USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
თბილისი
«Voice of America» (აშშ): „ქართული ოცნება" რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს“
თარიღი:  1245

„მთავრობები ავტოკრატიას ხელს უწყობენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მათთვის პოლიტიკური სარგებელი მოაქვს, არამედ ასევე იმის გამო, რომ ეს მათთვის ფულს აკეთებს, ფინანსურად მომგებიანია. ვფიქრობ, სამწუხაროდ, იგივე შეიძლება ითქვას „ქართული ოცნების” შესახებაც", - ამბობს დეზინფორმაციის ამერიკელი მკვლევარი ნინა იანკოვიჩი ინტერვიუში, რომელიც აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული სათაურით „ქართული ოცნება" რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

- ქალბატონო ნინა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და დროის დათმობისთვის. 2024 მნიშვნელოვანი არჩევნების წელია. თქვენი ზოგადი დაკვირვებით დავიწყოთ, რა ტაქტიკებს იყენებს რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის? რა არის თემები, რომელსაც სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ქვეყანაში, თავისი ტაქტიკისთვის იყენებს?

- რეალურად, გაკვირვებული ვიყავით, როცა ვნახეთ, რომ რუსეთი ძირითადად იმავე, ძველ ტაქტიკას იყენებს, საფარველის სულ ცოტა ცვლილებით. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, დეზინფორმაციის ოპერაციების გასაუმჯობესებლად, ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ. აქამდე ნაცად ხერხებს შორისაა ბოტებისა და ტროლების კამპანიები. გარდა ამისა, ვხედავთ „ინფორმაციის გათეთრების“ ტაქტიკას, ვფიქრობ ეს საქართველოს შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის მეთოდი, როცა რუსეთის მთავრობა ახდენს პირების ან ორგანიზაციების იდენტიფიცირებას, რომლებიც შემდგომში მიმდინარე რუსულ ნარატივს იმეორებენ ან ახმოვანებენ. ეს არის „ინფორმაციის გათეთრების“ ერთი-ერთი ფორმა. მაგრამ, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავინახოთ ზოგიერთი სხვა ნიმუში, მაგალითად, „ქართული ოცნების“ მთავრობა რუსეთიდან მომავალ ნარატივებს ახმოვანებს და ეს შეიძლება მოხდეს მთელს მსოფლიოში, ეს ძალიან ბევრჯერ მოხდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

- როგორ განსხვავდება რუსეთის ტაქტიკები, დასავლურ ქვეყნებში და როცა საქმე პოსტ საბჭოთა ქვეყნებს ეხება, როგორიც საქართველოა?

- ვფიქრობ, აღმოსავლეთ ევროპაში შერეული ვითარებაა. რა თქმა უნდა, იქ არის ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, რომელმაც ისწავლა რუსული ნარატივის მიმართ უნდობლობა. საქართველოც ასეთ ქვეყნებს შორის იყო. სამწუხაროდ, ვფიქრობ, საქართველომ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მართლაც რეგრესი განიცადა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა მიიღო, ყველაფერი დაღმასვლისაკენ წავიდა - მმართველ კლასებში უფრო მეტი რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა პოულობს რეზონანსს. ვნახეთ საქართველოს მთავრობასა და რუსეთს შორის მყუდრო ურთიერთობა, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთი კანონების მიღებაზე, როგორიცაა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი და სხვა შეზღუდვები, მაგალითად ლგბტქ+ თემზე, რაც ვფიქრობ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას აშორებს.

თითქმის ყველა ჩემს ნაშრომში, მათ შორის, წიგნში „როგორ წავაგოთ საინფორმაციო ომი“ ვწერ, რომ საკითხები, რომლებიც გვაწუხებს და ქმნის უთანხმოებას, დაყოფას ჩვენს საზოგადოებებში, რეალურად არის ის ბირთვი, რომლის გარშემოც დეზინფორმაცია იქმნება. დეზინფორმაცია არ არის უბრალოდ, ჰაერიდან მოტანილი აბსოლუტური სიცრუე, რომელსაც რუსეთის მთავრობა ქმნის. რუსეთი აკვირდება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა, მაგალითად, ჰომოფობია ან დასავლეთის მიმართ უნდობლობა, ან ნებისმიერი სხვა მწვავე სოციალური საკითხი - ისინი სწორედ ამ პრობლემებს ამწვავებენ, აძლიერებენ, რათა ყალბი ახალი ამბებით უფრო დამაჯერებელი გახადონ და ეს სწორედ ისაა, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ. რუსეთი, ძირითადად, ქვეყანაში უკვე არსებულ პრობლემებს აძლიერებს და გააზრებულად თუ უნებლიედ, თანაკონსპირატორები თუ სასარგებლო იდიოტები, სიამოვნებით იმეორებენ იმავეს, რადგან ეს მოკლევადიან პერსპექტივაში, შიდა გარემოში, მათ ძალაუფლებას ან სარგებელს აძლევს.

მეორე მხრივ, არის ქვეყნები, რომლებიც ძალიან კარგად არიან დაცულნი რუსული დეზინფორმაციისგან. ლიდერებს შორისაა ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, შვედეთი და ფინეთი. ევროპის მასშტაბით მრავალი განსხვავებული გარემოებაა და ვფიქრობ, ერთ-ერთი უპირატესობა, რაც რუსეთს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში აქვს ისაა, რომ კარგად იცნობს ამ ქვეყნებს. ზოგიერთ შემთხვევაში, მას აქვს ენობრივი, ლინგვისტური რესურსი, მათთან უკეთესი კომუნიკაციისთვის. კულტურული და ლინგვისტური კონტექსტი, რუსეთს გზავნილების გავრცელებას უადვილებს.

- თუმცა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ხალხებში, ასევე არსებობს ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დაგროვდა საბჭოთა კავშირში იძულებით ყოფნის, საბჭოთა რეპრესიებისა და საბჭოთა ეპოქის შემდგომი რუსეთის ქმედებების შედეგად, ომების შედეგად. რა როლს თამაშობს ეს ფაქტორი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ გამძლეობაში?

- ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამდენ რუსულ ნარატივს იმეორებს, რიგითი ქართველებისთვის შეიძლება ძალიან რთული აღმოჩნდეს იმის დადგენა, თუ საიდან მოდის ეს ნარატივი, რადგან ჩანს, რომ ის საქართველოს მთავრობისგან მოდის და არა რუსი ოფიციალური პირებისგან. ეს ართულებს, ადამიანების მიერ, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ამოცნობას.

- „ქართული ოცნება“ გამუდმებით საუბრობს ე.წ. გლობალურ ომის პარტიაზე. მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ცდილობენ ამტკიცონ, რომ ამგვარი გლობალური გაერთიანება ნამდვილად არსებობს და ის საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. მმართველი ძალა ცდილობს ამტკიცოს, რომ ეს თავისუფალი მასონების მსგავსი გაერთიანებაა, რომელსაც გავლენა აქვს დასავლური ქვეყნების მთავრობებზე - რას გეუბნებათ ეს განცხადებები?

- ეს იგივე ნარატივია, რაც რუსეთის მხრიდან, უკრაინაში მრავალი წლის განმავლობაში გვესმოდა, რომელიც უკრაინას, როგორღაც, საკუთარ ქვეყანაში შეჭრასა და საკუთარი სუვერენიტეტის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებდა. რუსეთი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიზეზი ნატოა, რომ რაც იქ მიმდინარეობს ნატოს პროქსი ომია და რომ ნატოსა და დასავლეთის დაფაზე, უკრაინა მხოლოდ პაიკია. ეს ძალიან ჰგავს იდეას, თითქოს საქართველოს კონფლიქტში ჩართვა საჭიროა იმისთვის, რომ ნატო და დასავლეთი რუსეთთან კონფლიქტში აღმოჩნდეს - ეს სრულიად ეწინააღმდეგება ლოგიკას, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი კვლავ რუსეთის კონტროლის ქვეშაა და რუსეთი ყოველდღიურად თუ ყოველკვირეულად, მავთულხლართებს საქართველოს ტერიტორიებზე უფრო ღრმად ავლებს. ასე რომ, ეს ძალიან ჰგავს იმ ლოგიკას, რომელიც წარსულში კრემლისგან არაერთხელ მოგვისმენია.

- არის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ნარატივი, რაც თითქმის იდენტურად იმეორებს მოსკოვის და პეკინის გზავნილებს, თითქოს შეერთებული შტატები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ე.წ. ფერად რევოლუციას ამზადებს. როგორ შეგიძლიათ ახსნათ, ანტიამერიკული, ანტიდასავლური დღის წესრიგი ჰქონდეს ქვეყნის ხელისუფლებას, რომლის ტერიტორიებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული?

- ვფიქრობ, როდესაც კრემლი და „ქართული ოცნების“ მთავრობა, გარკვეულ ორგანიზაციებს უცხოეთის აგენტებად აცხადებს, მიზანია სხვებს აჩვენონ, რომ თითქოს ისინი არ არიან ქართველები, რომ ისინი არ წარმოადგენენ ქართველი ხალხის ინტერესებს. ჩვენ იგივე ვნახეთ რუსეთში, მაგალითად ენ-დი-აის შემთხვევაში. მე ენ-დი-აიში ვმუშაობდი, როცა რუსეთმა ის არასასურველ უცხოურ ორგანიზაციად გამოაცხადა, ჩვენს იმჟამინდელ პარტნიორებს კი უცხოეთის აგენტის იარლიყი მიაკრეს. ახლა კი, ამ კანონის ქართულ კონტექსტში გამეორება და დანერგვა, ძალიან შორს არის იმისგან, რასაც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში პოსტკომუნისტურ სივრცეში წარმოადგენდა - დემოკრატიული, თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რომელსაც ნამდვილად სურდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას გაჰყოლოდა. ახლა, ვფიქრობ ყველას, ვინც ცდილობს ამ ევროატლანტიკურ გზას კვლავ გაჰყვეს, "ქართული ოცნება" ისე წარმოაჩენს, თითქოს ისინი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ენ-დი-აის, აი-არ-აის და სხვა მრავალი ორგანიზაციის გამოკითხვებიდან ვიცით, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას, კვლავ სურს ევროკავშირთან, ნატოსთან ინტეგრირება, რადგან მათ ახსოვთ რა მოხდა 2008 წელს, მათ ახსოვთ, რას ნიშნავს იცხოვრო კომუნისტურ რეჟიმში. ქართველების უმეტესობისთვის ეს არც ისე დიდი ხნის წინ იყო. ასე რომ, საბოლოოდ, ვფიქრობ ქართველი ხალხის ძალა გაიმარჯვებს და ეს ნარატივები, ქართული ოცნების მთავრობისთვის კარგის მომასწავებელი არ იქნება, თუ არ მოხდება რაიმე სახის გაყალბება არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში იმართება.

- არაერთ მიზეზს შორის, რის გამოც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ქართული ოცნების წარმომადგენლებს და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, არის ხელისუფლების ანტიამერიკული, ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანია. საზოგადოების ნაწილში არსებობს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ ნარატივი, მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და არჩევნების შემდეგ ეს შეიცვლება. რამდენად ხედავთ რესურსს, რომ საზოგადოების ამ ნაწილის მოლოდინი შესაძლოა გამართლდეს და ამ შემთხვევაშიც კი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ხანგრძლივ კამპანიას, საქართველოს მოსახლეობაზე, მის განწყობებზე?

- ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ რეალურად, „ქართული ოცნების" მთავრობა ამ კურსს შეცვლის. რადგან, თუ გადავხედავთ ბოლო რამდენიმე წლის პოლიტიკას, ეს არ არის მხოლოდ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი, ან ლგბტქ+ თემის მიმართ გატარებული პოლიტიკა. ეს ასევე არის საპროტესტო აქციები, რომელიც 2019 წელს ვიხილეთ. ისე მოხდა, რომ ზუსტად იმ დროს საქართველოში კონფერენციას ვესწრებოდი და ვნახე, რომ თავისუფლების მოედანი „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის ხელისუფლების სიახლოვით განაწყენებული ხალხით გაივსო. ასე რომ, რასაც ახლა „ქართული ოცნებისგან“ ვხედავთ, ეს არ მომხდარა ერთ ღამეში ან წინასაარჩევნო პერიოდში. ეს ისაა, რაც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში გრძელდება. ეს არის ევროპისგან და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორება და რუსეთთან დაახლოება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, შოკისმომგვრელია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება იმეორებს რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურის დიდ ნაწილს, რომელიც არის ავტოკრატიულ რუსეთში. და კიდევ ერთხელ, ამას აკეთებს ხელისუფლება ქვეყანაში, რომელიც მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის, დემოკრატიის შუქურა იყო.

- თქვენ „ლგბტქ+“ თემის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა ახსენეთ. "ქართული ოცნების", მისი პოლიტიკური მოკავშირეებისა და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიაორგანიზაციებისგან გამუდმებით ვხედავთ სურათის იმგვარ დახატვას, თითქოს დასავლეთი, დასავლეთისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ებრძვიან ოჯახის იდეას და ლგბტქ+ პროპაგანდას აწარმოებენ. ამ საბაბით, ვიხილეთ საკანონმდებლო ნაბიჯები. რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს ამგვარი რიტორიკა?

- წარსულში ვნახეთ, რომ ჰომოფობიური და მიზოგინური ნარატივები, სამწუხაროდ, საქართველოში გარკვეულ ფასს იძენს და ამას ისიც ეხმარება, რომ საქართველო საკმაოდ ტრადიციული საზოგადოებაა. ეს არის გზა, რომელიც რუსეთმა ასევე იპოვა სხვა ტრადიციულ საზოგადოებებშიც. პოლონეთი ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია, ასევე უნგრეთი, სადაც ეს ნარატივი ძლიერია და ანტი ლგბტქ+ კანონმდებლობა მიიღეს. მე ვიტყოდი, რომ ეს რუსეთმა წაახალისა შეფარვით ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ღიად. ჩვენ ასევე ვხედავთ რუსულ დეზინფორმაციას, რომელიც ხშირად ამბობს, რომ დასავლეთი, ევროკავშირი ლგბტქ+ პროპაგანდას ახორციელებს და ისინი, საქართველოს მთავრობა სწორედ ამ სიტყვებს იყენებს. ვფიქრობ, ეს კონტროლის კიდევ ერთი მეთოდია. ნებისმიერმა ერმა, რომელსაც სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, უნდა აღიაროს, რომ ადამიანებს აქვთ თავისუფლება ჰქონდეთ ურთიერთობები, როგორიც მათ სურთ და რომ ეს პერსონალური საკითხია და რომ შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც კარგი მართლმადიდებელი ქრისტიანები და ამასთანავე გეები არიან. ეს არის ის, რაც სხვა დემოკრატიებმა უკვე აღიარა. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარატივი, რომელსაც ალბათ ქართულ საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა აქვს. რუსეთი კი ძალიან გამჭრიახია, როდესაც ტრადიციულ საზოგადოებებში, როგორიცაა საქართველო, უნგრეთი და პოლონეთი, ამის გაღვივებას აგრძელებს.

- როგორ უნდა დაიცვან ადამიანებმა თავი პროპაგანდისგან?

- ეს მილიონიანი კითხვაა. ვფიქრობ, იმის გაცნობიერებით, რომ დეზინფორმაცია ემოციებზეა აგებული და იმის გათავისებით, რომ თუ მიღებული ინფორმაციის მიმართ ემოციურად განეწყვეთ, დიდი შანსია თქვენზე მანიპულირებდნენ. ასეთ დროს საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, რატომ და როგორ ხდება ეს. შემდეგ კი, ვიდრე მაგალითად სოციალურ ქსელში სხვებს გაუზიარებთ, დაფიქრდეთ. დაფიქრდეთ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მიღებული ინფორმაცია თქვენზე ემოციურად იმოქმედებს - გამოიკვლიეთ, საიდან მოდის ეს ნარატივი თქვენამდე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც შემიძლია ვინმეს მივცე, ამ შემოდგომაზე დაგეგმილი ნებისმიერი არჩევნების წინ.

- საუბრის დასასრულს, მინდა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ გკითხოთ. პეკინმა და თბილისმა, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას გასულ წელს მოაწერა ხელი. ჩვენ ვხედავთ ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც სხვადასხვა პროგრამით ჩინეთს სტუმრობენ. მკვლევრებმა შეისწავლეს, რას ასწავლის ჩინეთი ამგვარ პროგრამებში მონაწილე არამხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ ასევე საჯარო მოხელეებს. რომ, პოლიცია პარტიას და ხელისუფლებას უნდა იცავდეს, მედია კი არ უნდა იყოს კრიტიკული და ერთობას უნდა შეუწყოს ხელი. რა საფრთხეებს ხედავთ, საქართველოსთვის, ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობებში?

- „დანამდვილებით ვხედავთ ავტოკრატების მხრიდან, როგორიც ჩინეთი და რუსეთია, ტაქტიკის თანხვედრას. ამის შესახებ არის ენ ეპლბაუმის შესანიშნავი წიგნი სახელწოდებით Autocracy, Inc.: The Dictators Who Want to Run the World, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოიცა. ის გვიჩვენებს, რომ ეს მთავრობები, ავტოკრატიას ხელს უწყობენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მათთვის პოლიტიკური სარგებელი მოაქვს, არამედ ასევე იმის გამო, რომ ეს მათთვის ფულს აკეთებს, ფინანსურად მომგებიანია. ვფიქრობ, სამწუხაროდ, იგივე შეიძლება ითქვას „ქართული ოცნების” შესახებაც. შემაშფოთებელია იმის ნახვა, რომ ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, იდეების გაცვლის მიზნით ჩინეთში მიდიან, რადგან ჩინეთის კომუნისტური პარტიის იდეალები, ევროატლანტიკური იდეალების საპირისპიროა, საპირისპიროა იმ იდეალების, რომელსაც ქართველი ხალხი წარმადგენს. დარბევა, დეზინფორმაცია, გენოციდი, რაც ჩინეთში ხდება პოლარული ოპოზიტია იმის, რისი ხილვაც დემოკრატიაში გვინდა.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7794527.html

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის