აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ ) თავის ვებ-საიტზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „როგორ აპირებს „ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე 60%-ის აღებას?“, რომელშიც საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საარჩევნო გეგმებია განხილული.
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:
მზარდ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის, სანქციების და მთავარ სტარტეგიულ პარტნიორებთან, აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების უკიდურესი გაუარესების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
„ოცნების“ რეიტინგი არის ისტორიულ მაქსიმუმზე და სტაბილურად უტოლდება დაახლოებით 60%-ს“ - ეს განცხადება „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის ბოლო დღეს, ყოველწლიური მოხსენების დროს გააკეთა. ირაკლი კობახიძეს, ისევე როგორც ე.წ „რუსული კანონის“ უხეში ლობირების დროს, არც ამჯერად დაუსახელებია, თუ ვინ და როდის ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ოცნების“ „ამხელა“ რეიტინგის ერთ-ერთი მიზეზი „ოპოზიციის სრული უსუსურობაა“. „თუ წინა არჩევნებზე პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ხმების დაახლოებით 30%, ამ შემთხვევაში, მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შედეგი არის, 30%-ზე ნაკლები“ - ამტკიცებდა ნახევრად ცარიელ დარბაში კობახიძე. პრემიერის ყოველწლიურ მოხსენებას არც ოპოზიცია ესწრებოდა, არც აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები.
ბოლო სამ საპარლამენტო არჩევნებში, ივანიშვილის პარტიამ საუკეთესო შედეგი 2012 წელს აჩვენა, როცა ხმების თითქმის 55% მიიღო. 2016 და 2020 წლების, საპარლამენტო არჩევნებში „ოცნებამ“ ხმების 48%-ით იმარჯვა.
საქართველოში არსებული გამზრდილი პოლარიზაციისა და მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რაც "რუსული კანონის" მიღებას მოჰყვა, ექსპერტების აზრით, „ოცნება“ ასეთი პროპაგანდით და მანიპულაციით, საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს.
ანალიტიკოსების აზრით, გადამწყვეტი იქნება, თუ რამდენად დემოკრატიულად გაიმართება 26 ოქტომბრის არჩევნები და გაითვალისწინებს თუ არა „ოცნება“, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების კრიტიკულ შენიშვნებს.
„მთავარია როგორ მივალთ არჩევნებამდე, აქ ბევრი პრობლემური თემაა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ „საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის" უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ. მისი თქმით, „რუსული კანონი“ თავისთავად ცხადია პრობლემური იქნება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც, როგორც წესი არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებენ ხოლმე, ეს ერთი. მეორე არის ის, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში უპრეცედენტო განცხადებები გვესმის, რომ მაგალითად, ეუთო/ოდირი არის თურმე არაკომპეტენტური, ვენეციის კომისიას არ სცდონია სამართალი და ა.შ. ანუ, ხვალ შეიძლება დავდგეთ იმ მოცემულობის წინაშე, რომ ესა თუ ის შენიშვნა, რომელიც შეიძლება არჩევნებთან დაკავშირებით გამოითქვას, ელემენტარულად, შეიძლება ამას ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქციოს და თქვას, რომ ის ამას არ იზიარებს. ყველაზე მთავარი გამოწვევა არის ის, თუ როგორ მივა ქვეყანა არჩევნებამდე და რამდენად შეძლებს ჩაატაროს იმ სტანდარტის არჩევნები, რომელიც ამ სახელმწიფოს სჭირდება“ - ამბობს თენგიზ ფხალაძე.
2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, „ოცნებამ“ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები მიზანმიმართულად არ გაითვალისწინა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე (ცესკო), პოლიტიკურ გავლენის გაძლიერების მიზნით, ცესკოს ფორმირების წესში და საარჩევნო კოდექსში კრიტიკული ცვლილებები მაინც მიიღო, მათ შორის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით.
ვენეციის კომისიამ 24 ივნისს, სპეციალურ მოსაზრებაში, ივანიშვილის პარტიის ამ ნაბიჯებს „უაღრესად შემაშფოთებული“ უწოდა. "უკვე დამტკიცებული ცვლილებები აშკარად არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რომელიც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის" - აღნიშნავს ვენეციის კომისია.
პარალელურად, ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, სატელეფონო მუქარები და ფიზიკური თავდასხმები, რომლებზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეციალური საგამოძიებო სამსახური მხოლოდ ფორმალურად რეაგირებს, რეალურად, არც კი იძიებს.
პირველ ივნისს, თბილისში, 100-მდე ნიღბიანი ზონდერის მიერ, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის დარბევის შემდეგ, 26 ივნისს, „ოცნების“ ზონდერებმა „ნაცმოს“ ფოთის ორგანიზაციის ოფისიც დაარბიეს. 17 ივნისს, ასევე მორიგ ჯერზე, სასტიკად სცემეს, „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე სტუდენტს ლერი დარჯანიას, მას თბილისში 10-მდე პირი დაესხა თავს. ათობით მსგავსი ცემის და ძალადობის ფაქტი, ამ დრომდე გამოუძიებელია.
„რეპრესიული მანქანა უფრო რომ ამუშავდება ამაზე ორი აზრი არ არსებობს, არჩევნებია მოსაგები“ - მიაჩნია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების მკვლევარს გიორგი ბილანიშვილს. „ოცნება“ შეეცდება აჩვენოს, რომ კანონიც გაიტანა და ზოგიერთ ოპონენტსაც მიუჩინა საკუთარი ადგილი. შეიძლება ფართომასშტაბიანი რეპრესიები არ დაიწყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, სიტუაცია კიდევ გაუარესდება, რამდენად და რა ხარისხით ამის თქმა მიჭირს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ გიორგი ბილანიშვილმა.
“ოცნების“ ხელისუფლება ჯერ არ გამოხმაურებია ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, 36 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, სადაც ივანიშვილის პარტიას ერთმნიშვნელოვნად მოუწოდეს, გააუქმოს ე.წ „რუსული კანონი“, შეწყვიტოს ოპონენტების წინააღმდეგ დაშინების კამპანია, დაიცვას გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება“.
წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7678324.html
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.