USD 2.7585
EUR 2.9910
RUB 3.0337
Тбилиси
ქართული ელექტრონული კომერციის გაერთიანება პრემიერ მინისტრს ღია წერილით მიმართავს
дата:  967

ქართული ელექტრონული კომერციის გაერთიანება საქართველოს პრემიერ - მინისტრ გიორგი გახარიას და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ღია წერილით მიმართავს.

„თბილისი პოსტი“ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„უპირველეს ყოვლისა გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვაცნობიერებთ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში Covid19 ის გავრცელების გამო შექმნილ ფორსმაჟორულ ვითარებას. ჩვენ, ელექტრონული კომერციის წარმომადგენელი კომპანიები ზედმიწევნით ვიცავთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს, რომლითაც უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეებისა და თანამშრომლების ვირუსის გავრცელებისაგან დაცვა.

მოგეხსენებათ, 21 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობისა და სხვადასხვა შეზღუდვის ფონზე, საქართველოში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ელექტრონული კომერცია.

ელექტრონული კომერცია იქცა ერთადერთ საშუალებად, რომ მოსახლეობას დაეცვა #დარჩისახლში რეგულაცია და არ გამოსულიყო გარეთ, მისთვის პირველადი საჭიროების ნივთების მოსაძებნად.

ელექტრონული კომერციის საშუალებით ამა წლის 30 მარტამდე, მოსახლეობას სახლიდან გაუსვლელად შეეძლო ეყიდა მაგალითად წყლის გამაცხელებელი, ახლა კი მისი გაფუჭების შემთხვევაში ის ელემენტარულად ვეღარ დაიკმაყოფილებს ელემენტარულ პირველად ჰიგიენურ მოთხოვნილებებს; ასევე ვერ შეიძენს მაგალითად ავტოსავარძელს, რომელიც აუცილებელია ახალშობილის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის; ვერ შეიძენს საბავშვო საწოლს, რომელიც აუცილებელია ჩვილის უსაფრთხო ძილისთვის.

ეს ისეთი ნივთებია, რომელთა გარეშეც ადამიანი 1 თვე ვერ გაძლებს და აუცილებლად დაიწყებს მათ ძიებას სახლს გარეთ, ეს კი გაცილებით მეტ პოტენციურად სარისკო კონტაქტებს ქმნის, ვიდრე იმ შემთხვევაში, ამ პიროვნებას ელექტრონული კომერციის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად / უკონტაქტოდ რომ შეეძინა.

ასევე მნიშვნელოვანია ამ საკითხის სოციალური კუთხით განხილვაც - საცალოდ მოვაჭრე კომპანიები გადავიდნენ ელექტრონულ ვაჭრობაზე, რამაც მათ მისცა საშუალება შეენარჩუნებინათ თანამშრომლებისთვის ხელფასი და მომხმარებლებისთვის შესაძლებლობა, სახლიდან გაუსვლელად და უსაფრთხოდ შეეძინათ სასურველი პროდუქცია.

მთავრობის 30 მარტის 181-ე დადგენილებით კი ქვეყანაში ფაქტობრივად სრულად შეჩერდა ონლაინ გაყიდვები.

ეს იმ დროს, როცა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც უსაფრთხოების მაქსიმალურ ზომებს მიმართავენ, სწორედ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პრიორიტეტს სწორედ ონლაინ გაყიდვებს ანიჭებენ.

დღემდე მსოფლიოში არ არსებობს მიტანის სერვისით გადაცემის პრეცედენტი. ამავე ინფორმაციას ადასტურებს stop.cov.ge - ზე არსებული მონაცემებიც და ვფიქრობთ სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით მუშაობს ქვეყანაში ასე წარმატებით საკვების მიტანის სერვისი. მოგეხსენებათ, დისტანციური მუშაობა, მუშაობის სწორედ ის ფორმაა, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს დაინფიცირების რისკს.

მთელ მსოფლიოში გააქტიურებულმა ონლაინ გაყიდვებმა და მიწოდების სერვისმა უზრუნველყო ის, რომ არ გაჩენილიყო დეფიციტი აუცილებელი, პირველადი მოთხოვნის საგნებზე, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის სახლში დარჩენის გარანტია გახდა.

ნიშანდობლივია, რომ მაგალითად საბავშვო ავტოსავარძელი ზუსტად იგივე ლოგისტიკურ ჯაჭვს გაივლიდა, როგორსაც მაგალითად პიცა, ან მობილური ტელეფონი, თუმცა მისი ონლაინ, დისტანციურად რეალიზება და საფოსტო/საკურიერო სამსახურის მეშვეობით მიწოდება, ამ ეტაპზე არ არის ნებადართული.

ონლაინ გაყიდვები, ეკონომიკისთვის ეს ასევე არის შესაძლებლობა არ გაჩერდეს და გადარჩეს პანდემიის პირობებში, რადგან ელექტრონულ კომერციაში მომუშავე უამრავი კომპანია, თავის მხრივ, აქტიურ გადამხდელს წარმოადგენს და მათი საქმიანობის გაგრძელება, ბიუჯეტისთვის შემოსავლის წყაროც იქნებოდა.

ეკონომიკის სამინისტროს არგუმენტით მოხდება კონკრეტული კომპანიების გადამოწმება შესაბამის ბმულზე რეგისტრაციის შემდგომ მათი უსაფრთხოების კუთხით, თუმცა დღეისათვის უკვე 10 000 ასეთი განაცხადი არსებობს და რომლის შემოწმებაც კონკრეტულ ვადებში წარმოუდგენელია.

სტატისტიკის თანახმად Covid -19 - ის გავრცელების შემდეგ მოსახლეობა გადავიდა ე.წ. დაზოგვის რეჟიმზე. ამ პირობებში გაიზარდა მოთხოვნა პირველადი მოხმარების საგნებზე, ისეთებზე, როგორიცაა საბავშვო ინვენტარი, წიგნები, სადეზინფექციო საშუალებები, სახის დამცავები და პირბადეები, სამაგიდო თამაშები, სპორტული ინვენტარი, ელექტრო საპარსები და ა.შ. მოგეხსენებათ პირველადი მოხმარების საგნებში არ შედის მხოლოდ საკვები, შესაბამისად მოთხოვნა არის ისეთ პროდუქციაზე, რომელიც მოსახლეობას მორალური და ფიზიკური სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სჭირდება სახლში ყოფნისას.

აიკრძალა რა ამ საგნების ონლაინ გაყიდვა, შედეგად ვიღებთ:

 

1. მეტ გარეთ გამოსულ ადამიანს - იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მაღაზიათა უმეტესობა დაკეტილია, ხოლო ონლაინ ამ პროდუქციის შეძენა შეზღუდულია, ადამიანებს მოუწევთ უფრო მეტი მანძილის გადალხვა მათ მისაღებად, შესაბამისად მეტი ადგილის მონახულება, რაც ასევე გაზრდის პოტენციურად სარისკო კონტაქტების რაოდენობას.

2. მეორეს მხრივ, დარწმუნებულნი ვართ, უკვე არსებობს ეგრეთ წოდებული დახლქვეშ, ხელიდან ხელში ყიდვა-გაყიდვის პრეცენდენტები, ვინაიდან ადამიანები გრძნობენ პირველადი მოხმარების აუცილებლობას შესაბამის ნივთებზე. ეს ერთი კუთხით მთლიანად ცვლის ადამიანების ქცევას და უბიძგებს ეკონომიკური დანაშაულისკენ და მეორეს მხრივ, აღურიცხავი შემოსავალი აკლდება ბიუჯეტს, რომელსაც ისედაც ძალიან უჭირს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაცვლად მოწესრიგებული და ვალდებულებებით დატვირთული საფოსტო კომპანიებისა, რომლებიც აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად იცავენ უსაფრთხოების სტანდარტებს, მივიღეთ უკონტროლო გადაადგილება საკუთარი ავტომობილებითა თუ ტაქსის კომპანიებით.

 

საცალოდ მოვაჭრეთა აბსოლუტური უმრავლესობა 30 მარტამდე უკვე სრულად გადასული იყო ონლაინ ვაჭრობაზე და 181-ე დადგენილების (უ) პუნქტის თანახმად, ახდენდა ონლაინ, დისტანციურად ოპერირებას (ანუ მარტივად, სახლიდან მუშაობდა). ეს კომპანიები მზად არიან მხოლოდ დაშვებული 1-3 ადამიანის მეშვეობით მოახდინონ დისტანციურად მიღებული შეკვეთების საწყობში გამზადება და საკურიერო სამსახურისთვის გადაცემა; ამ შემთხვევაში მთელი დატვირთვა მოდის ისევ ფოსტაზე, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისედაც იღებს დამატებით ვალდებულებებს ტვირთის უსაფრთხოებაზე და ასევე მათი საქმიანობა დაშვებულია, ამავე დადგენილების დანართ #2-ის საფუძველზე.

COVID-19 ის არსებობის პირობებში ქართველ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ დადგენილებით აკრძალული იგივე პროდუქცია უცხოური ვებ-გვერდებიდან, როგორიცაა: Amazon, Ebay, Alibaba, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ იგი ქართული ინტერნეტ მაღაზიიდან. ასეთ მძიმე დროს, უცხოურ ანგარიშებზე გაედინება საქართველოს მოსახლეობის შემოსავლებიც და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ჩვენი სტრატეგია ადგილობრივი წარმოების და ბიზნესის განვითარებაა, ამ შემთხვევაში კი, აბსოლუტურ უთანასწორო მდგომარეობაში ვაყენებთ ქართულ ონლაინ მაღაზიებს.

დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენოს Covid -19-ის გამოწვევა, როგორც შესაძლებლობა ქვეყანაში ელექტრონული კომერციის განვითრებისა, როგორც ეს ისტორიულად მოხდა სხვადასხვა ქვეყნებში (მაგალითად: ჩინეთში 2003 წელს მომხმარებლების ფიზიკურმა იზოლაციამ ხელი შეუწყო ბაზარზე ელექტრონული კომერციის როლის ზრდას და ფაქტობრივად მოახდინა ელექტრონული კომერციის რევოლუცია ქვეყანაში, წყარო) და რასაც თავისთავად მოყვება ეკონომიკის ეფექტიანობის ზრდა. რომ ავიღოთ 2018 წლის მონაცემები, ელექტრონული ბაზრის მოცულობამ დაახლოებით 400 მილიონ ლარამდე შეადგინა, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, კი კიდევ უფრო გაიზრდებოდა.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ონლაინ ვაჭრობის ასეთი პრინციპით შეზღუდვა, მხოლოდ იმ ფორსმაჟორით არის განპირობებული, რომელიც ახალმა კორონავირუსმა შეუქმნა სახელმწიფოს და მას არ ჰქონდა საშუალება დროის მოკლე მონაკვეთში უფრო კონკრეტული და სწორი რეგულაციების დაწესების. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი დღეს ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ და მდგომარეობა დღითიდღე უფრო რთულდება. ელექტრონული კომერცია კი არის ის ერთ-ერთი დარგი, რომელიც საშუალებას იძლევა, ქვეყანა მოერგოს ახალ რეალობას და შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა.

ბატონო პრემიერო და ქალბატონო მინისტრო, გთხოვთ, დაინტერესდეთ და პირადად შეისწავლოთ აღნიშნული საკითხი. მოგმართავთ თხოვნით, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, დაუშვათ ელექტრონული კომერციის კონკრეტულ კატეგორიებზე შეზღუდვის გარეშე მუშაობა.

გვერწმუნეთ ელექტრონული კომერციის ქართულ სექტორს აქვს მზაობა და შესაძლებლობები დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა და უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება. ამ მიზნით მზად ვართ თანამშრომლობისათვის შესაბამის უწყებებთან, იქნება ეს ეპიდემიოლოგიის სამსახური, თუ სხვა უწყებები.

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ უმოკლეს ვადებში მიიღებთ გადაწყვეტილებას.

პატივისცემით,

ქართული ელექტრონული კომერციის გაერთიანება - იქომერსის ხმა“, - ნათქვამია ღია წერილში.

წერილს ხელს აწერენ:

თამარ გოგოლაშვილი, შპს ონვეი OnWay • ონვეი

ოთარ წურწუმია www.wishlist.ge

მაიკო ჭუმბურიძე, შპს ტელექსი Telex • ტელექსი

თეიმურაზ ბაბუციძე შპს ნაირნაირი. www.nairnairi.ge

იმედა იმედაშვილი, www.vendoo.ge

გიორგი ოსეფაშვილი, შპს ენერჯი - www.n1.ge

დავით ჭედია, შპს პაუერ ენდ ბიუთი - www.profbeauty.ge

ალექსი გელაშვილი, შპს ლეტექსი LETEX • ლეტექსი

მაგდანა ზაქარიაშვილი, Uniki • უნიკი

გუსა დედანაშვილი , შპს პეპელა Pepela toy store / პეპელას სათამაშოები

რომან ანთაძე, შპს ანვოლ კავკასია XS Toys

დავით გუჯაბიძე www.goods.ge

გვანცა გელოვანი. ლივლივი. ლივლივი Livlivi

სოფიკო მუხულიშვილი, შპს კოსმო. https://cosmoshop.ge

ნიკოლოზ მიქავა Lacoaj • ლაკოაჟ

ბარბარე გალდავა შპს კარაველა https://www.facebook.com/karavelaskarvebi/

ალექსანდრე ლილუაშვილი შპს ჯინვენტორი Ginventor • ჯინვენტორი

ქეთევან კაცაძე - შპს allmarket.ge https://allmarket.ge/

ნინო უგრეხელიძე შპს ქო.მოუდი https://comode.ge

შალვა ჯამასპიშვილი შპს სმართ თრეიდი Onemall • ვანმოლ

ნინო ბულალაური, შპს პროჯექტ ემი, Mantis.Ge

ნონა სონღულაშვილი შპს. თამაშობანა www.tamashobana.ge

ტაბატაძე ლია "სოციალური საწარმო ბაბალე" www.babale.ge

თამარ მელუა Tati's Boutique / თათის ბუტიკი

თეა გოროზია შპს “ნავნე” navne • ნავნე

ლევან ბერძენიშვილი, შპს "პერსონ" facebook.com/personsshop

თამარი ბუიღლიშვილი ჩიკატაი • Chikatai

ანა გვენცაძე შპს მერაკი - მანანა კოვზირიძე ი/მ მანანა კოვზირიძე MERAKI • მერაკი

მარიამ ხუხუნაიშვილი კალეისი • Kaleisi

სალომე დოლიძე, შპს ლენიო, Lenio • ლენიო

გიორგი ლომიძე, შპს გლობალ ზონ, www.auczon.com

თამთა მეზვრიშვილი , ი/მ თამთა მეზვრიშვილი Nicolo • ნიკოლო

ინგა გორგილაძე - შპს როუზბად https://www.facebook.com/rosebudsocks/

თამარ ღონღაძე - შპს ოჰლალა https://www.facebook.com/ohlalaLLC/

რევაზ ბესელაშვილი, ნინო მენთეშაშვილი, შპს ალტერ სოქს (405137016), www.facebook.com/altersocks www.altersocks.ge

ნიკოლოზ ყოლბაია შპს ლიზი http://ltdlizi.cim

ანა სულაბერიძე,ირინე პაპაშვილი, შპს "ეიფორია5" ,www.facebook.com/1506426842705896/

ირაკლი მოსიძე, შპს ეველაინ ჯორჯია, Eveline Georgia , www.beautyroom.ge

თათული ზაკალშვილი, შპს რეშენალ სოლუშენსი, Hotsale.ge

ელენე შავდია, შპს "ქართველი დიზაინერების კუთხე" https://m.facebook.com/georgiandesignerscornergalleria/

ტასო ჯაფარიძე Spilow • სპილოუ www.spilow.ge

გურამ გარიშვილი www.superi.ge

ანი იოსელიანი Ninea • ნინეა

ციცი მანველიშვილი, შპს ბესთ ლაინ altex.ge

ხვიჩა ჯღუთაშვილი, შპს თასმა www.tasma.ge

ნინო ჩაგუნავა https://www.facebook.com/sportyge/

მარიამ ვაზაგაშვილი More Beauty • მეტი სილამაზე

თიკო ფეიქრიშვილი www.biblusi.ge

რომან ანთაძე www.allwine.ge

მიშიკო ჩხოლარია www.ravachuqo.ge

ნინო ავალიშვილი, www.megatechnica.ge

ლაშა გრძელიძე www.Lumino.ge

ანა სირბილაძე, შპს დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდი

ანა სირბილაძე aptiaqi.ge, Aptiaqi.ge l ონლაინ აფთიაქი

გიორგი ძაგანაშვილი www.beard.ge

თამარ ჯიქია BOO Jewellery

ნიკო ნიკოლაძე შპს ელექტრონული კომერცია

ნიკო ნიკოლაძე www.ebg.ge

ნიკო ნიკოლაძე www.order24.ge

თინათინ ასათიანი, შპს გამომცემლობა პალიტრა L, https://www.facebook.com/Palitra.L.Publishing

бизнес
რას წარმოადგენს ამერიკული BlackRock-ი, რომელიც $10.5 ტრილიონის აქტივებს მართავს?

გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს. აი, სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს.

ამ ყველაფრის დამსახურებით, BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი, ბოლო შედეგებით, $10.5 ტრილიონად იყო შეფასებული. 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.4 ტრილიონით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.4 ტრილიონია, როცა ესპანეთის, ინდონეზიის და საუდის არაბეთის - ნაკლები. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან ამ მაჩვენებელს ქვეყნების მშპ-სთან თუ შევაფარდებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უსწრებს.

რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერირებს BlackRock-ი $10.5 ტრილიონად შეფასებული აქტივების მართვით?

2024 წლის I კვარტალში, BlackRock-მა $4.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 11%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად, ბოლო პერიოდში მკვეთრად, კერძოდ 36%-ითაა გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში $1.5 მილიარდი შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს, უმეტესწილად, ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით - აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება.

აქციების კუთხით, BlackRock-ის აქტივებს შორის ყველაზე დიდი წილი მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ და ფინანსურ კომპანიებზე მოდის. BlackRock-ის აქციების პორტფელის ათი უდიდესი პოზიცია კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 - Microsoft - $229.7 მილიარდად შეფასებული 542.02 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 5.37%)

#2 - Apple - $178.4 მილიარდად შეფასებული 1.04 მილიარდი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 4.17%)

#3 - NVIDIA - $164.66 მილიარდად შეფასებული 182.42 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 3.85%)

#4- Amazon - $115.18 მილიარდად შეფასებული 638.54 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 2.69%)

#5 - META - $77.18 მილიარდად შეფასებული 158.94 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.8%)

#6 - Alphabet (Class A) - $62.77 მილიარდად შეფასებული 415.9 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.47%)

#7 - Alphabet (Class C) - $54.11 მილიარდად შეფასებული 355.37 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.27%)

#8 - Eli Lilly - $50.78 მილიარდად შეფასებული 65.27 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.19%)

#9 - Broadcom - $46.27 მილიარდად შეფასებული 34.91 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.08%)

#10 - Berkshire Hathaway (Class B) - $45.21 მილიარდად შეფასებული 107.51 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.06%)

წყარო:https://bm.ge/

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати