USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
Тбилиси
ქუთაისის ცენტრში მდებარე საფლავები, რომლებიც ამჟამად აღარ არსებობს
дата:  1249

მეოცე საუკუნის სამოცდაათწლოვანმა ათეისტურმა კომუნისტურმა მმართველობამ ქუთაისშიც აწარმოა თავისი აგრესიული ათეისტური კამპანია, რომელსაც შეეწირა ქალაქის ცენტრში მდებარე წმიდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი.

ქუთაისის მერიის შენობის გვერდით, ამჟამად არსებული შრომის მემორიალის ადგილზე მდებარეობდა წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი. აღნიშნულ ადგილზე 1450 წელს აიგო პირველი ტაძარი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე არსებული ერთადერთი ტაძარი იყო.

დრო-ჟამის მსვლელობამ ძველი ტაძარი დააზიანა, რის გამოც, საჭირო გახდა ახალი ტაძრის აგება. 1829 წელს დეკანოზმა იესე გიორგაძემ წერილობითი თხოვნით მიმართა იმერეთის მთავარეპისკოპოს სოფრონს (წულუკიძე), რათა ნება დაერთო ახალი ტაძრის აგებისთვის. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, ამ ადგილზე ააგეს ახალი ტაძარი, რომელიც აკურთხეს 1840 წელს. 1811 წლიდან (ჯერ კიდევ ძველ ტაძარში) 1861 წლამდე ხსენებულ ტაძარში ღმრთისმსახურებას აღასრულებდა დეკანოზი იესე გიორგაძე (გარდაიცვალა 1861 წლის 27 ივნისს). ერთ დროს წმიდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი ქუთაისის საკათედრო ტაძარი იყო.

ამ ტაძარში არაერთი ქადაგება აქვს წარმოთქმული წმიდა მღვდელმთავარს, საქართველოს ეკლესიის მნათობსა და ოქროპირს, იმერეთის ეპისკოპოს წმიდა გაბრიელს (ქიქოძე). ხსენებული ქადაგებებიდან რამდენიმე ჩვენამდე მოღწეულია.

აღნიშნულ ტაძარში მსახურობდნენ ცნობილი სასულიერო პირები: დეკანოზი რაჟდენ გიგაური (1877-1904 წლებში), დეკანოზი კორნელი კეკელიძე (1905 წელს) (შემდგომში ცნობილი აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი) და სხვანი.

ქუთაისის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის გალავანში მდებარეობდა სასაფლაო, რომელიც ერთგვარი პანთეონი იყო, სადაც ცნობილი და გამოჩენილი პიროვნებები იყვნენ დაკრძალულნი. საფლავები იყო ტაძრის ინტერიერშიც.

ქალაქის ცენტრში მდებარე აღნიშნულ ტაძარში დაკრძალულები იყვნენ:

1. ტაძრის აგების მოთავე, დეკანოზი იესე გიორგაძე, რომლის საფლავის ქვაზე ამგვარი წარწერა იყო: „მოშიში სახარების იგავისა, რათა არა მეწოდეს უხმარი მონა მოწაფე მადლთა ღვთისათა ასრულებად წადილის ჩემისა და ვიხილე ნაყოფი ნაშრომთა ჩემთა – აგებითა ქუთაისის ტაძრისათა სახელსა ზედა წმიდათა მთავარანგელოზთა მიხაილ და გაბრიელისათა, რომელ შინა დავემკვიდრე სასოებით – განსრული საწუთოის ცხოვრებისაგან ჩყჲა წელსა, თვესა ივნისსა 27 სა რიცხვსა, მოხუცი 85 წლისა დეკანოზი იესე გიორგაძე, ვინაცე გევედრები ყოველითა შენდობა მიბრძანოთ ჩემ უღირსებისათვის მამანო და ძმანო, აჰა შესრულდა საღმრთო განჩინება, მიწა მოვიქეც და თქვენდაც ჯერ არს ხსენება განჩინებისა ამის – ამინ“;

2. დეკანოზი რაჟდენ გიგაუროვი (გიგაური), რომელიც გახლდათ ხსენებული ტაძრის წინამძღვარი, რომლის საფლავის ქვაზე იყო წარწერა: „არა დავიდებ გულსა ჩემსა, გარნა მხოლო იესო და ესეცა ჯვარცმული ამა მთავარანგელოზობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი რაჟდენ გიგაური (1837-1904 წ.);

3. თავადი დიმიტრი გრიგოლის ძე წერეთელი.

წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის გალავანში დაკრძალულნი იყვნენ:

1. ექიმი სამსონ ბესარიონის ძე თოფურია (შენ. ამჟამად განისვენებს ქუთაისის მწვანეყვავილას პანთეონში);

2. აზნაური ივანე სიმონის ძე ბაქრაძე (დაკრძალული იყო ტაძრის სამრეკლოს ქვეშ, რადგან მას აუშენებია ეს სამრეკლო, რასაც ვიგებთ წარწერიდან, რომელიც არსებობდა მის საფლავის ქვაზე);

3. აზნაური გაბრიელ ივანეს ბაქრაძე;

4. აზნაურ გაბრიელ ბაქრაძის მეუღლე მართა სიმონის ასული;

5. თავადი სვიმონ ივანეს ძე აბაშიძე;

6. როდამი გაბრიელის ასული ქავთარაძე-ივანოვისა;

7. აზნაური მურზაყან მამუკას ძე იოსელიანი;

8. თავადი სიმონ აბაშიძე;

9. აზნაური კონსტანტინე იოსელიანი;

10.  აზნაური სტეფანე ლოლუა;

11.  აზნაური იოანე ვარლამის ძე მხეიძე;

12.  უბრწყინვალესი თავადი ეკატერინე დავითის ასული ბაგრატიონი-ერისთავისა;

13.  პოლკოვნიკი, თავადი კონსტანტინე დიმიტრის ძე ქსნის ერისთავი;

14.  აზნაური საბა კლდიაშვილი (შენ. ამჟამად განისვენებს ქუთაისის საფიჩხიის სასაფლაოზე);

15.  ქუთაისის ყოფილი ქალაქის თავი, თავადი ნიკოლოზ აბაშიძე;

16.  უბრწყინვალესი თავადი მიხეილ მიხეილის ძე შარვაშიძე;

17.  თავადი ასლან წულუკიძე;

18.  თავადი დავით ერისთავი

(აქ მოხსენიებულ დაკრძალულ პირთა ჩამონათვალი აღებულია მერაბ კეზევაძის სამეცნიერო შრომიდან “სასაფლაოები XIX საუკუნის ქუთაისში“, სამეცნიერო შრომების კრებულიდან „ქუთაისი და ქუთაისის ქვეყანა“, ქუთაისი, 2022 წელი).

1944 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ დაანგრია ქუთაისის ცენტრში მდებარე წმიდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი, ხოლო მის ინტერიერსა და გალავანში დაკრძალულ მიცვალებულთა ნეშტების ერთი ნაწილი სხვადასხვა სასაფლაოზე გადაასვენეს (ძირითადად მწვანეყვავილას პანთეონში, ზოგიერთიც საფიჩხიის სასაფლაოზე), თუმცა საფლავების მეორე ნაწილი არ გაუხსნიათ და დღესდღეობითაც რამდენიმე საფლავი მიმობნეულია ამ ადგილზე, ხოლო იქვე მდებარე სახეცვლილი ქვის გალავანი, სწორედ ხსენებული ტაძრის გალავნის ნაწილი არის.

წმიდა მთავარანგელოზთა ტაძარს გააჩნდა სამრეკლო, რომელიც ტაძრის დანგრევიდან ერთ წელიწადში, 1945 წელს დაანგრიეს.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ ამ ტერიტორიას, სადაც ამჟამად შრომის მემორიალია განთავსებული და იქვეა მხარისა და ქალაქის ადმინისტრაციული შენობა, დღესდღეობით არავითარი გარეგნული კვალი ეტყობა, რომ აქ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში სასაფლაო იყო, ხოლო აქ მდებარე საფლავთა შორის ზოგიერთი კვლავ აქვეა.

ცათა სასუფეველი და საუკუნო ხსენება ამ ადგილზე განსვენებულთა უკვდავ სულებს!

გავიდა დრო… ღვთის წყალობით დასრულდა ათეისტური რეჟიმი. საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ამის კვალად საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას კვლავ მიეცა თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა. ამ ფონზე, ღვთის ნებითა და საერო ხელისუფლების თანხმობით, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ ქუთაისის მერიის შენობაში აკურთხა წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, რომელიც მოქმედია და არის ათეისტების მიერ დანგრეული ტაძრის სამართალმემკვიდრე.

ფოტო: ქუთაისის წმ. მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი, რომელიც მდებარეობდა ქალაქის ცენტრში, კომუნისტურმა რეჟიმმა დაანგრია 1944 წელს (ფოტოზე მოსჩანს ტაძრის გალავანში არსებულ საფლავთა ნაწილი)

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

წყარო:https://infoimereti.ge/%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94/?fbclid=IwAR1QkO0FGSakvUJDnIMKApD5iNptDoZ0Q3y4nlEe-Hps7nYbXlCJ00-xaNs

 

 

 

Тбилиси
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

более
голосование
Кстати