USD 2.6751
EUR 3.1561
RUB 3.4801
თბილისი
პრემიერი - იურისტების შემთხვევაში დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ, 2920 ჩარიცხული სტუდენტი განწირულია, რომ იურისტის დიპლომს ვერასდროს გამოიყენებს
თარიღი:  47

ჩვენ გვჭირდება უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, რომელსაც მათ შორის, უნივერსიტეტების ლექტორებიც ესწრებიან.

მისი თქმით, მთავრობის მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის ანალიზის შედეგით გამოვლინდა, რომ მაგალითად, მოთხოვნა არის 678 იურისტზე ყოველწლიურად მაშინ, როდესაც 3600 აბარებს იურიდიულ ფაკულტეტზე.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩარიცხული სტუდენტების ნაწილი განწირული არის იმისთვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასდროს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში.

„არის სპეციალობები, სადაც გამოვლინდა დეფიციტი. მაგალითად, რომ ავიღოთ სამართლის მიმართულება, აქ ჩარიცხვების საშუალო წლიური რაოდენობა გასული 5 წლის განმავლობაში იყო 3598, თითქმის 3600 საშუალოდ, წლიურად ირიცხებოდა სამართლის ფაკულტეტზე. კურსდამთავრებულთა რაოდენობა შეადგენდა 2047-ს. ესეც შემაშფოთებელი მაჩვენებელია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება. როდესაც კურსდამთავრებულთა მაჩვენებელი, ჩარიცხვასთან შედარებით არის დაახლოებით 40%, ეს თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევები გვაქვს უმაღლესი განათლების სფეროში. ამ კუთხით გამონაკლისი არ არის არც სამართლის მიმართულება. 3600 ჩარიცხული სტუდენტიდან სწავლას ამთავრებს მხოლოდ 2047.

რაც შეეხება მოთხოვნას, ჩვენმა სიღრმისეულმა კვლევამ გამოავლინა, რომ წელიწადში საშუალოდ გვჭირდება 678 იურისტის შესვლა შრომის ბაზარზე. მოთხოვნა არის 678 იურისტზე ყოველწლიურად მაშინ, როდესაც 3600 აბარებს იურიდიულზე და ამთავრებს დაახლოებით 2,047. ეს მაჩვენებლები უკვე მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად აუცილებელი და გადაუდებელი იყო შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარება. ჩვენ პრაქტიკულად, ვწირავდით სტუდენტებს იმისთვის, რომ ისინი გაივლიდნენ კონკრეტულ კურსს, მიიღებდნენ უმაღლესი განათლების დიპლომს და ვერასდროს შეძლებდნენ საკუთარი დიპლომის შესაბამისად დასაქმებას. ბუნებრივია, ამის თავიდან არიდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა შრომის ბაზრის ანალიზი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ. ვხედავთ, რომ იურისტების შემთხვევაში დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920. ანუ, 2920 ჩარიცხული სტუდენტი განწირული არის იმისთვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასდროს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში. ჩვენი მიზანია ამის თავიდან არიდება და სწორედ ამიტომ ჩატარდა შრომის ბაზრის ანალიზი“,- განაცხადა კობახიძემ.

საზოგადოება
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 25 თებერვალი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ბოლშევიკურირუსეთის არმიამ აიღო თბილისი, დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სასტიკი და სისხლიანი კომუნისტური რეჟიმი დაამყარა საქართველოში. 1921 წლის თებერვლის მოვლენების გახსენება იუნკრების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას გმირულად შესწირეს თავი ქართველმა იუნკრებმა, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა.კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, 23 თებერვალი კი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

იუნკერთა სამხედრო სკოლა 1919 წლის აგვისტოში გაიხსნა გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ.  სამხედრო ხელოვნებას სულ 182 იუნკერიეუფლებოდა (“იუნკერ”  გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ- ოფიცერს ნიშნავს).

 ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა.სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, თანაშემწედ პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე მიიწვია. 

სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. 1920 წლის მაისის დასაწყისში, აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროში აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა.

1921 წელს კი იუნკერები ბრძოლაში 17 თებერვალს ჩაერთნენ, ისინი თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშების მოგერიება მამაც იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს.

ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.როდესაც გენერალმა ანდრონიკაშვილმა ბრძანება გასცა იუნკრებს უკან დაეხიათ, პოლკოვნიკმა ჩხეიძემ უკან დახევის მაგივრად თავის ოფიცრებს უბრძანა ხიშტებით მოეგერიებინათ მოწინააღმდეგე და იერიშზე გადასულიყვნენ. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ტყვიამფრქვევისკენ. მოიერიშეებს მალევე გამოეყო, 22 წლის შალვა ერისთავი. მან საოცარი სისწრაფით აირბინა აღმართიდა საკუთარი სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს.

გაზეთი „ერთობა“ წერდა „20 და 21 თებერვალს ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა მტრის მარცხენა ფრთისკენ- კოჯორისა და ტაბახმელას სიმაღლეებზე და მარჯვენა ფრთისკენ სადგურ ვაზიანის რაიონში. ამ ძალების ლიკვიდაციით ტფილისს სრულიად ეხსნება ალყა, ტფილისი გადარჩენილია და პირდაპირი საფრთხე მოკლე დროში მას აღარ მოელის.“

თუმცა, შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა.23 თებერვალს ის თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს რუსეთთან ომში დაცემულ 10 იუნკერთან ერთად იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების და მცხეთის მიმართულებით უკანდახევის შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა.მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას. “

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ იუნკერთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. "ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესისათვის ხელი შეეშლა" იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის