პროექტი „მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ“ - წარმოადგენს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი პოსტის“ მცდელობას შეიქმნას სტატიების და ინტერვიუების ციკლი, სადაც თავმოყრილი იქნება პოსტკორონასეულ ეპოქაში მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური მოწყობის, ეკონომიკის განვითარების, ახალი სოციალური ურთიერთობების და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო თემების ირგვლივ საჯარო პირების, პოლიტოლოგების, ჟურნალისტების, მეცნიერების, ექსპერტების, პოლიტიკოსების, ფუტუროლოგების და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანების ხედვები, პროგნოზები და შეხედულებები.
ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს და ვთავაზობთ ყველას, გაგვიზიაროს საკუთარი შეხედულებები.
პაატა აროშიძე: პოსტკორონასამყაროში უნდა გადავიდეთ სლოგანით - „საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა“.
პროექტის კითხვებს პასუხობს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პაატა აროშიძე
სანამ პოსტკორონასეულ პერიოდზე გადავიდოდეთ, საინტერესოა მიუხედავად ბოლო ათწლეულის მანძილზე მიღწეული დიდი პროგრესისა მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში, მსოფლიო მაინც ძალზე მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთივე მოუმზადებელია მსოფლიო სხვა ნებისმიერი სახის ბუნებრივი თუ ხელოვნური კატაკლიზმის წინაშე. საინტერესოა თქვენი აზრი ამ საკითხზე - რატომ არის მსოფლიო ასეთი არამობილური და არაეფექტური სხვადასხვა გამოწვევების წინაშე?
ვფიქრობ, მსოფლიო აცდა განვითარების მთავარ გზას, გადავხედოთ, რა იყო აქტუალური სულ რაღაც 6 თვის წინ, ეს იყო მიგრანტთა უფლებების დაცვა; მოგონილი, ხშირ შემთხვევაში, „თითიდან გამოწოვილი“ ბრალდებები საზოგადოების ცნობილი წევრების მიმართ, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების „ზღავრგადასული“, ხშირად აფსურდამდე მიყვანილი დაცვა. ანუ მსოფლიოს „გამოეპარა“ ეს სიტუაცია, იმდენად იყო გართული ირეალურ და წარმოსახვით განწყობაში. და შესაბამისად, მივიღეთ კარანტინში მყოფი მსოფლიო. ისიც ფაქტია, რომ ათიოდე წლის წინ, ვერავინ ვერ მოახდინა პროგნოზირება გლობალური ფინანსური კრიზისისა. გარდა ამისა, როცა, მთავარი ფასეულობა და მოტივაცია ფულია, უკვე იქ ყველაფერი ბიზნესის პრიზმაში გატარდება, თუნდაც მეცნიერება და თუნდაც ნებისმიერი ქმედება. სწორედ ამიტომ მსოფლიო აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში.
თქვენი დაკვირვებით, პანდემიის პირობებში რამდენად ადეკვატურია ჩვენი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა?
გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. მთელ მსოფლიოში „ეკონომიკა მედიცინის მძევალია“ (ვლ. პაპავა), ამ ვითარებაში ვერ ვიტყვით, რომ ჩამოვრჩებით რომელიმე ქვეყანას. ეკონომიკური პოლიტიკა, დღეს დღეობით ადექვატურად მიაბიჯებს მედიცინის გვერდით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ, რომლებიც ვიყავით მომხმარებელი ქვეყანა, დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაჩერებულია, დაპაუზებულია ეკონომიკა, არამედ იმიტომ, რომ ძალიან შეიზღუდება იმპორტი, რატომ? უბრალოდ, ყველა ქვეყანაში ანალოგიური მდგომარეობაა, ყველას სურს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქცია დარჩეს მის ქვეყანაში. „შრომითი ძალა“ კარანტინშია, შეზღუდული წარმოება, ვერ უმკლავდება გაზრდილ მოთხოვნას და შესაბამისად, ეს ჩვენზეც აისახება.
თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული თქვენ რა კორექტივებს შეიტანდით ამ ეტაპზე ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაში?
როგორც ვთქვით, დღეს ეკონომიკა მედიცინის მძევალია, სწორედ ამან მოიტანა ის, რომ ამუშავდა ადგილობრივი წარმოება და რაც მთავარია, ადგილობრივი ნედლეულით. კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ადგილობრივი საწარმოების განვითარებას და შეფარული პროტექციონიზმის გამოყენებაც დასაშვებია, კიდევ უფრო უნდა გაიზარდის სახელმწიფოს როლი შეკონომიკაში.
როგორი იქნება მსოფლიო 2021 წელს - მას შემდეგ, რაც ვაქცინის გამოგონებისა და ფართოდ გავრცელების შედეგად ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობის წინაშე დავდგებით? რა იქნება ეს ყბადაღებული ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა?
პირველ რიგში, გლობალიზაციის პროცესი შეჩერდება, სახელმწიფოები მაქსიმალურად დაიკმაყოფილებენ თავს საკუთარი წარმოების პროდუქციით და მერე იზრუნებენ სხვაზე. ალბათ ევროკავშირის მდგომარეობაც გადაიხედება, ანუ ღია საზღვრები ქვეყნებს შორის გარკვეულ წილად შეიზღუდება. რაც შეეხება ეკონომიკას. დღეისათვის მომსახურების სფეროა წამყვანი, დღევანდელი რეალობა უკვე ცვლის მომავალს,წარმოების სფერო გამოვა წინა ხაზზე და უმთავრესი. თუ დღეს განვითარებულ ქვეყნებს წარმოების ბაზები ძირითადად აზიაში აქვთ თავმოყრილი, რახან იქ იაფი მუშახელია, უკვე თანდათან უბრუნდებიან ან ნებით, ან მთავრობების მოწოდებით საკუთარ ქვეყნებს. თუნდაც აშშ-ს მაგალითი, როცა ტრამპი მოუწოდებს ამერიკულ საწარმოებს დაბრუნდნენ და დაასაქმონ თავიანთი მუშახელი. ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა ტურიზმს, ალბათ შიში მოგზაურობისა კარგა ხანს იქნება. აქედან გამომდინარე მცირდება მგზავრთა გადაყვანები, რაც ავიახაზებისათვის დიდი დარტყმაა. ის ქვეყნები, რომელთაც ტურიზმიდან დიდი შემოსავალი ჰქონდათ, დიდ გასაჭირში ჩავარდებიან.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა განცხადება გააკეთა, რომ მსოფლიოს დროებითი გლობალური მმართველობა სჭირდება პანდემიის ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, იგივე განცხადებას აკეთებს გერმანიის პრეზიდენტი ვალტერ შტაინმაიერი, ეკვადორის, იორდანიის, ეთიოპიის, სინგაპურის პირველ პირებთან ერთად. რეალურად რა მოვლენას ვაკვირდებით ახლა, შესაძლებელია მოხდეს გლობალური მთავრობის იდეის პედალირება?
ეს იდეა იქედან გამომდინარეობს, რომ ბრძოლის მეთოდი ყველგან ერთია, დღეს არაოფიციალური მმართველი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაა, ვფიქრობ, ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბებას წინ დიდი პრობლემები დაუდგება და პრაქტიკულად „ერთი პირი“ შეუძლებელი იქნება.
ხელოვნური ინტელექტი, დისტანციური სწავლება, ბიზნესის დისტაციურად მართვა და სხვა მსგავსი დისტანციურ ონლაინ ქმედებები აღარ არის ხვალინდელი დღის წესრიგი. ეს უკვე დღეს ხდება. რამდენად შორს წავა მსოფლიო საზოგადოება ამ მიმართულებით?
ფაქტია, დისტანციური მართვა დღეს ერთადერთი გამოსავალია. ჩემი დაკვირვებით, უმაღლესმა სასწავლებლებმა უფრო შეძლეს დისტანციური სწავლება, ვიდრე საჯარო სკოლებმა. აქ ისიცაა, რამდენად მზადაა სკოლა დისტანციური სწავლებისათვის. მოსწავლეთა უმეტესობა ფლობს კომპიუტერულ უნარებს, მაშინ როცა, სამწუხაროდ, მასწავლებელთა ნაწილი ამ უნარებით ვერ დაიკვეხნის. რაც შეეხება ბიზნესს, სწორი მართვით შესაძლებელია პრობლემების დაძლევა. ფაქტია, რომ ეს რეალობა უნდა განვითარდეს. რადგან შეუძლებელია არსებული ვითარების ხანგრძლივობის პროგნოზირება, ვფიქრობთ, დისტანციური მართვა ართუ ხვალინდელი დღე, არამედ უკვე დღევანდელობაა
რამდენად შეძლებს საქართველო ელექტრონულ მმართველობაზე გადავიდეს, ექნება ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლებას? აქ იგულისხმება ხელოვნური ინტელექტის და ბლოკ-ჩეინის შესახებ კანონმდებლობის მიღება, ციფრული მმართველობა, არჩევნები, საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული სერვისები და სხვ. და რა ტიპის გამოწვევებთან იქნება ეს დაკავშირებული?
