USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
პომპეზური და სანახაობრივი მიღება თეთრ სახლში: რა სურს ამერიკას ინდოეთისაგან?
Date:  503

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია „ამერიკის ხმა“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „პომპეზური და სანახაობრივი მიღება თეთრ სახლში: რა სურს ამერიკას ინდოეთისაგან?“ (ავტორები - ანიტა პაუელი და პეტი ვიდაკუსვარა).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 აშშ-ის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ თეთრ სახლში გამართული საზეიმო მიღების დროს ხაზი გაუსვეს ამერიკელი და ინდოელი ხალხების პარტნიორობას და მაღალ დონეზე შეაფასეს მათი დემოკრატიული ღირსებები. „ვადღეგრძელებ ორი დიდ ერს, ორ დიდ მეგობარს სახელმწიფოს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ჯანჯაფილის ელით (შუშხუნა სასმელით) სავსე ბოკალით ხელში ინდოეთის პრემიერ-მინისტრის წინაშე, რომელიც, მასპინძლის მსგავსად, ალკოჰოლიან სასმელებს არ სვამს.

ნადიმის წინ: ერთობლივი პრეს-კონფერენცია

ვიზიტის მიზანია ამერიკის ადმინისტრაციის განზრახვა, რომ მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულმა ქვეყანამ ისეთი პოლიტიკა გაატაროს რუსეთ-უკრაინის ომისა და ჩინეთის მიმართ, როგორიც ვაშინგტონს აწყობს.

„აშშ და ინდოეთი თითქმის ყველა სფეროში თანამშრომლობენ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რაც საკმაოდ იშვიათია ნარენდრა მოდისათვის, რომელმაც, თავის მხრივ, ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა მაღალი დონის სახელმწიფო მიღებისათვის და გულუხვი მდიდრულ ვახშმისათვის - მაგიდები 400 სტუმრისთვის იყო გაწყობილი. „თქვენ ენით რბილად საუბრობთ, მაგრამ როცა საქმე პრაქტიკულ ნაბიჯებს ეხება, მტკიცედ და ძლიერად მოქმედებთ“, - თქვა ინდოელმა ლიდერმა.

ჯო ბაიდენმა ჩამოთვალა ის დარგები, რომლებშიც აშშ და ინდოეთი თანამშრომლობენ: ჯანდაცვა, კოსმოსის ათვისება, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიები, კლიმატის ცვლილებები...

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნარენდრა მოდისთან ერთად განიხილა ერთბლივი ძალისხმევის მიმართულება იმ ჰუმანიტალური ტრაგედიის შესასუსტებლად, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა გამოიწვია და რომელიც საერთაშორისო სამართლისა და გაერო პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

თავის მხრივ, ინდოეთის ლიდერმა, რომელიც რუსული წარმოების იარაღისა და რუსული ნავთობის მსხვილი იმპორტიორს წარმოადგენს, თავი შეიკავა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კრიტიკისაგან უკრაინაზე თავდასხმასთან დაკავშირებით და აქცენტი იმ ზარალზე გადაიტანა, რასაც „გლობალური სამხრეთის“ (ლათინური ამერიკის, აზიის, აფრიკისა და ოკეანეთის) ქვეყნებს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები აყენებს: „ჩენ გვინდა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალისხმევა ყველა ქვეყანამ გააერთიანოს“, - თქვა ნარენდრა მოდიმ და ხაზი გაუსვა, რომ ინდოეთი კონფლიქტის მოგვარებაში დიპლომატიური მეთოდების მომხრეა.

რატომ ირღვევა ინდოეთში ადამიანის უფლებები?

ერთ-ერთი ამერიკელი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ ირღვევა ინდოეთში  ადამიანის უფლებები და რატომ ხდება რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია, ნარენდრა მოდიმ გაკვირვება გამოხატა: „მე ნამდვილად მიკვირს, რომ ხალხი ასე ამბობს", - თქვა პრემიერმა და ხატოვნად აღნიშნა - „ინდოეთში დემოკრატია ბატონობს. დემოკრატია ჩვენი სული და ჩვენს ძარღვებში გამდინარე სისხლია... ჩვენთან დისკრიმინაციისთვის არანაირი სივრცე არ არსებობს... ჩვენი ქვეყანა ეფუძნება ოთხ პრინციპს: „საბკა სათ, საბკა ვიკა, საბკა ვიშვა და საბკა პრაია", რაც საერთო ჯამში ნიშნავს „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის, ყველა სიკეთის ზრდისათვის და ყველა ერთმანეთის ნდობით“.

ნარენდრა მოდის მიერ ინდოეთის „ვარდისფერი“ შეფასების კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ ქვეყნის მმართველი პარტია ბევრს სცოდავს და დემოკრატიიდან უკან იხევს. ვიზიტამდე 70-მა ამერიკელმა კანონმდებელმა ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა და მოსთხოვა, რომ ნარენდრა მოდისთან მოლაპარაკების დროს ყურადღება ადამიანის უფლებების დარღვევებზე გაემახვილებინა.

„ინდოეთს ამერიკასთან მნიშვნელოვანი ურთიერთობა აკავშირებს“, - განაცხადა სენატორმა ბენ კარდინმა, წერილზე ერთ-ერთმა ხელმომწერმა პოლიტიკოსმა, - „მაგრამ ჩვენ დემოკრატიული ფასეულობები უნდა დავიცვათ - პრემიერ-მინისტრს უნდა მოვთხოვოთ, რომ საკუთარი მოქალაქეებზე მეტად იზრუნოს“.

ნადიმის დრო: წარსულის ფურცლების გახსენება

თეთრ სახლში მიწვეული ინდური წარმომავლობის მქონე ამერიკელებს შორის იყო ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის დედა, რომელმაც ინდოეთი 1958 წელს დატოვა, რათა სწავლა ამერიკაში გაეგრძელებინა და დოქტორის ხარისხი მიეღო.

ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას ჯო ბაიდენმა გაიხსენა თავისი პირველი ვიზიტი ინდოეთში ათი წლის წინ, როცა იგი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. „იმ დროს ჩვენ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით, დღეს კი ჩვენი ურთიერთობა მასშტაბური გახდა“, - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

ნარენდრა მოდი აშშ-კონგრესში ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, რაც, აშშ-ის ოფიციალური ტრადიციით, ძალიან დიდ და მაღალ პატივისცემას ნიშნავს უცხოელი სტუმრის მიმართ. რა თქმა უნდა,  კონგრესში სიტყვით მისი წინაპრებიც - ჯავაჰარლალ ნერუ, ინდირა განდი და მანმოჰან სიგჰიც გამოვიდნენ, მაგრამ ნარენდრა მოდი პირველია იმ ინდოელ ლიდერებს შორის, რომელიც ამას მეორედ აკეთებს.

არადა, ნარენდრა მოდის ასეთი მდიდრული მიღების ფონზე, გასახსენებელია ის დროც, როცა მას 2005 წელს აშშ-ის ვიზის მიცემაზე უარი განუცხადეს, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ შეტაკებასთან მისი საეჭვო კავშირების გამო.

აშშ და ინდოეთი ჩინეთ-რუსეთის წინააღმდეგ?

ჯო ბაიდენს სულ მცირე ორი მიზეზი აქვს იმისთვის, თუ რატომ უფენს ხალიჩას ნარენდრა მოდის. ორივე მიზეზი აშშ-ის გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარეობს: პირველი - გააძლიეროს ინდოეთის როლი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის საპირწონედ და დასაბალანსებლად და მეორე - „გადააჩვიოს“ ინდოეთი რუსული იარაღის ყიდვისაგან.

ინდოეთი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელსაც ბოლო ათწლეულში ჩინეთთან ღია კონფლიქტი აქვს სასაზღვრო დავების გამო: ჰიმალაებში, 3400 კილომეტრის საზღვრის გასწვრივ ორივე მხარე მილიტარიზებას აფართოებს.

აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს უჭერს ინდოეთის არმიის მოდერნიზებას და ნიუ-დელის თანამედროვე იარაღს სთავაზობს, ასევე ცდილობს ინდურ კომპანიებთან ერთობლივი სამხედრო პროექტების განხორციელებას.

„ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უფრო მეტად განპირობებულია აშშ-სა და ინდოეთის სამხედრო პარტნიორობის განმტკიცების სურვილით“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ ირფან ნორუდინმა, ატლანტიკური კავშირის სამხრეთ აზიის კვლევების ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა.

„ინდოეთის გადასვლა ამერიკულ ტექნოლოგიებზე იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი ახლა ინდოეთის სახით ამერიკული სამხედრო სისტემების წინაშე დადგება. ეს ნიშნავს, რომ ახლა პეკინს საქმე ექნება არამარტო სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან (აშშ-ის პარტნიორებთან), არამედ მათ რიცხვს ემატება ინდოეთიც. ჩინეთისათვის მათთვის „წინააღმდეგობის გაწევა“ საკმაოდ რთული ხდება და ამიტომ პეკინს მთელი თავისი თავდაცვითი პოზიციის შეცვლა მოუწევს, ახალი რეალობის გამო“, - ამბობს ირფან ნორუდინი.

წყარო:

https://www.voanews.com/a/biden-to-host-modi-for-talks-state-dinner/7147873.html

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way