USD 2.7154
EUR 3.1621
RUB 3.3985
Tbilisi
პაველ ჰერჩინსკი - საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა - გთხოვთ, წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს და მისწრაფებებს
Date:  589

არჩევნები დემოკრატიის ზეიმია, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს არჩევნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ოთხ დღეში გექნებათ შესაძლებლობა, წახვიდეთ და აირჩიოთ თქვენი მომავალი მთავრობა. არჩევნები დემოკრატიის ზეიმია, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს“, - აღნიშნა ელჩმა.

მან კვირას თბილისში გამართულ პროევროპულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, სიამაყის დღე იყო.

„კვირას მე დავინახე თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა. ევროკავშირის ელჩისთვის ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე. დავინახე უამრავი ხალხი, უამრავი ახალგაზრდა. ახალგაზრდები, თქვენი შვილები - ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს, ისინი იმსახურებენ, ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში, მათ არ უნდა ეძიონ უკეთესი ცხოვრება სადმე სხვაგან. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დარჩნენ, იცხოვრონ, იმუშაონ თავიანთ მშვენიერ საქართველოში“, - აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ისტორიულ მინიმუმზეა.

„როგორც იცით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირის ლიდერებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგი. ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის ეს ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ნახეთ, რა მოხდა მოლდოვაში. ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში, მაგრამ ყველა ხმა მნიშვნელოვანია. აქტიურობა იყო ძალიან დაბალი, ასე რომ, გადით და მიეცით ხმა, მიეცით ხმა თქვენი მომავლისთვის და თქვენი შვილების მომავლისთვის. ევროკავშირი არის წარმატების უზარმაზარი ისტორია, ეს არის მშვიდობის პროექტი, ეს არის განვითარების გარანტია, ეს არის ღირსეული ცხოვრების გარანტია, არა რამდენიმე მდიდრის ცხოვრების. ეს არ არის რამდენიმე მდიდრის მდიდრული ლიმუზინი, ეს არის ღირსეული ცხოვრება ყველასთვის. მაგრამ ეს თქვენს ხელშია. ევროკავშირმა ხმამაღლა და გარკვევით განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება, კარი გაგვეღო საქართველოსთვის, გელოდებით, მაგრამ ეს კარი თქვენ უნდა გაიაროთ, ამას თქვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს. ეს არის თქვენი არჩევანი“, - აღნიშნა ელჩმა.

„სხვისი არავისი არის - საქართველო არის შენი, წინ საქართველო, წინ“, - განაცხადა ელჩმა ქართულად.

society
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way