USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
თბილისი
ქება თვითმმართველობისა – ილია ჭავჭავაძე
თარიღი:  591

ცხოვრება და კანონი

წერილი მეოთხე

1865 წელსა დამტკიცებულ იქმნა და აღსრულებაშიაც მოვიდა სასოფლო მმართველობის წესდებულება. ვიდრე გავარჩევდეთ მას, თუ რამოდენად მოუხდა იგი ჩვენს ცხოვრებასა, რამოდენად აღ- გვისრულა მასზედ დანდობილი იმედი, არ იქნება მეტი, რაც შეიძ- ლება მოკლედ, გამოვსთქვათ ზოგიერთი აზრი შინაგანს მმართველობაზედ საზოგადოდ.

ყოველი სახელმწიფო, რიგიანს წესზედ ცოტად თუ ბევრად დამდგარი, ნაწილ-ნაწილად არის დაყოფილი, რომ მოვლა და პატრონობა ადვილი იყოს. მაგალითებრ; რუსის იმპერია დაყოფილია გუბერნიებად, გუბერნიები მაზრებად, მაზრები სოფლის საზოგადოებად. ყოველს სახელმწიფოში ორი დიდი მდინარებაა: ერთი მთელის სახელმწიფოის საჭიროებისა და მეორე – საზოგადოებისა. ეს ორივეგვარი საჭიროება ყოველს ნაწილში მომდინარეობს იმდენად მეტ-ნაკლებად, რამდენადაც თვით ნაწილი მეტ-ნაკლებია; განსხვავება თითქმის ამ მეტ-ნაკლებობაშია და სხვა არაფერში. ამიტომაც მთელს სახელმწიფოში, თუ თვითოეულს მის ნაწილში, ამ ორგვარის საჭიროების მზრუნველობა და გამგეობა არის აუცილებელი და უსათუო საგანი ყოვლის მმართველობისა.

ქვეყნიერობაზედ მმართველობას ორგვარი წყობა და აგებულება ჰქონია და აქვს. თუ სადმე რაიმე ცვლილება არის, მაინც არ შეიძლება, რომ მმართველობა ან ერთისაკენ არ იყოს მიდრეკილი, ან მეორისაკენ. ერთგვარი მმართველობა იგია, საცა სახელმწიფო  საჭიროების საქმესაც თვით მთავრობა განაგებს და საზოგადოებისასაც, ყველგან და ყოველს ნაწილში. ამ შემთხვევაში მთავრობა ყოველგვარის საქმის დამწყები და მოთავეა, ყოველგვარის საქმის მწარმოებელია, – ყოველის მზრუნველი და გამგეა, ასე რომ, ყოველივე მისგან წარმოსდგება და ყოველივე მასვე ერთვის. ამგვარად გამგეობისათვის მას თავისი საკუთარნი   მოხელე-კაცნი ჰყვანან, რომელთაც თვით

ირჩევს, თვით ნიშნავს, თვით გადააყენებს და რომელნიც მხოლოდ მის წინაშე არის პასუხისმგებელნი. ამგვარს მმართველობას ცენტრალიზაციას ეძახიან.

მეორე-გვარი მმართველობა იგია, საცა მთავრობას ხელთ უპყრია მარტო მთელის სახელმწიფოის საჭიროების საქმენი და ყოველივე სხვა კი საზოგადოებას გაუსაკუთრებია, მერე ასე, რომ ყოველს ნაწილს თვისნი ადგილობრივი საქმენი აქვს ხელშეუვალად მინდობილნი. ეს საზოგადოების საჭიროების საქმენი, ადგილობრივად განაწილებულნი, განიგებიან უსათუოდ ადგილობრივთა მოხელეთა შემწეობით, რომელთაც ირჩევს თვით ადგილობრივთა მცხოვრებთა საზოგადოება და რომელნიც ამავე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელნი არიან. ამგვარს გამგეობას თვითმმართველობას უწოდებენ, რადგანაც ამ შემთხვევაში თვითოეული ნაწილი ერთისა და იგივე სახელმწიფოისა თავის საკუთარს საქმეს თვით ჰპატრონობს, თვით უვლის და თვით ჰმართავს. ერთის სიტყვით, ამგვარის მმართველობის დედა-აზრი იგია, რომ ადგილობრივნი საქმენი თვით ადგილობრივთა მცხოვრებთაგან განიგებოდეს.

