USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
პორტრეტი / ბორის ჯონსონი – ბრიტანეთის პერიკლე
თარიღი:  3622

წარმოიდგინეთ, რომ სრულყოფილად ფლობთ ხუთ ენას – ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურს, ლათინურსა და ძველ ბერძნულს, რომელთაგან ორი მკვდარია, ასევე კარგად საუბრობთ გერმანულ და ესპანურ ენებზე, განათლება მიიღეთ გამორჩეულ ეშდაუნის სკოლაში, ძალზედ პრესტიჟულ იტონის კოლეჯსა და ოქსფორდის უნივერსიტეტში, თქვენს ქვეყანაში კლასიკური ხანის ლიტერატურის განსაკუთრებულ მცოდნედ ითვლებით, მუშაობდით პოპულარული გამოცემების რედაქტორად და ერთ-ერთ წამყვან ჟურნალისტად, დაწერეთ რამდენიმე წიგნი, ორჯერ აგირჩიეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის მერად, გახდით ერთ-ერთი უძველესი და გავლენიანი პარტიის ლიდერი და მოწინავე სახელმწიფოს მთავრობის მეთაური, თუმცა ხალხის ძირითადი მასა მაინც არაორდინალური ვარცხნილობითა და ექსცენტრიული მანერებით გიცნობთ. ეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონია, რომელზეც მსურს მოგითხროთ.


ალი ქემალ ბეი, ბორის ჯონსონის დიდი ბაბუა, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

1922 წელს თურქეთში ათათურქის მომხრეებმა ლინჩის წესით გაასამართლეს ჩერქეზული წარმოშობის თურქი ჟურნალისტი ალი ქემალი, რომელიც თუმცა მცირე ხნით, მაგრამ ოსმალეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მოკლული ჟურნალისტის ოჯახმა უცხოეთში გაქცევით უშველა თავს. ეს ისტორია პირდაპირ უკავშირდება ამ სტატიის გმირს – ალი ქემალი დღეს ზოგიერთის მხრიდან „ინგლისური ნაციონალიზმის“ მედროშედ და „ბრექსიტის“ შემოქმედად მიჩნეული ბორის ჯონსონის პირდაპირი წინაპარი, მისი დიდი ბაბუაა.

ჩერქეზულ-თურქული ფესვების მქონე ბრიტანელი, ალექსანდერ ბორის დე პფეფელ ჯონსონი ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია. მავანი მას უცნაური ვარცხნილობისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო ხშირად დონალდ ტრამპს ამსგავსებს, თუმცა ჯონსონი უფრო ღრმა ფიგურაა. წინააღმდეგობრივი იმიჯის მიუხედავად, ის გამორჩეულად განათლებული, ნიჭიერი და ქარიზმატული პიროვნებაა, რაც მას ძალზედ კონკურენტულ გარემოში წინსვლაში ყოველთვის ეხმარებოდა. „დაუნინგ სთრითზე“ გადაბარგებამდე ჯონსონმა უაღრესად საინტერესო გზა განვლო, თუმცა ახლა მხოლოდ მის პრემიერ-მინისტრობაზე მოგითხრობთ.

მას შემდეგ, რაც ჯონსონი ბრიტანეთის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, მუდმივად არსებობდა მოლოდინი, რომ იგი პრემიერ-მინისტრი აუცილებლად გახდებოდა. პირველ რიგში, ამის ალბათ თვითონ ჯონსონსაც სჯეროდა და „დაუნინგ სთრითის“ 10 ნომრისკენ განუხრელად ისწრაფოდა.

ბორის ჯონსონი იტონის ფეხბურთის გუნდის კაპიტნის როლში მასხრობს, 1982. ფოტო: თაიმსი

წინასწარმეტყველური აღმოჩნდა ძველი საბერძნეთის მეფეთა თავგადასავლებით გატაცებული ბორისის მიერ ბავშვობაში წარმოთქმული ფრაზა: „როცა გავიზრდები, მეფე ვიქნები“.

ანტიკური ხანის ისტორია და ლიტერატურა ჯონსონის ცხოვრების ნაწილად იქცა. პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მომდევნო დღეებში ბორისმა განაცხადა, რომ მისი საყვარელი პოლიტიკური ფიგურა ძველი ბერძენი პოლიტიკური მოღვაწე პერიკლეა. მას შემდეგ ჯონსონს „ძველი ათენის პირველ მოქალაქეს“ ხშირად ადარებენ, უმეტესწილად ორი ძირითადი თვისების – გასაოცარი მჭევრმეტყველებისა და სტრატეგიული თმენისა და გადამწყვეტი ნაბიჯების ბალანსის უნარის გამო. ალბათ თვითონ ბორისიც ბაძავს თავის კერპს, როგორც თითოეული ჩვენგანი ჩვენსას.

ისტორია გვიჩვენებს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის როლს ისტორიაში რამე სახის კრიზისი განსაზღვრავს ხოლმე. ამ მხრივ, ბოლო ასწლეულის ბრიტანელი პრემიერები პირობითად ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, რომელთაც კრიზისის დროს საკუთარი პიროვნული სიძლიერის ხარჯზე, საერთო მიზნისთვის ხალხის გაერთიანება და გამარჯვების მოპოვება შეძლეს და ისინი, რომლებიც კრიზისის პირობებში საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნავდნენ. ამ ორიდან რომელ კლუბში გაწევრიანდება ბორის ჯონსონი, ნათელი მისი პრემიერობის დასრულების შემდგომ გახდება, ხოლო რაც შეეხება კრიზისს, ამაზე უარეს ეპოქაში ქვეყანას ალბათ მხოლოდ უინსტონ ჩერჩილი მართავდა.

პირველი კრიზისი, რაც ჯონსონზე საუბრისას გვახსენდება, რა თქმა უნდა, „ბრექსიტია“, რომელიც ბევრისთვის სწორედ რომ ბრიტანეთის ახლანდელ პრემიერ-მინისტრთან ასოცირდება. დიახ, „ბრექსიტის“ საკითხის წამოწევაზე უდიდესი გავლენა ჯონსონის 2016 წლის 16 მარტის ცნობილმა სტატიამ იქონია, სადაც იმჟამად ლონდონის მერი ევროკავშირიდან გასვლის დადებით მხარეებს საოცარი მჭევრმეტყველებითა და მაღალფარდოვან სიტყვათა კონით წარმოაჩენდა.

დიახ, 2016 წლის რეფერენდუმამდე ჯონსონი ევროკავშირიდან „გასვლის“ კამპანიის მთავარი მედროშე იყო და სწორედ მის მიერ მოხერხებულად და ინოვატორულად წარმართულმა კამპანიამ განაპირობა მიღებული დადებითი შედეგი.

დიახ, მას აბრალებდნენ ინფორმაციით მანიპულირებას, ხალხის შეცდომაში შეყვანასა და „უტიფარ ტყუილებსაც“ კი, თუმცა, დამეთანხმებით, ერთადერთი, რასაც ცივსისხლიანი ისტორია ინიშნავს, ტაბლოზე საბოლოო ანგარიშია.

„ბრექსიტის“ განხორციელებაში ჯონსონის წვლილი განუზომელია, თუმცა ამ მხრივ, მისი მთავარი წვლილი პროცესის დასრულება უფრო იყო, ვიდრე – მისი აგორება.

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესი ფაქტობრივად ბლოკში ქვეყნის გაწევრიანებიდანვე დაიწყო. დაუსრულებელი დავები იურისდიქციაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რეგულაციასა და დერეგულაციაზე, ტეტჩერის „ბრიუგეს სიტყვა“ და შემდგომ რომში მიტერანისა და კოლის მიერ ბრიტანეთის „რკინის ლედიზე“ შეტევა , ფაქტობრივად ბრიტანელთა ნების საწინააღდეგოდ ახალ-ახალი ხელშეკრულებების მიღება – ყველაფერ ამას ჯონსონი უმეტესწილად უბრალოდ გვერდიდან აკვირდებოდა, საუკეთესო შემთხვევაში გავლენიანი გამოცემის კორესპონდენტის ან „უკანახაზელი“ პარლამენტარის რანგში. გავრცელებული მოსაზრებით, ბორის ჯონსონის ევროსკეპტიციზმს საფუძველი სწორედ მარგარეტ ტეტჩერის მმართველობის ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ჩაუყარა.

ბევრი ჯონსონს ოპორტუნიზმში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მან „ბრექსიტი“ მხოლოდ „დაუნინგ სთრითამდე“ გზის გასაკვალად გამოიყენა და რომ გულის სიღრმეში ამ ისტორიულ პროცესს მისთვის არსებითი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. ასეც რომ იყოს, ფაქტები ჯიუტია. „ბრექსიტი“ რთული, კომპლექსური მოვლენა და იმავდროულად ბრიტანელი ხალხის დემოკრატიული არჩევანია, რისი მხოლოდ ერთ პიროვნებასთან, თუნდაც ბორისთან, დაკავშირებაც მიამიტობაა. „ბრექსიტი“ სათავეს ბრიტანეთის ისტორიისა და ბრიტანული იდენტობის სიღრმიდან იღებს და ამ ქაოტური პროცესის დასრულება მხოლოდ ჯონსონის გამბედაობითა და შეუპოვრობით გახდა შესაძლებელი, სწორედ ამაშია ბორისის ისტორიული წვლილი, „ჯონსონის ფაქტორი“.

პრემიერად არჩევიდან რამდენიმე თვეში ჯონსონმა ბრიუსელთან „ბრექსიტის“ თაობაზე მოლაპარაკებები დაასრულა, რაც მისმა წინამორბედმა თითქმის სამი წლის მანძილზე ვერ შეძლო. შემდგომ მან ურთულესი პოლიტიკური კრიზისის ფონზე რიგგარეშე არჩევნები დანიშნა და თავის პარტიას „ჩერჩილისეული“ გამარჯვება მოუტანა. „ბრექსიტის“ დაუსრულებელი დრამის ბუნდოვანებით გათანგულმა ბრიტანელმა ხალხმა მიზანდასახულ ჯონსონს ნდობა გამოუცხადა და მისი მკაფიო გზავნილი „Get Brexit Done“ (ბოლომდე მიიყვანე ბრექსიტი) გაიზიარა. შედეგად, ქვეყანა „ბრიუსელის თავსმოხვეული რეგულაციებისგან“ საბოლოოდ გათავისუფლდა. 

„ბრექსიტის“ საგა საბოლოოდ დასრულდა, თუმცა ჯონსონის საყვარელი ძველი ბერძნული ლეგენდების მსგავსად აწ უკვე „გათავისუფლებულ“ ბრიტანეთშიც ზეიმი დიდხანს ვერ გაგრძელდა, ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე გამოწვევა დაატყდა თავს, ნისლიან ალბიონზე შორეული აღმოსავლეთიდან მომავალმა აპოკალიპსის ჩალისფერმა მხედარმა შემოაბიჯა.

ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით (კოვიდ-19) ინფიცირების პირველი შემთხვევები გასული წლის იანვრის ბოლოს გამოვლინდა, ხოლო დღეისათვის გაერთიანებული სამეფო პანდემიის შედეგად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული ქვეყანაა. სიკვდილიანობის მონაცემით, რომელმაც ას ათასს გადააჭარბა, ბრიტანეთი ევროპაში პირველია. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოში პირველი ოთხი ქვეყანა მოსახლეობით გაერთიანებულ სამეფოზე ბევრად დიდია, ხოლო ეკონომიკურად ბრიტანეთი მათ მნიშვნელოვნად უსწრებს (აშშ-ს გარდა), აღნიშნული სტატისტიკა კიდევ უფრო დამთრგუნველია.

ბუნებრივია, პირველ ეტაპზე პანდემიასთან ქვეყნის წარუმატებელი ბრძოლის გამო კრიტიკის ძირითადი სამიზნე ბორის ჯონსონია, რომელსაც ყოველ ჯერზე გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დაგვიანებაში ადანაშაულებენ. პრემიერ-მინისტრს ბრალს სდებენ ქვეყანაში დღეისათვის გამოცხადებული სამივე „ლოქდაუნის“ შემოღების დაყოვნებაში, ინფიცირების კონტაქტების „ცხელ კვალზე“ დევნის სისტემის ამოქმედების გაჯანჯლებაში, გარკვეული შეღავათების დროულად აუმოქმედებლობაში და ა. შ.. ოპოზიციის ლიდერ კირ სთარმერის მტკიცებით, ბორის ჯონსონი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით მიზანმიმართულად აყოვნებდა მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებას მანამ, სანამ უკიდურესად გაუარესებული ვითარება მას კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას „არ აიძულებდა“.

საქმე ის არის, რომ ჯონსონმა პანდემიის ბრძოლის მხრივაც თავის კარგად ნაცად მეთოდს – სტრატეგიული თმენისა და გადამწყვეტი ნაბიჯების ბალანსს მიმართა, თუმცა „უხილავი მტრის“ ვერაგობის პირობებში ამან ნაკლებად იმუშავა. გარდა ამისა, კრიტიკოსების მხრიდან „უსაფუძვლო გადაწყვეტილებების მიმღების“ იარლიყის მინიჭების შიშით, პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე პრემიერ-მინისტრი სრულად დაეყრდნო მრჩეველ მეცნიერთა გუნდს, რამაც ჯერ „ჯოგურ იმუნიტეტთან“, ხოლო შემდგომ გაუმართლებელ ეკონომიკურ ზიანთან დაკავშირებული გაუგებრობები გამოიწვია. ამგვარად, ჯონსონმა უინსტონ ჩერჩილის რჩევა – „Scientists should be on tap, but not on top“ – მეცნიერები უნდა გემსახურონ, მაგრამ არა გიკარნახონო – არ გაითვალისწინა.

თუმცა, პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ რიგი არგუმენტების მოყვანაა შესაძლებელი. პირველ რიგში, ჯონსონი მსოფლიოში ფაქტობრივად ერთადერთი ლიდერია, რომელმაც ვირუსი მძიმე ფორმით გადაიტანა, რის გამოც იგი კრიტიკულ დროს თითქმის ერთი თვით გამოეთიშა პროცესებს. ბედის ირონიაა, რომ ჯონსონის კერპი პერიკლე ათენის ცნობილ „შავ ჭირს“ ემსხვერპლა. ამასთან, თითოეული ნაბიჯი, განსაკუთრებით შეზღუდვების შემოღებისა და გამარტივების მხრივ, უნდა დაფუძნებოდა მეცნიერთა რჩევებს, შეთანხმებულიყო არაერთგვაროვანი კონსერვატიული პარტიის ყველა დაჯგუფებასთან (ტეტჩერიტები, ლიბერალ-კონსერვატორები, ლიბერტარიანელები, ცენტრისტები და ა. შ.), მისაღები ყოფილიყო ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის, რაც გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისათვის არსებითი გამოწვევაა.

გარდა ამისა, ჯორჯ ორუელს თუ დავუჯერებთ, თითოეულ კრიზისს ბრიტანეთი მუდამ მოუმზადებელი ხვდება, თუმცა შემდგომ ახდენს იმგვარ ადაპტაციას, რომ საბოლოოდ ვითარებიდან გამარჯვებული გამოდის. გასული საუკუნის ისტორიას თუ გადავხედავთ, ამის მაგალითი ბევრია: პირველი და მეორე მსოფლიო ომები, ფოლკლენდის კუნძულების კონფლიქტი და სხვ. რა თქმა უნდა, ჯერ შეფასებები ნაადრევია, მაგრამ ამავე სცენარით მოვლენათა განვითარების ნიშნები მიმდინარე პანდემიის შემთხვევაშიც ვლინდება. ყველა გამოწვევისა და სირთულის მიუხედავად, ბორის ჯონსონმა კრიზისიდან გამოსვლის სწორი გზა გამონახა, რაც საყოველთაო ვაქცინაციაში მდგომარეობს და ამ საერთო მიზნისკენ მთელი ქვეყნის მომართვა შეძლო, რაშიც მას ოპოზიციამაც აუბა მხარი. დღეისათვის ქვეყანაში უკვე ყოველი მეოთხე ზრდასრული ადამიანია აცრილი, რაც მთელ მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტის ფონზე ფენომენალური წარმატებაა. ამასთან, ამ მხრივ ევროკავშირის ფიასკომ ბრიტანეთში „ბრექსიტის“ მწვავე მოწინააღმდეგენიც კი დაადუმა.

ბორის ჯონსონს „პოსტ-ბრექსიტული“ ბრიტანეთისთვის უაღრესად ამბიციური გეგმები აქვს, როგორებიცაა ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება, „მწვანე ინდუსტრიული რევოლუციის“ განხორციელება, რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრა, თავდაცვითი შესაძლებლობების არსებითი ტრანსფორმაცია, თავად ჯონსონის სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგადად ქვეყნის „განვითარების დონის ამაღლება“ (Levelling up). გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდგომ ჯონსონმა „ბრექსიტის“ შემდგომ მსოფლიოში ქვეყნის როლისა და პოზიციის ახალი ხედვა „გლობალური ბრიტანეთი“ წარადგინა, რომელიც უპირველეს ყოვლისა მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობის გზით „ძლიერთა ამა სოფლისა“ შორის თანასწორი ადგილის დაბრუნებას ემსახურება.

პანდემიამ ამ გეგმების რეალიზებას არსებითად შეუშალა ხელი, თუმცა ყველა წინა კრიზისის მსგავსად, ბრიტანეთი ამასაც აუცილებლად დაძლევს და საბოლოოდ გამარჯვებული გამოვა. ნისლიანი ალბიონი ცალსახად ისტორიული ძვრების ეპოქაშია და ბრიტანელ ხალხს კვლავ ქარიზმატული და მიზანსწრაფული ლიდერი სჭირდება, ალბათ ისეთი როგორც ბორის ჯონსონია, რომელსაც განგებამ არგუნა ისტორიული შანსი, გახდეს ჩვენი დროის პერიკლე.

წყარო:https://civil.ge

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.