USD 2.7949
EUR 3.0319
RUB 3.0972
თბილისი
პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება
თარიღი:  381

136 მომხრე, 5 მოწინააღმდეგე - საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც იცვლება არჩევნებში მანდატების გადანაწილების წესი. ცვლილებების კანონად ქცევისთვის სამი მოსმენაა საჭირო და თითოზე მინიმუმ 113 ხმა.

 

ამ ცვლილებების მიხედვით, 77-დან 120-მდე იცვლება პროპორციულად არჩეული დეპუტატების რიცხვი, ხოლო 73-დან 30-მდე მცირდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა.

ამ დროის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარს უჭერდნენ: "ქართული ოცნების", "ევროპული საქართველოს", "პატრიოტთა ალიანსის", "სოციალ-დემოკრატების", "კონსერვატიული პარტიის" წევრები. კანონპროექტის მომხრეების რიცხვში იყვნენ დამოუკიდებელი დეპუტატების ერთი ნაწილიც. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.

უცნობი ნაცნობი
თემურ ქორიძე: "დიდი მეორე - უკანასკნელი ქართველი მსოფლიო პოლიტიკაში"
ჟურნალისტი თეიმურაზ ქოორიზე საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ედუარდ შევარდნაძესთან მისი უკანასკნელ ინტერვიუს აქვეყნებს.
თბილისი პოსტი უცვლელად გთავაზობთ ამ ინტერვიუს:
 
"ძნელი სათქმელია, როგორ შეაფასებს შევარდნაძის მოღვაწეობას და პიროვნულ თვისებებს მისი მშობელი ხალხი. ის კი ცხადია, რომ მან კარგა ხანია დაიმკვიდრა ადგილი კაცობრიობის ისტორიაში, როგორც „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ერთ-ერთმა შემოქმედმა; მასთან ერთადვე დასამარდება იმედი, რომ ქართველი პოლიტიკური მოღვაწე მსოფლიო პროცესების მართვაში ოდესმე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
პირველი „დიდი“ იოსებ ჯუღაშვილი იყო. სწორედ მისი ფოლადისებური ნებით შეიქმნა მსოფლიო სოციალისტური სისტემა და „იმპერიალისტურ“ და „სოციალისტურ“ ბანაკებს შორის რკინის ფარდა დაეშვა. „ფარდის“ ორივე მხარეს ჩასანგრებულთა შორის ხანგრძლივი და დაუნდობელი „ცივი ომის“ ეპოქა ჩამოწვა.
 
ედუარდ შევარდნაძე იყო „დიდი მეორე“. კაცი, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „დიადი დიდის“ უმტკიცესი დუღაბით ნაშენი კოლოსალური ციხესიმაგრის ნგრევასა და „ცივი ომის“ შეჩერებაში. როგორც ხატოვანი სიტყვა-თქმების მოტრფიალეები ამბობენ, ერთი ქართველი ისტორიაში შევიდა ბერლინის კედლის ამშენებლად, მეორე - მის დამანგრევლად.
 
„დიდი მეორე“ მიახლოვდება და თავის თბილ, ფაფუკ ხელს მართმევს.
- დაბრძანდი, დაბრძანდი. ბოდიშს გიხდი, მგონი ცოტა დავაგვიანე, არა?
- არა, რას ბრძანებთ. მე თეიმურაზ ქორიძე ვარ, ჟურნალისტი. ბოდიშს მე გიხდით შეწუხებისთვის. თქვენთან...
- ჰო, გიცნობ მე შენ, გიცნობ. მაინც რამდენი ხართ ეს თეიმურაზ ქორიძეები, აა? - სიტყვა გამაწყვეტინა შევარდნაძემ და ფართოდ გაიღიმა, - ვიცი, აბა, უსაქმოდ ხომ არ მოხვიდოდი. ადრეც შევხვედრივართ. თუ არ ვცდები, შურღაიამ რომ ტელევიზია „დაიპყრო“, იმ დღეს. კიდე აჭარაში იყავი ჩემთან ერთად, ასლან აბაშიძეს რომ შევხვდი... ისიც მახსოვს, შეხვედრების შემდეგ, ბანკეტზე ჩემი ხმით შენს კოლეგებს ანეკდოტებს რომ უყვებოდი. - თავისი მომხიბლავი ღიმილი შემომანათა და მხარზე ხელი მომითათუნა. - ისე, ამ ბოლო დროს ვერიდები ინტერვიუების მიცემას - იწყება მერე, შევარდნაძემ ეს თქვა, ის თქვა...
... ჩაის ხო დალევ? ნამდვილი ჩაია, იქიდან მიგზავნიან...
 
... ჩაის ვსვამთ. უფრო ზუსტად, თითქმის უშაქრო მართლაც არომატულ ჩაის ნება-ნება მე ვწრუპავ და უნებურად მის წარმომავლობაზე ვფიქრობ - ეს „იქიდან“ შევარდნაძის სამშობლო გურიაა თუ ჩაის სამშობლო ჩინეთი. გადამდგარი პრეზიდენტი ხელი-ხელ გადაჭდობილი ზის და თვალი დარბაზის შორეული კუთხისთვის გაუშტერებია.
 
- ჰო, გიცნობ მე შენ. სანამ აქ მოხვიდოდი, რაღაცეებს კიდევ გადავხედე... შეიძლება ჩემს შესახებ ზოგი რამ არ იცოდე, ან საიდან უნდა იცოდე...
 
- რამდენი წელია ერთი კითხვა მაწვალებს, ბატონო ედუარდ - როგორ მოხდა, რომ 2003 წლის ნოემბერში თქვენმა პოლიციამ, სპეცსამსახურებმა სააკაშვილი და მისი ხალხი ჯერ ასე ახლოს მიუშვა პარლამენტის შესასვლელთან და მერე შენობის კარიც გაუღო?
 
- 1998 წლისთვის საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით უკვე სტაბილური ვითარება შეიქმნა. ეს ძნელი მისაღწევი იყო, ძალიან ძნელი - აქეთ „მხედრიონი“, იქით კიტოვანი, იმის იქით კიდე „ზვიადისტები“; სამოქალაქო დაპირისპირება; ხელისუფლებაში კარგად ფეხმოკიდებული თაღლითები, მექრთამეები და ფსევდო-პატრიოტები; შეიარაღებული ბანდები; რა ვიცი, რაღა არა... ძნელი და მტკივნეული პროცესი იყო ეს, ძალიან ძნელი და მტკივნეული. მართალია, აფხაზეთის ომი წავაგეთ - ოდესმე ამაში დამნაშავე ავანტურისტების ვინაობაც გაირკვევა - მაგრამ, რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის განვითარების და მომავლის იმედი შევინარჩუნეთ.
 
საქართველოს ხელისუფლებებს ყველა ეპოქაში, ასე ვთქვათ, ბეწვის ხიდზე სიარული უწევდა - ბიზანტია, ირანი, არაბთა სახალიფო, ოსმალეთი, რუსეთი, ჩრდილო-კავკასიური ტომები... მოკლედ, იცი შენ ყველაფერი ეს. გამონაკლისი არც გასული საუკუნის 90-იანი წლები ყოფილა. ჩვენ როგორმე ისე უნდა გაგვევლო დასავლეთის სამყაროსა და რუსეთს შორის გადებული ხიდი, რომ უფსკრულში არ გადავჩეხილიყავით. კი ბატონო, კარგია დასავლური ღირებულებებისადმი ჩვენი სწრაფვა, მარა რუსეთის ფაქტორის გაუთვალისწინებლობა დამღუპველია. ეს ყველამ იცის, ყველამ, თუმცა რუსების გინება და გულზე მუშტების ბაგუნი უფრო მომგებიანია პოლიტიკაში თავის გამოსაჩენად. 1998 წლის ბოლომდე დასავლეთის ინტერესი და დახმარება საქართველოსადმი სიმბოლური იყო. ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ მათ საქართველოში აშკარად პროდასავლური და ამავე დროს ანტირუსული ძალა სჭირდებოდათ. ჩემი ხელისუფლებაში ყოფნა არც რუსეთს აწყობდა - კრემლს შევარდნაძე დღესაც საბჭოთა იმპერიის დამანგრევლად და მოსისხლე მტრად მიაჩნია... მე კი არ დავანგრიე, კაცო, მსოფლიო სოციალისტური სისტემა და საბჭოთა კავშირი, ისტორიამ დაანგრია. მე, უბრალოდ, ამ მოვლენებთან ახლოს აღმოვჩნდი და ხელი არ შემიშლია...
ახლა იმასაც ვფიქრობ, სწორი იყო თუ არა ჩემი მონაწილეობა მსოფლიო სოციალისტური სისტემის ნგრევაში, რამაც კაცობრიობას უამრავი უბედურება მოუტანა და კიდევ ბევრ უბედურებას მოუტანს.
 
რუსეთი ძალიან საშიში პარტნიორია. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, მე ორ ძალას შორის ლავირება ვცადე, რაც, ჩემი აზრით, საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანდა. ეს არც ერთ მხარეს არ აწყობდა. ამიტომაც მომიშორეს. თანაც, ასაკი...
რატომ გიყვები, იცი, ამას? - სწორედ ამ დროიდან, ცოტა უფრო ადრეც დაიწყო შევარდნაძის შემცვლელი ძალის მომზადება. ვიცი მე ეს, მეც მყავდა ჩემი წყარო, მარტო ჟურნალისტებს კი არ გყავთ...
 
ოღონდ აქ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - თუ ხელისუფლების გადაბარება არჩევნების გზით, მშვიდობიანად მოხერხდებოდა, მაშინ სააკაშვილისნაირი ტიპები უშანსოდ დარჩებოდნენ. ეს არც ამერიკელებს აწყობდა და არც რუსებს... მითქვამს მე ეს და კიდევ გავიმეორებ - სააკაშვილი ორივეს აწყობდა, ასე ვთქვათ, რუსეთ-ამერიკის ერთობლივი პროექტი იყო. უპრინციპო, ადვილად სამართავი კაცია და იმიტომ.
2003 წლის ბოლოსთვის უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი და, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, უკვე ყველა გადაბირებული იყო. ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ერთი კახა თარგამაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი, რჩებოდა ჩემს თანამოაზრედ და ისიც ჟვანიას კატეგორიული მოთხოვნით, იძულებული გახდა გადამდგარიყო. მე თვითონ ვთხოვე.
 
ამას იმიტომ გეუბნები, დემონსტრანტებისთვის გზა რომ გადაგვეკეტა, იქ ჩანერგილი პროვოკატორები აუცილებლად ვინმეს მოკლავდნენ და დიდი სისხლი დაიღვრებოდა. ვიცოდი მე ეს, ვიცოდი. ისიც კი ვიცი, ვინ ხელმძღვანელობდა ამ ამბავს. არ ღირს პრეზიდენტობა, პირველკაცობა, საერთოდ, არაფერი არ ღირს ადამიანების სისხლად. ამიტომ წავედი სახლში! ძალიან მწყდება გული, ბევრ ადამიანზე მწყდება გული, აი, ღალატს რომ არ ველოდი, იმ ადამიანებზე...
 
- წეღან ბრძანეთ, პრეზიდენტობა, საერთოდ, პირველკაცობა ადამიანის სისხლად არ ღირსო. მაპატიეთ, მაგრამ ამ დასკვნამდე თქვენი პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ მიხვედით, თუ ადრეც ასე ფიქრობდით?
 
- ხო, ვხვდები, რასაც გულისხმობ. ჩემი ცეკას მდივნობის პირველ წლებს, არა? მართალი ხარ, ეს ჩემი შეცდომა იყო. მაშინ გულწრფელად ვიყავი დარწმუნებული, რომ კორუფცია, ბიუჯეტის ძარცვა, შემოსავლების მალვა მართლაც შეუთავსებელი იყო მმართველობის კომუნისტურ წესთან - თუ საერთო-სახალხო საკუთრებაა, როგორ შეიძლება ადამიანი საკუთარ თავს ძარცვავდეს! გვიან მივხვდი, რომ მმართველობის კომუნისტური წესი თავის თავში გულისხმობდა ამ მანკიერებებს, სხვანაირად შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ერთ რეგიონში, საქართველოში, წესრიგის დამყარების მცდელობა წინასწარ განწირული იყო. ხომ გითხარი, ამას გვიან მივხვდი. თუმცა, ერთი რამეცაა - ის ღონისძიებები რომ არ გაგვეტარებინა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ცუდი შედეგები დადგებოდა, ქვეყანას მთლიანად ქურდული სამყარო დაეპატრონებოდა...
ჰო, 96-ე პრიმა მუხლი, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დატაცებისთვის სასჯელის უმაღლეს ზომას რომ გულისხმობდა, სისხლის სამართლის კოდექსში მე კი არ შემიტანია!
 
„თვითმფრინავის ამბავშიც“ მე მადანაშაულებენ - არიქა, შევარდნაძემ უდანაშაულო ბიჭები დაახვრეტინაო, შევარდნაძეს იმ ბიჭების გადარჩენა შეეძლო და არ გადაარჩინაო... არ შეიძლება ასე ლაპარაკი, მეც ადამიანი ვარ და მყოფნის ჩემი ცოდვები! მაშინ მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით, იქ დანაშაული იყო ჩადენილი, უმძიმესი დანაშაული - ბანდიტური ჯგუფის შექმნა, სამშობლოს ღალატი, თვითმფრინავის გატაცება, ადამიანების წინასწარ განზრახული მკვლელობა. ყველაფერი ეს ერთად და ცალკ-ცალკე სიკვდილით ისჯებოდა. ვითარებას ისიც ამძიმებდა, რომ მანამდე საბჭოთა კავშირში რამდენიმე მსგავსი დანაშაული მოხდა.
 
ცხრა აპრილის მოვლენებსაც მე მაბრალებენ... მე რა შუაში ვარ? მაშინდელ ხელისუფლებასაც და, განსაკუთრებით, აქციის ორგანიზატორებს, უნდა სცოდნოდათ, რომ ასეთ რამეს კრემლი დაუსჯელად არ დატოვებდა. თვითონ ორგანიზატორებს სჭირდებოდათ ეს სისხლიანი ვაკხანალია. ჯერ სისხლი ღვარეს და მერე ისარგებლეს კიდეც...
 
კომუნისტურ ეპოქაში მაღალ თანამდებობაზე ყოფნა შეუძლებელი იყო სისასტიკის გარეშე. ახლა არ არის ამის აუცილებლობა, არც ვინმე მოითხოვს, მაგრამ ნახეთ, კაცმა „ნულოვანი ტოლერანტობა“ გამოაცხადა! ეს ცუდად დამთავრდება ქვეყნისთვისაც, პირადად მისთვისაც და მისი „გუნდისთვისაც“. დაიმახსოვრეთ ეს.
 
- მაპატიეთ, მგონი, ძალიან შეგაწუხეთ, მაგრამ იქნებ ორიოდ სიტყვით საქართველოს დღევანდელი ვითარება შეაფასოთ?
 
- არა, შეწუხება რა შუაშია, განვიცდი ამას ყველაფერს. მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ, აქ მიცხოვრია და აქ უნდა დავიმარხო, ჩემი ნანულის გვერდით... დღევანდელი საქართველოს ვითარება ძალიან მძიმეა, ძალიან მძიმე. რუსულ-ამერიკულმა პროექტმა აშკარად ვერ გაამართლა. რა გგონია, სააკაშვილი ისეთი ბრიყვია, არ იცოდა, რომ რუსეთს ომს ვერ მოუგებდა? იცოდა, ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ მაინც ჩაება წინასწარ განწირულ ავანტურაში და სავალალო შედეგიც მოიმკა. ჩვენ აფხაზეთში ცამეტი თვის განმავლობაში ვუმკლავდებოდით რუსეთის და დაქირავებულების კბილებამდე შეიარაღებულ არმიას. ცამეტი თვის განმავლობაში! შენც, ბევრი სხვა ჟურნალისტიც იყავით იქ და იცით, რა რესურსები გაგვაჩნდა. შიდა არეულობა რომ არა, სამოქალაქო დაპირისპირება რომ არა, ნაძირლობა და გამყიდველობა რომ არა, არავინ იცის, ის ომი როგორ დამთავრდებოდა. არ მინდა მაგ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ის ომიც ჩემი ნების და სურვილის წინააღმდეგ დაიწყო. ოდესმე ყველაფერი გაირკვევა. ხო, ჩვენ იმ პირობებში, იარაღი და სურსათი რომ არ გვქონდა, რეგულარული ჯარი რომ არ გვყავდა, პროფესიონალი საველე მეთაურები რომ არ გვყავდა და ზურგში რომ გვესროდნენ, იმ პირობებში ცამეტი თვე ვიომეთ. შარშან აგვისტოში სააკაშვილმა ერთი დღეც ვერ გაუძლო, მთელი სამხედრო პოტენციალი და ნახევარი საქართველო ჩააბარა რუსეთს!
 
დღეს საქართველოში უმძიმესი ვითარებაა, ყველა თვალსაზრისით. სააკაშვილის ხელისუფლება აშკარად გაკოტრებულია. რუსეთშიც და ამერიკაშიც მიმდინარეობს მისი შემცვლელის ინტენსიური ძებნა. არ არის ეს იოლი საქმე, მარა, ალბათ გამოიძებნება ძალა, რომელიც მას შეცვლის. დარწმუნებული ვარ, ისიც რუსულ-ამერიკული პროექტი იქნება... ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დიდი ქვეყნების, განსაკუთრებით, რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად გადაწყვეტილებების მიღება თითქმის წარმოუდგენელია.
 
მეტსაც გეტყვი, სააკაშვილის შემდგომი საქართველოს ხელისუფლება განწირული იქნება წარუმატებლობისათვის - იგი მართვის სააკაშვილისეულ ძალადობრივ მეთოდებს ვერ გამოიყენებს, ეკონომიკური პოტენციალიც თითქმის ამოწურული დახვდება. თითქმის ამოწურული იქნება საქართველოს ხელისუფლებისადმი საერთაშორისო ნდობის ლიმიტიც...
 
გამომშვიდობების დროც დადგა. წამოვდექი. მასპინძელიც წამოდგა.
 
- ხო, გადავცემ პაატას შენს თხოვნას და დაგიკავშირდებიან ჩემი სახელით. მეც მაქვს შენთან ერთი პატარა სათხოვარი...
 
- ?
 
- ვიცი, ჟურნალისტი ხარ და ასეთი შემთხვევა ხელიდან არ უნდა გაუშვა. კი ბატონო, დაწერე, რაც გინდა, მარა ძალიან გთხოვ, სანამ ცოცხალი ვარ, არ გამოაქვეყნო - დაიწყება კიდე თავიდან ჩემი ლანძღვა-გინება. აი, როცა აღარ ვიქნები, მაშინ მარტო შენ გაგლანძღავენ - ამას შევარდნაძე არ იტყოდა, ჟურნალისტმა გამოიგონაო... ნუ გეშინია, კაცო, დიდ ხანს არ გალოდინებ, ოთხმოცი წლის ვარ უკვე... თანაც, გამიგონია, ჟურნალისტისთვის ლანძღვაც კაი რეკლამააო...
 
P.S. არ ვიცი, მეხუმრა თუ არა თავისი ენაკვიმატობით ცნობილი შევარდნაძე, მაგრამ მის თხოვნას მაინც ვასრულებ. მისდამი ჩემს თხოვნას რაც შეეხება, ხუთი წლის შემდეგაც არავინ შემხმიანებია.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.