USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
Colliers Georgia - მარტში ბინების გაყიდვების შემცირება ძველ პროექტებში ტრანზაქციების კლებამ განაპირობა
თარიღი:  542

თბილისში, მარტში 3,064 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. წლიურად ტრანზაქციების რაოდენობა მცირედ - 1.5%-ით შემცირდა.

Colliers Georgia-ს მიერ განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, თბილისში ბაზრის ზომა 16.7%-ით, 243 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. ამასთან, ტრანზაქციების ჯამური მაჩვენებელი ძირითადად, ძველ პროექტებში ბინების გაყიდვების შემცირებამ განაპირობა.

Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მარტის მონაცემებით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4.2%-იანი ზრდა ფიქსირდება, ტრანზაქციების რაოდენობა გაზრდილია, როგორც პირველად, ასევე, მეორეულ ბაზარზე.

„გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ, რაც ართულებს პირველადი ბაზრის ზუსტი სურათის აღქმას.

ძველ პროექტებში ნარჩუნდება კლების ტენდენცია - 2024 წლის მარტთან შედარებით მაჩვენებელი 15.5%-ით არის შემცირებული“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

რაც შეეხება ბინების გასაყიდ ფასს, მარტში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მარტთან შედარებით ფართო ცენტრში 11.6%-ით გაიზარდა, გარეუბანში - 10.2%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში სულ რაღაც 0.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამასთან, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მარტთან შედარებით ფართო ცენტრში 27.7%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში 21%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო გარეუბანში საშუალო შეწონილმა ფასმა 7.3%-ით მოიმატა. ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 11.6%-ით გაიზარდა.

„ამხელა ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ტრანზაქციები გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას“, - განმარტავენ Colliers Georgia-ში.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის