USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Tbilisi
პაატა გიგაური - რა შეიძლება მოხდეს?
Date:  
2023 წელს დაპოსტილი რომელი პროგნოზები ახდა და რა შეიძლება მოხდეს 2024 წელს? გაითვალისწინეთ რომ ომი არის პოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალება და ყოველთვის მშვიდობით (ხშირად ზავით) სრულდება.
 
1.  „უკრაინა ვერ შეძლებს ძალის გამოყენებით პოლიტიკური მიზნების მიღწევას და მთლიანობის აღდგენას. ვერ გაარღვევენ რუსების ფრონტს და სტრატეგიულ თავდაცვაზე გადავლენ“.
 
ამის დაწერის დროს უკრაინა უტევდა, მაგრამ ვამჩნევდი რომ შედეგს ვერ დადებდნენ. 2024 წლიდან სტრატეგიულ თავდაცვაზე არიან და ნელნელა უკან იხევენ ზოგიერთ მიმართულებაზე. ამ ეტაპზე ფრონტს დიდად არ ემჩნევა უკრაინელების სასწაული მედეგობის გამო, მაგრამ რუსებმა შეტევის უბნებზე არტილერიაში, ავიაციაში (ზუსტი დამიზნების 80-100 ბომბს უშენენ დღეში საშუალოდ) და ცოცხალ ძალაში დიდი უპირატესობა მოიპოვეს. ასევე გათანაბრდა დრონების და რების (რადიო ელექტრონული ბრძოლა) გამოყენების რაოდენობა და ხარისხი.
უკრაინის ზურგში სერიოზულად ზიანდება ენერგოობიექტები, ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკის კვანძები. ეს ზამთარი უმძიმესი იქნება ენერგოობიექტების განადგურების გამო. უკრაინაც ცდილობს იგივეს, მაგრამ საკმარისი იარაღის არქონის და არსებულის ნაწილზე შეზღუდვების გამო რუსეთის ზარალი მათთვის ასატანია.
 
2023 წელს წარმატების ძალიან დიდი მოლოდინი შექმნა ზელენსკიმ და რახან შედეგი საერთოდ ვერ დაიდო, დასავლეთი ძალიან მოზომილი გახდა და როგორც ეხლახანს თავად თქვა პრეზიდენტმა, სუვერენიტეტს თუ შეინარჩუნებს უკრაინა (კაპიტულაცია არ მოხდება) დასავლეთში წარმატებად ჩაუთვლიან, 1991 წლის საზღვარზე გასვლა აღარ განიხილება.
 
მოკლედ: დასავლეთი არ დაუშვებს უკრაინის კაპიტულაციას, მაგრამ გამარჯვებად სხვა რაღაც ჩაითვლება და არა ის, რაც უკრაინას უნდოდა 2022-23 წლებში.
 
2. „მოხდება სასწაული, ანუ დასავლეთი იმდენ შეიარაღებას მისცემს, რისი მეშვეობითაც რუსეთი გარანტირებულად დამარცხდება, მაგრამ აშშ-გერმანია-საფრანგეთი არაა დაინტერესებული რუსეთის ჩამოშლით. კრებითი დასავლეთი არ აპირებს (ვერც ახერხებს) უკრაინის ნორმალურ დახმარებას“
 
სასწაული - რა თქმა უნდა, არ მოხდა, ირონიით მეწერა. ძირითადი მიზეზი რუსეთის დამარცხების მიზნის არქონაა, არაა დაინტერესებული აშშ და არც დასავლეთი რუსეთის ჩამოქცევით და მთავარი კონკურენტის, ანუ ჩინეთის სანედლეულო დანამატად გახდომით.
დასავლეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი არ აღმოჩნდა მზად ასეთი გამოწვევისთვის, რომც უნდოდეთ ვერ აწვდიან საჭირო რაოდენობის ჭურვებს და ა.შ. პლუს NATO-ს ქვეითის მომზადება და ზოგადი ტაქტიკა არ ამართლებს ამ ომში, რადგან მთლიანად ტოტალურ საჰაერო უპირატესობაზე და უძლიერეს ლოჯისტიკაზეა აგებული [ეს დიდი თემაა და აღარ დავწერ, თორემ ქვეითის მომზადების, მომარაგება-რემონტის, აბრამსის, ბრედლის, M113, არტილერიის და ა.შ. განხილვა უნდა დავიწყო. ის რაც კარგია აშშ-ს ჯარისთვის, არაა კარგი სხვა ტიპის ჯარისთვის].
პუტინმა მაგრად აურია დასავლეთს ხედვა და გეგმები (ისევე როგორც ჰიტლერმა თავის დროზე), მაგრამ პუტინი მარადიულად ხომ არ იქნება? მხოლოდ ინტერესია მუდმივი! 1914-1924 წლებში მაგრად დაეხმარნენ რუსეთს, 1941-1945 წლებში საერთოდ იხსნეს გაქრობისგან, ხოლო 1990-1992 წლებში ჩამოქცევისგან. რუსეთი აშშ-ინგლისის სტრატეგიული პარტნიორი იყო, არის და უნდათ რომ მომავალშიც იყოს (მაგრამ ისე, რომ კონტინენტური ევროპა თავის ეკონომიური და პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოქციოს. მაგ.: მაგიტომ ააფეთქეს გაზსადენი „ნორდსტრიმი“). ეხლა რომ დაძაბულობაა ეგ არაფერს არ ნიშნავს, ინტერესი არ შეცვლილა.
 
ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი: პუტინი ერთი ერთში იმეორებს ჰიტლერის ქცევას, რომელიც არსებული მსოფლიო წესრიგით უკმაყოფილო იყო და დემოკრატიული ძალის სისუსტის გამო იარაღის ძალით სცადა გავლენის სფეროების ახალი გადანაწილება. ჰილტერი მოკავშირეებმა (სსრკ-აშშ-ბრიტანეთი) დაამარცხეს (შედეგად შეიქმნა ორპოლუსიანი სამყარო: აშშ - სსრკ), მაგრამ ეხლა მაშინდელ მოკავშირეებს შორისაა შეხლა-შემოხლა. ჩვენს თვალწინ რუსეთმა იარაღის ძალით ინიცირება გაუკეთა მსოფლიოში სფეროების ახალ გადანაწილებას (აქამდე არსებული წესრიგი დაივიწყეთ, წარსულია უკვე გაერო-შმაერო, საერთაშორისო სამართალი და ეგეთები), ეს რით დასრულდება „ომის ნისლშია“ გახვეული და არ ჩანს ამ წუთას, მაგრამ კონტურები გამოიკვეთა (მაგ.: ბრიქსი. აფრიკის გადანაწილება და ა.შ.). მრავალპოლუსური სამყარო რანაირი იქნება და ვინ სად მოხვდება პროცესის საგანია. ერთი რამეა 100% იანი, სამხედრო ძალით სუსტები (გასაგებია რომ ისლანდიისნაირ ქვეყნებზე არაა საუბარი) დაიჩაგრებიან (მაგ.: სომხებმა ახალ რეალობას ვერ აუღეს ალღო და ძველი პარადიგმით მოქმედებდნენ, რის გამოც დაკარგეს ყარაბაღი. ახალ რეალობაში ალიევი მუშაობს იდეალურად).
 
მოკლედ: ახალი მსოფლიო წესრიგები იქმნება ახალი გადანაწილებების შემდეგ, როგორც მშვიდობის გარანტია. მაგიტომ შექმნეს თავის დროზე ერთა ლიგა და მერე გაერო, დიდი ომები რომ აღარ ყოფილიყო და ყველას ინტერესი დაკმაყოფილებულიყო როგორმე. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ორიდან ერთი პოლუსი დაეცა, გამარჯვებული პოლუსი ცხრომას და ტკბობას მიეცა. ამასობაში დაბოღმილმა დამარცხებულმა ხმალი ალესა და იშიშვლა, არ მაწყობს ეგრეო ... არაფერი ახალი, მსოფლიო გამოცდილება ისტორიულად ასეთია .. „ნებითა შენითა, თუ ძალითა ჩემითა?“
 
3. „თუ რუსეთმა დაინახა რომ შეუძლია უკრაინის სამხედრო დამარცხება, დაიწყებს ძალიან დიდ შეტევას და ეცდება პოლიტიკური მიზნების სრულად მიღწევას“
 
ასეც მოხდა. 2024 რუსეთის სტრატეგიული შეტევის წლად იქცა. პოლიტიკურ მიზნებს და სამშვიდობო მოლაპარაკებებს რაც შეეხებათ, პუტინმა ეხლახანს მონიშნა პირობა:
ა). ხერსონის, ზაპოროჟიის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან უკრაინის ჯარის გასვლა, რადგან რუსეთის კინსტიტუციით ეს მიწები რუსეთია და მათი განთავისუფლებისთვის უწევს ომი
ბ). უკრაინა არ გახდება NATO-ს წევრი
ამ პირობებს არცერთი უკრაინელი თავისი ნებით არ დათანხმდება, რაც ომის გაგრძელებას ნიშნავს, მაგრამ არის ნიუანსები ..
 
4. „დასავლეთს არც რუსეთის და არც უკრაინის დამარცხება არ აწყობს ე.ი. ფრეზე გაყრიან, ოღონდ კარგად უნდა გამოიფიტონ მოჩხუბრები, ჯერ ადრეა“
 
ეს 1 წლის წინ დავწერე და უკრაინა იფიტება უკვე, რაც ნიშნავს რომ დაიყოლიებენ „რაღაცეებზე“. არც რუსეთია ჯანსაღად, ბევრი პრობლემა აქვთ გარეშემო და აშშ-ს შეუძლია დაუმძიმოს ეგ პრობლემები.
 
აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი გახდება 99%, რომელიც უკიდურესად დაინტერესებულია ამ ომის შეწყვეტით. უკრაინაზე გავლენის ბერკეტები ხელში მყარად აქვს, აი რუსეთს რაც შეეხება აქ ორი ვარიანტია:
 
ა). რუსეთი თანხმდება ტრამპის შეთავაზებას და სადაც იმ მომენტში იდგებიან, ის გახდება დეფაქტო საზღვარი, მაგრამ სანაცვლოდ უკრაინა უარს იტყვის NATO და EU-ზე. ეს იქნება კლასიკური „ფრეზე გაყრა“, როგორც WW2 ის მერე გაიყო ორმა პოლუსმა გერმანია რაღაც მაგდაგვარი. ტრამპი ამაზე დათანხმდება, ალბათ ზელინსკისაც (ან მის შემცვლელს) დაიყოლიებენ, მაგრამ ... აქ ერთი დიდი პრობლემა:
ბ). ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი რუსეთია და პუტინი ალბათ უკან ვერ/არ დაიხევს, ანუ ომს გააგრძელებს სანამ ამ ოლქებიდან არ გავლენ უკრაინელები. ანუ რა გამოდის? უკრაინას ოკუპირებული აქვს რუსეთის ნაწილი, შეტევაზე რუსეთია, უკრაინა უკან იხევს ნელნელა და ამხელა დათმობა რის სანაცვლოდ? NATO-ში რო არ მიიღებენ? (გეგონება ხვალ იღებენ და დასწრებაზე) ეგრევე დაკიდებენ პუტინს ორკები ფეხებით. თუ დათანხმდება დაუყოვნებლივ შეჩერებას (სერიოზულ მიზეზს ამ წუთას ვერ ვხედავ მარა მაინც), ვინ დაიჯერებს რომ ძალებს არ დააგროვებს და ისევ არ გლიჯავს? არც არავინ. გარანტია სადაა? არსად .. ანუ კიდევ უფრო დიდი ომის უბრალოდ გადავადება მოხდება. ტრამპს აწყობს (სანამ პრეზიდენტია ომი არ იქნება), სხვებს ალბათ არა
 
 თუ პუტინი დათმობაზე არ წავა და ომს გააგრძელებს, არ გამოვრიცხავ ტრამპმა პუტინის სამაგალითო დასჯა გადაწყვიტოს და მართლა დაეხმაროს უკრაინას, ანუ ბრძოლის ველით აიძულოს გააკეთოს ის, რასაც ეუბნება და ნავთობზე ფასი 20 დოლარზე რო ჩამოვარდეს უცებ, არც ეგ გაუკვირდება არავის. ამ დროს პუტინს შეიძლება „გულის შეტევა“ დაემართოს და სხვა, უფრო დამყოლი ვასილიჩი გახდეს ლიდერი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, პროცესია.
 
 აშშ-ს და ზოგადად დასავლეთის შერყეულ პოზიციები გამყარდება მსოფლიოში, ეს უკვე „ის აშშ“ იქნება, როგორსაც იცნობდნენ ადრე. ტრამპის ლოზუნგში: „მეიქ ამერიკა გრეით ეგეინ!“ - კარგად ჯდება.
 
გარდა ამისა მძლავრი დარტყმები რუსეთის ჯარის დემორალიზებას გამოიწვევს (ეხლა მოტივაცია ეზრდებათ რადგან წინ მიდიან, სირიოზული უკანდახევა თუ მოუწევთ, მაგარი აიჭრებიან და თვეში $2.000-ს და ბენეფიტებს დაიკიდებენ. ეხლა ძირითადად მოიერიშეები იხოცებიან და მერე „ველიკაია სრაკა“ მოხდება სამრეწველო მასშტაბებით, პროგოჟინის ყიალი აღმა-დაღმა მონაგონი იქნება), ხოლო უკრაინა მკვეთრად გამოცოცხლდება და მიაწვება რეალური „გამარჯვების დრაივის“ ტალღაზე .. აქაცაა ნიუანსები, მაგრამ ყველაფერზე ვერ დავწერ.
 საბოლოოდ რომელი პოლუსის (და რა დოზით) გავლენა იქნება უკრაინაში, კავკასიაში და ა.შ. არავინ არ იცის ... ერებში ნების ძლიერი გამოხატვის (გააჩნია რომელი ვექტორი გაიმარჯვებს ქვეყნის შიგნით და ენდომება თუ არა პოლუსს თავის ზონაში კონკრეტული ქვეყნის დამატება), ვაჭრობა-გადანაწილების და სამხედრო ძლიერების ამბავია. აი მაგალითად ავღანეთი ირანის გავლენის ქვეშ იყოსო რო გადაწყვიტონ „ზემოთ“, მივიდეს აბა ირანი „გაინაღდოს“ ავღანეთი. შეძლებს? ახალი გადანაწილების კონტექსტში გეოპოლიტიკური მიზეზებით მოინდომა შაჰა-აბასმა ქართლ-კახეთის გასახლება ირანში და სპარსელ-თურქმანების ჩამოსახლება, რუსეთს საყრდენი რომ არ ჰქონოდა აღმოსავლეთ კავკასიაში. შედეგად არმიის 40% დაკარგა და გაგვანება თავი. ჯარი ძლიერი რომ არ გვყოლოდა თბილისის ნაცვლად ახალი ისფაჰანი იქნებოდა ეხლა აქ და ჩვენ სპარსეთში ვიცხოვრებდით ფერეიდნელებივით. კი შენარჩუნდა სპარსეთის გავლენა 18-ე საუკუნის ბოლომდე, მაგრამ წელში გატეხილები იყვნენ და დიდად ვერ გვავნეს რადგან ხმალს კარგად ვიქნევდით.
 
დიდი გადანაწილების დროს მაღალი (ან საშუალო დონის მაინც) სუვერენიტეტის შენარჩუნების ლამის ერთადერთი არგუმენტი ან სამხედრო ძალაა, ან შვეიცარია-ფინეთივით საჭირო უნდა იყო ყველასთვის და დაგტოვებენ ნეიტრალურად, რადგან ყველა ისარგებლებს, ეგეთი ზონებიც საჭიროა დედამიწაზე. რუსეთი რომ საკუთარი გავლენის სფეროდ გვთვლის 1801 წლიდან ეგ ისედაც ვიცით და ისიც იცის ყველამ (რუსეთმაც) რომ ჩვენ არ გვინდა მასე, ისტორიულად ევროპისკენ ვიქაჩებოდით და შანსი როცა გვიჩნდებოდა, ევროპა ხდებოდა ჩვენი ბუნებრივი საგარეო ვექტორი (რუსეთსაც მაგ ლოგიკით დავუახლოვდით თავის დროზე, მაგრამ „ხუილოსტანი“ შეგვრჩა ხელში) ... მოკლედ: დიდი ჩახლართული რამეა ახალი გადანაწილება .. ჩინური წყევლის არ იყოს: „საინტერესო დროში გეცხოვროთ“
 
წყარო: პაატა გიგაური სამხედრო ისტორიის მკვლევარი
World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way