ამგვარი მმართველობა მეტად ხელს უმართავს ქვეყნის კეთილდღეობასა: ხალხს აფხიზლებს, ხალხს ჭკუასა და გონებას უხსნის, რადგანაც საზოგადო მზრუნველობისათვის ხალისს უღვიძებს და საზოგადო საქმისათვის სწურთნის და ავარჯიშებს. ამგვარი მმართველობა ისეთის თვისებისაა, რომ, საცა კი სურს ადამიანს, ყველგან და ყოველს ხალხში იხეირებს და ჩვეულებრივს ნაყოფს მოიტანს. იქ, საცა მაგას გზა და ადგილი ჰქონია, ყველგან ცხოვრება ადამიანისა აუყვავებია და მთავრობისათვისაც მძიმე ტვირთი ქვეყნის გამგეობისა შეუმსუბუქებია, აუხსნია.

ერთი მწერალი ამბობს: ,,ისტორია ამტკიცებს, რომ თვითმმართველობა უკეთესი წამალია ხალხის ყოველგვარის საჭიროებისა. საცა უნდა დარგათ, იგი ყველგან ხეირობს: ინგლისშიაც, საცა დიდკაცობაა ყოველის წყობის საფუძველი, ამერიკაშიაც, საცა განუსაზღვრელი თანასწორობაა მიღებული სახელმწიფოს ქვაკუთხედადა. ერთნაირის სიკეთით და მადლით მოქმედებს და თავსდება იქაც, საცა იმისთანა პატარა ქვეყანაა,  როგორც  შვეიცარია  (739  ოთხკუთხი  მილია) და

იქაცა, საცა იმისთანა უზარმაზარი უდაბნო მინდვრებია, როგორც ჩრდილო-ამერიკაში. იქაც კეთილადგანწყობილი და შეთვისებულია, საცა იმისთანა სახელოვანი განათლებაა, როგორც ლონდონში და იქაცა, საცა იმისთანა გაუნათლებელი ხალხია, როგორც კანადაში, ავსტრალიაში და სხვა ინგლისის კოლონიებში”.

თუმცა ესეა, მაგრამ მაგ თვითმმართველობას ქვეყანაზედ ბევრი მტერი ჰყავს; ბევრს უფრთხობს ტყუილუბრალოდ ძილსა და მოსვენებასა. ამბობენ, რომ საშიშარიაო – საზოგადოებას ეგ უფლება მიენიჭოს: აურზაურს მოჰყვება, თავს გაიზვიადებს და მორჩილებიდამ გამოვაო.

როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის  მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”.

თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ  ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის.

ამ თვითმმართველობის დადგენისათვის ყველაზე ძნელი იმ ზომის პოვნაა, რომლითაც საერთო სახელმწიფო საჭიროების საქმენი მიეზომება ხოლმე სახელმწიფოს მთავრობასა, და საზოგადოებრივი კი – ადგილობრივ საზოგადოებასა. ამ ორთა შუა ნამდვილის საზღვრის პოვნაც ძნელია, იმიტომ – რომ თვით ბუნებითად ამ ორივე საჭიროების ძაფები ერთი-ერთმანეთში ჩართულ და გადაბმულ  არიან, თუ ყოველისფერში არა, ბევრში მაინცა. მაგრამ თვითმმართველობის საქებარად ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ აქ გადამეტებულსა, თუ არ სარგებლობა, ისეთი ვნება მაინც არ მოსდევს, როგორც მას, როცა სახელმწიფოს მთავრობას გადამეტებულის ზომით დაუჭერია ცხოვრებაში ადგილი. ღირსება და სიკეთე შინაგანის მმართველობისა ჯერ იმაზედ არის დამოკიდებული, რომ განაწილებულია თუ არა სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის მათდამი კუთვნილთა საქმეთა გამგეობა, და თუ განაწილებულია – როგორ და რამოდენის სიმართლით არის ეგ მომხდარი. ყოველივე შინაგანის მმართველობის ღირსება და სიკეთე ამ სასწორით უნდა აწონილ იქმნას.

