USD 2.7558
EUR 3.1259
RUB 3.2753
თბილისი
პირველი ქართველი ავიატორი - ბესარიონ ქებურია
თარიღი:  3650

ბესარიონ ქებურია (დ. 15 თებერვალი, 1870, სოფ. ქვედა ჩხოროწყუ, ჩხოროწყუს რაიონი — გ. 4 დეკემბერი, 1958,თბილისი) — პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი.

დაიბადა 1870 წლის 15 თებერვალს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, დურგალ სავლე ქებურიას ოჯახში. თავის სოფელში ორი წლის სწავლის შემდეგ, დეკანოზ ანტონ ვეკუასთან გააგრძელა. 14 წლის ასაკში ჩხოროწყუდან გაჰყვა მწყემსებს ფოთში. იქ ჩასულმა პირველად დაინახა მატარებელი, რამაც იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვზე, რომ რკინიგზის მშენებლობაზე დარჩენა გადაწყვიტა. ინჟინერ სლივიცკის დახმარებით, რომელიც ელდარ და გიორგი შენგელაიების ბიძა იყო, ახალი პროფესიის დაუფლებას შეუდგა. 1898 წელს პეტერბურგში ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და მიიღო რკინიგზის უფროსი ტექნიკოსის წოდება. ამ პერიოდში შეირთო ულამაზესი გორელი გოგო – სოფიო შიუკაშვილი, რომელთაც ეყოლათ სამი ვაჟი.

..14 წლის ბიჭი სახლიდან ფეხშიშველი გაჰყვა მწყემსებს და ფოთში ამოყო თავი. სწორედ იქ ნახა პირველად მატარებელი. შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, რომ რკინიგზის მშენებლობაზე დარჩა და ინჟინერ სლივიცკის დახმარებით ახალი პროფესიის ათვისებას შეუდგა,

1910 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს ცაში პირველად აიჭრა ბესარიონ ქებურია. ადრე დიდუბეში იპოდრომი იყო და იქიდან აფრინდა. მაშინ ყველა ავიატორი უცხოეთში გასტროლებზე მიდიოდა, საკმაოდ დიდ თანხას შოულობდნენ და ამით ირჩენდნენ თავს. ბესარიონი კი, საფრანგეთიდან რომ ჩამოვიდა, მას შემდეგ საქართველოდან არსად გასულა. დიდი ენერგია დახარჯა ავიაციის პოპულარიზაციაზე. მაშინ ფრენის ეშინოდათ. ამბობდნენ, “ეშმაკეულია, არ ჩამოვარდესო…”

იმ დროინდელ ძველ აფიშებზე ყველგან წერია: “ბ. ქებურია მოფრინდება”, “ბ. ქებურია გაფრინდება”, “ჩამოფრინდება” და ა.შ. მაშინდელ გაზეთ “ჭინჭრაქაში” ასეთ რამესაც წაიკითხავთ: “შენმა მტერმა და ორგულმა გეიგონა, მე რომ გევიგონე დღეს, კაცო! ვინცხა ქებურია ყოფილა ქალაქში, მერე იმისთანა რაცხა გაუკეთებია, რომ დაჯდება ზედ, სულ ცაზე დაფრინავს! სახელიც კი მითხრეს საფრინავი მაშინის, “ხოხოპლანიო” თუ რაცხა”…

ასევე იმდროინდელი გაზეთები იუწყებოდნენ: “აეროპლანისტი ბესარიონ ქებურია თავის მანქანით ჰაერში აფრინდება, როგორც “ფრინველი”. დასაწყისი საღამოს 7 საათზე (წვიმიან ამინდში ფრენა არ იქნება)."

მზიანი ამინდია. საგულდაგულოდ გათიბულ მინდორში ზეწარგადაფარებული აეროპლანი დგას. უკრავს სასულე ორკესტრი. კინტოები ხილით სავსე ხონჩებს დაარბენინებენ. იყიდება “ჟიგულევსკის ლუდი” და “მლაშე ბუბლიკები”. მოდიან და მოდიან ფაეტონებით. უამრავი ხალხია. ყველას აინტერესებს რა მოხდება, როგორ აფრინდება “ფრინველივით”. მფრინავი კაბინაში ჯდება. “ვაშააა!” - გაჰყვირიან ქართველები, “ურა”! - ყვირიან რუსები, “საღოლ-საღოლ”! - გაიძახიან თათრები. მანქანა დაიძრა, აფრინდა მიწიდან 5 მეტრზე და იქვე, ბალახის ზვინში ცხვირით ჩაერჭო. მოისროლა აეროპლანმა ბესარიონი და “არამიანცის” საავადმყოფოში ამოაყოფინა თავი.

კიდევ ჩამოვარდა. ისევ სცადა; მანქანა ძიგძიგებდა. ბესარიონმა ცას ახედა, ხელთათმანები ჩაიცვა, სათვალე მოირგო. აეროპლანმა სისწრაფე აკრიფა და ცაში აიჭრა. არამიანცის საავადმყოფოში ვინმე სედრაქს დიდხანს ახსოვდა მფრინავი ბესარიონის ნათქვამი; “ხომ გავფრინდი. აკი გეუბნებოდი, საქართველოშიც იფრენს თვითმფრინავი."’

ქებურია ასეთი ახსოვთ: მომხიბვლელ ზღვისფერ თვალებში მუდამ ნაპერწკლები უკრთოდა. ერთთავად სულ აეროპლანი და გაფრენა ეკერა პირზე: “ჰაერბუშტი არაფერი არ არის, აეროპლანით გაფრენას სულ სხვა გემო აქვს"’.

ერთხელ, დასაფრენი ადგილის ძებნაში, ძრავა გაუჩერდა. არ დაბნეულა, ზემოდანვე შეამჩნია ერთმანეთთან ახლოს მდგარი ორი ხე და პლანირებით ისე მართა მონოპლანი, რომ ფრთებით ხის ტოტებში გაიხლართა. ბესარიონი მიწაზე გადმოხტა და ფეხი მოიტეხა. ამბობდა, არა უშავს, მოვრჩები და ისევ ვიფრენო. გულს არ იტეხდა.

“ბესარიონ ქებურიას მსგავსი ფანატიკოსი არავის უნახავს. ის საშინელ ქარშიც აჭრილა ცაში. ამას ვერც ერთი მფრინავი ვერ გაბედავდა,” - წერდნენ სარატოვის იმდროინდელი გაზეთები.

ქებურიას მართლაც ხშირად უხდებოდა სტიქიასთან შებრძოლება, რაც სუსტი ძრავის გამო ავარიით მთავრდებოდა. ასე ფრენა უკვე შეუძლებელი იყო. ბესარიონმა საკუთარი ხელით ააგო ახალი კონსტრუქციის მონოპლანი (პროპელერის ჩათვლით), რითიც 1911-1914 წლებში საჩვენებელი ფრენები მოაწყო; ფრენა ბათუმში. სტარტი პლაჟიდან აიღო, დიდ სიმაღლეზე ძრავა გაუჩერდა და პლანირებით ზღვაში დაეშვა. მეზღვაურებმა ძლივს მიუსწრეს, ბესარიონი უკვე იძირებოდა. თურმე თვითმფრინავს ხელს არ უშვებდა, მისთვის მთავარი იყო ძრავის გადარჩენა, რომ ახალი თვითმფრინავი კიდევ ერთხელ, თავიდან აეგო.

ფრენა ვარშავაში. არაჩვეულებრივად იფრინა, მაგრამ მიწაზე დაშვებისას ვარშავის გენერალ-გუბერნატორმა სკალონმა მაინც დააჯარიმა 500 მანეთით - ქალაქის თავზე დაფრინავდი, რომ ჩამოვარდნილიყავი, რას აპირებდიო… იქვე გუბერნატორის მეუღლეს დაუცავს გულადი მფრინავი - ცაში გამარჯვებულებს არ სჯიანო. ქალს ბესარიონ ქებურიასთვის ცაში მგზავრად აყვანაც უთხოვია, რაზეც, ვითომ გაბრაზებული გუბერნატორი, სიამოვნებით დათანხმებულა. ეტყობა, ძალიან მოაბეზრა თავი მეუღლესო, - ხუმრობდა შემდეგ ქებურია.

ამასობაში “ზეცაში სეირნობას” ტფილისში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ქებურიას საქმეს წარმოუდგენელ, საშიშ საქმედ მიიჩნევდნენ. აეროპლანით ზოგი აღფრთოვანებული იყო, ზოგი კი მას ანტიქრისტეს უწოდებდა. ტფილისელები მაშინაც ალაპარაკდნენ, როცა კინტოების თხოვნით ციდან ბატიბუტის წვიმა წამოვიდა და ტფილისის იმავე ცნობილმა კინტოებმა ვინმე უტრუხანეს ტრაქტირს “აეროპლანი” შეარქვეს. ხშირად გაიგონებდით: წამო, “აეროპლანში” ვისადილოთ ან დავლიოთო.

ნიკალას წითელი საღებავით რუსული წარწერა გაუკეთებია - “აეროპლან.” ფიროსმანს იმაშიც დაურწმუნებია უტრუხანე, ხალხის დასაინტერესებლად საჭიროა, ჰაერში მფრინავი აეროპლანიც დაიხატოსო.

პირველი მფრინავი. ბესარიონ ქებურია

მანამდე კი მისი გზა ასეთი იყო: ჩხოროწყუ-პარიზი, კიწიის ორწლიანი სკოლა და ლეგენდარული ლუი ბლერიოს მსოფლიოში სახელგანთქმული საფრენოსნო სკოლა. ამ ამპლიტუდაშია მოქცეული პირველი ავიატორ-კონსტრუქტორის ბესარიონ ქებურიას მთელი ცხოვრება. 1870 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში დაიბადა, 1910 წელს კი მსოფლიოში რიგით 209-ე მფრინავი გახდა. ამ ფაქტს სპეცდიპლომით ადასტურებს საფრანგეთის აეროკლუბი. ბესარიონ ქებურია ამიერკავკასიის ავიაციის ფუძემდებელია. პირველი აეროდრომები, პირველი ტრასები კავკასიონზე, პირველი კომერციული რეისები. ქართველ მფრინავთა პირველი თაობების აღზრდაც მის სახელს უკავშირდება. მეორე მსოფლიო ომის დროს მან ისიც კი მოახერხა, რომ მოხალისეთა დახმარებით ჩხოროწყუს მთებში აეროდრომი მოაწყო.

ბესარიონ ქებურიამ გაყიდა ყველაფერი, რაც კი ებადა და შეგროვილი თანხით პარიზში გაემგზავრა, სადაც საფრენოსნო სკოლები ყალიბდებოდა. მეფის იმპერიის საზღვრებს გარეთ არავის უშვებდნენ, ვიდრე გვარს არ “შეულამაზებდნენ” და ქებურიაც ქებუროვი გახდა. სწრაფად შეისწავლა პარიზის აეროკლუბის თეორიული კურსი და 1910 წელს, 29 აგვისტოს, მსოფლიოში პილოტ-ავიატორის N209 დიპლომი მიიღო. პარიზის ლუი ბლერიოს საფერენოსნო სკოლაში სწავლას დიდი თანხა (2600 ფრანკი) სჭირდებოდა. თანაც ყოველი ავარიის ასანაზღაურებლად მოსწავლეებს აჯარიმებდნენ. გარდა ამისა, მათ აეროპლანის საყიდელი თანხაც უნდა დარჩენოდათ, ავარიები კი ხშირად იყო. ბესარიონმა პრობლემა ასე მოაგვარა: თავიდანვე შეისყიდა ბლერიოს X-ტიპის მონოპლანი (25 ცხენისძალიანი მოტორით. უფრო ძლიერი ძრავისთვის ფული არ ეყო) და სრულიად მოუმზადებელმა შეასრულა პროგრამა - რვაჯერ შემოუფრინა აეროდრომს და ზუსტად ასი მეტრი დიამეტრის წრეში დაფრინდა.

აღფრთოვანებულმა ბლერიომ მას ძრავის სათადარიგო ნაწილები აჩუქა. მეტიც, მან კურსდამთავრებული წარუდგინა საფრანგეთის პრეზიდენტ ფალიერს, რომელმაც ქებურიას გზა დაულოცა.

წარსულში დარჩა წაბლის ხით აგებული სახლი, დურგალი მამა, ვის გამოთლილ აკვანშიც მთელი სოფელი იზრდებოდა, მკურნალი დედა… ორივეს ხელობა გამოადგა ბესარიონს -პროპელერს თავისი ხელით აგებდა და მრავალ კატასტროფაში მიღებულ ტრავმასაც თვითონ მკურნალობდა... 1908 წელს კი საკუთარი ხელით ააგო პლანერი, რომლითაც საბურთალოს მთებიდან საცდელი ფრენები ჩაატარა. ქებურიას ინიციატივით, ლიკანსა და პატარა ცემში, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობისას, საფრანგეთიდან ჩამოიტანეს გამოჩენილი ფრანგი ინჟინრის გუსტავ ეიფელის კონსტრუქციის რკინის ორი ასაწყობი ხიდი, რომელიც დღესაც საიმედოდ ემსახურება ფეხით მოსიარულეებს.

ქართველების პირველი მფრინავი ბესარიონ ქებურია “ერთ წერტილში ვერ ჩერდებოდა” და საჰაერო-სახმელეთო გზები გაჰყავდა. სწორედ მისი დამსახურებაა საჰაერო ტრასები: თბილისი-ბაქო, თბილისი-ბათუმი, ბათუმი-მოსკოვი.

1923 წელს ქებურია საჰაერო ფლოტის თავმჯდომარედ აირჩიეს. მოგვიანებით ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი უწოდეს, თბილისის აეროპორტში კი ძეგლი დაუდგეს. მანამდე კი... 1913 წელს ძველი თბილისელები ტრამვაის ვაგონებზე გაკრულ პლაკატებს თვალს შეავლებდნენ თუ არა, ღიმილით ამბობდნენ: სულ ერთია, ვერ გაფრინდებაო.

გარდაიცვალა 1958 წელს 88 წლის ასაკში, თბილისში. დაკრძალულია მშობლიურ რაიონში.

 

 

კულტურა
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.