USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«Politico» (აშშ): ინტერვიუ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან: „ჩვენ რუსეთს ვეღარ დავეყრდნობით, ის ვერ გვიცავს, მისი იმედი აღარ უნდა გვქონდეს“
Date:  425

ბოლო დღეებში დასავლური პრესა ყურადღებას უთმობს სამხრეთ კავკასიაში მომხდარ მოვლენებს, კერძოდ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შექმნილ მზარდ დაძაბულობას მთიანი ყარაბაღის გამო და ამასთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ გაკეთებულ საკმაოდ რადიკალურ განცხადებებს რუსეთის მიმართ.

„მოსკოვი სომხეთს ვეღარ იცავს“, „კრემლი სომხეთის უსაფრთხოების დაცვის გარანტორი არ არის“, „სომხეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რომ რუსეთის მოიმედე გახდა“, - ასეთი სათაურები აქვს ფრანგული, გერმანულ და ამერიკულ გაზეთებში გამოქვეყნებულ მასალებს.

აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკოში“ (Politico) სათაურით „ჩვენ რუსეთს ვეღარ დავეყრდნობით, ის ვერ გვიცავს, მისი იმედი აღარ უნდა გვქონდეს“, გამოქვეყნებულია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ინტერვიუს შინაარსი, რომელსაც ჟურნალისტი გებრიელ გევინი ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

რუსეთის კატასტროფული შეჭრა უკრაინაში იმას ნიშნავს, რომ სომხეთს მეტად აღარ შეუძლია მოსკოვს - როგორც უსაფრთხოების გარანტს - დაეყრდნოს და მისი მოიმედე იყოს, განსაკუთრებით აზერბაიჯანის მხრიდან კონფლიქტის განახლების მზარდი საფრთხის გამო, - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი Politico-სთან ინტერვიუში.

პრემიერ-მინისტრის უჩვეულოდ მკვეთრი კრიტიკა რუსეთის მიმართ, რომ მოსკოვი უკვე უუნაროა კავკასიაში საპოლიციო ფუნქციის შესასრულებლად, აძლიერებს იმის შეგრძნებას, რომ კრემლი გავლენას კარგავს - ოდესღაც ნაქებ ზესახელმწიფოს სტატუსს, რომელიც ადრე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საყრდენს წარმოადგენდა.

(...)

ამჟამად, როცა რუსეთის ყურადღება მთლიანად არის გადატანილი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, ერევანში მატულობს შიში იმისა, გააგრძელებენ თუ არა ვლადიმერ პუტინის ჯარისკაცები მშვიდობის დაცვას სამხრეთ კავკასიაში. ამ შიშს მართლაც აქვს საფუძველი: არსებობს რეალური საფრთხე, რომ აზერბაიჯანმა, სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის ანკლავის წინააღმდეგ, სამხედრო მოქმედება განაახლოს

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა“, - ამბობს ნიკოლ ფაშინიანი და ხაზს უსვამს, რომ კრემლს არ სურს აზერბაიჯანთან და მის მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება სომხეთის გამო. დღეს მოსკოვისათვის, რომელიც კიევთან სისხლისმღვრელ ომშია ჩაბმული, ბაქოსთან და ანკარასთან კარგი კავშირების შენარჩუნება აუცილებელია.

„ჩვენი სტრატეგია იმით უნდა იყოს გამოხატული, რომ ასეთ სიტუაციაში შევეცადოთ და შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება სხვებზე“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი, - ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო გვქონდეს, მაგრამ იმავდროულად უნდა შეგვეძლოს თავი ავარიდოთ არასასურველ მოვლენებს, არ მოვხვდეთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შეტაკების ეპიცენტრში... არ უნდა დავუშვათ ისეთი შემთხვევა, რომ სომხეთი „პროქსი“-ქვეყანა გახდეს სხვებისათვის. ეს ძალზე მნიშვნელოვანია“.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, „როცა მეზობლებთან კონფლიქტის წინაშე ვდგებით, ყოველთვის რუსეთის იმედად ყოფნა და მისი დასახმარებლად მოწვევა მიუღებელია. ასეთი სამოქმედო მოდელი ბევრ მოწყვლად მომენტებს შეიცავს“.

მთიანი ყარაბაღი, რომელიც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მდებარეობს, მაგრამ მის ტერიტორიას ადგილობრივი სომხური მოსახლეობა აკონტროლებს, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორი ომის არეალად იქცა. ორივე შემთხვევაში რუსეთი ჩაერია სომხების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მოსკოვის უნარი, რომ მან მხარეთა შორის სტატუ-ქვო დაიცვას, ნელ-ნელა სუსტდება.

„ბოლო დროს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის დონე მკვეთრად დაეცა, შეიქმნა იმის საშიშროება, რომ აზერბაიჯანი უშუალოდ შეიჭრას და მთიანი ყარაბაღი სრულად გააკონტროლოს. გარდა ამისა, ბაქომ თავისი მოქმედებით ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია“, - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი ინტერვიუში. იგი ბრალს სდებს აზერბაიჯანს  ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვის გამო, რომელიც მთიან ყარაბაღთან სომხეთის ერთადერთ დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს და რომელსაც რუსი მშვიდობისმყოფლები იცავენ 2020 წლის ნოემბრიდან. ლაჩინის გზით მთიან ყარაბაღში სომხეთიდან სურსათი, მედიკამენტები და საწვავი შედის და მისი ჩაკეტვით ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას შიმშილი ემუქრება.

(...)

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მომხდარი ამბები აშკარად ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი თავის ვალდებულებას ვერ ასრულებს: „ამ ყველაფრის აღკვეთა, რაც ხდება, რუსი მშვიდობისმყოფლების მოვალეობას წარმოადგენს და რადგანაც ისინი ვერ ასრულებენ თავიანთ ამოცანას, რუსული სამშვიდობო მისია წარუმატებელი აღმოჩნდა“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი და იქვე ამატებს: „თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ თუ მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფლები არ იქნებოდნენ, სიტუაცია უფრო კარგი იქნებოდა“.

(...)

ბოლო დღეებში ორი მეზობელი სახელმწიფოს საზღვარზე შექმნილი დაძაბული მდგომარეობის გამო სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიები საბრძოლო მზადყოფნაში იქნენ მოყვანილნი, რაც ევროკავშირის მონიტორინგულმა მისიამაც დაადასტურა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ესკალაციის სცენარის გამორიცხვა ჯერ-ჯერობით არ შეიძლება, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ სომხეთი თანახმაა მობილიზებული სამხედრო ქვედანაყოფები თავიანთი დისლოცირების ბაზებში დააბრუნოს, იგივე უნდა გააკეთოს აზერბაიჯანმაც.

ინტერვიუში პრემიერმა დაადასტურა, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებას აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით. „ჩვენ ვაცნობიერებთ ერთ ჭეშმარიტებას: თუ გვსურს გვქონდეს მტკიცე სახელმწიფოებრობა, ამისათვის სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობის მოგვარების მიზნით“, - თქვა მან და იქვე აღნიშნა, რომ ძველი მოკავშირის (რუსეთის) მფარველობაზე უარის  თქმა არ ნიშნავს იმას, რომ სომხეთს რომელიმე დასავლელი დამცველი სწრაფად გამოუჩნდება: დიდი გზის გავლა იქნება საჭირო იმისათვის, რომ სომხეთმა დასავლეთისაგან ისეთი სრული მხარდაჭერა მიიღოს, როგორიც მას სურს.

„ჩვენი პარტნიორები - ევროკავშირი და აშშ - მხარს მაშინ გვიჭერენ, როცა საქმე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ეხება, მაგრამ მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ასეთი მხარდაჭერა საკმარისია ჩვენი [საბოლოო] მიზნების მისაღწევად და ჩვენი საქმიანობის დღის წესრიგის შესასრულებლად“, - დასძინა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუში.

წყარო: https://www.politico.eu/article/we-cant-rely-russia-protect-us-anymore-nikol-pashinyan-armenia-pm/

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way