USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
თბილისი
«Voice of America» (აშშ): „ევროპელი პირველი დიპლომატები: „უკრაინაში ომი ამ თაობის პოლიტიკოსთა უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს“
თარიღი:  250

ამერიკული სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით ევროპელი პირველი დიპლომატები: „უკრაინაში ომი ამ თაობის პოლიტიკოსთა უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს“, რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიციებია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

„დღე, როდესაც დავიწყებთ გამარჯვებას, არის ის დღე, როდესაც შევწყვეტთ შიშს”, - ამბობს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გებრიელიუს ლანდსბერგისი, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრო და სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად, უკრაინის პირველ დიპლომატს, დმიტრო კულებასაც შეხვდა.

ლიეტუველი გებრიელიუს ლანდსბერგისი ორი წლის წინანდელ 24 თებერვლის დილას იხსენებს და ამბობს, რომ იმ დღეს მსოფლიოს „გუშინდელი აღქმა“ დასრულდა და ახალ ეპოქაში გაიღვიძა, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზეა.

„ჩვენი ბევრი მეგობარი დასავლეთ ევროპაშიც და მსოფლიოშიც ჯერ კიდევ ეჭიდება წარსულის აღქმას, გუშინდელ რეალობას, რომ შესაძლოა რუსეთს ვესაუბროთ, მოვაგვაროთ პრობლემები, მაგრამ ეს ისაა, რაც წარსულში გვქონდა. მათ ახსოვთ 90-იანი წლები, ახსოვთ გორბაჩოვთან საუბარი, გერმაანიის მშვიდობიანი გაერთიანება, ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაწევრიანება, მაგრამ რეალობა ჩვენთვის, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისთვის, მაგრამ უპირველესად უკრაინისთვის, უკვე სხვანაირია", - ამბობს ლიეტუვის პირველი დიპლომატი და დასძენს: "ჩვენ ვამბობთ, დაინახეთ, არის წითელი ხაზი და ეს ხაზი გადაკვეთილია, უკან ვეღარ დავბრუნდებით. გატეხილი ხერხემალი ვერ გამთლიანდება. ახლა კი უნდა გადავწყვიტოთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს ახალი მსოფლიო“.

ასამბლეისთვის მიმართვისას, უკრაინაში მიმდინარე ომი დღევანდელი თაობის უმნიშვნელოვანეს ბრძოლად მოიხსენია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმაც. დევიდ კამერონმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ორი წლისთავზე საუბრისას 2008 და 2014 წლების რუსული აგრესიაც გაიხსენა და თქვა, რომ „ისტორიის გაკვეთილი ნათელია: თუკი პუტინს წინ არ აღვუდგებით, ის მეტის [მისაღებად] დაბრუნდება“.

დევიდ კამერონი იხსენებს, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ თბილისშიც ჩავიდა და თავადაც ნახა, რა ხდებოდა. თუმცა მაშინ ოპოზიციონერი დეპუტატი იყო და არა - მთავრობის წარმომადგენელი. კამერონის აზრით, მსოფლიოს მაშინვე უნდა გაეცა ბევრად მტკიცე და მკაცრი პასუხი ვლადიმირ პუტინისთვის.

„მე 2008 წელს თბილისში ჩავედი იმიტომ, რომ ვხედავდი, რას აკეთებდა ვლადიმირ პუტინი იქ. არ მგონია, რომ მსოფლიოს მაშინ საკმარისად მტკიცე რეაქცია ჰქონდა. 2014 წელს უკვე პრემიერი ვიყავი, როცა რუსეთმა ყირიმი დაიპყრო. იმედისგამაცრუებელი იყო, რომ ზოგს მაშინაც კი არ ესმოდა რა ხდებოდა. მაშინვე ვამბობდი, რომ ნათელი იყო, ეს შეჭრა იყო და პუტინი მაშინვე ეფექტიანად უნდა დაგვესანქცირებინა“, - ამბობს კამერონი „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, ქვეყნის ყოფილი პრემიერი, დევიდ კამერონი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გასული წლის ნოემბერში დანიშნა. კამერონი, 2005-16 წლებში, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი იყო. 43 წლის ასაკში, 2010 წელს, მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა და იმ დროისთვის 1812 წლიდან ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა. 2016 წელს, კამერონმა „ბრექსიტის“ რეფერენდუმი ჩაატარა. ბრიტანეთის მიერ, ევროკავშირიდან გამოსვლის მხარდაჭერის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში კი მან თანამდებობა დატოვა.

