წყარო:https://bm.ge/
ქართულმა იურიდიულმა კომპანია MKD Law-მ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკის და “ლიბერთი ბანკის” წინააღმდეგ ორი სარჩელი აღძრა, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციათა, შესაძლო, ხარვეზიან იმპლემენტაციას უკავშირდება.
როგორც საქმის წამყვანი იურისტმა და MKD Law-ს პარტნიორმა, სანდრო სამადბეგიშვილმა BMG-სთან განმარტა, ამ საქმეებში MKD Law ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ შვეიცარიულ კომპანია Metalloinvest-ს წარმოადგენს, რომელსაც რამდენიმე მილიონი ევრო სწორედ “ლიბერთი ბანკში” აქვს განთავსებული.
ეს კომპანია, თავის წილ, რუსული საინვესტიციო ჰოლდინგის, USM-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 49%-იან წილს უზბეკური წარმოშობის რუსი მილიარდერი, ალიშერ უსმანოვი ფლობს. თავად უსმანოვი რუსეთის მოქალაქეობის მქონე ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $14.5 მილიარდად აფასებს.
“კლიენტს, რომელიც არის შვეიცარიული კომპანია Metalloinvest-ი და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული, თანხები საქართველოში, “ლიბერთი ბანკში” აქვს განთავსებული. დიდი ხანია, ეს თანხები განთავსებული აქვს, მაგრამ აპრილში, მას საკუთარ აქტივებზე წვდომა სრულად შეეზღუდა. თანხა საკმაოდ დიდია - საუბარი რამდენიმე მილიონ ევროზეა”, - განაცხადა იურისტმა BMG-სთან საუბრისას.
სანდრო სამადბეგიშვილის შეფასებით, საყურადღებოა საქმის სამართლებრივი საფუძველი, ანუ მისი თქმით, არასაკმარისი ნორმატიული ბაზა, რომელსაც ეროვნული ბანკისა და “ლიბერთი ბანკის” გადაწყვეტილებები დაეყრდნო.
სანდრო სამადბეგიშვილის თქმით, იმ დროს, როცა “ლიბერთი ბანკმა” MKD Law-ს დაცვის ქვეშ მყოფი Metalloinvest-ის აქტივები გაყინა, ნორმატიული დოკუმენტი გამოქვეყნებული საერთოდ არ იყო, ხოლო “ლიბერთი ბანკი”, როგორც გაირკვა, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილით ხელმძღვანელობდა.
“აღმოვაჩინეთ, რომ ეს სამართლებრივი ბაზა არ იყო საკმარისი ამ მოქმედებებისთვის. იმ მომენტისთვის, საუბარია გაზაფხულის დასასრულზე და ზაფხულის დასაწყისზე, საერთოდ არ არსებობდა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც აღნიშნავდა, რომ საქართველოში სანქციების იმპლემენტაცია ხდება. “ლიბერთი ბანკი” გვეუბნებოდა, რომ ელექტრონული ფოსტით მიღებული აქვთ წერილობითი ინსტრუქცია ეროვნული ბანკის მხრიდან, მაგრამ ამ დოკუმენტს, თავის წილ, არ გვაწვდიდნენ - ის, არც ეროვნულმა ბანკმა მოგვაწოდა.
ამასობაში წამოეწია ერთადერთი ნორმატიული და გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში მიიღო. ეს გვერდნახევრიანი ბრძანებაა, რომელშიც მოქმედი არის ერთი მუხლი, რომელიც ამბობს, რომ კომერციულ ბანკებს ევალებათ დაიცვან აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციები”, - განმარტავს იურისტი სანდრო სამადბეგიშვილი BMG-სთან საუბრისას.
როგორც სანდრო სამადბეგიშვილი ამბობს, MKD-ის პირველადი მიზანი - კლიენტის უფლებების დაცვაა, მაგრამ ამ პროცესში, იურისტებმა დაასკვნეს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ქვეყანაში სანქციების გამოყენების კუთხით არასაკმარისი იყო. იურისტი ამბობს იმასაც, რომ კომპანიის შეფასებით, ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტები საქართველოს კონსტიტუციას და რამდენიმე საერთაშორისო ჩარჩო-დოკუმენტს ეწინააღმდეგება.
