USD 2.5973
EUR 2.9137
RUB 3.1869
Tbilisi
"ქართული ოცნება" - საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება
Date:  1069

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებაშია ნათქვამი.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს მორალურ დეგრადაციას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს გარე ძალებზე საქართველოს მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, ირჩევს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ირჩევს „ქართულ ოცნებას“.

„ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებით, მოკლევადიანი, 4-წლიანი ამოცანა წარმატებით შესრულდება - საქართველოში გაიმარჯვებს მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა.

თუმცა, ამ უშუალო ამოცანასთან ერთად, ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ამოცანა, უზრუნველვყოთ საქართველოს ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოება, რასაც „ქართული ოცნების“ მიერ მაღალი, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ესაჭიროება.

ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ დავაზუსტოთ, თუ რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა:

1) პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გვჭირდება პოლიტიკური სისტემის თვისებრივად გასაჯანსაღებლად, რისი მიღწევაც პოლიტიკიდან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელია. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებიდან 12 წელი გავიდა, დღემდე მისი გასამართლება ვერ მოხერხდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. პირველ რიგში, დამნაშავეების არგასამართლებას აქტიურად ითხოვდნენ მათი უცხოელი მფარველები, რამაც რეჟიმის გასამართლებას გადამწყვეტი წინაღობა შეუქმნა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევძელით კონკრეტულ უმძიმეს დანაშაულებზე სამართლის აღსრულება რეჟიმის ათობით მაღალი, საშუალო თუ დაბალი რანგის წარმომადგენლის მიმართ, ყოფილი პრეზიდენტის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი მინისტრებისა და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით. შესაბამისმა განაჩენებმა, მთლიანობაში, წლების მანძილზე, შექმნა მყარი საფუძველი რეჟიმის გასასამართლებლად. ასევე, შეგახსენებთ, რომ გასული წლების მანძილზე წარიმართებოდა პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, რომლებიც, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, საქართველოს და ქართული ჯარის გამარჯვებით დასრულდა. ჰააგისა და სტრასბურგის პროცესების ფონზე, 2008 წლის დანაშაულში ჩაძიება მნიშვნელოვან რისკებთან იყო დაკავშირებული, რომლებიც ახლა სრულად არის მოხსნილი. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 2008 წლის დანაშაულის მონანიების მაგივრად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ექაჩებოდა და დღესაც ექაჩება საქართველოს ომისკენ. ამ ფონზე, ამ დანაშაულებრივი ძალის გასამართლებამ დღეს სულ სხვა აქტუალობა შეიძინა.

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძლიერი გარე მფარველები ახლაც ჰყავს. ეს არიან ის ძალები, რომლებიც გასული 2 წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ყველა კამპანიის, მათ შორის მეორე ფრონტის კამპანიის ადგილობრივ თუ საერთაშორისო კოორდინაციას ახორციელებდნენ. ჩვენ ამ ძალებს უნდა დავანახოთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სისტემიდან ჩამოშორება ქართველი ხალხის უდიდესი, საკონსტიტუციო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა. ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის. სწორედ გარე ფაქტორის გათვალისწინებით არის აუცილებელი „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება „ნაციონალური მოძრაობის“ გასასამართლებლად.

გამომდინარე უამრავი დანაშაულიდან, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა, მას ვერ მივცემთ უფლებას, გარე დავალებების შესრულება და სახელმწიფოსთვის მუდმივი ზიანის მიყენება განაგრძოს. დაუშვებელია ხელისუფლებაში დაბრუნების თუნდაც თეორიული შესაძლებლობა დარჩეს 2008 წლის დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკურ ძალას, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც საქართველოს წინაშე რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოპოზიციის როლს გარედან მართული პოლიტიკოსების დანაშაულებრივი ჯგუფი - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებს, სახელმწიფოს მუდმივად უწევს დანაღმულ ველზე სიარული, რის გამოც ქვეყნის დაკარგვის რისკი მუდმივად აქტუალური რჩება.

ყველას გვახსოვს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილ საეჭვო განაჩენს მოჰყვა. მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თუმცა, ოპოზიციამ და ენჯეოებმა არა მოსამართლის, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. მეტიც, პროტესტი რევოლუციურ პროცესებში გადაიზარდა. მაშინ საზოგადოებას გაუჭირდა იმის გააზრება, თუ ვის მიერ და რა მიზნით იყო შესაბამისი პროცესები დაგეგმილი და კოორდინირებული. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არჩევნებამდე შედარებით დიდი ხნით ადრე და არა წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ტრაგიკულად შეიძლება დასრულებულიყო და ხელოვნურად წარმართულ სცენარს ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება შეიძლებოდა მოჰყოლოდა. საზოგადოებას თვეები დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ საქმეში ხელისუფლების არავითარი ბრალეულობა არ იყო. ეს მაგალითი იმ რისკების საუკეთესო ილუსტრაციაა, რომლებიც ხელოვნურად გაღვივებული პოლარიზაციის ფონზე, მსგავსი სცენარის ამოქმედებასთან შეიძლება იყო დაკავშირებული.

მთელი ამ წლების განმავლობაში, საქართველოში სრულფასოვანი არჩევნები არ ჩატარებულა. ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის. ქართულ სინამდვილეში კი, ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც სახელმწიფოს შენარჩუნებას ცდილობს და მეორე მხარეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მთლიანად გარედან იმართება და სახელმწიფოს გამუდმებული მტრობით არის დაკავებული. როდესაც ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა სამზე მეტი ვადით ინარჩუნებს ძალაუფლებას, ეს დემოკრატიულ პროცესს გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს. ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში გარკვეული პერიოდულობით ერთმანეთს ხელისუფლებაში ერთმანეთზე უკეთესი პოლიტიკური ძალები უნდა ანაცვლებდნენ, რაც დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია. სრულფასოვანი არჩევნები საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ.

ჩვენი ვალია ქართული სახელმწიფოს წინაშე, პოლიტიკური სისტემის არაჯანსაღი მდგომარეობა სამუდამოდ შევცვალოთ და ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემა ჩამოვაყალიბოთ, რაც სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა.

არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს რევოლუციებისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში და გულხელდაკრეფილი ველოდოთ იმ ნაღმის აფეთქებას, რომელსაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საშუალებით გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული რადიკალიზმი და პოლარიზაცია ქვია. სწორედ ამიტომ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის აუცილებელი პირობა საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების ჩამოყალიბებისათვის;

2) საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება მსოფლიოში და საქართველოში თანდათანობით სულ უფრო საშიშ სახეს იძენს. პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ, რომელიც მკრეხელობის, ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ-პროპაგანდის ძალზე უხეშ, აღმაშფოთებელ ელემენტებს შეიცავდა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა იმ საფრთხის მასშტაბი, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას უკავშირდება.

ამ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან და მისი ერთადერთი მიზანი ღირსებისგან, მორალისგან და ყოველგვარი იდენტობისგან ადამიანის სრული დაცლაა. ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი. ადამიანმა არ უნდა იცოდეს საკუთარი ფესვები, საკუთარი ქვეყნის ისტორია, მას არ უნდა ჰქონდეს ეროვნული, რელიგიური თუ პიროვნული იდენტობა. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ამოცანა ყველაზე დაბალი რანგის მონის გამოყვანაა, რომელიც მანიპულირებას იოლად დაექვემდებარება.

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართულ ოცნებას“ მისცემს ზემოაღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტის მიღების შესაძლებლობას, რაც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას უმაღლეს, კონსტიტუციურ ხარისხში განამტკიცებს.

კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ, ვერავინ ვეღარასოდეს მოგვახვევს თავს ერთნაირსქესიანთა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის, ერთნაირსქესიანთა წყვილის მიერ ბავშვის აყვანის ან სქესის შეცვლის ოპერაციის დაკანონებას, ქალისა და მამაკაცის გარდა სხვა ე.წ. სქესის სამართლებრივად დადგენას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდას და სხვა მანკიერებებს, რომლებმაც მრავალი ქვეყანა უკვე ძალზე მძიმე შედეგებამდე მიიყვანა;

3) ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარშემო მოვლენები ძალზე დინამიურად ვითარდება, ამგვარი მოცემულობისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომების გათვალისწინებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ასეთ შემთხვევაშიც გარე დავალებას შეასრულებენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად წინ აღუდგებიან. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ვერავინ შეუქმნას დაბრკოლება;

4) არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ.

ზემოაღნიშნული სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას საქართველოს გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისათვის საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, ამასთან ერთად, არის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, და მეტიც - კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გადაჭრაც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას მოითხოვს. საქართველო ახლაც ომის უშუალო საფრთხის წინაშე დგას, რომლის თავიდან არიდება დღეს და ხვალ საქართველოს უპირველესი ამოცანაა. საკმარისია მცირე გადაცდომა, ერთი ფეხის გადაბრუნება და ქვეყანა შეიძლება საერთოდ დავკარგოთ, რის შემდეგაც არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არამედ საერთოდ არაფერს ფასი აღარ ექნება. ახლა, როდესაც რეგიონში ომი უკანასკნელ თვეებს ითვლის, ქართულ საზოგადოებას მართებს მაქსიმალური მობილიზაცია, რათა დღემდე დიდი ძალისხმევით შენარჩუნებული მშვიდობა ხელიდან არ გავუშვათ და ქვეყანას ნგრევა და განადგურება თავიდან ავაცილოთ. ახლა მთავარია, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანა როგორმე შევინარჩუნოთ და შემდეგ, მის შეუფერხებელ განვითარებას ვეღარაფერი დაუდგება წინ.

2020 ან 2021 წელს სახლში დარჩენილ ან ოპოზიციის ამომრჩეველს რომ გაემარჯვა, დღეს საქართველო უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და ქვეყანა აღარ გვექნებოდა. სამომავლოდ, ამგვარი რისკი თეორიულ დონეზეც კი აღარ უნდა დავუშვათ.

რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მცირე იქნება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ცდუნება, კიდევ ერთხელ სცადონ ქვეყნის არევა, ხელისუფლებაში აგენტურის, ანუ ადგილობრივი ომის პარტიის დაბრუნება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი, დეკემბერი და მომდევნო 4 წელიწადი. რაც უფრო მეტი იქნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მით უფრო ნაკლები ბარიერი შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას.

შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ამოცანა ამ არჩევებზე მშვიდობის მაქსიმალურად განმტკიცებაა, რისთვისაც თითოეული ამომრჩევლის ხმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან, მანდატების რამდენ პროცენტსაც მიიღებს „ქართული ოცნება“, ზუსტად იმდენი პროცენტით განმტკიცდება და გამყარდება მშვიდობა ჩვენ ქვეყანაში.

გარდა ამისა, რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „ქართული ოცნება“, მით უფრო სწრაფად და ეფექტიანად გადაიტვირთება საქართველოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და მით უფრო მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს ეროვნული ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე.

შესაბამისად, საჭიროა ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ქვეყნის დაკარგვის თეორიული რისკიც კი არ დავუშვათ და საქართველომ საერთაშორისო პოლიტიკაში თავისი პოზიციები მაქსიმალურად განიმტკიცოს. „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა ნიშნავს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უფრო მტკიცე გარანტიას საქართველოსთვის.

მოვუწოდებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად. ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო-პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენ ხელშია, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way