დევიდ კამერონი მიიჩნევს, რომ 2022 წლის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გაეროს ქარტიის იმდენად ნათელი და თავხედური დარღვევა იყო, რომ ამან ამ თაობის პოლიტიკოსთათვის უდიდესი გამოწვევა შექმნა: „ესაა ჩვენი თაობის გამოწვევა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ჩვენ წინაშეა“, - ამბობს კამერონი და ვითარებას 30-იანი წლების ევროპის მოვლენებს ადარებს, როცა მისი თქმით, ერთი ქვეყნის აგრესია და დიქტატორის ქმედებები მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომით დასრულდა.

უკრაინაში რუსეთის ომის ეგზისტენციალურ მნიშვნელობაზე საუბრობს გებრიელიუს ლანდსბერგისიც. ამბობს, რომ დასავლეთმა ბოლომდე უნდა გაიაზროს, რომ 2022 წლლის 24 თებერვალს მსოფლიო შეიცვალა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ დღევანდელი და მომავალი მსოფლიო უნდა იქმნებოდეს იმ იდეით, რომ შეილება მოგვიხდეს ცხოვრება ძალიან საშიში მეზობლის გვერდით და დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ შეგვიძლია საკუთარი თავისა და მეგობრების დაცვა. ჩვენ უნდა შევცვალოთ ევროპული თავდაცვის სტრუქტურა, განვაახლოთ საიმისოდ, რომ ის მზად იყოს ახალი გამოწვევისთვის“, - მიიჩნევს ლიეტუვის პირველი დიპლომატი.

კითხვაზე, რატომ კამათობენ დღესაც ნატოს წევრ თუ მოკავშირე ქვეყნებში უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე, ის ამბობს, რომ ეს უკავშირდება რუსეთის უნარს, დანერგოს შიში სხვადასხვა საზოგადოებაში.

„ეს ბულინგია მათთვის, ვისაც ეშინია, რომ მას [რუსეთს] ვერ გაუმკლავდება. ხშირად ყველაზე დიდი კეთილდღეობის მქონენიც კი შიშობენ ამ ბულინგის გამო. მაგრამ ყველა იმპერია ინგრევა, ყველას აქვს სტრუქტურული სისუსტე, რომელსაც თუ სწორად გამოიყენებ, ის აუცილებლად დაინგრევა. და ამ ბოლო იმპერიასაც ასე დაემართება. სხვა გზა არ არსებობს“, - ამბობს ლანდსბერგისი, თუმცა იმასაც დასძენს, რომ დღევანდელი დღე სულაც არაა ევროპისთვის ყველაზე საამაყო პერიოდი. და რომ ამ ორი წლის შემდეგ მაინც, უნდა შეწყდეს საუბარი იმაზე, რომ უკრაინას მხარს დაუჭერენ „მანამ, სანამ საჭირო იქნება“ და არ მოერიდონ იმის თქმას, რომ უკრაინის გამარჯვება არის ის, რაც მოკავშირეებს სურთ.

„დიახ, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა იმ მოცულობითა და რაოდენობით ვაწარმოოთ იარაღი, რაც გვჭირდება. მაგრამ ამის შესაცვლელადაც უკვე ორი წელი გვქონდა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ვთქვათ, რომ უკრაინას მხარს დავუჭერთ არა იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება, არამედ - გამარჯვებამდე. ვფიქრობ ეს შედარებით ადვილიც კია. თუკი იტყვი, რა არის ის საბოლოო [მიზანი], რისი მიღწევაც გსურს, შემდეგ გეცოდინება, რამდენი ათასი თუ ათეული ათასი უნდა დახარჯო ამისთვის ყოველ თვეში, რამდენი იარაღი უნდა ვაწარმოოთ, რამდენი ქარხანა გვჭირდება და ა.შ”, - მიიჩნევს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

დევიდ კამერონიც ფიქრობს, რომ დასავლეთს არ გაუკეთებია საკმარისი უკრაინის გამარჯვებისთვის. თუმცა აღნიშნავს, რომ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მათ შორის, გერმანიამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ შეიცვალა ძველი პოზიციები და შვედეთმა და ფინეთმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.

„არა, საკმარისი არ გაგვიკეთებია. უკრაინას არ აქვს საკმარისი საარტილერიო ჭურვები. უკრაინას სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება. სჭირდება მეტი დაფინანსება, მეტი შეიარაღება. ჩვენ უნდა შევასრულოთ ის, რასაც [უკრაინელებს] ვეუბნებოდით. ჩვენ ვამბობთ, რომ მათ მხარს ვუჭერთ, რომ მათი გვჯერა. ეს ყველაფერი იარაღით, დაფინანსებით და დიპლომატიური თუ სამხედრო მხარდაჭერით უნდა გავაგრძელოთ“, - ამბობს კამერონი.

კამერონმა ხაზი გაუსვა, რომ უკრიანის გადასაწყვეტია, როდის იქნება ის მზად იმისთვის, რომ ომი ამა თუ იმ მოლაპარაკებით დაასრულოს. დასავლეთის ქვეყნების საზოგადოებებმა კი, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი მხრივ უკრაინას უჭერენ მხარს, მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკება სურთ, უნდა გაიაზრონ, რომ ეს კიევის გადასაწყვეტია, როდის მიიჩნევს ის, რომ ამის დრო დადგა. თუმცა ხელსაყრელ პოზიციაში უკრაინა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მოკავშირეები მის დახმარებას განაგრძობენ.

ლიეტუვის პირველ დიპლომატს მიაჩნია, რომ იმის განცდა, რომ უკრაინის ომის ბედის სასწორზე ევროპული მომავალი დევს, ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მწვავე და მას, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნის ერთ-ერთ ლიდერს, ეს აშინებს.

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ [რუსეთთან]. ეს ყველაფერი იმას ჰგავს, უყურებდე, როგორ შეიჭრა ვიღაც შენი მეზობლის სახლში, დამტვრეულია კარი, გაიტაცეს ბავშვები, ყველაფერი წაღებულია, ადამიანებს კლავენ და ამბობდე, ეს არაა ჩემი ბინა, არა უშავს. მაგრამ როდემდე? ესაა ერთადერთი კითხვა, რომელსაც ყველა ჩვენგანმა უნდა უპასუხოს. თუკი ყველაზე შორს ხარ ამ რიგში, ალბათ ეს ცოტა დროს გაძლევს, მაგრამ არც ისე ბევრს“, - ამბობს ლანდსბერგისი.

ლიეტუველი დიპლომატიც, ბრიტანელი კოლეგის მსგავსად, ფიქრობს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრამდე, უკრაინამ უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის იარაღი და რაც მთავარია დროულად. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა რუსეთი სამხედრო წარმოებას მხოლოდ აძლიერებს.

"ჩემთვის მთავარია, რომ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია და შემდეგ დავარწმუნოთ სხვა პარტნიორებიც ისე, რომ მსგავსი სცენარები საჭირო აღარ გახდეს. მე არასდროს ვისურვებდი ამ კონფლიქტის გაყინვას. რადგან რეალურად გაყინვა არ არსებობს. გაიყინა კი კონფლიქტი უკრაინაში 2014 წელს? არა, პირიქით, ეს ომის დასაწყისი იყო. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ისინი 2008 წელს მომხდარმაც გაათამამა, შემდეგ 2014 წელმა და ა.შ." - ამბობს ბალტიისპირეთის ქვეყნის პირველი დიპლომატი.

 

რეგიონი
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.