„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა იმის დასტურია, რომ აშშ-ს ესმის, რამდენად ღრმაა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი და როგორ სჭირდება ქვეყანას სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება.
როგორც ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გზავნილი იყო ის, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მხარეებს შორის კომპრომისი უნდა გამოინახოს.
„უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმიტომ, რომ იმ ძალიან მძიმე დროს, რომელიც ჩვენ რეგიონში არის, მან მონახა საშუალება ჩამოვიდეს. ჩემი 45 - წლიანი გამოცდილებიდან გეუბნებით, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ წამსვლელი ადმინისტრაციის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, როგორც წესი, რუსეთის გავლენის აგენტები არიან. რეალურად, ძალიან ბევრს ნიშნავს. აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ორპარტიული. ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე როგორც ევროპის კავშირს შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმაა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება, რომ გამოსავალი მოვნახოთ. ყურადღებით მოისმინეს ის, რაც ჩვენ ვუთხარით“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია იმ დარღვევების თაობაზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა.
„გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე იქედან, თუ რაოდენ რთულია ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა და ვითარება რეგიონში, რაოდენ რთულია ის, რომ მთელი მსოფლიო არის გაყინული და ებრძვის კორონავირუსს, სასწრაფოდ საჭიროა საქართველოში კომპრომისის მონახვა. ჩვენს უკან დგას საქართველოს ათასობით მოქალაქე, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ“,-განაცხადა ვაშაძემ.
„გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე - შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს.
მისივე თქმით, შეხვედრის მიზანი იყო, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან საპარლამენტო არჩევნების შეფასება მოესმინა.
„შეხვედრის მიზანი იყო, მოესმინა უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან, ჩვენ როგორ ვაფასებთ სიტუაციას, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა მან საკუთარი ხედვაც გაგვიზიარა. არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა. მისი მხრიდან შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არს სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. ის, რაც შეიძლება მუშაობდეს, რომელიმე განვითარებული ქვეყანაში, მაგალითად, სასამართლო, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს და ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა, თავს ხომ არ მოვიტყუებთ?! ასე ავუხსენით... ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ერთიანი იყო. პარლამენტში კი ამ რეალობაში არც ერთი პარტია არ შევა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მოგვიწოდებენ შეთანხმებისკენ, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია მზად არის მესამე რაუნდისთვის და მათი მოთხოვნები უცვლელია.
„ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან მოწოდება არის შეთანხმებისკენ. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც ხდება რეალურად. ოპოზიციამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ მესამე რაუნდში მზად ვართ მივიდეთ, ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან. აქ არ არის იმაზე, მხოლოდ ჩვენ რას ვიზამთ, მთავრი გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში. როგორც ჩვენსკენ იყო გზავნილები, ისე მათკენ იყო გზავნილები, რომ დეპოლარიზაცია და კატასტროფული დაპირისპირების ფონი ქვეყანაში უნდა მოიხსნას. რაც შეეხება მოთხოვნებს, ჩვენ დამატებით მოთხოვნებს არ ვაყენებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძე - ძალიან მნიშვნელოვანია აშშ დარჩეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რომ ჩვენ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას.
მისივე თქმით, მათი მოთხოვნა კვლავ იგივე რჩება - ახალი არჩევნების ჩატარება შეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციისა და კანონმდებლობის პირობებში.
„შეხვედრა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გაგვეცვალა მოსაზრებები ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებით, თუ რა გეგმები აქვს ოპოზიციას. ჩვენ გვქონდა ღია და კარგი საუბარი. გავაცანით ჩვენი პოზიცია თუ რატომ მივიჩნევთ ამ არჩევნებს გაყალბებულად, მოვისმინეთ ასევე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს აშშ ხელი შეუწყოს ამ კრიზისის განმუხტვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აშშ დარჩეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რომ ჩვენ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას.
ჩვენ არ ვასაჯაროებთ საუბრების დეტალებს, არც წინა დიალოგის და არც ამ შეხვედრის დეტალებს.
ჩვენი პოზიცია არის იგივე, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ კონსტრუქციულად და გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას, რომელიც უნდა ჩატარდეს სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, რომელიც გამორიცხავს იმ მანიპულაციებს და გაყალბებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს,“- განაცხადა ჯაფარიძემ
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გვირჩია, თითი გვქნია, მუშტი გვიბრახუნა, ასეთი რამ არ ყოფილა. უბრალოდ, იყო ძალიან მეგობრული, კეთილგანწყობილი და პარტნიორული საუბარი. აინტერესებდა ჩვენი პოზიცია, რატომ გვაქვს ბოიკოტი გამოცხადებული, რატომ მიგვაჩნია, რომ არჩევნები ცუდად ჩატარდა, გაყალბდა, როგორ ვხედავთ გამოსავალს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა განმარტა, შეხვედრის მონაწილე მეორე მხარესაც ჰქონდა მოსაზრებები და რჩევები.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ დღეს მოლაპარაკებები არ ყოფილა და იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ელისაშვილის განმარტებით, საერთო ჯამში არის ის, რომ ოპოზიცია შეხვედრის მესამე რაუნდის მოლოდინშია. თუმცა, როდის შედგება ეს შეხვედრა ზუსტად არ იცის, რადგან „ეს შუამავლებზეა ხოლმე დამოკიდებული“.
„ჩვენ ჩვენი ვუთხარით. ვუთხარით, ძალიან კონკრეტული დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ არ მუშაობს ინსტიტუციები.მაგალითად,როგორ არ იღეს ყურად საჩივრები საოლქო კომისიაში, სასამართლოში, როგორი ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო ცესკო-მ და ა.შ. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გავაცანით, ჩვენი პოზიცია დავასაბუთეთ და არგუმენტები ვუთხარით. მათი მხრიდან ერთადერთი რაც იყო, არის წუხილი. მათ უნდათ, რომ პარლამენტი, დემოკრატია ფუქნციონირებდეს. არჩევნებისადმი რწმენა იყოს ა. შ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
კითხვაზე, შეხვედრისას შესთავაზეს, თუ არა ოპოზიციის ლიდერებს პარლამენტში შესვლა ელისაშვილი პასუხობს, რომ „აქ, ხელის გადაწევაზე და დარწმუნებაზე არ იყო. უბრალოდ, მათ გვითხრეს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მოვლენათა განვითარება და მათ ეს წარმოუდგენიათ მშვიდად და წყნარად“.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა არჩევნებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.
როგორც ინაშვილმა განაცხადა, მან დააფიქსირა მისი პარტიის პოზიცია, რომ ხელახალი არჩევნების გარდა ვითარების გამოსწორების გზა არ არსებობს.
“სახელმწიფო მდივნის მოადგილე არის ინფორმირებული საქართველოში და მთლიანად რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო მთავარი თემა. დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რასაც საჯაროდ ვაფიქსირებ ხოლმე - აუცილებელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. სხვა ვარიანტი ვითარების გამოსწორების ჩემი და ჩვენი პარტიის აზრით, არ არსებობს. ესაა ჩვენი პოზიცია და გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით”,- განაცხადა ინაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.