როგორც ხელისუფლება ისე ჩვენი პარტნიორები დიდი ყურადღებით ეკიდებიან კორუფციასთან ბრძოლას, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
„ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა გასული პერიოდის განმავლობაში. მათ შორის შეგახსენებთ, რომ ჩვენ მთავრობაში მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა განკარგულების გამოქვეყნების თაობაზე, ასევე, არაერთი კარგი მაგალითი ვაჩვენეთ იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ჩართული საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მომავალშიც საქმიანობას.
კორუფციის სიმცირის მიხედვით გვაქვს კარგი მონაცემები, რასაც საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს. მე რამდენიმე მაჩვენებელი მინდა მოვიყვანო ამის დასადასტურებლად: კორუფციის კონტროლის რეიტინგის მიხედვით საქართველომ 100%-იან შკალაში 73% მიიღო, ამ ინდექსით საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრ 14 ქვეყანას უსწრებს, ხოლო კავკასიასა და შავიზღვისპირეთში იკავებს პირველ ადგილს. მმართველობის ლიდერობის რეიტინგში საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, საქართველო ევროკავშირის 8 სახელმწიფოს უსწრებს. Global Risk Profile (GRP)-ის გლობალური კორუფციის ინდექსში საქართველომ კორუფციის დაბალი დონის სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია. კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველომ კორუფციის კონტროლის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, 10-ბალიანი სისტემით 7.56 ქულა მიიღო და 29-ე ადგილზე დაწინაურდა. კორუფციული გადაწყვეტილებებისგან სასამართლოს თავისუფლების ინდექსში საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, რეგიონში კი უპირობო ლიდერია. მართლმსაჯულებაში ხელისუფლების ჩარევისგან თავისუფლების ინდექსით საქართველომ მსოფლიოში 27-ე, ევროპაში კი მეცხრე ადგილი დაიკავა. უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით საქართველო დადებითი მოდელური ნიშნით შეფასდა, რეგიონში ლიდერობს და ევროკავშირის 3 და ნატოს წევრ 6 ქვეყანას უსწრებს. მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას, ხოლო ევროპის 20 ქვეყანას შორის დასახელდა. მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით საქართველო მსოფლიოში 13-ე, ხოლო ევროპის საუკეთესო ათეულშია. სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვებისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა. ეს არის ის შედეგები, რაც კმაყოფილების საფუძველს გვაძლევს, თუმცა, ამ მიღწევებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/