ელქტრონული მმართველობის საფუძვლები საქართველოში უკვე კარგა ხანია არსებობს, თუ მხდველობაში მივიღებთ უბრალო საქმის წარმოებას. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს ეს მაღალ ტექნოლოგიებთან იქნება დაკავშირებული და ამ ეტაპზე რთულად მისაღწევად მიმაჩნია. ორიოდე სიტყვა ციფრულ ტექნოლოგიებსა და განათლების კავშირზე, ფაქტია, რომ უმაღლესმა დაწესებულებებმა უფრო იოლად შეძლეს ე.წ. დისტანციური ლექციების ჩატარება, ვიდრე სკოლებმა. ამის მიზეზად შემდეგი ფაქტორები მიმჩნია. ა) დაინტერესება - უმაღლესი სასწავლებელი მთლიანად დამოკიდებულია სტუდენტის მიერ შეტანილ დაფინანსებაზე, ანუ უნივერსიტეტის მასწავლებელმა იცის, რომ მაინც უნდა ჩაატაროს ონლაინ გაკვეთილი, სხვანაირად ხელფასს ვერ აიღებს. სკოლაში სხვანაირადაა საქმე, აღმოჩნდა, რომ სკოლის მასწავლებელთა უმეტესობა უბრალოდ ვერ ფლობს კომპიუტერს სამომხმარებლო დონეზეც კი, მას არ აინტერესებს გაკვეთილის ჩატარება, ან თუ ატარებს - მოვალეობის მოხდის მიზნით, დარწმუნებულია სამინისტრო ვაუჩერს მაინც მისცემს. ბ) კონტროლი - უნივერსიტეტებმა შერძლეს მოკლე პერიოდში სწავლება გადაეწყოთ დისტანციურზე, სკოლებმა ეს ვერ შეძლეს, ან თუ შეძლო ზოგიერთმა, არ არის კონტროლი, ტარდება თუ არა გაკვეთილი. არჩევნების ჩატარებას რაც შეეხება ციფრულად. აქ უფრო მეტი სირთულეა, 1. ინტერნეტიზირებულია თუ არა მთელი ქვეყანა, 2. დაცული იქნება თუ არა ფარულობა, 3. ყველა შეძლებს მონაწილეობას? 4. ხომ არ იქნება გაყალბების მაღალი მასშტაბი. ყველაფერი საბოლოოდ მიდის ინტერნეტის არეალის გაფართოებასთან და ტექნოლოგიურ მიღწევებთან
პანდემიამ დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. ეს კომპლექსური პრობლემაა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ საქართველო დაცული იყოს ამ კუთხით ახალ პოსტკორონასეულ პერიოდში? უტრირებიულად რომ ვთქვათ კომუნისტების დროს ქვეყანაში იყო ე.წ. „ენზე“ მარაგები, რაც აბსოლუტურად ყველა სასაქონლო ნომეკლატურის მარაგებს ითვალისწინებდა, რაც ადამიანს ჭირდება ფუნქციონირებისათვის და ეს მარაგები ყოველ 10 (?) წელიწადში ახლდებოდა.
სასურსათო უსაფრთხოება სახელმწიფო უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია. მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, მას უნდა დაემატოს გამართული ლოგისტიკა, ანუ მოყვანილი მოსავალი უდანაკარგოდ უნდა მივიდეს გადამამუშავებელ საწარმომდე, ანუ უნდა შეიქმნას კვების საწარმოთა გადამამუშავებელი სფერო. რაც შეეხება ე.წ. „ენზე“ მარაგებს, ეს არა მგონია მომგებიანი იყოს, იმიტომ რომ მაშინ, როცა ეს მარაგები იქმნებოდა, ფიქსირებული ფასები იყო და თუნდაც 10 წელი არ იცვლებოდა, დღეს, თუ რაღაცას დავაენზევებთ, 10 წლის შემდეგ მისი ფასი იქნებ ისეთი იაფი იყოს, რომ არც ღირდეს მის შენახვაზე ხარჯის გაწევა. ამას სჯობს უწყვეტი წარმოების პროცესის ამუშავება და განვითარება, მეორეც რამდენად უსაფრთხოა 10 წლის მერე დღეს შენახული პროდუქცია?
