USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«Voice of America» (აშშ): „რუსეთის ატომური იარაღი ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც მას არ იყენებენ“
თარიღი:  852

ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ინტერვიუ თადარიგის ოთხვარსკვლავიან გენერალთან და ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალთან ფრედერიკ ბენ ჰოჯესთან სათაურით „რუსეთის ატომური იარაღი ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც მას არ იყენებენ“.

გენერალი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის რუსეთის ხელისუფლებაში დარჩენა ბევრს არაფერს ცვლის უკრაინისთვის, თუმცა, ეს ცუდი ამბავია რუსი სამხედროებისთვის, ვინაიდან კრემლი განაგრძობს ფრონტის ხაზზე "ხორცსაკეპ მანქანაში" მათ გაგზავნას.

ომის ორი წლისთავზე ამერიკელი გენერალი მომავალი წლის მოლოდინებზე, უკრაინის შეიარაღების პრობლემებზე, დასავლური დახმარების აუცილებლობაზე, ნატოში ცვლილებებსა და შავი ზღვის რეგიონზე ომის გავლენაზე საუბრობს.

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:

- გენერალო, დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ ინტერვიუსათვის. ნება მომეცით, ბოლო ამბებით დავიწყო. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად სახელმწიფოს მეთაურად ისევ ვლადიმერ პუტინი დარჩა. ელოდებით რაიმე ცვლილებას იმის გამო, რომ კრემლში ისევ პუტინი იქნება?

- ვფიქრობ, ეს ცუდი ამბავია ათასობით რუსი მამაკაცისთვის, რადგან მისი ძალაუფლებაში დარჩენა ნიშნავს, რომ ისინი გააგრძელებენ უიღბლო ჯარისკაცების ხორცის საკეპში გაგზავნის სტრატეგიას, სადაც ისინი დაიხოცებიან. დღეში ასობით ჯარისკაცს კარგავს რუსეთი. ასე რომ, მათთვის და რუსეთის საჰაერო და საზღვაო ძალებისთვის ეს კარგი ახალი ამბავი არაა.

ომში ცვლილებას არ ველოდები. რუსეთს არ აქვს საკმარისი საომარი ძალა, რომ უკრაინა ომში დაამარცხოს. მათ ვერ შეძლეს ერთი თვის წინ, ავდიივკაში მიღწეული ტექნიკური წარმატების თავის სასარგებლოდ გამოყენება. წელს, ვფიქრობ, უკრაინა ძირითადად სიტუაციის დასტაბილურებას და დასავლეთისთვის მეტი დროის მიცემას შეეცდება, რომ მათ დამატებითი შეიარაღება მიაწოდონ. იმედია, უკრაინული მხარე ასევე შეძლებს ჯარის გაზრდასაც, ხოლო რუსულ მხარეს ცვლილებებს არ ველოდები.

- ახლა რა ხდება ფრონტის ხაზზე? როგორია თქვენი მოლოდინები 2024 წლისთვის?

- ვფიქრობ, ვნახავთ რუსეთის მცდელობას, რომ განაგრძოს ის, რასაც მე ადგილობრივ ტაქტიკურ წარმატებას ვუწოდებ. ეს ნიშავს, რომ ისინი ეცდებიან თითო სოფელი აიღონ. რა თქმა უნდა, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ უბრალოდ ვერ ვხედავ, რომ მათ ჰქონდეთ იმის პოტენციალი, რომ რაიმე დიდ წარმატებას მიაღწიონ უკრაინის ტერიტორიაზე, ან რომელიმე დიდი ქალაქის აღების მხრივ.

თუ დასავლეთი უკრაინის დახმარებას ვერ შეძლებს და უკრაინული შეიარაღების სიმცირე გაუარესდება, მაშინ ჩემი შეფასების გადახედვა მომიწევს. თუმცა, მაგალითად, ჩეხეთის პრეზიდენტმა პაველმა ცოტა ხნის განაცხადა, რომ შეუძლიათ ასობით ათასი საარტილერიო ჭურვი მიაწოდონ უკრაინას. მგონია, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში დამატებითი შეიარაღება გამოჩნდება. გარდა ამისა, ამერიკა ეძებს გზებს, რომ კონგრესში არსებული პრობლემა დაძლიოს და უკრაიანას შეიარაღება გადასცეს.

ვფიქრობ [წელს] უკრაინის მხრიდან, რუსეთის გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე ზეწოლა გაგრძელდება. ის, როგორც ამას [უკრაინელები] დრონებით ახერხებენ, ძალიან შთამბეჭდავია. 6 დრონით 6 სხვადასხვა გადამამუშავებელ ქარხანას დაესხნენ თავს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ [თავდასხმებს] მნიშვნელოვანი გავლენა ექნება არა მარტო რუსეთის გაზისა დანავთობის ექსპორტით მოპოვებულ თანხაზე, რომელსაც რუსეთი ომის ძალისხმევის შენარჩუნებისთვის იყენებს, არამედ, მათ შესაძლებლობაზე საკუთარ ჯარს საკმარისი საწვავი და საპოხი მასალა მიაწოდონ. ეს მნიშვნელოვანია.

და ბოლოს, ვფიქრობ, უკრაინელები გააგრძელებენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ თავდასხმებს ასიმეტრიული გზებით, დრონების გამოყენებით, დივერსიებით და საზღვაო უპილოტო სისტემების გამოყენებით, რათა განაგრძონ რუსების უკან დახევა აღმოსავლეთისკენ, სევასტოპოლისგან შორს.

- აგვიხსენით, რას ცვლის უკრაინისათვის თეთრი სახლის მიერ 300 მილიონი დოლარის გამოყოფა და რას ფიქრობთ, მიაღწევს თუ არა კონგრესი შეთანხმებას უკრაინის 60 მილიარდიანი დახმარების გამოყოფის თაობაზე?

- პირველ რიგში, სამარცხვინოა, რომ საერთოდ ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც კონგრესმენების უმრავლესობა, მათ შორის, რესპუბლიკელებიც, უკრაინას მხარს უჭერენ. ის ფაქტი, რომ [დახმარება] შეჩერებულია, სირცხვილია. მჯერა, რომ 60 მილიარდიანი დახმარება, საბოლოოდ გზას იპოვის და დამტკიცდება.

იმის მიხედვით რას ამბობს [წარმომადგენელთა პალატის] სპიკერი, ეს ალბათ, აპრილში მოხდება. მაგრამ ეს აბსოლუტურად, არასაჭირო შეყოვნებაა და ის მთლიანად ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის მიერ და მისი კონგრესზე ზემოქმედებით არის განპირობებული, რაც იმედის გაცრუებას იწვევს.

ომში ცვლილებას არ ველოდები. რუსეთს არ აქვს საკმარისი საომარი ძალა, რომ უკრაინა ომში დაამარცხოს. მათ ვერ შეძლეს ერთი თვის წინ, ავდიივკაში მიღწეული ტექნიკური წარმატების თავის სასარგებლოდ გამოყენება.

მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა ბაიდენმა უკეთ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ აუხსნას ამერიკელ ხალხს, რატომაა უკრაინელი ხალხის წარმატება და რუსეთის დამარცხება ამერიკისთვის მომგებიანი - რომ ეს გვეხმარება და ეს არაა ქველმოქმედება ატლანტის ოკეანის მეორე მხრიდან.

რაც შეეხება 300 მილიონის დახმარების პაკეტს, რომელიც ცოტა ხნის გამოაცხადეს, ეს, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება, მაგრამ არა მნიშვნელოვანი, ან გადამწყვეტი. ვგულისხმობ, რომ თავად თანხის ოდენობა არაა ისეთი, რომ ცვლილებები მოიტანოს. თუმცა, ახლა მცირედიც აუცილებელია. ის ფაქტი, რომ მათ შეძლეს 300 მილიონის გამოყოფა ნიშნავს იმას, რომ პენტაგონი ძალიან ბევრს მუშაობს, რათა ყველაფერი გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად.

- უკრაინა დრონების (უპილოტო საფრენი აპარატების) წარმოებასა და გამოყენებაზე აკეთებს ფოკუსირებას. რატომაა დრონები ესოდენ მნიშვნელოვანი და შეუძლიათ თუ არა მათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება სამომავლოდ უკრაინის გამარჯვებაში?

- დრონებმა შეცვალეს ომის ხასიათი, რადგან ისინი ორივე მხარეს აძლევენ შესაძლებლობას გაცილებით მეტი დაინახონ მოწინააღმდეგის მხარეს.

ძალიან რთულია, ფორმირებების შეკრება და ამის ფარულად გაკეთება. ძველი ანდაზა ამბობს, რომ თუ ხილვადი ხარ, მაშინ თავსაც დაგესხმებიან და თუ თავს დაგესხმებიან, მაშინ შესაძლოა, რომ მოგკლან კიდეც. ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში, უკრაინას უნდა ჰქონდეს საკუთარი დრონები, რათა შეძლოს [მტრის] აღმოჩენა და მათზე შეტევა, მაგრამ მათ ასევე უნდა ჰქონდეთ რუსული დრონებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარიც.

რაც შეეხება რუსებს, მაშინაც კი, როდესაც მე ცივი ომის პერიოდში, ლეიტენანტი ვიყავი და დასავლეთ გერმანიაში ვმსახურობდი, საბჭოთა ჯარებს ჩვენზე ბევრად აღმატებული საომარი ელექტრონული შესაძლებლობები ჰქონდათ.

მათ შეეძლოთ ჩვენი კომუნიკაციის ჩახშობა შორ მანძილზე. რა თქმა უნდა, უკრაინელებმაც აღმოაჩინეს, რომ რუსებს შეუძლიათ უკრაინული დრონების შეჩერება მათი სიხშირეების დახშობით. ასეთი რამ ყოველთვის ხდება ომში, ერთი მხარე ერთს აკეთებს, მეორე მეორეს. ეს რბოლაა უპირატესობის მოსაპოვებლად. ასე რომ, მნიშვნელოვანია არა მარტო საკუთარი დრონების ქონა, არამედ მეორე მხარისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარიც. რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ყველაფრის დამალვა არ შეგიძლია, უნდა გქონდეს თავდაცვითი სისტემა, რათა [მტრის] დრონებს არ შეეძლოთ ეფექტური დარტყმა.

- ერთადერთი ტიპის იარაღი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში ჯერ არ გამოუყენებიათ, ალბათ, ბირთვული იარაღია, თუმცა კრემლი მუდმივად იმუქრება, რომ მისი გამოყენება გამორიცხული არ არის. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია, რომ მოსკოვი მუქარას შეასრულებს და საერთოდ, შეუძლიათ თუ არა ატომური იარაღის ისე გამოყენება, რომ რუსებმა საკუთარ თავსაც არ ავნონ?

- ვფიქრობ, რუსეთის ატომური იარაღი ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც მას არ იყენებენ. როგორც თქვენ თქვით, პრეზიდენტი პუტინი და სხვები გამუდმებით საუბრობენ ამაზე და მუდმივად იმუქრებიან [ატომური იარაღით].

სხვათა შორის, ვისურვებდი, რომ რომის პაპი გამოსულიყო და რუსეთისთვის, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრისთვის ეთქვა, რომ მათ უნდა ჰქონდეთ იმის გამბედაობა, რომ არ ემუქრებოდნენ ხალხს ატომური იარაღით; რომ მათ უნდა ჰქონდეთ გამბედაობა იმისა, რომ უდანაშაულო ხალხის ხოცვა შეწყვიტონ იმის მაგივრად, რომ უკრაინელებს მოუწოდოს მოლაპარაკებების გამბედაობა ჰქონდეთ.

ასევე ვისურვებდი, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა საჯაროდ დასაჯოს ხუთიდან ერთი მუდმივი წევრი, რუსეთის ფედერაცია, ატომური იარაღის გამოყენების მუდმივი მუქარის გამო, რადგან ეს უგუნური და უპასუხისმგებლო საქციელია.

მაგრამ პუტინი ამას აკეთებს, რადგან ხედავს, როგორი რეაქცია აქვს ყველას - ჩვენ ყველანი თავს ვიკავებთ, რადგან გვაშფოთებს ის, რომ შესაძლოა მან ატომური იარაღი გამოიყენოს. ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც ამერიკა და გერმანია ყველაფერს არ აკეთებენ, რომ უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარონ. ადმინისტრაციას ეშინია, რომ თუ უკრაინა წარმატებული იქნება, თუ ის დააბრუნებს რუსეთს 1991 წლის საზღვრებში და როდესაც უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს, ეს კუთხეში მოამწყვდევს პუტინს და ის იფიქრებს, რომ მან ატომური იარაღი უნდა გამოიყენოს.

ეს აბსოლუტური ნონსენსია. ჩემი აზრით, ნულია იმის შანსი, რომ რუსეთმა ატომური იარაღი გამოიყენოს, რადგან ამ შემთხვევაში მათ არანაირი დადებითი შედეგი არ ექნებათ. რა თქმა უნდა, ეს [მუქარა] სერიოზულად უნდა მივიღოთ, რადგან მათ ათასობით ატომური იარაღი აქვთ და ნათელია, რომ არ ადარდებთ რამდენი უდანაშაულო ადამიანი შეიძლება მოკლან. მაგრამ მათთვის ფრონტზე ამ მხრივ ეს არანაირ უპირატესობას არ მოიტანს.

გარდა ამისა, ამერიკამ თქვა, რომ რუსეთს კატასტროფული შედეგები დაუდგება, თუ ატომურ იარაღს გამოიყენებს. ჩვეულებრივი რუსული მეთოდოლოგიის ნაწილია, რომ გამოიყენონ ყველაფერი, რაც მათ სურთ, სანამ ეს რუსეთს დაეხმარება. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ბირთვული იარაღი რუსეთს ეხმარება.

- გენერალო, მიმდინარე წელს ნატო თავისი შექმნიდან 75-ე წელს იზეიმებს. გვითხარით, როგორ შეცვალა ალიანსი უკრაინის ომმა ამ ორი წლის განმავლობაში და იქნებ ასევე გვითხრათ რას ფიქრობთ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე დასავლეთის ჯარების შესაძლო ჩართულობაზე უკრაინის ომში?

- პირველ რიგში ნატოს 75-ე წლისთავზე გიპასუხებთ. როგორი შთამბეჭდავია, რომ ორგანიზაცია, რომელიც მთლიანად კოლექტიურ თავდაცვაზეა დაფუძნებული 12-დან 32-წევრამდე გაიზარდა. რა თქმა უნდა, ნატო იდეალური არაა, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არაა იდეალური. ნატოს ყველა წევრს ერთხელ მაინც უბრძოლია სხვა წევრ ქვეყანასთან, ალიანსში გაწევრიანებამდე.

მაგრამ, ნატოში გაწევრიანების შემდეგ, არ ყოფილა არცერთი ფართო მასშტაბიანი ომი ევროპაში, თუ არ ჩავთვლით რუსეთის შეჭრას. ასე რომ, თითქმის 75 წლის განმავლობაში, ცივი ომის დასრულებიდან და მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან თითქმის 80 წლის განმავლობაშიც კი, მშვიდობა იყო [წევრებს შორის, ევროპაში], თუ არ ჩავთვლით იუგოსლავიას. ასე რომ ეს ძალიან შთამბეჭდავია.

ის ფაქტი, რომ მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა და იმედგაცრუებებისა, ქვეყნებს კვლავ აქვთ სურვილი ნატოში გაწევრიანდნენ, განსაკურებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და ვარშავის პაქტის ქვეყნებს, ანუ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ყველაზე ახლოს ცხოვრობენ და კარგად ესმით რა არის რუსეთი, არის უმნიშვნელოვანესი. ძალიან ველოდები იმ დღეს, როდესაც საქართველო და უკრაინა, ორივე ნატოს წევრები გახდებიან.

რაც შეეხება იმას, რაც პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა და რის გამოც დიდი ყურადღება დაიმსახურა- გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს ბრწყინვალე იდეაა. მიხარია, რომ ეს თქვა. რა თქმა უნდა, მან თქვა ის, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ ევროპული ძალების მიერ უკრაინის დახმარების ვარიანტი.

მიზეზი კი რატომაც ვფიქრობ, რომ ეს ბრწყინვალე იდეაა ისაა, რომ ის რუსეთს შეაშინებს. მათ ისეთ რამეს გაუჩენს, რაზეც ინერვიულებენ. როგორც წესი, ყველთვის ჩვენ ვნერვიულობთ იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა. ახლა კი ისინი [რუსები] ნერვიულობენ იმაზე, როდის გადაწყვეტენ ფრანგები, გერმანელები, ბრიტანელები, ამერიკელები, პოლონელები, ან ნებისმიერი სხვა, რომ [უკრაინას] დამატებითი შესაძლებლობები მისცენ.

ეს ძირითადი სტრატეგიული ხელოვნებაა - აიღო შენს ხელში ინიციატივა, აიძულო მტერი იმაზე ინერვიულოს შენ რას ფიქრობ, ან აკეთებ მაშინაც კი, თუ რაიმე კონკრეტულის გაკეთებას არ გეგმავ. წარმომიდგენია, რომ ევროპულ ქვეყნებს, კანადას, ამერიკას, შეუძლიათ, რომ უკრაინას დაეხმარონ ჯარებით ისე, რომ ამაში ჩართული არ იყოს ქვეითი ჯარი, ჯავშანტექნიკა, არტილერია, არამედ საჰაერო თავდაცვა, ლოჯისტიკა, ინჟინრები, შესაძლებლობები - ის, რაც უკრაინას სჭირდება. ეს ძალიან გამოსადეგი იქნებოდა.

და, რა თქმა უნდა, არაა აუცილებელი, რომ ეს ნატოს ჯარები იყოს. შესაძლოა, რომ ინდივიდუალური ქვეყნების გადაწყვეტილება იყოს. კოორდინაცია აუცილებელია, მაგრამ ავტომატურად ნატოს, ან ევროკავშირის სახელით შეიძლება არც მოხდეს. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ [საფრანგეთის პრეზიდენტმა] ეს გააკეთა.

- როგორ შეცვალა უკრაინის ომმა უსაფრთხოების გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში? სადაა ამ სურათში საქართველო და რა გამოწვევები დგანან თბილისის წინაშე?

- რა თქმა უნდა, ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს სურთ განაგრძონ დასავლური ინტეგრაცია, თუ უკან დაბრუნდნენ და რუსეთის ვასლები იყვნენ?

საქართველო მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანეს ადგილას, კავკასიაშია. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ერთხელ ვკითხე - "რა ქვეყანაა საქართველო"? შეიძლება იფიქრა, რომ სულელური კითხვა იყო, მაგრამ მაინც მიპასუხა და მითხრა: „გენერალო, ჩვენ ვართ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, რომელიც პორტალია ევროპასა და ევრაზიას შორის". ამან სრულიად შეცვალა ჩემთვის შავი ზღვის [რეგიონის] აღქმა.

თუ საქართველო შეძლებს, რომ ღრმაწყლოვანი პორტი ჰქონდეს, მაგალითად ისეთი, როგორიც ანაკლიის პროექტია, მაშინ აზერბაიჯანიც გაცილებით უკეთესი ადგილი ხდება კომერციული გადაზიდვებისთვის ევროპასა და ევრაზიას შორის. ესაუცილებლად შეცვლის იმას, როგორ უყურებენ ევროპული ქვეყნები შავი ზღვის რეგიონს. ამით ისარგებლებს რუმინეთი, უკრაინა, თურქეთი.

თუმცა, ამისთვის საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, რომ ესაა რაც მათ სურთ. სამწუხაროდ, ახლანდელი მთავრობა, როგორც ჩანს დიდად არ უჭერს ამას მხარს. ისინი დასავლური ინტეგრაციის შეჩერებაში უფრო დაინტერესებულები ჩანან.

თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველოში უამრავი ნიჭიერი ახლაგაზრდა ქალი და კაცია, რომლებსაც თავად შევხვედრივარ. ეს ნიჭი და სურვილი შეუძლებელია, რომ სამუდამოდ შეაკავო.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7535482.html

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის