიმდინარეობს მაღალი ინტენსივობის მშენებლობა ნაწილობრივ საშუალო და ნაწილობრივ მაღალი საფრთხის გეოდინამიკურ არეალში და თან განაშენიანების კონტურს გარეთ, სადაც რელიეფი მნიშვნელოვნად შეცვლილია? და რატომ მიმდინარეობს გზის მშენებლობა მთლიანად მაღალი საფრთხის გეოდინამიკურ არეალში? დააკვირდით დამეწყრილ ფერდზე ზემოდანაც ჩამოდის გზის მშენებლობა გაჩენილი ნაპრალის თავზე, სადაც უზარმაზარ ტერიტორიაზე მზადდება ახალი განაშენიანება.

პრობლემა განიხილება კომპლექსურად - გეოლოგია, განაშენიანების გაჩენა და შედეგად გაზრდილი ნაკადებით გამოწვეული გზების გაყვანა.

ლაშა სუხიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, მხოლოდ ორი დღის ზედაპირული დაკვირვებითაც კი ამბობს, რომ მეწყრული სხეული ლისის ქედზე მოძრაობს, რაზეც ნაპრალებს შორის გაზრდილი დისტანციაც მიუთითებს.

„კარგი ამბავი ის არის, რომ ამ ფერდს არ აქვს დიდი დახრა, რაც შეზღუდავს მის გავრცელებას და სავარაუდოდ ჩამოშლის შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის, მაგრამ 100%-ით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება”, - ამბობს ლაშა. ის კოლეგებთან ერთად ახლა ელოდება, რას იტყვიან მერიის მიერ მოწვეული გერმანელი მეცნიერები, რომლებსაც თბილისში მომავალ კვირაში ელოდებიან. ვინაიდან მერიამ თქვა, რომ ახლად დაძრულ მეწყრულ სხეულზე კვლევას აწარმოებს, ლაშამ და მისმა კოლეგებმა აქაურობის შესწავლა დროებით შეაჩერეს - მათ არც ჰქონდათ შესაძლო სცენარების განვითარების მოდელირების რესურსი.

თეა გოდოლაძე დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტის დირექტორი - „ნახევარი მილიონი კუბი არის დაძრული მიწის, რომელიც შეიძლება ჩამოვიდეს ხვალ, ზეგ ან ერთი წლის მერე, მაგრამ აუცილებლად წამოვა. სად წავა, როგორ ჩავა — ეს არის უკვე მოდელირების საკითხი და ა.შ. ეს უნდა შეფასდეს.

ამის შეკავება წარმოუდგენელია. ეს ისეთი საინჟინრო გადაწყვეტილებას საჭიროებს… არ ვიცი, არ მსმენია… ამისთვის სერიოზული ინჟინრები გვჭირდება, ისეთი, როგორებიც ჩვენ არ გვყავს. უპირველესად, ამაზე კვლევა ჩატარდეს და შემდეგ უკვე ძალიან მაგარი ინჟინრების პრეროგატივაა ამისი გადაწყვეტა.“

„ამ მონაკვეთის უკან სერიოზული მასაა და მისი მოხსნა, უფრო სერიოზულ პრობლემას გამოიწვევს.

„მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ აქ ნებისმიერი სამშენებლო პროცესი უნდა გაჩერდეს. ამის [მეწყერის] გამომწვევია არასწორი სამშენებლო პოლიტიკა, არასწორი რეგულაციები, არასწორი გეოლოგიური და საინჟინრო დასკვნა და არასწორი ჩარევა გარემოში.

გზა, სხვა მშენებლობები — ყველაფერი დინამიკაში ერთად არის მოსული,”

ურემი რომ გადაბრუნდება

გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტები ჩამოდიან ხვალ, ისევ ისინი თუ გვიგულშემატკივრებენ და გვირჩევენ რამეს, თორემ დღეს ჩვენს ქალაქს თვითმმართველობა არა ყავს... არც გულშემატკივარი.

ვართ მხოლოდ გადაბრუნებულ ურემზე მოვიშვიშე მოქალაქეები და ისიც მხოლოდ ერთი ნაწილი, მეორე ნაწილისთვის ეს ურემი ჯერ არ გადაბრუნებულა, იმიტომ რომ ხელისუფალი მართალია და მან ყველაფერი ჩვენზე კარგად იცის.

რა ინფორმაციაც გვაქვს და რა კომენტარებიც კეთდება სპეციალისტების მხრიდან, ლეგიტიმურად შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ თბილისი მერიამ, ინფორმაციის არ გაჟღერებით და  საშიში მონაკვეთის დროულად არ დაკეტვით, საფრთხის წინაშე დააყენა მოქალაქეების სიცოცხლე.

ხოლო თუ მსგავსი ეჭვი არსებობს საზოგადოებაში, მაშინ შესაბამისად საზოგადოებამაც უნდა მოითხოვოს რეაგირება სამართალდამცველი ორგანოებისგან. ერთხელ მაინც ხომ უნდა გავიგოთ სიმართლე ამ ქვეყნის მოქალაქეებმა? თორემ ყველა დამალულ ინფორმაციაზე, შეგნებულ წაყრუებაზე, არ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და  გულგრილობაზე  ჩვენ, მოქალაქეები ხშირად საკუთარი სიცოცხლით ვიხდით საფასურს.

გვახსოვდეს 13 ივნისი.

გოგი ლორთქიფანიძე

 

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.