USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
ქუთაისი. ზღვის პირი.
თარიღი:  9109
 
ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს.
 
ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო.
შესასვლელი ვიცი. მარცხნივ კვახჭირი დარჩება.
ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით.
 
არსებობს ახლა ძველი შესასვლელი?
 
ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი.
 
ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა.
 
მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბის.
 
ეს არ არის ბოლო ოცი წლის ფერადები.
 
იყო ფერადები ბოლო ოც წელიწადს? ალბათ იყო, მაგრამ მე როგორღაც არ მომხვდა.
 
1918 წლის ზამთარში, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისი დაიცალა. ყველამ, ვინც ქუთაისის სახეს ქმნიდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თბილისში წამოსულიყო. პოეტებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, მასწავლებლებმა, ინჟინრებმა ასე გადაწყვიტეს. მგონი იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო და ერთგვარ ცენტრად თბილისი აღიქმებოდა. ეს შეუმჩნეველი ამბავია ჩვენს ისტორიაში. თან უცნაური ამბავი. არადა მომხდარი ამბავია. დიდი შეცდომაც, რომელიც ალბათ ვეღარასდროს გამოსწორდება.
 
ქუთაისის ლეგენდარული ქართული გიმნაზიის მასწავლებლები შეიქნენ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორები. განთქმული ქუთაისელი ექიმები მოეწყვნენ თბილისის საავადმყოფოებში. ქუთაისელი პოეტები ჩამოსხდნენ თბილისის კაფე "ქიმერიონში", რომელიც ეგებ სხვა არც არაფერი იყო, უქიმერიონის გარდა. უქიმერიონის აღმართი... გეხსომებათ.
 
ამის შედეგი ის იყო, რომ ერთი ქალაქი დაიმცრო, მეორე კი კიდევ უფრო იზარდა.
 
არა მხოლოდ ესენი: ლეგენდარული ახალციხური გვარებიც კი, რომლებიც ქუთაისში აგე, როდის მოვიდნენ, თბილისისკენ გამოეშურენ.
 
რა არის ეს თბილისი ამისთანა. რატომ იყო საჭირო. რისთვის იყო საჭირო ეს დაძვრა. ასეთი უცაბედი. არც მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ამბავი. ერთადერთი წინადადება ეწერა, - ასე მოხდაო. მგონი, არც იყო ქართული ტექსტი. ინგლისური იყო. ნამდვილად ინგლისური.
 
ჩვენს წიგნებში არ წერია ხოლმე ასეთი რამეები.
 
ეს ალბათ ძლიერ ინფარქტს ნიშნავდა.
 
სულაც არ მინდოდა ამ დრამატული ამბის გახსენება.
 
ბოლოს და ბოლოს ქუთაისს თავადაც ერგებოდა საუნივერსიტეტო ქალაქად ყოფნა.
 
მოხუცებული დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ყველა თანამდებობას ჩამოშორებული იყო, ბოლოს იმერეთის თავადაზნაურობის მარშლად აირჩიეს. გადარეული ყოფილა, - რა მიქნეს ამ ქუთაისელებმა, როგორ დამხვდნენო. ეტლში ჩამსვეს და მთელი ქალაქი ზარზეიმით მომატარესო.
 
დიმიტრი, ქართლელი ყიფიანი იყო, სუმბათაანთ აზნაური. ცხოვრება ისე გალია, რომ ზედმეტად არავის გაუღიმია მისთვის.
 
ქუთაისური გიტარა. სად წავიდა ქუთაისური გიტარა? მგონი, დღევანდელ თბილისურ ტრიოებში გადმოინაცვლა.
 
ოღონდ, სიმართლე რომ ვთქვა, არც ამის გახსენება მინდოდა.
 
სულ სხვა რამის დაწერა მინდა.
 
სამსონ ფირცხალავას უწერია, - ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვედი, წავხდი კაცი, ვერ შევეგუე ასეთ სიჭრელეს, ასეთ განსხვავებულობასო.
 
პურსაც კი ვერ ვჭამდი, იმდენად განსხვავდებოდა ქუთაისურისგან, ჩემი დამემართა, სანამ მივეჩვიეო.
 
ბავშვობისა რა მახსოვს და, ადრიან დილით ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პაწაწინა სახლში მამიდაჩემი ცხელ ხაჭაპურს ჭრის და ჩაის ძველებურ ჭიქაში ბლომად ალუბლის მურაბას მიყრის. ვფიქრობდი, რანაირია ნეტა ეს ქუთაისი-თქო. არ ვიცოდი, ვიცოდი მხოლოდ ეს სახლი.
 
ჩვენები ომამდე ქუთაისში ცხოვრობდნენ, კაი დიდი სახლი ჰქონდათ გორაზე. მერე ომმა არია ცხოვრება. ბაბუაჩემი დაიძრა.
 
ეს გრძელი ისტორიაა და უცხოს არ დააინტერესებს.
 
სინამდვილეში სულ სხვა რამე მინდოდა მეთქვა. აი, ვუტრიალებ და ვერ ვახერხებ. რაღაც ნაკუწებს ვკრეფ და მგონი, საბოლოოდ რამე გამომივა.
 
მე რა უნდა დავწერო ქუთაისზე. ბავშვობიდან ვყოფილვარ იქ. ქუთაისის სადგურში დიდთოვლობას გაჩხერილ მატარებელშიც ვმჯდარვარ, სათაფლიას დუქანშიც ვყოფილვარ, გელათის ამბავსაც მივხვედრილვარ, მგონი, და ბაგრატის ტაძრის თაღში რომ ლეღვის ხე იყო შეზრდილი, ისიც დამამახსოვრდა. შიგ ჩიტები ფრთხიალებდნენ. ლეღვი იყო, მგონი. ვერ ვცნობდი მაშინ, პატარა ვიყავი. საოცარი რამ კი იყო. ახლა აღარ არისო, - მითხრეს. ბაგრატი უნდა აშენდესო, მგონი, ამასაც ამბობდნენ. ის თაღში ამოზრდილი ტოტები და შიგ შეფრთხიალებული ჩიტი, მგონი, ყველაზე ლამაზი რამ არი, რაც ცხოვრებაში მინახავს.კიბეც გადასარევია. გახსოვთ, "საბუდარელ ჭაბუკში" ჩხუბი როა ამ კიბეზე? ცუდი უშანგი და კარგი გოგიტა რო ჩხუბობენ?
 
ქუთაისი სურათებია. სურათებს სიცოცხლე უნდა. სად არის სიცოცხლე?
რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ნაგლეჯები: რესტორანი ქვაშავაზე. ძველი გოგისვანიძეები. დავით აღმაშენებელი. მოწამეთა. მამაო გაგი თავისი სამკურნალო ბალახებით. ყველა მაინც გაგის ეძახდა. ბიკენტიას წყვილი ქაბაბი. ნიკო ნიკოლაძის დები. აკაკი აივანზე. ბოჩკები. ქუთეისელი ქურდები. ქუთეისელი ბუფეტჩიკები. ტუა. ბუნჩულა. რა ვიცი. სულ სურათებია, რომლებსაც ბავშვობიდან ვხედავდი გაკვრით ან არ ვხედავდი, ყურს მოვკრავდი და წარმოვიდგენდი.
 
რა ინდუსტრიის მშენებელი ეგ იყო.
გალაკტიონი. ქუთაისის გიმნაზია. ცისფერი ყანწის ბიჭები. დახვრეტილი ბარონ ბიბინეიშვილის მოგონებები ქუთაისის შესახებ. საოცარი მოგონებები, სხვათა შორის. ქუთაისის ციხე. აწ გამქრალი. სტალინის კამერა. გიჟუას ნახტომი. თხაწვერა გოგია. პოეზია. ქუთაისის თეატრი. ის, ძველი, ჭიჭიკია და ბიჭიკია. იმათი ძაღლი. ბისკვიტია. პიანი ბაზარი. მწვანე ბაზარი. კვაჭი კვაჭანტირაძე, კაცი დაბადებული სამტრედიასა და ხონს შუა, ქუთაისში გაგიმნაზისტებული.
 
სულ მომწონდა ქუთაისის უბნების სახელები. თბილისისა როგორღაც უფრო დამჯდარი და პირქუში იყო. მწვანეყვავილა. სასაფლაოს უკეთესი სახელი მე არ გამიგონია. ასე რომ ჟღერდეს. სამსონ თოფურია. სამსონ თოფურიას ლეგენდარული ბიუსტი. სად არის იგი? გინახავთ სამსონ თოფურიას ფოტო? ექიმი, ადესაში მტვირთავად ნამუშევარი. სხვა იერის კაცი. აკაკის გადამრჩენი, არაერთხელ. ექიმი ასევე, ივანე გომართელი. სოციალისტი, მგონი. წერდა გაუთავებლად. გარეგნობა-საუკეთესო სასიძო. რიონის წვერა. რიონის ქვები. კომუნისტებმა გაისროლეს რიონი ქუთაისიდან. დააწყალმარჩხეს. დარჩა ქვები. თეთრი. ქუთაისის ხიდები... შეიძლება, რომ ყველაფერი ასე სახელიანი იყოს? ასე გამოკვეთილი? ჯაჭვის ხიდი. სანამ ვნახავდი, ბავშვობაში უშველებელი წარმომედგინა. მერე გადავიარეთ. პატარა ხიდია. მაინც განუმეორებელი. არაფერი და ყველაფერი. როგორ მირბის ზედ, რევოლვერმომარჯვებული კონსტანტინე დადეშქელიანი, რომელმაც ეს წუთია მოჰკლა გუბერნატორი. ამპრეტუზო მედუზო. პიკასოს ბიჭი. ლადო მესხიშვილი, ხმა ჩახლეჩილი, ფრანც მოორის როლში, კინაღამ მართლა რომ ჩამოიხრჩო თავი. პიპინია მიქელაძე ახტა სცენაზე, ხმლით გადასჭრა თოკი. დარჩა ხმა გაბზარული. ქუთაისის ხმა. სერგია ერისთავი. გიცანი, სერგია გიცანიიი? რიონს რო მივქონდე და მეძახდე, გიცნობო, ასეა საქართველოს ამბავიო. სერგია ერისთავი. ქუთაისური ხუმრობა. დღეს, მგონი, ოდნავ ნაძალადევი, სერგიაზე და სხვათა კლასიკაზე აწყობილი. ოთარ მამფორიაზე, რასაკვირველია.
 
მინახავს მოხუცებული ბუღალტრები, შავი ჰალსტუხებით, ტილოს პიჯაკებში, გარეთა ჯიბეში სამი-სამი ავტორუჩკით, შლაპებით. ბაღში. მოვესწარი ამის შემჩნევას. ბაღისკიდეც მახსოვს. ცოტა ლუპენული ხუმრობებისკენ მიდრეკილად წერდნენ მის შესახებ.
 
ბულვარი, გულვარდი. ასე უნდა სწორედ სიტყვის მორგება და გადაკეთება. დანიელა ურია. ქუთაისის ებრაელობა. ქუთაისის რუსობა და ქუთაისის პოლონელობა. მოკრივე ბოჭოლია. ნამდვილი ვარსკვლავის კი არა, შოუ და რაღაცა. ძველი ქუთაისელი ძელეცები. ერთხელ, ბავშვობაში, ქუჩაზე დამახსოვრებული კაცი. ეს ვინაა, იცი? იობიძეა, ათასკაციანი ქორწილი რო გადოუხადა შვილს და რო დეიჭირეს. დაჭერები. პიერ, პიერ. მე მილიციაში ვმუშაობ და ქორწილებში თუ ვუბაგუნე დოლს... ქუთეისია, უნდა უბაგუნო. ჩემი მეგობარი ნოდარი. ტიტე ვაჩაძე. ტორპედო. ქუთაისის ტორპედო. თავისი მთელი ამბებით. იუზა ლოსაბერიძის გოლი კიევის კარში, სისინა ქარის თანხლებით. ომი ქუთაისის სტადიონზე, სიკვდილი. სახალხო მღელვარება. დაღუპული ბიჭი. ბადრი ფარულავა, დურმიშხან ქვირია, ლეგენდა - ჯემალ ხერხაძე. კარგია, როცა ყველაფერი შენი გაქვს. მე მომწონს, სხვისი არ ვიცი.
 
მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე, რაც არ უთქვამთ და რაც თავიანთ გულში არ გაუტარებიათ? მართლა მაისში იყო მაგარი. ქარები იცის, ოხრული ქარები. მიდი, მოდი, თეთრო ხიდო, ოღასკურა, საფიჩხია... შალიკო ხვინგიაძე. სინამდვილეში გიგიაძე. შეხვედრები ჰიტლერთან. დათეშიძის გორა. აგული ერისთავი, სასაფლაოთა მიქელანჯელო. პერსონაჟები და რეალური ადამიანები სრულიად ერთად, ყოველგვარი გამოცალკევების გარეშე. ქუთაისური გვარები. მიქელაძე-მიქელთაძე. რომელ ქალაქში დაარქმევენ შვილს შედანს ჩვენს დროში? შედან ჭილაძე, მეჩვიდმეტე საუკუნის დიდი მსმელი. ჰოდა, არქმევენ. კოლია ქვარიანი. კოლია ქვარიანი! გოლიათი, ამერიკულ ფილმებში. გადახვეწილი. დიდი და მელოტი კოლია ქვარიანი. ზანგ ხულიგნებთან ჩხუბში დაღუპული სამოცდაჩვიდმეტი წლის დევი. დღემდე კლასიკა, ჭიდაობის სურათი, ჩახედეთ იუთუბს, ჯინ სტენლი-კოლია ქვარიანი. სიმონ ქვარიანი,ისტორიული რომანი... მამაჩემის მოგონება: ჩამოვედი მატარებლიდან, გავიარე სადგური, დილაა, ვიტრინიდან ხელს მიქნევენ ბოჭოლია და გენდრიმოვიჩი, წინ უდგათ არყის ბოთლები და ლუდის კათხები. უნდა დაგვეწიო, თითო ბოთლი დაცლილი გვაქ უკვეო. რავარი დასაწევია. პერაშკი ჩააყოლე, პერაშკი. რიონის წვერა. გინახავთ, ჩხირებზე აგებული? ეს ორი ვარია შოუშვი ისრიმ მაყვალში... მწვანილი, ქუთაისის მწვანილობის ეპოქა... მგონი, რაღაც ვთქვი და რაღაცას მოვყევი, იქ არმცხოვრები კაცის პირობაზე, თორემ მე რას უნდა მოვყვე ქუთაისზე. მე ვინ ვარ ამ საქმეშიი? ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. ცოტათი მაინც. მთავარი კი არ მითქვამს.
 
დიდი ქუთაისური ლიტერატურა. დიდზე დიდი. პირადად ჩემთვის სრულიად გადამწყვეტი და განუმეორებელი დღევანდელი ჩვენი მწერლობისთვის. ეგ რომ არ ყოფილიყო... არ ვიცი, აზრებს ძნელად გამოვთქვამ ხოლმე ფილოლოგიურად. ასე დაცლილმა, ასე გადასხვაფერებულმა, გულგამოღებულმა, მაინც მოახერხა და ამდენი გააკეთა. ამდენი კი არა, მე რო მკითხო...
 
ჩემს გონებაში ქუთაისი, როგორც სისტემა დაიწყო რეზო ჭეიშვილის მოთხრობით, სადაც წყალტუბოს არქივში მომუშავე მწერლის ცხოვრება იყო აღწერილი და სადაც მოთხრობილ იყო მოკრივე ბაჭიას სიკვდილზე ავტოკატასტროფაში.
 
ალბათ ბაჭია მაშინვე დავუკავშირე, ადრევე გაგონილ ბოჭოლიას და ალბათ იმასაც მივხვდი, რომ ეს ერთი და იგივე კაცია. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეგებ სულაც არასწორად ვამბობ ოდესღაც გაგონილ სახელებს.
 
მაგრამ მახსოვს წვიმა იმ მოთხრობაში და ძველი ქუთაისელი ძელეცები რესტორანში.
 
არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ მოთხრობამ ჩემზე სრულიად განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა. სრულიად გარკვევით ვხედავდი იმ ადამიანებს, რომლებიც იქ მიმოდიოდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ რაღაცები და ვიღაცები უკვე მენახა ქუთაისში. არ ვიცი. მაგრამ ასე კი იყო და ახლაც ასეა.
 
მერე წავიკითხე მისივე "მუსიკა ქარში". ჩემი ჭკუით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული წიგნი ბოლო ას წელიწადში. ჩემთვის, ისევ და ისევ, თორემ სხვისთვის რა ვიცი. ამ წიგნის ტონი სრულიად უცხოა ჩვენებური წიგნებისთვის. ომის და ომისშემდგომი ქუთაისი. სიმინდი, ბაბუა, ლეკის ბიჭი, პორფილი, დაუმთავრებელი სახლი. ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ასეთი ქუთაისი კარგა ხანს მმართავდა. სულ არ გავდა იმას, რასაც თვალს მოვკრავდი ხოლმე. იქ რომ მოვხვდებოდი, აუცილებლად გადავხტებოდი ხოლმე ამ წიგნში და ვადარებდი. ეგეთი ქვეყანაა საქართველო. გააკეთებ ასეთ რაღაცას და არის ეს რაღაცა ჩუმად, ვითომ ასეთი წესია. მოხდება ხოლმე ასე.
 
მგონი, არ უნდა შევყოლოდი ამ ლაპარაკს. ვეღარ დავამთავრებ. ანდა დაუნდობლად უნდა მოვკვეცო. ჩემი ქუთაისური წიგნები კი რასაკვირველია ჩემთან დარჩება.
 
ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა. ვისხედით და ვლაპარაკობდით. მე რა უნდა მელაპარაკა, მკითხავდა რამეს და ვუპასუხებდი. იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს, ლიმონათს აძალებდა ჩემს ქალიშვილს და მალიმალ ეუბნებოდა, - ყოჩაღ, თუ სამიანებს იღებ ხოლმეო. მისი მობილური ყიოდა მამალივით, ის თავად ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იდგა რუსთაველზე და ამას ყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილი ტკივილის შესახებ. ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო. მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი.
 
ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო.
 
კაცმა თქვა, - სიყვარულიდან ჩამოვედიო.
 
ისე რაღაცნაირად დამამახსოვრდა...
 
ახლა ხომ არ მოვყვები, რა არის რეზო გაბრიაძის ქუთაისი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის მის ქუთაისს ბოლო ორმოც წელიწადს.
 
მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც. ოღონდ ადამიანებს არ უყვართ ასეთ რამეებზე ფიქრი. ვაი და, სადამდე მიხვიდე.
 
მე კიდევ, რა უნდა ვთქვა ქუთაისზე.
 
ეს იყო ხმელთაშუა ზღვის ქალაქი, რატომღაც მოხვედრილი ხმელთაშუა ზღვისგან შორს. ალბათ ეს არის ამ ქალაქის დრამა.
 
მოვიგეთ, ფეოლა...
 
გაგიჭირდებოდათ.
 
მიტროფანე ლაღიძემაც იქიდან დაძრა თავისი წყლები თბილისისკენ.
 
© აკა მორჩილაძე
 
მსოფლიო
რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე მდგომარეობის შეჯამება 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით - გიორგი კობერიძე
2026 წლის თებერვლის დასაწყისი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ტაქტიკური ინიციატივის აღებაში გადაითარგმნა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ზაპორიჟიისა და ხარკოვის რეგიონებში. ცვლილებებია უკრაინის შიგნითაც და რუსეთშიც. განვიხილოთ.
1. ფრონტის ხაზზე რუსული ძალებისთვის სტარლინკის სატელიტური ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა ძალიან სერიოზული ამბავია. ეს ტექნოლოგიური ფაქტორი უკრაინელ ძალებს რამდენიმე კრიტიკულ უპირატესობას ანიჭებს:
- უკრაინის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ უწყვეტ კავშირს ფრონტის მთელ ხაზზე, რუსები კი ვეღარ.
- თანამედროვე საომარი მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დრონებია, რომელიც დამოკიდებულია ინტერნეტის სტაბილურ კავშირზე. უკრაინელი ოპერატორები რეალურ დროში აკონტროლებენ როგორც დასაზვერვო, ისე შეტევითი დრონების მუშაობას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ეფექტურობას. რუსებს ეს ეზღუდებათ.
- რუსული ძალების Starlink-ზე წვდომის შეზღუდვამ უშუალოდ იმოქმედა თებერვალში დაწყებულ უკრაინულ კონტრშეტევებზე. რუსი მებრძოლები, რომლებიც ადრე ნაწილობრივ იყენებდნენ ამ სერვისს, დაკარგეს თანამედროვე კომუნიკაციის საშუალება და დაუბრუნდნენ ტრადიციულ რადიოკავშირს, რომელიც უფრო მარტივად ჩახშობადია.
სტარლინკზე წვდომის შეზღუდვის გამო, რუსებმა ილონ მასკის გინება განაახლეს, რომელიც ბოლო ორი წელი შეწყვეტილი ჰქონდათ. ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი.
2. კონტრშეტევა გვაქვს ზაპორიჟიას ოლქში. რამდენიმე დღეა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მასშტაბური კონტრშეტევითი ოპერაციები ზაპორიჟიის ოლქში, რომელიც ცხრა სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება.
რაც მთავარია სიტუაცია გამოსწორდა ჰულიაიპოლეს მიმართულებაზე. ეს ქალაქი და მისი შემოგარენი უკრაინული თავდაცვისა და სამხრეთისა და აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეთაურო პუნქტია. ქალაქის შიგნით ბრძოლა გრძელდება. რუსები მას აღმოსავლეთიდან (დონეცკის ოლქის მხრიდან) და სამხრეთიდან უტევდნენ და ურბანული სივრცის ნანგრევების დიდი ნაწილი დაიკავეს კიდეც. მაგრამ შემდგომ მათი შეტევა შენელდა და ახლა რამდენიმე ადგილას უკრაინელებმა პოზიციები დაიბრუნეს.
უკრაინელები პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ ჰულიაიპოლეს სამხრეთით, რკინიგზის ხაზის გასწვრივაც. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რუსული ლოჯისტიკა დამოკიდებულია რკინიგზაზე, ხოლო მათი შეტევის მიმართლება კვლავ გზებსა და რკინიგზას მიუყვება.
უკრაინელებმა ზაპორიჟიაში სრულად გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტი ტერნუვატეს შემოგარენი. მისი აღება რუსებმა რამდენჯერმე იზეიმეს და თან საკმაოდ აქტიური მედია კამპანიაც ჰქონდათ. ამის მიზეზი კი ტერნუვატეს მდგომარეობაა, ფრონტიდ ხაზიდან საკმაოდ დასავლეთით, უკრაინის თავდაცვის სიღრმეში მდებარეობს. მაგრამ ერთ-ერთი პრობლემა რუსებისათვის ის იყო, რომ დასახლება სინამდვილეში მათ ხელში არც არასდროს ყოფილა და მხოლოდ შემოგარენში მოქმედებდნენ.
ამით იკვეთება ნათელი სურათი, რომ რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მხოლოდ სხვას კი არა, საკუთარ თავსაც კი ატყუებენ ხოლმე.
3. უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი ვლადისლავ ვოლოშინი აკეთებს მნიშვნელოვან განმარტებას უკრაინულ ლოკალურ კონტრშეტევასთან დაკავშირებით: სამხედრო თვალსაზრისით, ეს მოქმედებები ჯერ არ წარმოადგენს კონტრშეტევას კლასიკური გაგებით. ეს არის სადაზვერვო-შეტევითი ოპერაციები და ტერიტორიების გაწმენდა. ანუ უკრაინელები მოქმედებენ მეთოდურად, არა მასშტაბური გარღვევისათვის, არამედ პოზიციების გაუმჯობესებისა და რუსული თავდაცვის სისტემაში სისუსტეების საპოვნელად. და თუ ეს წარმატებით განხორციელდა, შემდეგ შეიძლება მიიღოს უფრო ფართო მასშტაბიანი ხასიათიც.
4. რუსული შეტევა ქალაქი ზაპორიჟიას სამხრეთით გრძელდება. ქალაქთან მიახლოება რჩება რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიზნად. თუმცა მათი პროგრამა მინიმუმი ამჟამად ფოკუსირებულია მდინარე კონკას დაკავებაზე, რომელიც ქალაქიდან სამხრეთით დაახლოებით 15 კილომეტრით არის დაშორებული.
უკრაინული სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ხაზი წარმოადგენს რუსული სამხედრო დაგეგმვის უშუალო მიზანს. მდინარე კონკას კონტროლი რუსებს საშუალებას მისცემდა შექმნან ბუნებრივი თავდაცვითი ხაზი და სცადონ შემდგომი წინსვლა ზაპორიჟიის მიმართულებით.
თუმცა, ამ სტრატეგიის რეალიზება ყოველთვის უფრო რთულდება უკრაინის ახლანდელი კონტრშეტევითი ოპერაციების გამო (იერიშები ზაპორიჟიას ოლქში კი მიმდინარეობს, მაგრამ არა ამ მიმართულებაზე), რომლებიც ქმნიან წნეხს რუსული პოზიციების მიმართულებით.
5. ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი წარმატებები მიაღწიეს. დაბრუნებულია სასაზღვრო სოფელი ჩუჰუნივკა. ზოგადად, უკრაინელების ფოკუსი ხარკოვის სასაზღვრო რაიონში 5-7 კილომეტრის სიღრმეში შემოსული რუსული ნაწილების განდევნაში საკმაოდ აქტიურია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსებიც ახდენენ ამ მიმართულებაზე დამატებითი ძალების თავმოყრას.
თითქოს არაფერი, მაგრამ ხარკოვის ოლქის სასაზღვრო რაიონები ბოლო ხანებია კვლავ ძალიან ინტენსიურ საბრძოლო თეატრად გადაიქცა.
ბოლო ხანებია რუსები ჩივიან, რომ კუპიანსკიდან რუსული ნაწილების უკან დახევის შემდეგ, უკრაინელების ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულია და დამხმარე ნაწილების თავმოყრის გამო შეშინებულები არიან.
6. უკრაინის შეიარაღებული ძალებმა კონტროლი აღადგინა სუმის ოლქში სასაზღვრო დასახლება პოპივკაზე. აქაც დაახლოებით იგივე სურათია, რაც ხარკოვის ოლქში: სასაზღვრო რაიონებში რუსული რეგულარული ნაწილები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე აქტიურობენ და უკრაინელებს აიძულებენ ფოკუსი საზღვრიდან არ მოაშორონ.
7. უკრაინელების სასარგებლოდ ევროპული დახმარება გრძელდება. ამჯერად სკანდინავიური ქვეყნები აქტიურობენ და მათ ტექნოლოგიურ უპირატესობაზე რუსები ჩივიან. უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებენ შვედურ Archer თვითმავალ საარტილერიო სისტემებს ხარკოვის ოლქში. ეს ულტრათანამედროვე სისტემები წარმოადგენენ არტილერიის ტექნოლოგიის ერთ-ერთ გამორჩეულ სახეობას.
სკანდინავიური ქვეყნები არამხოლოდ ერთჯერად დახმარებას აძლევენ უკრაინელებს, არამედ სარემონტო პროცესებშიც უწევენ დახმარებას და სათადარიგო ნაწილების მიწოდება პერმანენტულად ხდება.
8. საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავია ის, რომ აშშ-მ მკაცრი მოთხოვნები წაუყენა და ჯარიმები დააკისრა კერძო სამხედრო კომპანიებს Northrop Grumman-ისა და Global Military Products-ს. მიზეზი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდების დაგვიანებაა. არმის კონტრაქტების სამეთვალყურეო სამსახური მოქმედებს პენტაგონის გენერალური ინსპექტორის რეკომენდაციების საფუძველზე.
2022 წლის იანვარში, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში ხელმოწერილი კონტრაქტების შესწავლისას, გენერალურმა ინსპექტორმა შეამოწმა შვიდი კონტრაქტი Northrop Grumman-სა და Global Military Products-თან, საერთო ღირებულებით 1.9 მილიარდი დოლარი. ხუთ მათგანში აღმოჩნდა სისტემატური პრობლემები და ვადების დარღვევა.
9. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმამ სამხედროსთან ერთად, ფინანსური შედეგი უკვე გამოიღო. სადაზღვევო ბროკერი Mains-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ევგენი ბოროვიკოვის განცხადებით, ნავთობის კომპანიების პირდაპირი ზარალი დარტყმებისგან აღემატება 100 მილიარდ რუბლს. ხოლო ირიბი ზარალების და დაკარგული მოგების ჩათვლით, საერთო რაოდენობა აჭარბებს 1 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით 11 მილიარდი დოლარი). ეს ყველაფერი განცხადებაა და რეალურად რა მდგომარეობაა კიდევ საკითხავია (შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ უარესი).
10. რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვა -
ბოლო დღეებში უკრაინელებმა რამდენჯერმე დაბომბეს რუსული ენერგოინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოლგოგრადში დარტყმა, როდესაც უკრაინული დრონების შეტევის დროს აფეთქდა ქვესადგური. ანუ რეალურად, რასაც რუსეთი უკრაინას უკეთებს, უკრაინა ცდილობს პასუხი დაუბრუნოს ამაზე. ამასთან, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება ქმნის სერიოზულ პრობლემებს როგორც მოსახლეობისთვის, ისე ინდუსტრიისთვის.
11. უკრაინელები მასობრივად ნადირობენ რუსული იარაღისა და დრონების საწყობებზე. აგერ, რამდენიმე საათის წინ უკრაინელებმა როსტოვის ოლქში დრონების საწყობი გაანადგურეს. მიუხედავად იმისა, რომ ალაბუგაში (რუსეთის თათარსტანი) არსებული დრონების ქარხნის განადგურება ჯერ ვერ ხდება, მაინც, დარტყმები მნიშვნელოვანია.
ასევე უკრაინელები დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს განთავსებულ ლოკალურ იარაღის საწყობებზეც ნადირობენ.
12. მორალისა და დისციპლინის თვალსაზირისით უკრაინელთა მდგომარეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა, რუსების კი გაუარესდა. რუსულ არმიაში ტრადიციული სამხედრო დისციპლინის მექანიზმები აღარ მუშაობს და პრაქტიკულად ყოველდღიური ხასიათი აქვს მიღებული სამხედროების წამებას, დახვრეტას, გაშიშვლებას, ხეზე მიბმას, ძაღლებით დაგლეჯას და ასე შემდეგ. პრაქტიკულად, სასაკლაოზე წასვლა რომ არავის უნდა ეს გასაგებია, მაგრამ ოფიცრები ისევ საბჭოთა ტაქტიკით მოქმედებენ და ხორცის შტურმებს აგრძელებენ.
ასეთი მეთოდებით დისციპლინა შეიძლება აამაღლო, მაგრამ სამხედრო მორალს ვერ აამაღლებ.
13. სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, რუსული მხარე აქცენტს აკეთებს ახალი ძალების აკუმულირებაზე, მათ შედარებით ხანგრძლივ გაწვრთნასა და გაზაფხულზე უკრაინაში გადასროლაზე. სტრატეგიული მიზანია გაზაფხულის ბოლო-ზაფხულის დასაწყისის მასშტაბური შეტევა.
ამასობაში უკრაინელებმა სრულიად ახალი ფორტიფიკაციების აგება დაიწყეს არამხოლოდ დონეცკის ოლქში, არამედ მის დასავლეთითაც კი. პრაქტიკულად, ყველაზე უარესი სცენარისათვისაც კი ემზადება ქვეყანა - თუ რუსები სლავიანსკ-კრამატორსკის მიმართულებაზე შეტევას არ ან ვერ მოახერხებენ და დასავლეთით შეეცდებიან კვლავ წინსვლას, იქაც მზად დახვდებიან უკრაინელები.
14. ჯერ ზამთარი არ დასრულებულა, მაგრამ რამდნეიმე დღეში კოშმარული ყინვები გადაივლის უკრაინაში. რუსეთის გათვლა, რომ უკრაინელების დემორალიზება მოეხდინა და გათბობისა და დენის გარეშე დაეტოვებინა ხალხი - ვერ განხორციელდა. მიუხედავად ყინვისა, მოსახლეობა ერთად დადგა და ინჟინრებმა სასწაულს გაუძლეს. სოციოლოგიაში ცნობილია, რომ საყოველთა გაჭირვება ადამიანებს აახლოებს და საბრძოლო მორალისაკენაც განაწყობს. თუმცა ამ ყველაფერსაც თავისი ლიმიტები აქვს. სწორედ ამ ლიმიტებს ეძებს რუსეთი და ჯერჯერობით ნამდვილად ვერ პოულობს.
პ.ს. რუსეთს ომი 3 დღეში რომ უნდა დაესრულებინა, მალე მეხუთე წელი დაიწყება და ვერ დაასრულებს. საბჭოთა-გერმანიის ომზე დიდი ხანი უკვე გრძელდება ეს ომი.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის