USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«Voice of America» (აშშ): „საშიში მშვიდობა: ინციდენტი კირბალის ეკლესიასთან“
дата:  407

ამერიკული სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საშიში მშვიდობა: ინციდენტი კირბალის ეკლესიასთან“, რომელშიც გადმოცემულია 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან მომხდარი ინციდენტი.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

რუსმა ოკუპანტებმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს. ის თანასოფლელთან, ლევან დოთიაშვილთან ერთად, მისი კუთვნილი ავტომანქანით, კირბალის წმინდა გიორგის სალოცავთან იმყოფებოდა. კირბალში მცხოვრებლებმა სროლის ხმა სოფელში კი გაიგეს, მაგრამ დახმარება ვერ შეძლეს.

თამაზ გინტურს, მშვიდობიან მოქალაქეს, სურდა, თავისსავე სოფელში ეკლესიაში მისვლა. ეს მისი მკვლელობის მიზეზად იქცა.

თამაზ გინტურს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს. ის დაიჭრა, მაგრამ ოკუპანტების პირველი საზრუნავი, ამ დროს, სამედიცინო დახმარების მობილიზება არ ყოფილა. მათ ადგილზე მისვლის უფლება არ მისცეს არც ქართველ სამართალდამცავებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ, რომ დაჭრილი თამაზ გინტური სისხლისგან იცლებოდა, ქართულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მისვლისა და სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანის წაყვანის ნება დართეს,- ეს გახლავთ ინფორმაცია, რასაც კირბალელები ფლობენ.

თამაზ გინტური საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. მისი ცხედარი ამ დროისთვის, თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მკვლელობის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისთანავე კირბალთან მობილიზება დაიწყეს მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა. ქართველმა სამართალდამცავებმა სოფელში შესასვლელი გზა გადაკეტეს და გადაადგილების უფლება ყველას შეუზღუდეს. მათ შორის, სოფელში არ შეუშვეს ატისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები, ვინც პირველებმა გაავრცელეს ინფორმაცია რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის თაობაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია: „2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით“.

6 ნოემბერს, ღამის თერთმეტი საათისთვის ერგნეთში, იქ სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მოლაპარაკებები იმართება, "ტექნიკური" შეხვედრა ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა თამაზ გინტურთან ერთად მყოფი მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის გადმოცემა იყო. ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ლევან დოთიაშვილიც იყოს დაჭრილი, რადგან რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი ავტომანქანის მიმართულებით გახსნეს და დაცხრილეს. ირაკლი ანთაძემ, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ „ლევან დოთიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“. კითხვაზე, არის თუ არა ის დაჭრილი, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებებში, როდესაც საქმე უკანონო დაკავების ფაქტს ეხება რუსი ოკუპანტების მიერ, ტექსტში გამოყენებულია უკვე სტანდარტულად დამკვიდრებული ფორმულირება - „ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავება“. მიზეზი, თუ რატომ არის თითქმის ყველა განცხადებაში, ხაზგასმულად მითითებული, „ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავება“, ბუნდოვანია, რადგან, უმეტესწილად, დაკავების თვითმხილველები აცხადებენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა გადმოკვეთეს ეგრეთ წოდებული პირობითი საოკუპაციო ხაზი და ასე, საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააკავეს მშვიდობიანი მოქალაქე.

„ოკუპირებული ტერიტორიაც საქართველოს ტერიტორიაა და არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, იმ მყოფი საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას,“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ 6 ნოემბერს, გვიან ღამეს, ერგნეთში გამართული ტექნიკური შეხვედრის შემდეგ.

6 ნოემბრის შემზარავი მკვლელობა ეკლესიის მიმდებარედ მოხდა. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი ლომისას ტაძარიცაა, ამავდროულად, ადგილობრივებისთვის ძალიან ძვირფასია, თუმცა ტაძრამდე მისასვლელი გზა დე-ფაქტო ოკუპირებულია. სანახევროდ მიტაცებულია იქვე არსებული სოფლის სასაფლაოც. მიუხედავად ამისა, მკვიდრი მოსახლეობა, სიცოცხლის რისკის ფასად, მაინც ცდილობს წინაპრების საფლავებზე მისვლას და ეკლესიის მოლოცვას. 2023 წლის ზაფხულში ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ტაძრის შესასვლელი კარი აჭედილია. ეს რუსი ოკუპანტების ნამოქმედარია იმისთვის, რომ ადგილობრივები დაშინდნენ და ეკლესიაში სიარულის სურვილი დაკარგონ.

კირბალის წმინდა გიორგის სახელობის, ლომისას ეკლესია რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში იმ დროს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მლეთას ლომისას ეკლესიიდან ფეისბუქ-ლაივი გაავრცელა. მან ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რომ კირბალის ლომისას ეკლესია რუსებმა აჭედეს, რადგან „იქ ვიღაცამ ქართული დროშა ააფრიალა“. მღვდელმთავარი მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ ამგვარი ქცევისგან, მაგალითად, საქართველოს დროშის აღმართვისგან თავი შეეკავებინათ, რადგან ამით რუსი ოკუპანტები ღიზიანდებიან.

საქართველოს მოქალაქეებში მღვდელმთავრის განცხადებამ აღშფოთება გამოიწვია, რადგან მათ მიიჩნიეს, რომ დეკანოზის მესიჯით, ფაქტობრივად, „გამამართლებელი მიზეზი“ აღმოაჩნდათ რუს ოკუპანტებს დაუბრკოლებლად გადაადგილდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ეკლესიასთან მისული მომლოცველებისთვის პირდაპირ ცეცხლის გახსნა უბრალო „დამთხვევაა“ თუ ტერიტორიების მონიშვნა, ღიად დარჩენილი კითხვაა.

რუსი ოკუპანტებისგან სროლის ეს პირველი შემთხვევა არაა. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი 2023 წლის 13 იანვარს მოხდა, როდესაც მათ არა მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ ისროლეს, არამედ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გაუხსნეს ცეცხლი. ამ ფაქტის ნამდვილობა შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემაც დაადასტურა, იმ დროისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც. თუმცა თავად ამბავი ისევ „ძალა ერთობაშიამ“ გაახმაურა.

„რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთმა მესაზღვრემ რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში იმ დროს, როდესაც ჩვენი პატრული ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან გადაადგილდებოდა. ევროკავშირის დამკვირვებლები არ ყოფილან სამიზნე და არ უსვრიათ დამიზნებით, მათი მიმართულებით. ჩვენთვის უცნობია, მიზეზი, თუ რატომ ჰქონდათ ამგვარი რეაქცია ჩვენი პატრულის ყოფნასთან დაკავშირებით. ვადასტურებთ, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები პატრულირებენ ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ და გამოირჩევიან ლურჯი ფერის ჟილეტებით, EUMM ნიშნებით. ინციდენტის დროს ადგილობრივი მცხოვრებლები მიმდებარე ტერიტორიაზე არ ყოფილან. ამდენად, ვერ ვივარაუდებთ, რომ შეიძლებოდა ისინი „არეოდათ“ მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებში,“- ეს გახლავთ პასუხი, რომელიც „ამერიკის ხმამ“ ევროკავშირის მისიის ოფისისგან მიიღო.

2020 წლის ივლისში რუსებმა ასევე ესროლეს მშვიდობიან მოქალაქეს. მსხვერპლი მაშინ ქვემოჭალის მკვიდრი ზაზა გახელაძე გახლდათ. ის სხვილოს ციხის მიმდებარედ დაჭრეს და დააპატიმრეს. საოკუპაციო რეჟიმმა მაშინ განაცხადა, რომ ზაზა გახელაძემაც ისროლა და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დე-ფაქტო ცხინვალის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონდამრღვევები არიან მოკლული თამაზ გინტური და დაპატიმრებული ლევან დოთიაშვილი. ისინი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, ნასვამ მდგომარეობაში, - ამბობს „კაგებე. მხოლოდ ამ ტექსტში რამდენიმე შეუსაბამობაა. მაგალითად, მითითებულია, რომ დაკავების დროს „კანონდამრღვევებმა“ წინააღმდეგობა გასწიეს, რაც იმით გამოიხატა, რომ „ნაჯახით დაემუქრნენ და მანქანას აჯახებდნენ“, შემდეგ კი „მიიმალნენ საქართველოში“.

განცხადების მომდევნო აბზაცში ნათქვამია, რომ „ამ უკანონო ქმედებების ჩასახშობად „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრის დამცავებმა გაისროლეს ჰაერში, შემდეგ კი მანქანის საბურავებს ესროლეს.“ შედეგად ერთ-ერთი კანონდამრღვევი დაიჭრა - ნათქვამია განცხადებაში. გაურკვეველია, რატომ დაიჭრა ადამიანი, თუ რუსები მხოლოდ ავტომანქანის საბურავებს ესროდნენ. ან რა საჭირო იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება იმ დროს, როდესაც კირბალელებს მხოლოდ ცული ჰქონდათ თან.

დე-ფაქტო უშიშროების სამსახური დასძენს, რომ „ქართული მხარის წარმომადგენლები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ხელს აუარესებს სახელმწიფოთაშორის გამყოფ ხაზზე ვითარებას“.

ადგილობრივები კირბალში, თანასოფლელის მკვლელობის შემდეგ შეშინებული არიან. მათ ისედაც, რუსული ტერორის ქვეშ უწევთ ცხოვრება. სოფელში შესვლის შესაძლებლობა არც თბილისიდან და არც გორიდან ჩასულ მოქალაქეებს არ მისცემიათ მკვლელობის დღეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თამაზ გინტური კარალეთის სპეცრაზმის ყოფილი წევრი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი ოფიცერი იყო.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7344211.html

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати