USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
პაველ ჰერჩინსკი - საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებად სავარაუდოა
თარიღი:  662

მომავალ დღეებსა და კვირებში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო განიხილავს საქართველოს საკითხს, საქართველოში არსებულ მდგომარეობას, - ამის შესახებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხვალ, 8 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე საპარლამენტო დებატები გაიმართება. სიტყვის წარმოსათქმელად მიწვეულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ვფიქრობ, მისი სახელით ერთ-ერთი ევროკომისარი გააკეთებს ამას. შემდეგ კვირას კი, 14 ოქტომბერს, გაიმართება ევროკავშირის საგრეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც ასევე საქართველოს საკითხი ოფიციალურად არის დღის წესრიგში შეტანილი. 27 მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რომ განიხილოს საქართველოში არსებული სიტუაცია, შემდეგ, 17 და 18 ოქტომბერს, გვექნება ევროპული საბჭო და როგორც ვიცი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ასევე შესთავაზა ევროკავშირის 27 ლიდერს - პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს,რომ განიხილონ საქართველოს საკითხი და ასევე ჩვენ ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას ოქტომბრის მეორე ნახევარში, რაც, სავარაუდოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მოხდება“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხს 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ, არ არის კარგი ნიშანი.

„ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროპარლამენტში, საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ლიდერები, არ არის კარგი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულები არიან, ეს ნიშნავს, რომ ვღელავთ განვითარებული მოვლენების გამო. ნამდვილად გულსატკენი იყო, რომ ივნისში, ევროპულ საბჭოზე, ევროკავშირის 27-მა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა კოლექტიურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს საჭირო გახდა ძალიან შემაშფოთებელი საკანონმდებლო ინიციატივების გამო, საქართველოს ხელისუფლების ძალიან შემაშფოთებელი ინიციატივების გამო, ძალიან შემაშფოთებელი ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდის, ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების გამო, რომელიც არ შეწყვეტილა. ეს არის ძალიან დრამატული გადაწყვეტილება, მაგრამ საქართველო-ევროკავშირის დღევანდელი ურთიერთობის რეალობაა, რომელიც ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ შეიცვლება, ვინც არ უნდა იქნას არჩეული“, - აღნიშნა ელჩმა

ევროკავშირის ლიდერების მიერ უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომ შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეთხოვათ საქართველოს ხელისუფლებისთვის სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებად სავარაუდოა და 27 წევრი სახელმწიფოს პოზიტიური გადაწყვეტილება, გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიში პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური და მიიღებენ თუ არა ევროკავშირის ლიდერები საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას, ელჩმა უპასუხა, რომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გასცემს.

„უნდა დაველოდოთ გაფართოების ანგარიშს. თუმცა, გავიმეორებ, რაც უკვე მითქვამს, რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომ შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეთხოვათ საქართველოს ხელისუფლებისთვის სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებად სავარაუდოა და 27 წევრი სახელმწიფოს პოზიტიური გადაწყვეტილება, გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა“, - აღნიშნა ელჩმა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის