საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნის მასშტაბით საგზაო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი და ამ კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხარჯეფექტიანობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხით განხორციელების აუცილებლობას, რასაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით და ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ პრაქტიკა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ასევე, ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის და აქაც კონკრეტულ დეტალებზე გვქონდა საუბარი. მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია. ეს ყველაფერი დაგვეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს ბიზნესასოციაციას და ყველა კომპანიის წარმომადგენელს შეხვედრაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კერძო სექტორის მოსაზრებები და წინადადებები მოისმინეს და მათთან დიალოგის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას სამშენებლო კომპანიების 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.
„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.
„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.