USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Tbilisi
ოლგა გურამიშვილი - "-კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით თქვე ურჯულოებო! -ეს ქვეყანას სჭირდება."
Date:  3539

1863 წლის 10 აპრილს სამების ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს ილია ჭავჭავაძემ და ოლღა თადეოზის ასულმა გურამიშვილმა.

ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა ერთმანეთი 1863 წლის იანვარში გაიცნეს. პირველი ინიციატივა ოლღა გურამიშვილმა გამოიჩინა და თავისი მეგობრის ნინო ორბელიანის (ყაფლანაშვილის) ხელით ილიას წერილი გაუგზავნა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:

„მითხარით, – სად შევხვდეთ. დროის გამო ნუ სწუხდებით, დროს ყოველთვის მოვნახავ, ოღონდ ერთი დღით ადრე მაცნობეთ. ი. ჭ.“ (16 იანვარი, 1863 წ.) – ეს არის პირველი ბარათი ილია ჭავჭავაძის მიერ სხვადასხვა დროს ოლღასათვის გაგზავნილი იმ 240-მდე წერილიდან, რომლებიც გამხმარ მინდვრის ყვავილებთან ერთად სათუთად შემოუნახავს ადრესატს.

ილია ჭავჭავაძის მეგობარი ივანე პოლტორაცკი იგონებდა: „უკიდურესად გადარეული იყო ჩვენი ილია უმცროსი დის ოლღას მშვენებით, მაგრამ მაშინ ძლიერ ხელმოკლე თავადი ჭავჭავაძე და მასთან მწერალი და ლიბერალი სასურველ სიძედ ვერ ჩაითვლებოდა და თავის ტრფიალს მალავდა. ამის გამო ორ ახალგაზრდა მიჯნურთა შუა ჩუმი მიწერ-მოწერა იყო შუამავალი… მე მოწამე ვარ იმათი იდეალური სიყვარულის და რომანტიულის გატაცებისა… თაყვანება და ერთგულება თავის გენიალური ქმრისა ოლღას სიკვდილამდე არ შეუცვლია.“

„შენ ძალზე ძვირფასი ხარ ჩემთვის, ჩემო ანგელოსო, უფრო მეტად ძვირფასი, ვიდრე შეგიძლია ივარაუდო“, „მე ხომ ცხოვრება და მისი აზრი მას შემდეგ გავიგე, რაც შენ შეგიყვარე“ – წერდა ილია მიჯნურს მას შემდეგ, როცა ბოლომდე შეიცნო მომავალი მეუღლის პიროვნული თვისებები და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ის ადამიანს უყურებდა „როგორც ღვთის მიერ შექმნილ არსებას, რომელშიც უპირველესად ყოვლისა მისი სული უნდა მზიანობდეს“. ამისათვის იგი ბედს მადლობას წირავდა: „ბედი ოლიკოზე უკეთეს საჩუქარს ვერ მომიძღვნიდა. მადლობა, ათასი მადლობა მას!“ ოლღაც არ იშურებდა თბილ და დიდი გრძნობით აღსავსე სიტყვებს თავისი ილიკოსადმი, ისიც ბედის მადლიერი იყო, რადგან ილიას სიყვარული სწორედ მას არგუნა წილად და ამის გამო თავი უბედნიერეს ქალად მიაჩნდა. „ჩემისთანა ბედნიერი არა მგონია ვინმე ყოფილიყოს“, – ერთხელაც გამოუტყდა ოლღა ილიას.

ძველი სამების ტაძარში ჯვრისწერას სიძე-პატარძლის გარდა მხოლოდ მეჯვარეები ესწრებოდნენ – ილია ჭავჭავაძის მხრიდან პროფესიით იურისტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი, „საქართველოს მოამბის“ თანამშრომელი დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანი და ილიას ნათესავი, შემდგომში თბილისის ვიცე-გუბერნატორი, სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი –  ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე, ხოლო ოლღა გურამიშვილის მხრიდან – ფლიგელ-ადიუტანტი, პოდპოლკოვნიკი ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილი და „კოლეჟსკი ასესორი“ სულხან ნიკოლოზის ძე თუმანიშვილი. წყვილს ჯვარი დასწერა წმინდა სამების დეკანოზმა ნიკოლოზ პეტრეს ძე არდაზიანმა.

ილია ჭავჭავაძე რომ მოკლეს, მასთან ერთად უმოწყალოდ სცემეს ოლღა გურამიშვილიც, რომელიც ქართველებისგან სასიკვდილოდ განწირულ მეუღლეს, წიწამურთან, შემდეგი სიტყვებით გადაეფარა:

"-კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით თქვე ურჯულოებო! -ეს ქვეყანას სჭირდება."

ოთხი თვის შემდეგ გამოვიდა საავადმყოფოდან ოლღა. მას არც გაუხედავს საგურამოსკენ და არც თბილისის ბინისკენ, ისე ჩააბარა "წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", თვითონ კი მთაწმინდის უბანში "ილიასთან ახლოს" პატარა ბინაში შეიყუჟა.

ეს ის ოლღა იყო, რომლის ხასიათით, ღირსებით და მორალით აღფრთოვანებული და გაოცებული ლევ ტოლსტოი წერდა: "მაშინ, როდესაც მთელს რუსეთში გამეფებულია ზნეობრივი სიბნელე და უკუნეთი, ყოველ ნაბიჯზე გაისმის მოჰკალ, ჩამოახრჩე და ლამის სასოწარკვეთილების მორევში ჩავიხრჩოთ, ამ დროს საქართველოს საუკეთესო შვილის ქვრივი, რომელსაც უსაყვარლესი მეუღლე ბარბაროსულად მოუკლეს და თვითონაც, იგი მხეცურად სცემეს და დაჭრეს, ევედრება მთავრობას, სიკვდილით ნუ დასჯით მკვლელებსო. აქამდე ვიცოდით, ფიზიკური მზე აღმოსავლეთიდან რომ ამოდის. ახლა უნდა დავსძინოთ და ვთქვათ, რომ ზნეობრივმა მზემ საქართველოდან ამოაშუქა."

ოლღა ყოველდღე დადიოდა ილიას საფლავზე, სანთლებს უნთებდა და ლოცულობდა, მთაწმინდაზე ბინა იქირავა და იქ დასახლდა, ქმართან ახლოს რომ ყოფილიყო. საფლავზე ხშირად ხედავდნენ შავით მოსილ მოხუც ქალს, რომელიც ხალხს ევედრებოდა: ''სანთელი დაუნთეთ ილიას, ვითომც ტაძარი აგიგიათო."

არავინ იცოდა, რომ ეს ოლღა იყო. მას მაშინაც ვერ ცნობდნენ, ლუკმა-პურისთვის ბაზრობაზე დიდი მწერლის წიგნებს რომ ყიდდა.

როცა საფლავზე სიარული აღარ შეეძლო, აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში დგებოდა, მთაწმინდას გაჰყურებდა და ჩურჩულებდა: "მოვდივარ, ილია, მოვდივარ!"

ერთ დღეს ნახეს, საწოლთან დაჩოქილმა, ბალიშის ქვემოდან როგორ გამოიღო ილიას სურათი, კოცნიდა და თან იძახდა: „ჩემო მფარველო, ჩემო სიცოცხლე, სადა ხარ, სადა?''

იოსებ იმედაშვილმა ოლღას დაკრძალვაზე ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ახლა მიწას ვაბარებთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს დიდი ჭირისუფლის, ქართველი ხალხის წინამძღოლის და საიმედო პატრონის ილია ჭავჭავაძის ცხოვრების თანამგზავრს, მის ღირსეულ მეუღლესა და თანამზრახველს ოლღა თადეოზ გურამიშვილის ასულს, ვინაც მასთან ერთად სწია ქართველი ერის მძიმე ჭაპანი, და თავისი მეუღლის ნარ-ეკლით მოფენილ ცხოვრებასა და სისხლიან სიკვდილს უმწიკვლო ზვარაკად შეეწირა..."

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way