USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
თბილისი
პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რიგ ფინანსურ დანაშაულებზე და კონკრეტულ პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვის შესახებ
თარიღი:  392

15 ოქტომბერს პარლამენტი, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ.

„ქართული ოცნების“ ინიციატივით ცვლილებები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ხორციელდება.

აღნიშნულ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, კონსტიტუციის დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ - ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მათ ნებისმიერი პარტიის წევრობა აეკრძალებათ და ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა დაუშვებელი იქნება. ასევე, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას და ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები.

გარდა ამისა, მოქმედმა პარტიებმა პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში არ უნდა გააწევრიანონ და პარტიულ სიებში არ უნდა წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება.

იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები მათ რიგებში ისეთ პირს მიიღებენ, რომელსაც პარტიის წევრობა აკრძალული აქვს, ეს პარტიის სისხლის სამართლებრივი წესით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ფინანსურ დანაშაულზე გასამართლებულ პირებთან დაკავშირებით მომზადებულ კიდევ ერთ ახალ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი ასევე დაჩქარებული წესით განიხილავს.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონსა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, შემდეგ კი პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში განიხილავს.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ მანამ, სანამ ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ.

ამასთან, სექტემბრის თვეში მიღებული და ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ფინანსურ დანაშაულებზე მსჯავრდებულებს საქართველოდან გასვლა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ეკრძალებათ და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მეშვეობით გამოიყენება. პარლამენტში წარდგენილი ახალი კანონის პროექტით კი, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე დაეკისრება.

პარლამენტმა 3 სექტემბერს, მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს საქართველოს დატოვებას უზღუდავს და ქვეყნიდან გასვლას 16 წლით უკრძალავს.

მსჯავრდებულს, რომელსაც ზიანის ანაზღაურება ეკისრება, ელექტრონული სამაჯურის ტარება ევალება, ხოლო მას და მის ოჯახის წევრებს ქონება, შესაძლოა, ჩამოერთვას და დაზარალებულის სასარგებლოდ მიექცეს.

ამავე კანონით, მსჯავრდებულს, სანამ ზარალს არ აანაზღაურებს, საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი თანხის ფლობა ეკრძალება; ასეთი პირისთვის ფულის ან ქონების გადაცემა ცალკე დანაშაულად ჩაითვლება და ისჯება ჯარიმით ან ხუთ წლამდე პატიმრობით.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის