60 წლის წინ საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. ეს იყო საბჭოთა კავშირის ტრიუმფი, უდიდესი გამარჯვება ამერიკის შეერთებულ შტატებზე მასთან კოსმოსის სფეროში დაპირისპირებაში, ხოლო იური გაგარინი მსოფლიოში ცნობილ პიროვნებად იქცა. მრავალფეროვანი სადღესასწაულო ღონისძიებები, რომლითაც 12 აპრილს აღინიშნება კოსმოსში პირველი ისტორიული გაფრენა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ გაგარინი 60 წლის შემდეგაც ხიბლავს მსოფლიოს.
„ წავედით“, - ეს იყო ის ერთადერთი სიტყვა, რომელიც 1961 წლის 12 აპრილს მხიარულად წარმოთქვა გასაფრენად გამზადებული კოსმოსური ხომალდის კაბინაში მჯდარმა იური გაგარინმა.
60 წლის წინ საბჭოთა კოსმოსური ხომალდი „ვოსტოკ 1“ კოსმოსში ყაზახეთის უდაბნოში განლაგებული კოსმოდრომიდან გაფრინდა. და მიუხედავად მითქმა-მოთქმისა, რომ საბჭოთა კავშირი რაღაც ძალიან დიდ სანახაობას ამზადებდა, გაგარინის კოსმოსური გაფრენა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. საბჭოთა საინფორმაციო სააგენტო TASS-მა ცნობა მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც საბჭოთა კოსმონავტი ორბიტაზე მშვიდობიანად გავიდა.
გაგარინის გაფრენა შეერთებულ შტატებთან კოსმოსურ შეჯიბრებაში საბჭოთა კავშირის გამარჯვებას ნიშნავდა. საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი სიხარულისაგან თურმე მაგიდაზე ცეკვავდა. თავად 27 წლის იური გაგარინისათვის, რომელიც ამ გაფრენისთვის ორი წლის განმავლობაში ემზადებოდა, ეს იყო კულმინაცია, რამაც მას უთვალავი თაყვანისმცემელი შესძინა მთელ მსოფლიოში. მან დაამტკიცა, რომ ადამიანს შეუძლია კოსმოსში არსებობა, რითაც გზა გაუსხნა კოსმოსის შემდგომ ათვისებას. 108 წუთიანი ფრენის შემდეგ, გაგარინმა უსაფრთხოდ დატოვა კოსმოსური ხომალდი და მოსკოვიდან 800 კილომეტრის დაშორებით მდებარე საკოლმეურნეო ფერმაში დაეშვა.
ათი ნაკლებადცნობილი ფაქტი იური გაგარინის და მის მიერ განხორციელებული პირველი კოსმოსური გაფრენის შესახებ.
1. როგორც ჩანს, გაფრენის წონ გაგარინი ძალიან ნერვიულობდა, ეს სტარტი ხომ ფაქტიურად სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვას ნიშნავდა, ამიტომ მან სტარტამდე 2 დღით ადრე გამოსამშვიდობებელი წერილი დაუწერა მეუღლეს და შვილებს იმ შემთხვევისათვის, თუ გაფრენა კატასტროფით დამთავრდებოდა. საგულისხმოა, რომ ეს წერილი მეუღლეს მხოლოდ 1968 წლის 27 მარტს გადასცეს, როცა იური გაგარინი საცდელი გაფრენის დროს საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.
2. კოსმოსურ ხომალდამდე იური გაგარინი ორმა დუბლიორმა მიაცილა.: გერმანე ტიტოვმა და გრიგორი ნელიუბოვმა, თუმცა მეორე დუბლიორის არსებობის შესახებ ფაქტი მხოლოდ წლების შემდეგ გახდა ცნობილი. ტიტოვს და გაგარინს სკაფანდრები ეცვათ, ხოლო ნელიუბოვი ჩვეულებრივ სამხედრო ფორმაში იყო, მაგრამ განსაკუთრებით გამოუვალ შემთხვევაში ის მზად იყო შეეცვალა გაგარინი და ტიტოვი. ნელიუბოვის შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული, მხოლოდ შემდეგ გახდა ცნობილი, რომ გაგარინის გაფრენიდან მალე ის უდისციპლინობის და ლოთობის გამო გამოაგდეს ჯგუფიდან და მალე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
3. «Восток-1»-ის გაფრენა განხორციელდა სრულ ავტომატურ რეჟიმში. ეს იმით იყო განპირობებული, რომ არავინ არ იცოდა, თუ რამდენად შეინარჩუნებდა კოსმონავტი შრომისუნარიანობას უწონობის პირობებში. მხოლოდ განსაკუთრებით უკიდურეს შემთხვევაში შეეძლო გაგარინს გამოეყენებინა კოდი, რომელიც საშუალებას მისცემდა თავად ემართა ხომალდი.
4. გაფრენამდე რამოდენიმე ხნით ადრე იქნა დაწერილი პირველი კოსმონავტის მიმართვა საბჭოთა ხალხისადმი: ის დაწერილი იქნა სამ სხვადასხვა ეგზემპლარად. ასევე სამ ეგზემპლარად იქნა დაწერილი ТАСС-ის პირველი განცხადება კოსმოსური გაფრენის შესახებ: 1. თუ წარმატებით განხორციელდებოდა გაფრენა; 2. თუ კოსმონავტი უკვალოდ დაიკარგებოდა კოსმოსში; 3. თუ კატასტროფა მოხდებოდა და რაკეტა აფეთქდებოდა.
5. «Восток-1» -ის გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა: რაკეტის ჰერმეტულობის შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მისი ლუკი არაჰერმეტულად იხურებოდა. ამის გამო შესაძლებელი იყო ფრენა გადაეტანათ, ეს კი დიდ აურზაურს გამოიწვევდა. რაკეტის კონსტრუქტორმა ოლეგ ივანოვსკიმ ნამდვილი გმირობა გამოიჩინა: მან წამებში მოახერხა და გამოცვალა ლუკის 30 ჭანჭიკი. კვლავ მოხდა შემოწმება ჰერმეტიზაციაზე და როცა გადამცემმა დადებითი სიგნალი აჩვენა, ყველამ შვებით ამოისუნთქა: ფრენის გადატანა აღარ იყო საჭირო.
6. სტარტის უკანასკნელ წუთებში გაგარინმა წარმოთქვა ფრაზა, რომელსაც კარგა ხანს არ ახმაურებდნენ: " ვიწვი, მშვიდობით, მეგობრებო". საქმე იმაშია, რომ ზუსტად არავინ არ იცოდა, რა მოხდებოდა რაკეტის ატმოსფეროს სქელ ფენებში გავლის დროს. ამიტომ გაგარინმა, რომელმაც ილუმინატორიდან ცეცხლის მგრგვინავი ალი დაინახა, ჩათვალა, რომ ხომალდი იწვოდა და მალე აფეთქდებოდა. სინამდვილეში კოსმოსური ხომალდის ცეცხლგაუმტარი გარსის ხახუნის ძალა ატმოსფეროსთან-ეს მუშა პროცესია, რომელიც დამახასიათებელია ყველა კოსმოსური გაფრენის დროს. დღეს კოსმონავტები უკვე აღარ უფრთხიან ამ საოცარ სანახაობას, რომელსაც ხომალდის სტარტის დროს ხედავენ.
7. ცნობილი კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ესაუბრება გაგარინი მთავარ კონსტრუქტორს იური კარალიოვს ხომალდის ბორტზე სტარტამდე რამდენიმე წუთით ადრე - ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტაციაა, რომელიც გაცილებით გვიან გადაიღეს. საქმე იმაშია, რომ რეალური სტარტის წინ არავის სცხელოდა ფოტო და კინოგადაღებისათვის. მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ გადაწყვიტეს ოპერატორებმა ქრონიკის აღდგენა და სთხოვეს გაგარინს და კარალიოვს ხომალდის კაბინაში ის სცენა გაემეორებინათ, რაც სტარტამდე მართლაც მოხდა.
8. «Восток»-ის კოსმოსურ ხომალდებზე არ იყო გათვალისწინებული დასაჯდომი მოწყობილობა კოსმონავტის უსაფრთხო დაფრენისათვის. პილოტები უბრალოდ ახდენდნენ კატაპულტირებას 1500 მეტრი სიმაღლიდან. ეს იმით იყო განპირობებელი, რომ ამ ხომალდებს არ ჰქონდათ რბილი დაშვების ძრავები. გარდა ამისა, კონსტრუქტორები ეჭვობდნენ, რომ დაშვების დროს კოსმოსური ხომალდის ლუკი უბრალოდ მიედუღებოდა ხომალდის გარსს და იქედან გამოსვლა შეუძლებელი იქნებოდა.
იმის გამო, რომ დაშვება ხომალდის გარეშე მოხდა, საერთაშორისო აერონავტიკის ფედერაცია პირველ კოსმოსურ გაფრენას არ ცნობდა, ამიტომ საბჭოეთის წარმომადგენლებმა მოიტყუეს, თითქოსდა გაგარინი დედამიწაზე ხომალდის კაბინით დაეშვა. სიმართლე მხოლოდ 1964 წელს გამოირკვა.
9. ერთ-ერთი გახმაურებული თემა, რომელიც დაკავშირებული იყო გაგარინის გაფრენასთან კოსმოსში: წარწერა «СССР» პირველი კოსმონავტის მუზარადზე. ეჭვები წამოვიდა იქედან, რომ სტარტის წინ გადაღებულ ფოტოებზე ზოგან არის ეს წარწერა, ზოგან კი არ ფიგურირებს. საოცარია, მაგრამ თუ როგორ მოხდა ეს, ზუსტი პასუხი არავინ იცის. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, სკაფანდრის შემქნელებს უბრალოდ დაავიწყდათ მუზარადზე წარწერის გაკეთება და მხოლოდ სტარტის წინ, ნიკიტა ხრუშჩოვის დაჟინებული მოთხოვნით ხელდახელ გააკეთეს წარწერა. ეს მოხდა სტარტამდე 20 წუთით ადრე და წარწერა გაკეთებული იქნა პირდპირ გაგარინის თავზე, ისე, რომ მუზარადი მისთვის არ მოუხსნიათ (სკაფანდრის ჩამა-გახდას რამოდენიმე საათი ჭირდებიდა). ამიტომაა, რომ ის ზოგ ფოტოზე ჩანს, ზოგზე კი არა.
10. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, იუმორნარევი წვრილმანი ადამიანის პირველ გაფრენაზე კოსმოსში დაკავშირებულია გაგარინის ...ფეხსაცმლის თასმებთან. როცა გაგარინი ოფიციალურ მიღებაზე მივიდა, რათა ხრუშჩოვისათვის მოეხსენებინა პირველი კოსმოსური გაფრენის წარმატებით განხორციელების შესახებ, კადრში მოხვდა მისი ფეხსაცმლის შეუკრავი თასმები. ამ უბრალო, საყოფაცხოვრებო დეტალმა კიდევ უფრო მეტი სიყვარული გამოიწვია ხალხში გაგარინის მიმართ. ამბობენ, რომ ნიკიტა ხრუშჩოვის შვილი სერგეი, რომელიც ამ ცერემონიას ესწრებოდა, მივიდა გაგარინთან და მას დაეხმარა თასმების შეკვრაში.
მიუხედავად სახელგანთქმული კოსმონავტის დატვირთული დღის წესრიგისა, გაგარინი დაჟინებით აგრძელებდა საცდელ ფრენებს. ერთ-ერთი ასეთი საცდელი გაფრენის დროს იგი, 34 წლის ასაკში, დაიღუპა ინსტრუქტორ ვლადიმირ სერიოგინთან ერთად. 1968 წლის 27 მარტს „მიგ 15“ ტიპის თვითმფრინავი გაურკვეველ ვითარებაში დაიმსხვრა, რამაც მთელ მსოფლიოში მრავალ ვერსიას დაუდო სათავე. ზოგი ფიქრობს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გახდა მართვის კონტროლის დაკარგვა, მეორენი კი ფიქრობენ, რომ კატასტროფის მიზეზი გახდა მეორე თვითმფრინავის ქვემოდან შეფრენით წარმოქმნილი ტურბულენტური თუ ატმოსფერული ბურთი, რაც გვიან შენიშნეს. მრავალ ადამიანს სჯერა, რომ გაგარინი მოკლა საბჭოთა კაგებემ, ნასვამი მართავდა შტურვალს ანდა შეგნებულად მოახდინა ავარია, რადგან ვეღარ გაუძლო საკუთარ დიდებას.
გაგარინის თაყვანისმცემლები დღემდე მოითხოვენ კოსმონავტის მისტიკური დაღუპვის ნამდვილი მიზეზის დადგენას.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.