“როდესაც საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებს შევხედეთ და გავაანალიზეთ - რამდენად საკმარისია ეროვნული ბანკის ბრძანება საქართველოში სანქციების გამოყენებისთვის, მივედით იმ დასკვნამდე, რომ პასუხი არის უარყოფითი. მეტიც, ჩვენი პოზიციით, ეროვნული ბანკის ეს ნორმატიული აქტები ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ამ კონვენციის საფუძველზე მოქმედ სტრასბურგის სასამართლოს”, - აღნიშნავს MKD Law-ს პარტნიორი, სანდრო სამადბეგიშვილი BMG-სთან საუბრისას.
როგორც იურისტი სანდრო სამადბეგიშვილი BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, კომპანია დასავლური სახელმწიფოების მიერ დაწესებულ სანქციებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ და მიიჩნევენ, რომ ეს რეჟიმი დაცული უნდა იყოს, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.
დეტალი, რომელიც MKD Law-ს ყურადღების ცენტრში მოხვდა - დასავლური სანქციების საქართველოში აღსრულების მექანიზმის შემოტანის სისწორეა. იურიდიული კომპანიის შეფასებით, საქართველოში სანქციების აღსრულების მექანიზმი ამ პროცესს ასუსტებს.
“ჩვენ, როგორც იურისტები მივიჩნევთ, რომ აკნინებს და ასუსტებს სანქციების გამოყენებას საქართველოში ის, თუ როგორ არის ის შემოტანილი ქართულ სამართლებრივ სივრცეში. არ გვაქვს კანონი, ორგანული კანონი ან თუნდაც სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ ეს სანქცია ამ პირის მიმართ უნდა აღსრულდეს.
ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც შეიძლება ჩვენს სარჩელს ჰქონდეს - გამასწორებელი ფუნქციაა, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს ხარვეზიანი იმპლემენტაციაა და უნდა არსებობდეს მისი გამოსწორების გზა.
პირველ რიგში, კანონი უნდა არსებობდეს და არა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება. მეორე კი ისაა, რომ კომერციულ ბანკებს მოქმედების ცხადი ინსტრუქცია უნდა მიეცეთ. როდესაც მარეგულირებელი მხოლოდ იმას ეუბნება კომერციულ ბანკს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციები დაიცავი - ასე მას დიდ ტვირთს აკისრებ”, - ამბობს სანდრო სამადბეგიშვილი BMG-სთან ინტერვიუში.
MKD-ის პარტნიორის, სანდრო სამადბეგიშვილის შეფასებით, ქართულმა კომერციულმა ბანკმა კომპანიის დაცვის ქვეშ მყოფ კომპანიას უფრო მეტი შეზღუდვა დაუწესა, ვიდრე ამას ამერიკული სანქცია ითხოვს და ამის მიზეზი, მისი შეფასებით, სწორედ კანონმდებლობის ბუნდოვანებაა.
“ჩვენი პოზიციით, დიახ, “ლიბერთი ბანკმა” კლიენტს უფრო მეტი შეზღუდვა დაუწესა, ვიდრე ამას ამერიკული სანქცია ითხოვს. სხვა არგუმენტებიც გვაქვს, მათ შორის იმასთან მიმართებით, რომ ამერიკული იურისდიქცია ამ საქმის შეხებაში არ არის, რადგან Metalloinvest-ი არ არის სანქცირებული ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ, ხოლო თანხა არის ევროში და გადარიცხვა არ ხდება აშშ-ში ან ამერიკული საკორესპოდენტო ბანკის გავლით, ასე რომ შეიძლება ამერიკული სანქცია არც კი ფარავდეს ამ კონკრეტულ ტრანზაქციას, მაგრამ ეს სხვა უფრო ფართო საკითხია.
თუმცა, კი, ჩვენ ვამბობთ, რომ სანქცია უფრო ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე ეს სანქციის ავტორს სურდა”, - განაცხადა სანდრო სამადბეგიშვილმა BMG-სთან საუბრისას.
აღნიშნული დავა, რომელშიც MKD Law მოსარჩელე მხარე - მილიარდერ ალიშერ უსმანოვის UMS-ის საკუთრებაში არსებულ კომპანია Metalloinvest-ს წარმოადგენს, ახლახან დაიწყო და ქართულმა სასამართლომ ის წარმოებაში მიიღო. როგორც საქმის წამყვანი იურისტი, სანდრო სამადბეგიშვილი ამბობს, დავა, სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება.
Metalloinvest-ი სამთო მოპოვებისა და მეტალურგიული წარმოების გიგანტია, რომლის აქტივებიც რამდენიმე მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანიის საკუთრებაშია მიხაილოვისა და გორკის სამთო გამამდიდრებელი კომბინატები, რომლებიც რუსეთსა და დსთ-ში ფოლადის უმსხვილესი ქარხნებია.