შესავალი
ქარსაფარი ზოლების გაშენების ისტორია ასეულ წლებს ითვლის. მათი მთავარი დანიშნულება იყო ქარის სიძლიერის კოეფიციენტის შემცირება, ასევე გამოიყენებოდა თოვლიანი ქარბუქების წინააღმდეგ.
მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ქარსაფარი ზოლების მიმდებარედ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა იზრდებოდა, ხოლო ნიადაგის ეროზია მცირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ 21- ე საუკუნეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქარსაფარი ზოლების არსებობა, როდესაც იზრდება მოსახლეობის რიცხოვნობა, საჭირო ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობის ზრდა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაშინ როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს ტყეების გაჩეხვა, გაუდაბნოება, კლიმატის გლობალური ცვლილება (ურუშაძე, 2012).
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობების ზრდა შეზღუდულია, როგორც მცირემიწიან ქვეყანაში, ამიტომ მნიშვნელოვანია საჰექტარო მოსავლის ზრდა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში დიდი როლი მიუძღვის ქარსაფარი ზოლების არსებობას, რადგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდების ერთ-ერთ ძირითად რეზერვად ითვლება ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის აღკვეთა და ქარებისა და გვალვების მავნე ზემოქმედების შემცირება (ხარაიშვილი, 2004).
საქართველოში ძლიერი ქარების მოქმედებით ხშირია დამუშავებული ნიადაგების გამოშრობა და ჰუმუსიანი ფენის გადახვეტა, რის გამოც იღუპება ნათესები (ბეროზაშვილი, 1981).
ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობა
ქარსაფარი ზოლების გავლენით მატულობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა. მაგალითად ხორბლოვანების მოსავლიანობა დაცულ ფართობებზე სხვადასხვა კლიმატური პირობების შესაბამისად იზრდება 20-დან 45%-მდე დაუცველთან შედარებით.
დასავლეთ საქართველოში ჩატარებული გამოკვლევებით დადგენილი იქნა, რომ ქარსაფარებით დაცულ ჩაის პლანტაციებში მოსავლიანობა იზრდება 35%-ით, ვიდრე დაუცველ ფართობებზე (ხარაიშვილი გ. 2004). ასევე საუკეთესო შედეგს იძლევა ქარსაფარები ციტრუსოვანთა მოყინვისგან დასაცავად და კივის პლანტაციებში მოსავლიანობის ზრდისთვის (Stanley, Johnson, 2014; Current et all, 2012; Михин, Баландин, 2012; Sepp & Brunner, 2007).
ქარსაფრი ზოლების სტრუქტურა და დიზაინი
არ არსებობს ქარსაფარის უნივერსალური ტიპი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია კონკრეტული ლანდშაფტის, არსებული კულტურებისა და კლიმატური პირობების შესაბამისი ქარსაფარის დაგეგმვა.
ამრიგად ქარსაფარის ფორმა და სტრუქტურა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონკრეტულ ნაკვეთზე, გაშენებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და კლიმატურ პირობებზე.
ქარსაფარების დიზაინი მოითხოვს მის შემადგენლობაში გამოყენებულ იყოს სხვადასხვა სახეობის ხე მცენარე ზრდის სხვადასხვა ტემპებით, რაც უზრუნველყოფს ვარჯის შეკრულობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სასურველია მონაწილეობდეს ფოთლმცვენი და მარადმწვანე სახეობები სხვადასხვა რიგებში და აუცილებლად ბუჩქები, რაც განაპირობებს ქარსაფრის ფუნქციონირებას მთელი წლის განმავლობაში.
ქარსაფარები სტრუქტურულად არის ქარგაუმტარი (მკვრივი), ნახევრად ქარგამტარი (აჟურული) და ქარგამტარი.
ქარგაუმტარი – ზოლი მთლიანად შეკრული, მკვრივი ნარგაობაა, რომელშიც ჰაერის ნაკადი ვერ გადის (ან გადის ძალიან სუსტად). საშუალო სიძლიერის ქარის დროს ასეთი ზოლის შიგნით იქმნება სრული სიმყუდროვე. გარეგნულად ქარგაუმტარ ზოლში სინათლე არ გადის, იგი შეფოთლილ მდგომარეობაში მთლიანად მწვანე კედელია.
ნახევრად ქარგამტარი – აჟურული სტრუქტურის ქარსაფარი ზოლი უფრო ნაკლებად შეკრულია, ვიდრე ქარგაუმტარი, რის გამოც საშუალო სიძლიერის ქარი მასში გადის ისე, რომ მისი სიჩქარე თუმცა კლებულობს, მაგრამ ინარჩუნებს თავის ძირითად მიმართულებას. გარეგნულად აჟურული სტრუქტურის ქარსაფარის მთელ პროფილზე სინათლის გამონაშუქები დაახლოებით თანაბრად არის განაწილებული. ასეთი სტრუქტურის ქარსაფარი, ქარგაუმტართან შედარებით ქარს უფრო თავისუფლად ატარებს და ზოლთან იქმნება ჰაერის ნაკლები ზეწოლა, რაც ქარის სიჩქარეს უფრო ნაკლებად ამცირებს.
ქარის სიჩქარის ყველაზე მეტი შემცირების ზონა შემჩნეულია ზოლის საქარო მხრიდან 3-4H მანძილზე (H – ქარსაფარი ზოლის სიმაღლე). ასეთი ზოლის შიგნით ქარის ნაკადის სიჩქარე კლებულობს 40%-მდე. ზოლიდან გასვლის შემდეგ ქარის სიჩქარის კლება კიდევ გრძელდება. აქ მყუდრო ზონა ვრცელდება 5- 10H მანძილზე, შემდეგ კი ზოლის სიმაღლის 10-15 ჯერადი მანძილიდან იწყება ქარის სიჩქარის არა მკვეთრი, არამედ თანდათანობით მატება და ზოლიდან 25 H მანძილზე ქარის სიჩქარე უკვე აღწევს საწყისი სიჩქარის 85%-ს. ამ მანძილის შემდეგ ქარი აღიდგენს იმ სიჩქარეს, რაც მას ღია მინდორზე ჰქონდა.
როგორც აღვნიშნეთ, აჟურული ქარსაფარი უფრო კარგი დამცავია მინდვრების, ვიდრე ქარგაუმტარი. რაც უფრო ვშორდებით ქარსაფარ ზოლს, მით უფრო ნაკლებად დაცულია მინდვრები. ამიტომ ქარსაფარ ზოლებს შორის მანძილების დადგენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მათი მოწყობისას.
ქარგამტარი სტრუქტურის ქარსაფარი – როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, ისეთი ზოლია, რომელიც ატარებს ქარს, ამასთან ასეთ ზოლს აქვს სინათლისა და ქარის გამტარი უფრო დიდი ზომის ფანჯრები. ასეთ ზოლებს არ აქვთ ქვეტყე და ზოლის ქვედა ნაწილში ქარი გადის შიშველ ღეროებს შორის. ქარსაფარი ზოლების მოწყობისას საჭიროა გაშენდეს მთავარი და დამატებითი ზოლები. მთავარი ზოლების გაშენება ხდება ქარის მიმართულების მართობულად, ხოლო დამატებითი – მთავარი ზოლის პერპენდიკულარულად და ქარის მიმართულების გასწვრივ.
ქარსაფარების გაშენების დაგეგმვისას სასოფლო-სამეურნეო ნარგაობების დაჩრდილვის თავიდან ასაცილებლად მანძილი ქარსაფარი ზლიდან საშუალოდ 8-10 მ უნდა შეადგენდეს.
ქარსაფარი ზოლების მოწყობა საქართველოს პირობებისთვის
ქარების სიძლიერისა და ხასიათის მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოს რაიონები იყოფა სამ ჯგუფად:
აღმოსავლეთ საქართველოში რეკომენდებულია ხისა და ბუჩქის შემდეგი სახეობები:
I ჯგუფი, რაიონები – ხაშური, ქარელი, გორი, ცხინვალი, კასპი, 500-1000 მ.ზ.დ
1. მდინარეების აუზში და სარწყავ ფართობებზე ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია: ალვის ხე, კანადური ვერხვი, ევროპული ნაძვი, გრძელყუნწა მუხა, თელა, ნეკერჩხალი, მინდვრის ცაცხვი, იფანი. განივი ზოლებისთვის დამატებით – თუთა, კაკალი, პანტა, ქვეტყის შემქმნელი სახეობებიდან – შინდი, ჯონჯოლი, ტყემალი, ხოლო განაპირა ზოლებისთვის ფშატი.
2. ურწყავ ფართობზე ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია: ქართული მუხა, თელა, მინდვრის ნეკერჩხალი. განივი ზოლებისთვის დამატებით თუთა, და პანტა; ქვეტყის შემქმნელი სახეობებიდან როგორც ძირითად ასევე განივ ზოლებში დასაშვებია – შინდი, ზღმარტლი, ტყემალი; ნაპირებზე – ფშატი და ბერყენა.
II ჯგუფი, რაიონები: მცხეთა, სამგორი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო, მარნეული, ბოლნისი.
1. სარწყავი ფართობები და პირველი ტერასა მდინარეების მტკვარი, არაგვი, ხრამი, ალგეთი, ალაზნის აუზებში ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია: ალვის ხე, კანადური ვერხვი, კვიპაროსი, ქართული მუხა, გრძელყუნწა მუხა, თელა, მინდვრის ნეკერჩხალი, ცაცხვი, იფანი. განივი ზოლებისათვის დამატებით თუთა, კაკალი, პანტა. ქვეტყის სახეობებიდან როგორც ძირითადი ისე განივი ზოლებისთვის: შინდი, ჯონჯოლი, ტყემალი, თხილი, ნაპირებზე ბროწეული, ფშატი.
2. ურწყავი ფართობები ა) 300-500 მ ზ.დ. ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია აკაკი, კევის ხე, ქართული ნეკერჩხალი, კვიპაროსები. განივი ზოლებისთვის დამატებით ნუში. ბ) 500-1000 მზ.დ. ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია: ქართული მუხა, შავი ფიჭვი, მინდვრის ნეკერჩხალი, თელა, კვიპაროსი, იაპონური სოფორა. განივი ზოლებისათვის დამატებით თუთა და პანტა. ქვეტყის სახეობებიდან ძირითადსა და განივ ზოლებში – შინდი, ზღმარტლი, ტყემალი, განაპირა ზოლებში – ფშატი და კვრინჩხი.
III ჯგუფი, რაიონები – წალკა, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ყაზბეგი
1. სარწყავ ფართობებსა და მდინარეების ფარავანისა და ხრამის აუზების პირველ ტერასებზე ძირითადი ზოლების წამყვანი მცენარეებია – აღმოსავლური მუხა, კანადური ვერხვი, არყი, კავკასიური ფიჭვი, ევროპული ნაძვი, მაღალმთის ნეკერჩხალი. განივი ზოლებისთვის 1800-1900 მ-ზე დამატებით პანტა, ქვეტყიდან – თხილი.
2. ურწყავი ფართობებისთვის ძირითადი ზოლების წამყვანი მცენარეებია – აღმოსავლური მუხა, მაღალმთის ნეკერჩხალი, არყი, კავკასიური ფიჭვი. განივი ზოლებისთვის – პანტა, ქვეტყიდან – თხილი.
აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში დამლაშებული ნიადაგებისათვის რეკომენდებულია შემდეგი სახეობები: ძირითადი ზოლებისათვის – ელდარის ფიჭვი, თელა, გლედიჩია, იაპონური სოფორა, აკაცია, თეთრი მელია. განივი ზოლებისათვის დამატებით – თუთა, ჭერამი. ქვეტყიდან – ჭალაფშატა, ბროწეული, ამორფა, იალღუნი, კურდღლისცოცხა.
ქარების მავნე ზემოქმედების მიხედვით დასავლეთ საქართველოს რაიონებიც იყოფა სამ ჯგუფად:
I ჯგუფის რაიონები: ქობულეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის დაბლობი ნაწილი, კახაბრის ველი, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, ხონის, სამტრედიის, სენაკის, აბაშის, ხობის, მარტვილის, ზუგდიდის, თერჯოლას და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში.
II ჯგუფის რაიონები: ქარები საგრძნობი ზიანს მომტანია, რაიონები: ბათუმი -კახაბრის ველის გამოკლებით, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ქობულეთი – დაბლობების გამოკლებით, ოზურგეთი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, გალი, ოჩამჩირე, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.
III ჯგუფის რაიონები: ნაკლები სიძლიერის ქარები, რაიონები: სოხუმის, გუდაუთის, გაგრის, შუახევის, ხულოს, ქედის, საჩხერის, ონის, ხარაგაულის, ამბროლაურის, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში.
ქარსაფარი ზოლები, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში უნდა გაშენდეს 2 წლით ადრე კულტურების გაშენებამდე.
დასავლეთ საქართველოში ქარსაფარი ზოლების გასაშენებლად რეკომენდებულია შემდეგი სახეობები:
ა) დეგრადირებული ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებისთვის – ჰიმალაის კვიპაროსი, ლუზატანის კვიპაროსი, მარადმწვანე კვიპაროსი, ბიჭვინთის ფიჭვი, შავი ფიჭვი, ევროპული ნაძვი, კანადური ვერხვი, აღმოსავლეთის ჭადარი, კაკალი და თუთა;
ბ) ალუვიური, წითელ-მიწა, ყვითელ-მიწა ეწერი და ყომრალი ნიადაგებისთვის – კრიპტომერია, კვიპაროსი, კავკასიური ფიჭვი, შავი ფიჭვი, ლავზონის კვიპაროსი, ევროპული ნაძვი, ჰიმალაის ნაძვი, კანადური ვერხვი, ცაცხვი, კაკალი, თუთა, ნაძვი, ტყემალი, ჯონჯოლი, შინდი, თხილი.
ქარსაფარი ზოლების მოწყობის კონსტრუქცია:
ქარსაფარი ზოლების გაშენებისთვის და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, მცენარეების სპეციფიური შერჩევის გარდა (იგულისხმება ნიადაგური და კლიმატური პირობები), აუცილებელია ნიადაგის წინასწარი დროული დამუშავება, რაზედაც დამოკიდებულია ნარგაობის გახარება, კარგი ზრდა და ქარებისგან სწრაფი დაცვა.
წიწვოვან მცენარეთა დარგვა ქარსაფარ ზოლებში რეკომენდებულია ძირითადად გაზაფხულზე, შემოდგომით დარგვა დასაშვებია ნიადაგის მაღალი ტენიანობის პირობებში. ფოთლოვანი სახეობები ირგვება როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე.
ავტორები: ნ. გოგინაშვილი–სოფლის მეურნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
ნ.კობახიძე– ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.
წყარო:https://agrokavkaz.ge/