ბევრი მოსაზრებაა იმის შესახებ, რომ საჭიროა ყურადღების გამახვილება ისეთ დარგებზე, როგორიცაა ხორბლის წარმოება, ქათმის ხორცისა და კვერცხის წარმოების ბაზის გაფართოება, მეხორცეობა, მეთევზეობა, რომელიც საერთოდ მიგდებული გვაქვს ეხლა. თქვენ რას ფიქრობთ საით უნდა წავიდეთ და როგორ?
აუცილებელია, სასურსათო უსაფრთხოება ამას მოიცავს პირველ რიგში, შეიძლება ხორბლით ჩვენი თავი ვერ დავიკმაყოფილოთ, მაგრამ სხვა მარცვლეულით მაგ. სიმინდით სრულიად დავიკმაყოფილებთ, რაც შეეხება ხორცეულობის წარმოებას, იქ სადაც მაღალმთიანი ზონებია, ანუ მიწა ნაკლებია სრულიად შესაძლებელი და აუცილებელია ამ მიმართულების გაძლიერება. ამისთვის აუცილებელია აგრარული პროგრამების კიდევ უფრო გაფართოება, აგრესიული ექსტენსიის (სწავლების) ჩატარება, თუნდაც უცხოელი (იქაური, სადაც განვითარებულია ეს დარგი სოფლისა) სპეციალისტების მოწვევა. და სოფლად არა მხოლოდ ტრადიციული წრმოების ხელშეწყობა, არამედ მაღალტექნოლოგიური წარმოების დანერგვა და ამ მიმართულებით ფერმერთა „იძულება“. ასევე იძულება კოოპერატივების შექმნაზე, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის წარმოებას.
ადგილობრივი წარმოების განვითარების იდეა რამდენად არის გამართლებული? რამდენად იქნება ის მომგებიანი და შეძლებს თუ არა საქართველო აწარმოოს თავისი ბიზნესებისთვის პროტექციონური პოლიტიკა და დაიცვას თავის ეკონომიკური საზღვრები ახალ ვითარებაში?
გააჩნია რა მიმართულებით, მაგალითად, წარმოვიდგინოთ საქართველოში ბანანის წარმოება, რა დაჯდება? ალბათ 10-ჯერ მეტი, ვიდრე მისი ყიდვა. ამიტომ პროტრექციონიოზმი იქაა გამართლებული, სადაც გვაქვს საშუალება და გამოცდილება. რაში ჭირდება პროტექციონისტული პოლიტიკა ქართულ მეღვინეობას? ასეთ დონეზე უნდა ავიდეს ყველა წარმოება და შესაბამისად პროტექციონიზმი აზრს დაკარგავს.
ვირუსის შემდეგ შექმილ ახალ მოცემულობაში როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი ზოგადად ამ „ახალ“ სამყაროში. გვაქვს თუ არა პოტენციალი და პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ შევქმნათ გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად მიმზიდველი გარემო და ჩვენი რესურსების და ადგილმდებარეობის გამოყენებით გავხდეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი მსოფლიოს რუკაზე?
ვფიქრობთ, ჩვენი გეოპოლიტიკური არეალი ისტორიულად განსაზღვრულია და პოსტ კორონავირუსულ პერიოდში საფრთხე არ ემუქრება, მთავარია, როგორ გამოვიყენებთ. დღესდღეობით ჩვენ მას მხოლოდ ტრანზიტისათვის ვიყენებთ. მაგრამ სრულიად შესაძლებელია შეიქმნას კულტურათა დიალოგის ცენტრი, რატომ. ფაქტია, რომ ტურიზმი კარგა ხანს ვერ დაიბრუნებს ძველ ნიშნულს, შეგვიძლია საქართველო მიმზიდველი გავხადოთ დიალოგებისათვის, საქმიანი შეხვედრებისათვის, და მრავალი სხვა დატვირთვა მივცეთ გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობას. ანუ სლოგანით „საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა“, ჩვენ უნდა გავიდეთ პოსტკორონასამყაროში.
ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდეგ ყველაზე მეტად იქნება ფულის ნაკლებობა მსოფლიოში. ანუ ფული იქნება, მაგრამ დღესვე საჭიროა მის მისაღებად მოქმედება და შემდეგ მისი გონივრულად დახარჯვა. სად უნდა ვიშოვოთ ეს ფული და სად და რაში დავხარჯოთ შემდეგ?
მე ასე გავიგე, რომ საიდან მოვიზიდოთ უცხოური კაპიტალი. პირველ რიგში, უცხოელი ინვესტორი უნდა დავაინტერესოთ, აღვუძრათ სურვილი რომ დააბანდოს თანხა. სად? ეროვნულ წარმოებაში, მაგრამ რატომ დაინტერესდება უცხოელი ინვესტორი ეროვნული წარმოების განვითარებით? თუ ჩვენ დავიწყებთ „ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის“ რეალობაში დანერგვას და მაღალტექნოლოგიური მომსახურების და პროდუქციის შეთავაზებას, ფულს ვნახავთ. ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მზის პანელების ქარხანა ის სფეროებია, სადაც თანხა დაბანდდება. ასევე ენერგეტიკული სექტორი მიმზიდველი იქნება ინვესტორთათვის. სოფლის მეურნეობა, თუ ჩვენ დავიკავებთ ნიშას, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებლისას, ეს იქნება კიდევ ახალი საინვესტიციო სფერო. დაბანდებას რაც შეეხება: განათლება, გადამამუშავებელი წარმოება და სოფლის მეურნეობა.
პანდემია ერთგვარი გამოცდაც არის კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის მიმდინარე მუდმივი პაექრობისა. განსაკუთრებით ეს რელიგიასთან მიმართებაში ჩანს კარგად. თქვენი აზრით მსოფლიო უფრო კონსერვატიული გახდება ვიდრე ლიბერალური თუ პირიქით? მსოფლიო უფრო რელიგიური გახდება თუ პირიქით? და გაძლიერდება თუ არა რელიგიური კონფესიების გავლენა დღევანდელთან შედარებით?
ლიბერალიზმი პრაქტიკულად უკვე აღარ არსებობს. აღმოჩნდა, ლიბერალიზმი ყოფილა უბრალოდ „გასართობი“ საშუალება, როცა მდიდარმა ქვეყნებმა აღარ იცოდნენ რა ექნათ, მათ მშველელად მოევლინათ ლიბერალიზმი და რაღაც „ყურით მოტანილი“ საკითხები. დღეს, როცა ხიფათი პლანეტარულია არც აღარავის ახსოვს ლიბერალური საკითხები. არც პოლიტიკაში, არც ეკონომიკაში. უკვე ყველაფერი გადასულია პრაგმატიზმზე. ავიღოთ ევროკავშირი. სულ ცოტა ხნის წინა გერმანია და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები აფინანსებდნენ ევროკავშირის ჩამორჩენილ ქვეყნებს, საბერძნეთს, პორტუგალიას, ესპანეთს. ეს არ მოსწონდა გერმანელ თუ ინგლისელ ამომრჩეველს, მათი გადასახადები მიდიოდა სხვა ქვეყნებში. დღეს ვის წარმოუდგენია ანალოგიური? ვთქვათ, გერმანიამ გადაწყვიტა არასამედიცინო მიმართულებით დააფინანსოს სხვა ქვეყანა, რა მოხდება? ამაზე არც არავინ წავა. ახსოვს დღეს ვინმეს ეკონომიკაში ლიბერტალიანიზმი? არც არავის. ანუ ლიბერალიზმი „მოცლილების“ საქმეა. მსოფლიო რელიგიური ყოველთვის იყო, ასევე ძლიერი იყო რელიგიური კონფენსიები, რასაც ვერ ვიტყვით მართლმადიდებლობაზე. ყველაზე ლიბერალური და ტოლერანტული სწორედ მართლმადიდებლობაა, აბა გაბედოს ვინმემ ისლამის მიმართ რაღაცის თქმა რა დაემართება? შარლი ებდოს მაგალითიც კმარა, გაგვიგია კათოლიციზმის ლანძღვა? იშვიათად. მართლმადიდებლობის ლანძღვა გარკვეული ტრენდი გახდა.
