USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
თბილისი
«Voice of America» (აშშ): ვილნიუსის სამიტი: საქართველო, ნატო და „განაწყენებული ტონი“
თარიღი:  

ამერიკული საზოგადოებრივი სამაუწყებლო ტელერადიოკომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო, ნატო და „განაწყენებული ტონი“.

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

„ვილნიუსში, ნატოს სამიტის შემდეგ, სადაც უკრაინისთვის ალიანსში გაწევრიანების რთულ გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმის, იგივე "მაპის" საჭიროება მოიხსნა, ხოლო საქართველოსთვის კი ისევ დარჩა, ანალიტიკოსების აზრით, მმართველი ძალა ცდილობს, ეს პოლიტიკური და დიპლომატიური ჩავარდნა „განაწყნებული“ მესიჯებით გადაფაროს.

„ევროატლანტიკური ინტეგრაციისა კუთხით, საქართველოს წინ წასასვლელად, მნიშვნელოვანი იყო ორი მიმართულება. ერთი უნდა ყოფილიყო, დიპლომატიური, საგარეო აქტივობები და მეორე უნდა ყოფილიყო შიდა რეფორმები დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით. ორივე ნაწილში არ იქნა ეს შესაძლებლობები გამოყენებული“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ. მისი თქმით, „პირიქით, ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა ანტიდასავლური რიტორიკა მოდის სახელისუფლებო წრეებიდან. ეს არის დაუფარავი რიტორიკა, დაწყებული იმით, რომ თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას და გაგრძელებული აგრესიული, ანტიდასავლური პროქსი ჯგუფების შექმნით, დაფინანსებით და შემდგომ, მათი გამოყენებით, როგორც პროპაგანდის, ისე ძალადობის განსახორციელებლად“.

დავით სიხარულიძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ფსევდოგანაწყენებული ტონი, რომ თითქოს, „მათ ყველაფერი გააკეთეს“, მაგრამ „მატოში მაინც არ გვიღებენ და არც არასოდეს მიგვიღებენ“, „2008 წელსაც არ მოგვცეს და ახლაც არ მოგვცემენ“ - ახალი მანიპულაციური ხაზია, ანტიდასავრული პროპაგანდის მიმართულებით.

„ხელისუფლება ამ განაწყენებული ტონით, თითქოს მთელ პასუხისმგებლობას ჰკიდებს დასავლეთს, ესეც თავისებური პროპაგანდისტური ხაზია, რომელიც ნიჰილიზმს ავითარებს, ეს გაცილებით საშიშია. ამით ცდილობენ გადაფარონ ის რეალობა, რომ ნატო ივანიშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი აღარ არის“ - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი სიხარულიძე, რომელსაც ეს თანამდებობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეკავა.

ის, რომ უკრაინა ვილნიუსის სამიტის შემდეგ, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით დაწინაურდა ალიანსში გაწევრიანების გზაზე - თვლის თავდაცვის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

მისი თქმით, „მთავარი, თვისობრივი განსხვავება ის არის, რომ უკრაინის შემთხვევაში მათ აღარ სჭირდებათ მოლოდინის ოთახში ყოფნა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთანავე, უკრაინის ნატოში გაწევრიანება რეალიზებული იქნება. საქართველოს ვითარება თვისობრივად სხვაგვარია, რადგან ჩვენ კიდევ "მაპი" გვიწერია, როგორც ვალდებულება, რაც ორსაფეხურიან პროცესს ნიშნავს, მოლოდინის ოთახში ყოფნას და მომატებულ საფრთხეს“ - ამბობს თინა ხიდაშელი.

ამასთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრს მიაჩნია, რომ უკრაინისთვის "მაპის" მოთხოვნის მოხსნა, მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ეს არის წინაპირობა იმისა, რომ "როგორც კი საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება, ეს ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაშიც შეიცვლება. პრეცედენტი დაშვებულია და ეს პრეცედენტი საქართველოზეც გავრცელდება პოლიტიკური განწყობების ცვილებისთანავე“.

უკრაინის პროგრესს ნატოს გზაზე, ვილნიუსის სამიტის შემდეგ, ვერ ხედავენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“. „წარმოიდგინეთ, უკრაინა არის ამხელა, ომში გახვეული და მაინც სტატუს ქვო დარჩა. რა ნაბიჯი უნდა გადაგვედგა ასეთ პირობებში, რომ გვქონოდა პროგრესი, ხომ?! მთავარი პრობლემა რა არის, რომ როდის და როგორ [მოხდება გაწევრიანება], ამაზე პასუხი არ არსებობს.

როგორც არ არსებობდა გუშინდლამდე, ასევე არ არსებობს გუშინდლის შემდეგაც. როდის და როგორ არავინ არ იცის. წარმოიდგინეთ, ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და ამის მიუხედავად, არავითარი პროგრესი. ასეთ პირობებში საქართველოს რა პროგრესისთვის უნდა მიეღწია?“ - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„სამწუხაროდ, ოპონენტები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს“ - ასე გამოეხმაურა კრიტიკას თბილისიდან, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, "ვილნიუსში ნატო-ს სამიტი არსებული გეოპოლიტიკური და გართულებული უსაფრთხოების პირობებში საკმაოდ შედეგიანი იყო. ძალიან ძლიერი პოლიტიკური გზავნილები გაიგზავნა უკრაინის მისამართით, ქვეყნის მისამართით, რომელიც დღეს ომშია, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოწვევები.

სამიტი იყო ძალიან წარმატებული საქართველოსთვისაც, ახალი მუხტის მომტანი და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება საქართველოს, წარმატებით იაროს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების გზაზე“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა, რომელიც საქართველოს ვილნიუსში ნატოს სამიტზე, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად წარმოადგენდა.

გერმანული გაზეთის Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვილნიუსში სამიტზე მას შემდეგ აღარ მიიწვიეს, „რაც ბრატისლავაში უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინაში ომის დაწყების "ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ნატო და მისი გაფართოება დაასახელა". საქართველოს მთავრობას, Frankfurter Allgemeine Zeitung-ის პუბლიკაციაზე განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7178268.html

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.