USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Tbilisi
პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენების შეფასება
Date:  721

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 14 მარტს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მეგობარი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და მმართველი გუნდი და ოპოზიცია გააკრიტიკა.

პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას ქართული ოცნებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

ქვემოთ პრეზიდენტის მოხსენებაზე მხარეთა მოსაზრებებია წარმოდგენილი:

მმართველი გუნდის შეფასება

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების თავმჯდომარე: „თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა [პარიზსა და ბრიუსელში მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ვიზიტი] და, სავარაუდოდ, მართალი თქვა, მაშინ [მას] დაურღვევია კონსტიტუცია, მაგას გავარკვევთ“.

მამუკა მდინარაძე – ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი: „ქალბატონი სალომე წარდგა საქართველოს პარლამენტის წინაშე. რა თქმა უნდა, ბევრი საკითხი იყო, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით. ერთიანობისა და ერთობის[კენ] მოწოდება არის ძალიან კარგი. თუმცა, ამას აქვს საკმაოდ სკეპტიკური მხარეც. იმიტომ, რომ ჩვენ დღეს საქართველოში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ ადამიანებს ვხედავთ. სამწუხაროდ, ამის თქმა გვიწევს. თქვენი გამოსვლის შემდეგ, ქალბატონო სალომე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ხალხი, მათი ტელევიზიები ზნეს შეიცვლიან და სხვაგვარად ილაპარაკებენ? აღარ დასვამენ შეკითხვას ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის წინაშე უკიდურესად დამაზიანებელს, რაც თქვენც აღნიშნეთ? … ამის რაიმე სახის, თუნდაც, 1%-იანი გარანტია გვაქვს? სამწუხაროდ, არ გვაქვს… თუ დღეს ვინმეს თავს ზემოთ ძალა აღმოაჩნდება საიმისოდ, ეს რომ არ გააგრძელონ, არც ჩვენ ვუპასუხებთ… ეს არის სამწუხარო მოცემულობა რა შემთხვევაშიც ჩვენ გვიჭირს იმ ძალიან კარგი მოწოდების გაზიარება, რომ უნდა ვიყოთ ერთიანები… ჩვენ ერთიანები ვართ, ვიქნებით, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზიები არცერთ ჩვენს მოქალაქესთან, მათ გულმხურვალე მხარდაჭერებთანაც კი…“.

 

ალუდა ღუდუშაური – ქართული ოცნება: „ვფიქრობ, პრეზიდენტისგან ბევრი დაუსაბუთებელი კრიტიკა და უარგუმენტო პოზიციონირება დავინახეთ, რაც ჩემთვის, პირადად, ძალიან სამწუხარო არის, რომ როგორც ჩანს, ქალბატონი პრეზიდენტი პირდაპირ თუ ირიბად, რაღაცნაირად მოექცა ნაციონალური მოძრაობის ე.წ. ბულინგის ქვეშ, ეს არის ფაქტი. მის მიერ გაცხადებული განცხადებები და მასში მოყვანილი ფაქტები, თუ ეს მართლაც რეალობა არის, ბუნებრივია ამას შესწავლა სჭირდება“.

ოპოზიციის შეფასება

ლევან ბეჟაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „მნიშვნელოვანი მოხსენება მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტის… [ეს] ნამდვილად კარგი გამოსვლა იყო. ობიექტურად ისეთი ამოცანები იქნა დასახული, რომლებიც ჩვენ ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ ხელისუფლების წარმომადგენლებმაც და ოპოზიციამაც. მოვისმინეთ ასევე კრიტიკა, თუმცა შეიძლება ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ პრეზიდენტს, ოპოზიციის კრიტიკის ნაწილში განსაკუთრებით. პრეზიდენტო, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვები, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, არა ცოდვებზე საუბარი [და] არა კრიტიკა… თუ ქვეყანა დგას განადგურების საფრთხის წინაშე, სრულიად კარგავს შინაარს ჩვენი ხედვები, რადგან არცერთს არ უწერია განვითარების პერსპექტივა… ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა, ერთიანობა იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს ქვეყანას აქვს. ეროვნული თანხმობა მიიღწევა ჩვენი ერთობლივი საქმიანობით… “.

თეონა აქუბარდია – სტრატეგია აღმაშენებელი: „პრეზიდენტის გამოსაფხიზლებელი ცივი შხაპი პოლიტიკურ სპექტრზე კიდევ ერთი შესაძლებლობაა იმის, რომ ყველამ კარგად გავიაზროთ, რომ ქვეყანა დგას დაუძლეველი საფრთხეების წინაშე. დღეს, ფაქტობრივად, ქვეყნის სუვერენიტეტი დგას სასწორის აქეთა მხარეს, როდესაც რუსეთი ახორციელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი შიდა კინკლაობა, გაუთავებელი დაპირისპირება აზიანებს ქვეყნის ინტერესს“.

იაგო ხვიჩია – ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი: „ფაქტობრივად, სიტყვა, რაც მომზადებული მქონდა, ძირითადი მესიჯები, რაც უნდა მეთქვა, ამ დარბაზში უკვე გაჟღერდა პრეზიდენტის მიერ, რის გამოც, მინდა [მას] მადლობა ვუთხრა. იმედი მაქვს, პრეზიდენტის ამ მწვავე განცხადების შემდეგ, რომელიც თავისი შინაარსით შემრიგებლურია და აქ მყოფ ადამიანებს შერიგებისკენ მოგვიწოდებს, არ იქნება, პირველ რიგში, ქართული ოცნების მიერ ისე აღქმული, რომ პრეზიდენტს ამის გამო „ნაცობა“ დაბრალდეს და ჩვენ ისევ მოვისმინოთ ზოგადად ის ბრალდებები, რომლის საწინააღმდეგოც იყო პრეზიდენტის გამოსვლა“.

მამუკა ხაზარაძე – ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარე: „პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი ინიციატივები გააჟღერა, რომელთა დიდი ნაწილი ჩვენს პოზიციებთან სრულ თანხვედრაშია. მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტთან ერთად ამ ინიციატივების ასამოქმედებლად“.

გიორგი გახარია- საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი/პარტია საქართველოსთვის: „მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ღირსეულად გააჟღერა ქართველი ერის ხმა“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „ჩვენ დღეს ვუსმენდით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ისე საუბრობდა, თითქოს თვითონ სხვა პლანეტიდან იყოს, ყველაფერზე მაღლა დგას და თვითონ არ არის ნაწილი აქაური პოლიტიკური პროცესების… ეს ადამიანი, ვინც დღეს პოლარიზაციას გმობს და მისთვის ყველა დამნაშავეა, საკუთარი თავის გარდა, თვითონ იყო ის, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებდა, ნატოს საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდა, დავით გარეჯის სამარცხვინო კამპანიის ერთ-ერთი ავტორი იყო და სისხლიანი ბანერებით და მოსყიდვით აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად. ეს არის ის ადამიანი, ოღონდ საკუთარ თავსა და მის დანაშაულზე ან შეცდომაზე არაფერს არ იძახის“.

tbilisi
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

See all
Survey
By the way