სულიერებას მოკლებული და მხოლოდ მოხმარებაზე ორიენტირებული საზოგადოება დღეს გადის პანდემიის მძიმე პერიოდს, ისევ ისეთი იქნება ის პანდემიის შემდეგ თუ განიცდის ტრანსფორმაციას? როგორია თქვენი მოსაზრებები ამ კუთხით?
სულიერებასა და მოხმარებას შორის კავშირი არსებობს, რადგან სულიერმა საზრდომ შესაძლებელია ფიზიკური საზრდო უფრო ნაკლები გახადოს. ,მაგრამ ასეთი დონის სულიერება რთული მისაღწევია. ტრანსფორმაცია დამოკიდებული იქნება „მეხსიერებაზე“. ვფიქრობთ, არსებული სიტუაცია ასე იოლი დასაძლევი არ იქნება. დღეს უკვე ისმის მოწოდება, არაა საჭირო ამდენი ფუფუნება, ვიკმაროთ რაც გვაქვს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მაგრამ წარმოიდგინეთ პანდემიიდან თავისუფალი „აშვებული“ სამყარო. მოკლე მეხსიერება ალბათ თავისას იზამს. მთავარია ამ მძიმე პერიოდში რეალურად გადავაფასოთ ჩვენი არსებობის საზრისი, მაშინ სულიერება წინა პლანზე გადმოვა.
სოციალური მდგომარეობა და უმუშევრობა. დაიკარგება უამრავი სამუშაო ადგილები, ბევრი ადამიანი გახდება უფრო მეტად დაუცველი სოციალურად ვიდრე აქამდე იყო. რა უნდა ვქნათ, რა ნაბიჯები გადავდგათ დღეს და ხვალ, რომ ეს ასე არ იყოს?
ამ შემთხვევაში სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს ერთობლივად ყველამ: ბიზნესმა, სახელმწიფომ, საზოგადოებამ. ბიზნესი, რომელიც დღეს გაჩერებულია, ვერ ქმნის დოვლათს თუ მომსახურებას, იძულებულია თანამშრომლები გაუშვას, სახელმწიფო ვალდებულია სოციალურად დაიცვას, საზოგადოება უნდა შეეგუოს შემცირებულ შემოსავალს. უმუშევრები, რომელთაც ალტერნატიული შემოსავლის გაჩენა შეუძლიათ სოფლიდან და შრომითი პირობებისათვის არიან ქალაქად ჩასულნი, უნდა დაბრუნდნენ და დასაქმდნენ სოფლის მეურნეობაში. დღეს სოფლად რეგისტრირებულია მოსახლეობის 51 %, მშპ-ში სოფლის მეურნეობა ქმნის 8 %-იან წილს. მოქალაქეები, რომლებმაც სოფელი მიატოვეს და ვთქვათ სასტუმროებში მუშაობენ, რესტორნებში თუ კაზინოებში მუშაობენ, უნდა დაბრუნდნენ, მშენებლობაზე დასაქმებულები მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ ადგილებს. გარდა ამისა, ბევრი იყო ქალაქად თვითდასაქმებული (ე.წ. იოლდაში, ტაქსისტი და სხვ.) ისინი უნდა დაბრუნდნენ და ჩაებან სოფლის მეურნეობაში. ეს შეამცირებს სოცილურ დაწოლას სახელმწიფოზე. ამაში გამოიხატება სზოგადოების პასუხისმგებლობა,
რას ეტყვით ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნეს? თუ მას თქვენი აზრით, ეხლა და პანდემიის შემდეგაც დახმარება ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან, რა თანმიმდევრობით და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას (დღეიდან დაწყებული), რომ ბიზესი არა მარტო გადარჩეს არამედ მის წინ ახალი პერსპექტივებიც გამოჩნდეს?
აუცილებლად უნდა გადარჩეს ბიზნესი, ყველაზე მეტად ზარალდება მცირე და საშუალო ბიზნესი. განსაკუთრებით-მომსახურების სფეროში მოღვაწე. მათ უნდა მოახდინონ ან საქმიანობის შეცვლა, ან პროფილის დროებითი შეცვლა. ჩაერთნონ სახელმწიფო გრანტების მოპოვებაში, სახელმწიფო პროგრამებში. სახელმწიფომ უნდა უშუამდგომლოს ბანკებთან დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი ბიზნეს კრედიტისათვის.
ისევ მსოფლიო - როგორი იქნება ევროკავშირის მომავალი? როგორი იქნება უახლოესი მომავლის ფულის ერთეული? რა ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს? გახდება თუ არა უფრო ეფექტური გაერო?
ევროკავშირის რღვევა პანდემიამდე დაწყებული იყო. ბრექსიტი ამის საწყისი იყო. პანდემიამ დაანახა რომ ყველა ქვეყნისათვის საკუთარი თავი უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომაც ჩაიკეტა საზღვრები. ევროკავშირი შენარჩუნდება, თუმცა უფრო ნაკლები კავშირებით. ჩვენთვის საინტერესოა უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი უფრო შეიზღუდება. თავისუფალ ვაჭრობაზე კი ქვოტები დაწესდება. იყიდიან ზუსტად იმას და იმდენს, რაც სჭირდებათ. შემოიტანენ იმ პროდუქციას, რაც მათთვის ზედმეტი იქნება. საწარმოების უმეტესობა ევროპელ და ამერიკელ მეწარმეებს იაფი შრომის ძალიდან გამომდინარე, ჩინეთში და აზიის ქვეყნებში ჰქონდათ. ახლა გადმოიტანენ იძულებით ან საკუთარი ნებით. ეს კი გამოიწვევს საქონელზე ფასების საყოველთაო ზრდას.
მუდმივი თემები: - მიწა და თვითმმართველობა. დაგვანახა თუ არა პანდემიამ რომ მიწა უფრო მეტად ღირებულია სახელმწიფოსთვის ვიდრე აქამდე ვთვლიდით? თქვენი პოზიცია პანდემის დროს დანახული და პანდემიის შემდეგ - უნდა აიკრძალოს თუ არა არასასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა უცხოელებზე? რა დაგავანახა პანდემიამ - გვაქვს თუ არა ქვეყანაში თვითმმართველობა? როგორი და რა დოზით თვითმმართველობა გვჭირდება პანდემიის მერე?
არასასოფლო სამეურნეო მიწის უცხოელებზე მიყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა მე ვფიქრობ, მიწა და განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო მიწა სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს, მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით გაცემა იყოს შესაძლებელი, ისე, როგორც ისრაელშია. თვითმართველობის არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა მართლაც ზომებია საჭირო, არის საკითხები, რომელსაც თვითმართველობა უკეთ გადაჭრის, და არის ის, რაც ცენტრალიზებული უნდ იყოს. მთავარია რეალურად ამოქმედდეს თვითმართველობის კოდექსი. ხშირ შემთხვევაში თვითმართველობაც „სცოდავს“, რადგან იმ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ვერ ასრულებს, რაც მინიჭებული აქვს ან კიდევ ცდილობს „ცენტრს“ შეუთანხმოს, ეს კი იწვევს დამოკიდებულებას, როცა ვიღაც დამოუკიდებლად გადაწყვეტს საკითხს, რომელიც მისი კომპეტენციაა, მაგრამ უთანხმებდნენ და რაღაც დროის მერე აღარ უთანხმებენ, ეს იწვევს უკმაყოფილებას. ამიტომ აუცილებელია საკუთარი კომპეტენციის წინა პლანზე წამოწევა და საკუთარი თავის ნდობა
და ბოლოს სულ ერთი წინადადებით - როგორი იქნება პოსტპანდემიული საქართველო და ქართველი?
„მე იგივე ვარ მარად და მარად“, ეს არ უნდა იყოს, ერთიანობა, საკუთარი თავის ნდობა და ეროვნული მიზნების წინ წამოწევა, ეს უნდა გვასწავლოს ამ მძიმე პერიოდმა.
დიდი მადლობა ბ-ნ პაატას პასუხების მოწოდებისთვის.
პატივისცემით, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი პოსტი“
პროექტის ანოტაცია და კითხვები იხილეთ ბმულზე:https://tbilisipost.ge/
დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.
რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.
- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?
- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.
- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?
- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.
- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?
- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.
- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?
- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.
წყარო:https://bm.ge/