USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
"ქართული ოცნება"- "დიახ, დღეს ბიძინა ივანიშვილიც და ქართველი ხალხიც ოპტიმისტურ განწყობაზეა"
თარიღი:  1433

პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა გუშინ სოციალურ ქსელში, ბერა ივანიშვილის „ტიკტოკ“ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ვიდეორგოლის შესახებ.

„ამ აბსოლუტურად უწყინარ და პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს, როგორც ხდება ხოლმე, „ქართული ოცნების“ აგრესიული ოპონენტების მხრიდან მოჰყვა მათთვის დამახასიათებელი, სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა. მათ საკუთარ თავსაც კი აჯობეს უკადრებლის კადრებაში.

ამას კრიტიკასაც ვერ დაარქმევ – მათ თქვეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. ძირითადი ხაზი ოპონენტებმა იმაზე ააწყვეს, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი, რადგან მედიაში აქტიურად არ ჩანს ამ კრიზისის პირობებში, არაფერს აკეთებს ხალხის დასახმარებლად და მხოლოდ ერთობა. ეს განცხადებები, თავისთავადაც აბსურდული და სასაცილოა, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელწერა ხალხის და ქვეყნის სამსახურში ყოველგვარი პიარის გარეშე დგომაა და რომ ამაზე ათწლეულების განმავლობაში მის მიერ პრაქტიკულად ანონიმურ რეჟიმში ნაკეთები საქმეები ყველაზე ნათლად მეტყველებს“, – ამბობენ პარტიაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ვალდებულნი არიან, საზოგადოებას მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია, თუ რით არის დაკავებული ბიძინა ივანიშვილი პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში.

„მაგალითისთვის, გუშინ, ამ ვიდეოს განთავსებამდე ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა რამდენიმე თათბირი. პირველ თათბირს, რომელიც დილის ათ საათზე დაიწყო, პარტიაში ფუნქციონირებადი ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში და რომელმაც სამ საათზე მეტ ხანს გასტანა, ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობაში ჩართული სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები.

პარტიის თავმჯდომარემ, გუშინ კიდევ ორი თათბირი გამართა პარტიაში მოქმედ პროფილურ საბჭოებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ დაფუძნდა მისივე ინიციატივით და რომლებიც კი არ დუბლირებენ ან ენაცვლებიან შესაბამის ინსტიტუტებს და სახელისუფლებო შტოებს, არამედ ეხმარებიან მათ კოორდინაციის და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით.

ამ რეჟიმში მუშაობს ბიძინა ივანიშვილი და ასე მუშაობდა ყოველთვის, რაც პოლიტიკაში დაბრუნდა. უბრალოდ ახლა, შექმნილ ვითარებაში, გაცილებით მეტი მუშაობა უწევს და კიდევ უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება გუნდთან; ამ ტიპის თათბირები და შეხვედრები პარტიაში ყოველდღიურად იმართება და ბიძინა ივანიშვილი, მუდმივ კონტაქტშია ანტიკრიზისულ საბჭოსთან და პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან“, – ამბობენ პარტიაში.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი, ოპონენტებისა და მათი ლიდერებისგან განსხვავებით, არა საკუთარი თავის წარმოჩენაზე, პიარსა და პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე, არამედ საქმის კეთებასა და მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგის მიღებაზეა ორიენტირებული.

„მუშაობის შედეგები სახეზეა, საქართველოს, მისი ხელისუფლების წარმატებას ამ კრიზისულ ვითარებაში ხედავს და დადებითად აფასებს საქართველოს მოსახლეობაც და მთელი მსოფლიოც. ყველა ხედავს, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა, მისი ხელისუფლება, მსოფლიოში ყველაზე ეფექტური თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნამდვილად არის პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში.

და რა თქმა უნდა, ეს ანიჭებს ბიძინა ივანიშვილს ოპტიმიზმს და იმის ხალისს, რომ საკუთარ ვაჟთან ერთად ჩაწეროს სახალისო ვიდეო, წარდგეს არაორდინალურ ამპლუაში და შეზღუდვებით დამძიმებულ მოსახლეობას გაუზიაროს ის ოპტიმიზმი, რომლის საფუძველიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს.

დიახ, დღეს ბიძინა ივანიშვილიც და ქართველი ხალხიც ოპტიმისტურ განწყობაზეა ქვეყნის წარმატების გამო ამ მძიმე კრიზისში, რაც ყველა ნორმალურ ადამიანს, ბუნებრივია, უნდა უხაროდეს, თუმცა სწორედ ამას ვერ ეგუება და სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” უკმაყოფილების და ღვარძლის ერთადერთი მიზეზი“, – ამბობენ „ქართულ ოცნებაში“.

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის