USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტით პენსიები, ჯანდაცვის პერსონალის, ძალოვნებისა და სხვა საჯარო მოხელეების, მათ შორის ბაღის თანამშრომელთა ხელფასები იზრდება
Date:  1299

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა გათვალისწინებული, ასევე, გაგრძელდება ჯანდაცვის პერსონალის, ძალოვნებისა და სხვა საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია - დაგეგმილია ბაღის თანამშრომელთა ხელფასების მატებაც.

2024 წლის ბიუჯეტის განაწილების შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

უფრო კონკრეტულად, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2024 წლის ბიუჯეტით 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი - ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი.

„იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით. პენსიების ზრდა გვაქვს - 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი.

აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 და 125 ლარი. ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მუშაობის რეალური შედეგი. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი.

რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქაც ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5-6 მილიარდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი ლარი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, ასევე 10%-ით. ძალოვნებისთვის მინდა ვთქვა, რომ შარშან 20%-იანი ზრდა გავაკეთეთ და ჯამში, ბოლო 2 წელიწადში თითქმის 40-45%-იანი ზრდა გამოგვივიდა ძალოვნებში: პოლიციაში, ჯარში და სპეცსამსახურებში. სხვა საჯარო მოხელეებს ბოლო ორ წელიწადში გაეზარდათ 30%-ით ამ ახალი ზრდის ჩათვლით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, გავაგრძელებთ ჩვენი საჯარო მოხელეების წახალისებას და ხელფასების ზრდას“-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ბიუჯეტი ეზრდება შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს და განათლების სამინისტროში, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები იქნება.

„განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები და მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება. 470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, პრემიერ-მინისტრის თქმით, გამოყოფილია 350 მლნ ლარი და მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მაღალი ტემპებით წავა. მისივე თქმით, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიემართება 225 მლნ ლარი.

„მინდა აღვნიშნო, რომ ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქაც ნაერთი ბიუჯეტიდან მთლიან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი. აქედან, სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიემართება 1,7 მილიარდი ლარი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას მოხმარდება 1,2 მილიარდი ლარი. ასევე მინდა გითხრათ, რომ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 1,9 მილიარდი ლარი, წყალმომარაგება-წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე 500 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. მთლიანად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 700 მილიონი ლარი ჯამში დაიხარჯება მომავალ წელს. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ მომავალ წელს. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ამ მიზნით გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარის დახარჯვა 2024-ში. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 560 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, ასევე გარემოს დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 180 მილიონი ლარი გამოიყოფა. ჯამში, მე ვფიქრობ, ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოგვივიდა 2024 წლის. კიდევ ვიმეორებ, ეს არის პირველი ვარიანტი. ოქტომბერში ვიმუშავებთ აქტიურად სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან, ასევე პარლამენტთან ერთად გვექნება აქტიური განხილვა. მეორე ვარიანტს წარმოვადგენთ 5 ნოემბრამდე და შემდეგ, ნოემბერი დაგვრჩება, რომ ვიმუშაოთ მესამე ვარიანტზე პარლამენტთან ერთად“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way