„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურება.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით დაანონსდა სავიზო შეზღუდვების შესაძლო დაწესება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც არის იმ ანტიქართული რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც 2012 წლიდან ვისმენთ და რომელიც განსაკუთრებით 2021-22 წლებში გააქტიურდა. შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს, არ შეესაბამება არათუ სტრატეგიული პარტნიორობის, არამედ, ზოგადად, პარტნიორულ სულისკვეთებას, რომელიც ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
ენტონი ბლინკენის სახელით გაკეთებული განცხადება და სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა, რაც განსაკუთრებით ცინიკურად წარმოგვიდგება იმ ფონზე, რომ საქართველო ორ დღეში ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა. ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში.
აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგოდ დღემდე ვერავინ ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა. აღარც იმაზე ვამბობთ აღარაფერს, რომ მსგავსი კანონები ბევრად უფრო მკაცრი ფორმით მოქმედებს თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, არაერთ სხვა სახელმწიფოში, რომელთა მიმართაც აშშ-ს არავითარი სანქციები არ დაუწესებია. აგრეთვე, ამგვარი კანონპროექტი აქტიურად განიხილება ევროკავშირშიც. მეტიც, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დაინიცირებული კანონი მისი საარჩევნო კამპანიის წამყვანი ხაზი იქნება, რადგან დღეს ევროპისთვის უცხოური გავლენები და ჩარევა ყველაზე დიდი გამოწვევაა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანქციების გავრცელება ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვან შვილებზე, არის სანქციის ფორმა, რომელზეც არა მხოლოდ ევროპამ თქვა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მკაცრად უარი, არამედ 60-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირშიც კი აღარ გამოიყენებოდა. ცივილიზებულ სამყაროში ათწლეულების მანძილზე საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ ე.წ. სუბიექტური შერაცხვის პრინციპის უარყოფა, ანუ სანქციის ოჯახის წევრებზე გავრცელება ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა. ახლა კი, სანქციის ამ ფორმას ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენელი იყენებს, რაც გამაოგნებელია.
თუმცა, მას შემდეგ, რაც შესაბამისმა ძალებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბარში ერთ-ერთი ევროკომისარის პირით სლოვაკეთის პრეზიდენტზე ტერორისტული თავდასხმა მაგალითად მოიყვანეს და ამით, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები სიცოცხლის მოსპობით დააშანტაჟეს, სავიზო შეზღუდვის დაწესებაზე საუბარი აღარც მოულოდნელია და აღარც გასაკვირი.
იმასაც შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ანალოგიური სავიზო შეზღუდვა, ასევე ყოველგვარი დასაბუთების და ფაქტების გარეშე, ბლინკენის სახელით ქართველ მოსამართლეებს დაუწესდა, შემდეგ კი ცინიკურად განაცხადეს, რომ ფაქტების მოწოდებას არ აპირებდნენ და საკითხი ჩვენ თავად უნდა გამოგვეძიებინა. სავიზო შეზღუდვის მიუხედავად, სასამართლო სისტემა აგრძელებს გამართულად ფუნქციონირებას და ამ გადაწყვეტილებამ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა. მეტიც, მას შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ კიდევ არაერთგზის დაადასტურა, რომ ქართული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს და სამართალს ემსახურება.
იმასაც შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირის ორი კანდიდატი ქვეყნის - სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებს აქვთ აშშ-ს მხრიდან დაწესებული სანქციები, თუმცა, ორივე ქვეყანა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ამ მხრივ არავითარი შეფერხება არ იქმნება.
დასასრულს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას. ვერავითარი შანტაჟი ვერ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ. ასეთ ვითარებაში, სანქციები მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ პრაგმატულად და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის, რაც თანაბრად შედის როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხის ინტერესებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.