USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
«Politico» : „საქართველოს ევროპული იდენტობის გასაგებად მის წარსულში უნდა ჩავიხედოთ“
Date:  

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში - ბრიუსელში) აქვეყნებს სტტიას სათაურით „საქართველოს ევროპული იდენტობის გასაგებად მის წარსულში უნდა ჩავიხედოთ“ (ავტორი - ლუკ კოფი, აშშ-ის ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი), რომელშიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაა განხილული, ევროპულ (დასავლურ) ცივილიზაციასთან ქვეყნის ისტორიული ურთიერთობების ფონზე. მასში ნაჩვენებია აგრეთვე ქართველი ხალხის ევროპული იდენტობის ფესვები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც უკვე გამოცხადდა, ევროკავშირი ოფიციალურად იწყებს მოლაპარაკებას უკრაინასთან და მოლდოვასთან, მათი მიღების მიზნით, რაც ისტორიულ მომენტს წარმოადგენს ორივე ქვეყნისათვის. სულ რაღაც ორიოდე წლის წინათ კიევისა და კიშინიოვისათვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ძალზე შორეული ჩანდა. სამწუხაროდ, უკრაინისა და მოლდოვას გვერდით არ იქნება კიდევ ერთი სახელმწიფო-კანდიდატი - საქართველო.

რამდენიმე კვირის წინათ ასობით ათასი ქართველი ქუჩებში გამოვიდა იმ რუსული კანონის წინააღმდეგ, რომელიც მმართველი პარტიის მთავრობამ და დეპუტატებმა მიიღეს და რომელიც პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ არის მიმართული. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებას კურსი რუსეთთან დაახლოებისაკენ აქვს აღებული. სრულიად გასაგებია, რომ ქართველების 80%, რომლებსაც ევროინტეგრირება სურთ, შეშფოთებულები არიან ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსის შესაძლო ცვლილებით. სხვათა შორის, მასობრივი აქციები და დემონსტრაციები საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო არ არის - სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად არის ჩართული დემოკრატიის განვითარებაში და ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრირებას ხელს უწყობს.

გარე დამკვირვებლისათვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რატომ გამოდის ქართველი ხალხი ქუჩაში ყოველთვის, როცა მისი ევროატლანტიკური კურსი ეჭვის ქვეშ ექცევა. ამისათვის აუცილებელია ვიცოდეთ ქვეყნის ისტორია, რომელშიც ორი მკაფიო თემაა ერთმანეთთან გადახლართული: პირველი გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპასთან არის დაკავშირებული - იმიტომ, რომ ჯერ კიდევ უძველესი წარსულიდან, ქვეყანას ფესვები დასავლური ცივილიზაციისაკენ აქვს გადგმული. მეორე - საქართველო ვერასდროს ვერ შეძლებს რუსეთისადმი ნდობის გამოხატვას - იმიტომ, რომ ნდობისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

საქართველოში უამრავი ლეგენდები და მითებია გავრცელებული, რაც იმას მოწმობს, რომ ევროპელებს და საერთოდ, დასავლურ ცივილიზაციას ქართველებთან დიდი ხნის კავშირი აქვთ და მითებში აღწერილი ამბები ხდებოდა იმ მიწაზე, რომელიც დღეს საქართველოს შემადგენლობაშია.

ძველბერძნული ლეგენდის თანახმად, როცა პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა ადამიანებისათვის მისაცემად, ღმერთებმა იგი დასაჯეს და კავკასიონის მწვერვალზე მიაჯაჭვეს, ჰერაკლე კი მის დასახმარებლად კავკასიაში გაემგზავრა. ასევე ბერძენი იაზონი არგონავტებით შავი ზღვის გავლით, კოლხეთის სამეფოში მიცურდა ოქროს საწმისის დასაუფლებლად. კოლხეთი დღეს საქართველოს შემადგენლობაში შედის. თანამედროვე ქართველები ძალიან ამაყბი არიან იმით, რომ მათ კავშირი აქვთ ევროპულ - ძველბერძნულ მითოლოგიასთან და ისტორიასთან, მაგრამ საქმე ამით არ მთავრდება.

გადავინაცვლოთ მე-19 საუკუნეში და გავეცნოთ ერთ-ერთ ინგლისელს - სერ ოლივერ უორდროპს - ქართველოლოგიური კვლევების მამამთავარს და მოგვიანებით, უკვე 1919-1920 წლებში - ბრიტანეთის პირველ მაღალჩინოსან დიპლომატს კავკასიაში და საქართველოში. იგი, მოგზაურობის მოყვარული პიროვნება, საქართველოში  1887 წლის აპრილში მოხვდა - გემით ბათუმში, გაიარა გურია, ქუთაისი  და ჩავიდა თბილისში. გაიცნო და დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს და სხვა ქართველ ინტელექტუალებს, იმოგზაურა  კახეთშიც. ინგლისში დაბრუნებისთანავე ოლივერ უორდროპმა დაწერა წიგნი „საქართველოს სამეფო: მოგზაურობა ქალების, ღვინისა და სიმღერების ქვეყანაში“ (The Kingdom of Georgia: Travel in a Land of Women, Wine and Song), რომელიც 1888 წლის შემოდგომაზე დაიბეჭდა ლონდონში. წიგნი მოიცავდა საქართველოს მოკლე ისტორიას, ქართული ენის და ლიტერატურის აღწერას და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის მიმოხილვას: „საინტერესოა, რომ ქვეყნის პოლიტიკური იდეალები გადმოღებულია დასავლეთ ევროპიდან... აბსოლუტური მონარქების შვილები, რომელთა მამები სულ რაღაც მეოთხედი საუკუნის წინათ მსხვილი ფეოდალების და ყმების მფლობელები იყვნენ, დღეს დემოკრატიული იდეების მხარდამჭერები არიან და ხმამაღლა აცხადებენ თავისუფლების, თანასწორობის, ძმობისადმი ერთგულებას“, - წერდა ოლივერ უორდროპი.

საქართველოს ევროპული იდენტობა უკვე დიდი ხანია უდავოა, ასევე დამტკიცებულია ქართველთა როლი ევროპის ისტორიაშიც. და თუ გავითვალისწინებთ ქართველთა ერთგულებას ევროპული ფასეულობების მიმართ, მაშინ გასაგები იქნება, თუ რატომ აქვთ ქართველებს მოსაზღვრე რუსეთისადმი საეჭვო დამოკიდებულება - იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ყოველთვის ერეოდა ქვეყნის საქმეებში, 2008 წლის აგრესიული ომის ჩათვლით, რომლის დროსაც რუსეთმა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განახორციელა. საერთოდ კი, ქართველების ეჭვებს და უნდობლობას რუსეთის მიმართ 240 წლის ისტორია აქვს.

მე-18 საუკუნეში ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე მეორემ, რომელიც ოსმალებისა და სპარსელების სემოსევის მუდმივი საფრთხის ქვეშ იყო, მფარველობითი ხელშეკრულება გააფორმა რუსეთთან („გეორგიევსკის ტრაქტატი“), მაგრამ რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ არ დაიცვა დოკუმენტის პირობები და როცა სპარსეთის მმართველი აღა-მაჰმად-ხანი ქართლ-კახეთის სამეფოს თავს დაესხა, ქართველებს არ დაეხმარა (...) უფრო მეტიც: 1801 წელს რუსეთმა საერთოდ გააუქმა ხელშეკრულება და ქართლ-კახეთის სამეფო მიიერთა, შემდეგ კი იმერეთის სამეფო და მთლიანად საქართველო.

1918 წელს ქართველმა ხალხმა დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოაყალიბა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახით, რომელიც იმდროინდელმა ევროპულმა ქვეყნებმა დე-იურედ აღიარეს... და არა მარტო ევროპამ, არამედ შორეულმა არგენტინამ და იაპონიამ. 1920 წლის 7 მაისს საქართველომ და ბოლშევიკურმა რუსეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის ძალით, ორივე მხარემ ერთმანეთის დამოუკიდებლობა აღიარეს და სახელმწიფო საზღვრის ზოგადი დელიმიტაციაც განახორციელეს. სამწუხაროდ, თბილისი იძულებული გახდა ხელი მოეწერა საიდუმლო დამატებისთვისაც, რომლის თანახმად, საქართველოში დაშვებული იქნა ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი კომპარტიის საქმიანობა. საბოლოო ჯამში, სწორედ ადგილობრივი ქართველი და რუსი კომუნისტების ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგად, შეიქმნა ისეთი პირობები, რომ საბჭოთა რუსეთი, სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ, 1921 წლის თებერვალში, თავს დაესხა საქართველოს,  დაარღვია 7 მაისის ხელშეკრულების პირობები, ქვეყნის ოკუპირება მოახდინა და კომუნისტური მმართველობა შემოიღო, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეიყვანა. ქართველები ასეთ პირობებში იყვნენ 1991 წლამდე.

თუ ვინმე თვლის, რომ ეს ყველაფერი წარსულში მოხდა და რუსეთის ახალი თავდასხმა მოსალოდნელი არ არის, მაშინ თქვენ მოვლენებს ყურადღებას არ აქცევთ. ეჭვი არავის არ შეეპაროს იმაში, რომ რუსეთი თვალს ადევნებს საქართველოს მოვლენებს და თუ კრემლი შეამჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას კარგავს, სრულიად სავარაუდოა, რომ მოსკოვი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩაერევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის დამხობა მასობრივი დემონსტრაციების შედეგად მოხდება.

„რუსული კანონის“ მიღების შემდეგ „ქართული ოცნება“ „დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს“, რაც არ ეთანხმება ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ უნდობლობას რუსეთის მიმართ. საქართველოს ბედი ევროატლანტიკურ თანამეგობრობაშია - იმიტომ, რომ, როგორც უკვე ვთქვით, მისი ფესვები ევროპაშია საუკუნეების განმავლობაში. ქუჩის საპროტესტო აქციებში უფროსი თაობის ქართველებიც მონაწილეობენ, რომლებმაც კარგად იციან, თუ როგორი იყო საქართველო საბჭოთა პერიოდში და ამიტომ მათ განვლილის უკან დაბრუნება არ სურთ, ხოლო ახალგაზრდებს, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში არ უცხოვრიათ, მხოლოდ ქვეყნის დასავლური პერსპექტივა აინტერესებთ და ევროატლანტიკური გზის ერთგულები არიან.

ჯერ კიდევ არავინ იცის, თუ რა მოჰყვება ვაშინგტონის, ლონდონის და ბრიუსელის პოზიცების დაფიქსირებას, მაგრამ ერთი რამის თქმა აშკარად შეიძლება: საქართველოსა და მისი ევროატლანტიკური პარნიორების ურთიერთობა ისეთი მჭიდრო, როგორიც ადრე იყო, აღარ იქნება. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი და მდგრადი რჩება.

ქართული ლიტერატურის გიგანტი - და რუსული იმპერიალიზმის მტკიცე კრიტიკოსი - ილია ჭავჭავაძე წერდა თავის ცნობილ ნაწარმოებში - „აჩრდილში“: „ქართვლის სამკვიდროვ, ქვეყნის თვალად დაბადებულო, // რამდენს ვაებას შენსა თავზედ გადაუვლია!.. // ჯვარცმულის ღვთისთვის თვით ჯვარცმულო და წამებულო, // ეკლიანს გზაზედ შენებრ სხვასა რომელს უვლია? // სხვა რომელია, რომ ათასთ წელთ ბრძოლა მედგარი, გამოევლოს და სრულიად მტვრად არ აღგვილიყოს? // შენ ხარ, მარტო შენ!.. მაგალითი სხვა არსად არი, რომ სხვა ქვეყანას, სხვასა ერსა ეგ შესძლებიყოს“.

ამრიგად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეროვნული საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, ხოლო ქართულ პოლიტიკაში რაიმე კომპრომისი არ ჩანს და მოსალოდნელიც არ არის, ზაფხული პოლიტიკურად ხანგრძლივი და ცხელი იქნება. ყველაზე მეტად რაც არ ჭირდება სამხრეთ კავკასიას და შავი ზღვის რეგიონს, ეს არის არასტაბილურობის გაღრმავება. და თუ დღეს პოლიტიკოსები თვალს არ ადევნებენ საქართველოს, მათ ყურადღების მიქცევა უკვე უნდა დაიწყონ.

წყარო: https://www.politico.eu/article/georgia-eu-european-union-membership-georgian-dream-party-history-protests-foreign-agents-law-russia/

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way