USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Tbilisi
«Foreign policy» (აშშ): „უკრაინის გამარჯვების გზა დონალდ ტრამპის გარეშე: როგორ შეუძლიათ კიევს და ევროპას რუსეთის დამარცხება აშშ-სგან დამოუკიდებლად“
Date:  725

ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლისში“ (Foreign policy) დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინის გამარჯვების გზა დონალდ ტრამპის გარეშე: როგორ შეუძლიათ კიევს და ევროპას რუსეთის დამარცხება აშშ-სგან დამოუკიდებლად“ (ავტორი - პოლ ჰოკენოსი). ვრცელ ანალიტიკურ პუბლიკაციაში განხილულია უკრაინისადმი ევროპის ქმედითი დახმარების სცენარები - ის, რაც უნდა გაკეთდეს ომში უკრაინის გამარჯვებისათვის, ამჯერად ევროპელების მხრიდან, როცა ამერიკას კიევისადმი დახმარების გაწევის შემცირება აქვს განზრახული.

გტავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ უკრაინის პერსპექტივა რუსეთთან დაპირისპირებაში შესამჩნევად გაფერმკრთალდა. აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთგზის განაცხადა, რომ კიევს ისეთ სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, როგორსაც ჯო ბაიდენი უწევდა. ჩამოყალიბდა სიტუაცია, რომელმაც ძალიან შეავიწროვა უკრაინის გზა უსაფრთხო და სუვერებული მომავლისაკენ. ასეთმა მდგომარეობამ, თავის მხრივ, ბევრ ევროპელ დამკვირვებელში ღრმა პესიმიზმისა და სკეპტიციზმის გრძნობა გააჩინა.

მაგრამ გადაჭარბებული პესიმიზმი უადგილო და კონსტრპროდუქტიულია. უკრაინა უკვე აწარმოებს ყველაზე თანამედროვე იარაღს თავისი არმიისათვის და აქტიურად ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს  ბრძოლის ველზეც. კიევი წარმატებით გაუმკლავდა რუსეთს შავი ზღვის აკვატორიაში და ამას წინათ კრემლისათვის სრულიად მოულოდნელად განახორციელა საჰაერო ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ობობას ქსელი“, თანაც რუსეთის ღრმა ზურგში, აღმოსავლეთ ციმბირში, ბაიკალის ტბასთან, რასაც მოსკოვი ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებს აქვთ ბრძოლის გაგრძელების უნარი და აქვთ სტრატეგია გამარჯვებისათვის - აშშ- დახმარების გარეშეც კი, რომელსაც კიევი მიჩვეული იყო და ახლა სავარაუდოდ, ძალიან შემცირდება.

გასულ კვირას ოდესაში (უკრაინა) შავი ზღვის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ფორუმი ჩატარდა, რომლის მონაწილეებმა იმედი გამოხატეს, რომ დონალდ ტრამპი საბოლოო ჯამში თავის პოზიციას შეიცვლის უკრაინის მიმართ და სამხედრო დახმარებას მეტი მოცულობით აღადგენს, ვიდრე ჯო ბაიდენის დროს იყო. ისინი იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას თავის მოკავშირედ აღიარებს და აცხადებენ, რომ უკრაინა იმსახურებს ათეული მილიარდობით დახმარებას და რომ დონალდ ტრამპი, ბოლოს და ბოლოს, გააცნობიერებს, რომ ვლადიმერ პუტინი მას ათამაშებს და მისი განცხადებები ცეცხლის შეწყვეტის სურვილის თაობაზე მხოლოდ სიცრუეა და სხვა არაფერი. ზოგიერთები თვლიან, რომ უფრო რეალურია სხვა სცენარი: დონალდ ტრამპს შეუძლია კიევი და მოსკოვი დაადანაშაულოს - რადგანაც ისინი ვაშინგტონის მოთხოვნებს არ ასრულებენ [დაზავები საკითხში], ამიტომ თეთრი სახლი შეწყვეტს თავის მონაწილეობას (შუამავლობას) დიპლომატიურ მოლაპარაკებაში და კიევს ამერიკულ იარაღს აღარ მისცემს.

თუმცა ამ სიტუაციაში მთავარია ერთი მომენტი: დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაზე საბოლოოდ უარს არ აცხადებს. ამერიკელი პოლიტიკოსები, მათ შორის რესპუბლიკელთა უმრავლესობა, აცნობიერებენ, რომ უკრაინის სავარაუდო კრახით ვაშინგტონს სერიოზული პრობლემები გაუჩნდება. ამიტომაც აშშ მაინც გააგრძელებს, ნებისმიერ სიტუაციაში, უკრაინისადმი დახმარების გაწევას ძველი მოცულობითაც კი, თუ ეს აშშ-სათვის ძალიან მძიმე ტვირთი არ იქნება. 

ვაშინგტონელი ინსაიდერები, რომლებიც კარგად არიან ჩახედულნი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საქმეებში უკრაინის მიმართულებით, ამტკიცებენ, რომ აშშ არ შეზღუდავს უკარინისადმი დახმარებას თანამგზავრული (კოსმოსური) დაზვერვის მონაცემებით, რომლებიც ჰაერივით აუცილებელი და სასარგებლოა კიევის არმიისათვის - ბრძოლის ველზე და მტრის ზურგში სამიზნეების ზუსტი განსაზღვრისათვის. ფრონტის ხაზის კოსმოსური ფოტოსურათები უკრაინისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ისინი არმიის თვალს და ყურებს წარმოადგენენ.

რუსეთ-უკრაინის ომის (ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“) დაწყების შემდეგ აშშ-ის გეოსივრცობრივი დაზვერვის ეროვნულმა სააგენტომ უკრაინას კოსმოსური თანამგზავრების მიერ გადაღებული ფოტოების პლატფორმაზე დაშვების უფლება მისცა. ფოტოსურათები უმაღლესი დონის გარჩევადობით გამოირჩევიან და მათი გამოყენებისდა მიხედვით იქმნება სრული წარმოადგენა რუსეთის არმიის ქვედანაყოფების გადაადგილების თაობაზე. შესაბამისად, უკრაინის ჯარებისათვის ორიენტაცია გაიოლებულია. როგორც საქმეში ჩახედული პირები ამბობენ, უკრაინული დრონების მიერ რუსეთის ზურგში განხორციელებული ოპერაციები და შორსმსროლელი არტილერიის დაბომბვები სწორედ კოსმოსიდან გადაღებული ფოტოებით არის შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ ტექნოლოგიებიდან, რომლის ჩანაცვლება არც უკრაინელებს და არც ევროპელებს არანაირად არ შეუძლიათ, მხოლოდ ამერიკულ თანამგზავრებს აქვს დედამიწის ორბიტიდან განხორციელებული კოსმოსური დაკვირვების შესაძლებლობა. გავიხსენოთ, რომ როცა დონალდ ტრამპმა დროებით შეუჩერა უკრაინას აღნიშნული მონაცემების გადაცემა (თეთრ სახლში მომხდარი ცნობილი ინციდენტის შემდეგ), კიევს ეს ძალიან ძვირად დაუჯდა - ვოლოდიმირ ზელენსკი უკიდურესად არამომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა. ასე რომ, აშშ-ის ასეთი დახმარება უკრაინისათვის აუცილებელია და თანაც ძალიან იაფი.

სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფის გარდა უკრაინის წარმატება ამჟამად დამოკიდებულია იმაზეც, გახდება თუ არა ევროპა მისი მთავარი მოკავშირე და მწყალობელი. არის ყველა ნიშანი იმისა, რომ საქმე სწორედ ამისკენ მიდის - მართალია ნელა და დაყოვნებით, მაგრამ მაინც. წამყვანი ევროპელი სახელწიფოები - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი - ისწრაფვიან, რომ ამ საქმეში თავიანთი ლიდერობა განამტკიცონ. ამ მიზნით მათ - ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად - დიდი თანხები გამოჰყვეს უკრაინის შეიარაღებისათვის და ფინანსური უზრუნველყოფისათვის. ევროკავშირიი უკვე ამზადებს უფრო ხისტ და მკაცრ ანტირუსულ სანქციებს.

ევროპელები უკრაინას არამარტო დახმარებას პირდებიან, არამედ ისინი იმასაც აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომში კიევის გამარჯვება თვით ევროპის უსაფრთხოების გრძელვადიანი განმტკიცებისთვისაც. დღეს ეს გარემოება მათთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც ფრიდრიხ მერცმა გერმანიის კანცლერის პოსტი დაიკავა, ბერლინი მნიშვნელოვნად გააქტიურდა დიპლომატიურად, რაც არ იყო ოლაფ შოლცის მმართველობის დროს. ევროკავშირმა, რომელსაც რუსეთთან შედარებით ცხრაჯერ მეტი მოცულობის ეკონომიკა აქვს, უკვე დაიწყო აშშ-ის ჩანაცვლება უკრაინის შეიარაღებითა და ფინანსებით უზრუნველყოფაში.

2021-2024 წლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვითი ბიუჯეტი 218 მილიარდი ევროდან 326 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2027 წლისათვის ხარჯები კიდევ მინიმუმ 100 მილიარდით გაიზრდება. დღეისათვის ევროკავშირის ინსტიტუტების საქმიანობამ სრულიად ახალ დონეს მიაღწია - ისინი თითქმის მთლიანად არიან გადასულნი უკრაინის დახმარების განმტკიცებაზე.

მსოფლიო ეკონომიკის კვლევის კილის ინსტიტუტი (გერმანია) მივიდა დასკვნამდე, რომ ევროპას თავისი ხარჯების გაორმაგება მოუწევს, რათა აშშ-ის დახმარების მოცულობა ჩაანაცვლოს და მისი კომპენსაცია მოახდინოს უკრაინასთან მიმართებით. 2022 წლის თებერვალ-მარტიდან დაწყებული, აშშ-ის დახმარება შეადგენს 66,9 მილიარდ დოლარს სამხედრო შეიარაღების მხრივ, ხოლო 50 მილიარდ დოლარზე მეტი - პირდაპირ ფინანსურ დახმარებას. (...)

ევროპა, უეჭველია, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ როგორმე ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლოს ამერიკული ტექნიკა, მაგალითად, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სფეროში.  დღეისათვის ვაშინგტონი უკრაინას აწვდის ამერიკული წარმოების უმრავლეს რაკეტულ სისტემებს, მათ შორის HIMARS-ებს და ATACMS-ებს, ჭურვებს შორსმსროლელი ჰაუბიცებისათვის და რაკეტებს - საზენტო-სარაკეტო კომპლექს „Patriot-ისათვის. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ევროპა წარმატებით მუშაობს ტანკებისა და ქვემეხების წარმოების გადიდებისათვის.

რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნებს აქვთ თავიანთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რუსული ფრთოსანი და განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ, მაგრამ ისინი ნაკლებად ეფექტურები არიან. ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Patriot-ები ნატოს ქვეყნებისათვის ერთადერთი დანადგარია, რომელსაც ეფექტურად შეუძლია უკრაინის დაცვა რუსული ბალისტიკური რაკეტებისაგან. ამჟამად ამერიკას „პეტრიოტის“ რეზერვები აღარ აქვს, ამიტომ ევროპელებს შეუძლიათ სხვა აქვეყნებისგან შეისყიდონ, ანუ ის „პეტრიოტები“, რომლებიც აშშ-მა სხვადასხვა დროს მიაწოდა თავის მოკავშირეებს. დონალდ ტრამპი ასეთ გარიგებებს არ ეწინააღმდეგება. Patriot-ები აქვთ, მაგალითად, ისრაელს და სამხრეთ კორეას. ბოლო ხანს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა თავისი ერთ-ერთი „პეტრიოტი“ უკვე გადასცა უკრაინას.

არსებობს „ფარული ტუზიც“ - ეს არის უკრაინის მძლავრი თავდაცვითი სექტორი, რომელიც ინოვაციური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა  ევროპაში. უკრაინის სამხედრო კომპლექსი აწარმოებს აუცილებელ თავდაცვით საშუალებებს (დაახლოებით 40%-მდე) ბევრად ნაკლები დანახარჯებით და ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ევროპელები. ყოველ მილიარდი დოლარი, რომელსაც ამერიკა თავის სამხედრო კომპანიებს უხდის უკრაინელებისათვის იარაღის დასამზადებლად, ევროპელებს უფრო იაფი დაუჯდებათ, თუ ისინი ამ იარაღს უკრაინაში დაამზადებენ. ფართოდ რეკლამირებული დრონების გარდა, უკრაინა ამზადებს უფრო ბევრ ჰაუბიცას და საარტილერიო სისტემებს, ვიდრე ევროპის ყველა ქვეყანა, ერთად აღებული. უკრაინელმა სპეციალისტებმა ზუსტად იციან, თუ რა იარაღი რამდენი ჭირდებათ და მუდმივად ახდენენ თავიანთი წარმოებული ტექნიკის ადაპტირებას საბრძოლო-საველე პირობებისადმი.

დანია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც თავისი ფულით იარაღი დაუკვეთა უკრაინის თავდაცვით საწარმოებს უკრაინის არმიისათვის. როგორც ჩანს, დანიური მოდელი წარმატებული აღმოჩნდა. მიმდინარე წელს უკრაინის ხუთი მეგობარი - დანია, შვედეთი, კანადა, ნორვეგია და ისლანდია საერთო ოდენობით 1,3 მილიარდ ევროს გამოყოფენ კიევისათვის საარტილერიო სისტემების შესაძენად, დრონებისა და რაკეტების დასამზადებლად იმ სამხედრო ქარხნებისათვის, რომლებიც უკრაინაში მუშაობენ. ამ თანხიდან 830 მილიონი ევრო იქნება ის პროცენტი, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივების შედეგად არის მიღებული. მართალია, ეს ნაბიჯი დაგვიანებულიც კი არის, მაგრამ საკმაოდ ეფექტურია.

უკრაინელები დაქანცულნი არიან ომით და ნორმალური ცხოვრების დაბრუნება სურთ, იმავდროულად ისინი დაუჯერებელ გამომგონებლობას და სიმტკიცეს ავლენენ, რისთვისაც ევროპამ მათ მადლობა უნდა უთხრას. თუ აშშ მზად აღარ იქნება უკრაინას დაეხმაროს, მაშინ ეს ევროპამ უნდა გააკეთოს. და ევროპა ეხმარება კიდეც, ფართო სამომავლო მასშტაბით.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way