ადგილობრივი თვითმმართველობა და უმაღლესი მთავრობა არც ერთი და იგივეა, არც ურთიერთის მოკამათე  და  მოცილენი არიან. ერთსა და იმავე ქვეყანაში, ერთსა და იმავე სახელმწიფოში, ორნივ მშვიდობიანად თავსდებიან და ურთიერთის სახეიროდ მოქმედობენ. ზემოთ მოვიხსენეთ, რომ ძნელია ამათ შუა ნამდვილის საზღვრის დადება, თუ ყველაფერში არა, ზოგიერთში მაინცა, თუმცა ეს ასეა, მაგრამ საზოგადოდ ერთსაც და მეორესაც ისეთი თვალსაჩინო თვისების კუთვნილება აქვს, რომ მის მეოხებით კაცს შეუძლიან, თითქმის ყოველს შემთხვევაში, გაარჩიოს, ან ერთი რის მოღვაწე და პატრონი უნდა იყოს, ან მეორე. ჩვენ თვისება თვითეულისა ზემოთ გაკვრით მოვიხსენიეთ. მაგრამ ვხედავთ, რომ იგი ჩვენის უმთავრესისდ საგნის უკეთ ცნობისათვისა ცოტაა, ამისათვის გვსურს ამჟამად ეგ თვისება ცოტაოდენად დაწვრილებით აღვნიშნოთ.

ყოველი სახელმწიფო, თუნდ გვარტომობით ერთისა და იგივე ხალხით იყოს შემდგარი, მაინც, ადგილობრივის სხვადასხვაობისა გამო, ბევრს სხვადასხვა თვისების მხარესა და მხარეს წარმოგვიდგენს.

ყოველს მხარეს, ყოველს ნაწილს ერთისა და იგივე სახელმწიფოსას, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აქვს, თავისი საკუთარი გაჭირვება ადგია, თავისი საკუთარი მზრუნველობა და ფიქრი უმძიმებს გულსა, თავისი საკუთარი ნეტარება აფხიზლებს და იბირებს. უმაღლესის მთავრობის პირდაპირი დანიშნულება იგია, რომ ყოველს ქვეშევრდომს მისი სატკივარი გაუგოს, მისი წამალი დასდოს, ყოველს სიკეთისა და კეთილდღეობის გზა გაუხსნას. ამისათვის საჭიროა უმაღლესმა მთავრობამ უტყუარად, პირუთვნელად, ზედმიწევნით იცოდეს ყოველის კუთხის ნამდვილი ვითარება, მისი ავკარგიანობა, რომ საცა შესაძლოა შველა, უშველოს, შემწეობა მიაწვდინოს. ცხადია, რომ უმაღლესს მთავრობას თითონ, სხვის დაუხმარებლად, ვერ შეუძლიან ვერც თვალი მიაწვდინოს დასანახავად ყველგან, ვერც ყური სასმენლად და ვერც ხელი საშველადა. ცხადია, რომ მან უნდა იყოლიოს ამისათვის ანუ საკუთარი მოხელენი, ყოველგან მოფანტულნი და მორიგებულნი, ანუ ეგ მოხელეობა თვით ადგილობრივ მცხოვრებთა უნდა ჩააბაროს, მიანდოს. პირველმა საშუალებამ თავი ვერსად ვერ გაიმართლა, იმიტომ რომ სხვის ხელით საქმის გაკეთება არსად და არასფერში არც თავს მოსულა და არც მოვა. სხვას, ტყუილია, ჩემთვის ისე გული არ შესტკივა, როგორც მე თითონ; სხვა ჩემს ავკარგიანობას ჩემსავით ვერ შეტყობს, ჩემს ტკივილს ჩემსავით ვერ მოუვლის, ჩემს ჩივილს ჩემსავით ვერ იტყვის; რაც მე ვიცი ჩემი, სხვას თავის-დღეში არ ეცოდინება. ეს ყველგან ესე სცნეს და ამიტომაც ეგ საშუალება თითქმის ყველგან დაწუნებულ იქმნა და უარყოფილი.

სულ სხვა არის, როცა უმაღლეს მთავრობას თვის მეთვალყურედ, მოხელედ და ადგილობრივთა საქმეთა გამგედ თვით ადგილობრივი მცხოვრებნი ჰყვანან. მათ უკეთ იციან თავისი ვითარება, უკეთ იციან თავისი საჭიროება, უკეთ იციან თვისის თავის მოვლა, თვისთა საქმეთა პატრონობა. ამ შემთხვევაში, ერთის მხრით, ყოველის კუთხის ჭეშმარიტი საჭიროება, უტყუარი ტკივილი, გულწრფელი და მართალი წადილი მთავრობამდე მიღწეულია, მეორეს მხრით – უმაღლესის მთავრობის საერთო მზრუნველობა ერთნაირის გულისტკივილით, ერთნაირის მადლით ყოველს კუთხემდე მიწვდენილია, მორიგებული და მოფენილი.

აქედამ ცხადია, სად უნდა დაიდვას საზღვარი უმაღლესის მთავრობისა და თვითმმართველობის შუა. უმაღლესი მთავრობა, რა სახისაც უნდა იყოს, საყოველთაო საქმეთა მზრუნველი და მოღვაწეა, ესე იგი იმა საქმეთა, რომელნიც არამც თუ ყოველს ნაწილს, არამედ ყოველს ქვეშევრდომს ერთნაირად და ერთგვარად შეეხება და რომელნიც საერთო, საყოველთაო კეთილდღეობისათვის ცნობილია. მაგგვარნი საქმენი ეკუთვნიან საყოველთაო კანონმდებლობის წარმოებასა, საყოველთაო ფინანსთა (შემოსავალ-გასავალის) მოძრაობასა და საყოველთაო მხედრობის განწყობილებასა. ესე ყოველი ხელშეუვალი კუთვნილებაა უმაღლესის მთავრობისა, და თვითმმართველობას, როგორც კერძო სამმართველოს, ამ საქმეებში ხმა არა აქვს: იგი ემორჩილება ყოველს მას, რაც უმაღლესის მთავრობისაგან განგებულია, დაწყობილი და განწესებული. თვითმმართველობა ხელქვეითია ამ შემთხვევაში უმაღლესის მთავრობისა და საერთო კანონის ადგილობრივი მცველია და აღმასრულებელი.

რაც სახელმწიფოს საერთოს ვითარებას არ შეადგენს, იგი თვითმმართველობის უცილო კუთვნილებაა. თვითმმართველობა თავის ადგილას ყოველის შინაურის საქმის გამგებელია და მეოხე; ყოველივე საერთო სახელმწიფო ხარჯის და სამსახურის ადგილობრივთა მცხოვრებთა შორის განმაწილებელია, ადგილობრივის საზოგადოების რიგისა და წესის დამწყობია, მისის ზნეობის, პატივის, ქონების, განათლების და ერთობ კეთილდღეობის მზრუნველია. ყოველივე ამის მომქმედია იმოდენად, რამოდენადაც ყოველივე  ეს მის სამმართველოს წრეში მცხოვრებთა განკერძოებით შეეხება და არ ეწინააღმდეგება საერთო სახელმწიფო კანონსა და განკარგულებასა. აქედამ სჩანს, რომ თვითმმართველობა ერთის მხრით ადგილობრივ საქმეთა დამწყობია და გამრიგებელი, მეორეს მხრით უმაღლესის მთავრობის ხელისუფალი ორღანოა.

ამ სახით, იგი ერთსა და იმავე დროს ადგილობრივის საზოგადოების ორღანოც არის უმაღლესის მთავრობის წინაშე, და უმაღლესის მთავრობის ორღანოცა წინაშე ადგილობრივის საზოგადოებისა.

ცხადია, რომ როგორიც უნდა იყოს უმაღლესი მთავრობა – თვითმპყრობელობითი, მონარქიული წარმომადგენლობითი, თუ რესპუბლიკის სახისა, – ერთშიაც, მეორეშიაც და მესამეშიაც თვითმმართველობა მშვიდობიანად მოეწყობა, საზოგადო წყობილებას არამც თუ ხელს შეუშლის, არამედ ხელს მოუმართავს, რადგანაც თვით ადგილობრივის საზოგადოების მოჭირნახულეა და ამასთანავე უმაღლესის მთავრობის უკეთესი თვალი და ხელია, ყოველ  კუთხემდე მიწვდენილი.

რუსეთშია მაგ თვითმმართველობას დიდი ფართო გზა გაუხსნა უმაღლესის მთავრობისაგან და თითქმის მთელი რუსეთი ამას სიხარულით მიეგება. იქ ჯერ სოფლის, გლეხთა საზოგადოებას მიენიჭა თვითმმართველობის უფლება, მერე მაზრასა და გუბერნიასა ერთად და ამ სახით ყოველს განყოფილებაში დაიდგინა თვითმმართველობითი გამგეობა ადგილობრივთა საქმეთა. იგი დიდი ხანია მოქმედებს ინგლისშიაც, საცა მონარქიული წარმომადგენლობითის სახის მთავრობაა, და ჩრდილო-ამერიკაშიაც, საცა რესპუბლიკაა. ეს მაგალითები ცხადად გვიჩვენებს ჩვენ, რომ თვითმმართველობა უმაღლესის მთავრობის სხვადასხვაობაზედ არ არის დამოკიდებული, რომ იგი ყოველგვარს უმაღლეს მთავრობას უხდება.

თვითმმართველობამ რომ თავისი ჩვეულებრივი ნაყოფი მოიტანოს და თავის თავს არ უმტყუნოს, მისდა შესაფერად უნდა იყოს მოწყობილი და დარგული. ამ მოწყობაში არც ერთი მისი არსებითი კუთვნილება დავიწყებული არ უნდა იქმნას, არც ერთი ძირეული აზრი არ უნდა დაირღვეს. თუ ეს სიფრთხილე არ იხმარა ადამიანმა, თვითმმართველობა უფრო უქმი სიტყვა იქნება, უფრო სახელი იქნება, ვიდრე სახრავი.

უმთავრესი კუთვნილებანი თვითმმართველობისანი არიან:

  1. ადგილობრივთა საქმეთა ადგილობრივის განსამართლების უფლება. ამაზედ არის დამყარებული მცხოვრებთა პატივის, ღირსების და ქონების ნამდვილი მფარველობა და ხელშეუხებლობა;
  2. უმაღლესის მთავრობისაგან განწესებულის ხარჯისა, ბეგარისა და სამსახურისა ადგილობრივთა მცხოვრებთა შორის განაწილება. ეს უკეთესი ღონისძიებაა, რომ ყოველმა სამართლიანად და უმეტ-ნაკლოდ გადაუხადოს სახელმწიფოს თვისი შესახვედრი მოვალეობა;
  3. ადგილობრივის საჭიროებისათვის გარდასახადის დადგენა, გაწერა და აქედამ შემოსულის ფულის თავისუფლად გამგეობა;
  4. სხვადასხვა წესისა და რიგის დადგენის უფლება ადგილობრივის საზოგადოების კანონად, მაგრამ ისე კი, რომ იგი წესი და რიგი საყოველთაო კანონს არ ეწინააღმდეგებოდეს;
  5. ადგილობრივის საზოგადოების პირველდაწყებითის სწავლის მოწყობა და თავისუფალი გამგეობა;
  6. ადგილობრივის საზოგადოების საზრდოებისათვის თადარიგის დაჭერა და ღონისძიების მოპოება;
  7. ადგილობრივის გზებისა, ხიდებისა კეთება, მოვლა და თავისუფალი გამგეობა;
  8. უმაღლესის მთავრობის წინაშე შუამდგომლობა ყოველს მასზედ, რაც ადგილობრივის საზოგადოების საჭიროებას და მოთხოვნილებას შეადგენს.

უმთავრესნი საფუძველნი თვითმმართველობისანი არიან:

  1. ხმა და არჩევის უფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველს ადგილობრივს მცხოვრებსა, რაკი სრულწლოვანია; მაშასადამე ყოველს მოვალეობაშიაც ყოველს მცხოვრებს წილი უნდა ედვას;
  2. ადგილობრივის სამმართველოს ხელქვევით უნდა იყვნენ ყოველნი, ვინც კი სამმართველოს წრეში სცხოვრობს; აქ, როგორც პირველს შემთხვევაში, წოდებათა შორის განყოფილება და ხარიხების გადება მავნებელია და თვითმმართველობის ბუნების წინააღმდეგია;
  3. ადგილობრივი მოსამართლენი, აგრეთვე მოხელენიცა, უნდა ამოირჩიონ ადგილობრივთა მცხოვრებთა;
  4. ყოველივე ადგილობრივის თანამდებობის მექონი კაცი პასუხისმგებელი უნდა იყოს წინაშე საზოგადო სამართლისა და სამსჯავროსა და არა თვისთა უფროსთა წინაშე.

ჩვენის სასოფლო მმართველობის წესდებულებას ვინც თვალს გადაავლებს, დაინახავს, რომ იგი, ცოტად თუ ბევრად, თვითმმართველობის საფუძველზედ არის ამოყვანილი. ამის შემდეგ, რასაკვირველია, საბუთი აქვს ადამიანს იკითხოს: თუ თვითმმართველობა ეგ არის, მაშ, ყოველის მხრით და ყოველგან რად ისმის სამდურავი სოფლის მმართველობაზედ? რატომ მაგ თვითმმართველობამ არ ააყვავა სოფელი, თვით გლეხობა ეგრე ერთხმად რად უჩივისო?

ჩვენ ვეცდებით ამ საბუთიანს სიტყვას შესაფერი პასუხი მივცეთ შემდეგს წერილში.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის