USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
თბილისი
«Voice of America» (აშშ): „2024 წელი უკრაინისთვის რთული იქნება“ (ინტერვიუ ამერიკელ თადარიგის გენერალ გორდონ დეივისთან)
თარიღი:  

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა’) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს ამერიკელ თადარიგის გენერალ გორდონ დეივისთან სათაურით „2024 წელი უკრაინისთვის რთული იქნება“.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

უკრაინაში ომის დაწყებიდან, თითქმის ორი წელი გავიდა. მიუხედავად დასავლური დემოკრატიების მხარდაჭერისა, ქვეყანას დამატებითი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სჭირდება რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად. პირველ თებერვალს ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის დახმარების მორიგი პაკეტის ბედს გადაწყვეტენ. ვაშინგტონში კი კანონმდებლები კვლავ ცდილობენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე შეჯერდნენ.

რა მნიშვნელობა აქვს ახლა დასავლურ დახმარებას უკრაინისთვის, როგორია ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა და რა მოლოდინები არსებობს უკრაინისთვის 2024 წელს. ამ თემებზე "ამერიკის ხმა“ ამერიკელ თადარიგის გენერალ გორდონ დეივისს ესაუბრა, რომელიც  ამერიკულ ჯარში 37 წლის განმავლობაში მსახურობდა, შემდეგ კი ნატოს მაღალჩინოსანი იყო.

როგორ შეაფასებდით უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას და ასევე, როგორც უკრაინული, ისე რუსული ჯარების მდგომარეობას?

- ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ პოტენციურად რაიმე წინსვლა ჰქონდეს დამატებითი ტერიტორიის დასაკავებლად, სიტუაცია ამ დროისთვის საკმაოდ სტატიკურია.

ვფიქრობ, მათ დავალებული აქვთ პუტინისგან, რომ შესაძლებობების მაქსიმუმი გააკეთონ რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დასაპყრობად, იმისთვის, რომ [რუსეთში] არჩევნებამდე გარკვეული პროგრესი აჩვენონ. იდეალურ შემთხვევაში კი, იმისთვის, რომ პუტინმა გააძლიეროს თავისი პოლიტიკა უკრაინაში ომისადმი ამ პროგრესის მნიშვნელობის ფონზე.

რაც შეეხება უკრაინას - ამერიკის შენელებული და ახლა უკვე შემცირებული დახმარების გამო, რა თქმა უნდა, ის თავდაცვით პოზიციას დაუბრუნდა. საბედნიეროდ, ბევრი ევროპული ქვეყანა ეხმარება უკრაინას როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით. ვფიქრობ, ეს, როგორც მინიმუმ, დაეხმარება უკრაინას შეინარჩუნოს თავდაცვითი პოზიცია, მაშინ, როდესაც ის აგრძელებს რუსეთის თავდასხმასთან გამკლავებას.

[რუსები] კარგ მდგომარეობაში არ არიან. ნაწილობრივ ეს ამინდის ბრალიცაა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზია გაწვრთნილი სამხედროებისა და კარგი ტაქტიკის უქონლობა. ასევე დიდ როლს თამაშობს მთლიანი უკრაინული საზოგადოების თავდაცვითი შესაძლებობა, რომელიც დასავლური დახმარებითაა გაძლიერებული.

ვფიქრობ, დასავლეთში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები პარლამენტებსა და კონგრესებში, რომ უკრაინისთვის უწყვეტი დახმარების გაწევას ხელი შეუწყონ. საჭიროა, დავეხმაროთ მათ ისეთი თავდაცვით შესაძლებობების შექმნაში, როგორებსაც იმსახურებენ და რომლებიც არალეგალურად ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად სჭირდებათ.

თქვენი ამერიკული, დასავლური დახმარება ახსენეთ. ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინის კონტრშეტევა, მოსალოდნელზე ნაკლებ ეფექტური, ნაწილობრივ ამერიკისა და სხვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან არასაკმარისი იარაღის, ან მათი ნელა მიწოდების ბრალიცაა. ეთანხმებით თუ არა ამას და როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება ახლა უკრაინას გამარჯვებისთვის?

- ვერ ვიტყოდი, რომ არსებობდა ერთი კონკრეტული და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც განსაზღვრა ის, თუ რატომ ვერ შეძლო უკრაინამ კონტრშეტევის დროს დიდი ფართობის მიწის დაბრუნება.

ვფიქრობ, რამდენიმე მიზეზი იყო - დასავლეთმა ძალიან ნელა გაიაზრა, რომ მათი შეფასებები პუტინისთვის წითელი ხაზების არსებობაზე, მცდარი იყო. რომ მათ შეეძლოთ მეტი თავდასხმითი იარაღის მიწოდება, უფრო შორ მანძილზე მოქმედი, უფრო ეფექტური იარაღის მიწოდება [რუსეთის] დასავლეთის წინააღმდეგ პროვოცირების გარეშე.

სამწუხაროდ, ეს იყო იმის გადაჭარბებული შეფასება, რომ რუსეთი [ამ დახმარებაზე] რეაგირებას მოახდენდა და რომ პუტინი ნატოსთან ესკალაციისთვის მზად იყო. ეს არასწორი გათვლა იყო და ამას გავლენა ჰქონდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი წვრთნების დროს [არასწორი გათვლები] იყო, როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის მხრიდან. არასწორად მოხდა იმის გათვლა თუ რა სიძნელეების შექმნა შეეძლო რუსეთის თავდაცვას, [ტერიტორიაზე] შეღწევის თვალსაზრისით და იმ მიმართულებით, რისთვის რამდენი დრო ჰქონდათ.

გარდა ამისა, ტაქტიკა, რომელსაც რუსები იყენებდნენ თავდაცვისთვის, რამდენიმე შრიანი დანაღმული ზონის შექმნა იყო, რაც გაცილებით უფრო რთულია შესაღწევად. ეს დიდ აქცენტს მოითხოვდა მობილობაზე და უკრაინელების მხრიდან განმნაღმველი ძალების მობილიზებაზე. ეს ყველაფერი არ იყო სათანადოდ შეფასებული როგორც უკრაინის, ისე დასავლელი წვრთნების მიმწოდებელი ინსტრუქტორების და მათ მიერ, ვინც აღჭურვილობას იყენებდა.

მეორეს მხრივ, არტილერიამ, საჰაერო თავდაცვამ, და დრონებმა დიდი როლი ითამაშა უკრაინის მიერ მოპოვებულ მიღწევებში. რა თქმა უნდა, წინსვლა უკრაინელების გამბედაობისა და მცირე დანაყოფების ტაქტიკაზე აქცენტის გაკეთების, ასევე მეთაურების მაღალი კვალიფიკაციის წყალობითაც მოხდა.

წინსვლის ფაქტორი იყო მთელი უკრაინული საზოგადოების სრული მობილიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, რათა სწრაფად მიეწოდებინათ უკრაინული ძალებისთვის ის, რაც მათ სჭირდებოდათ, თავდაცვისა და იდეალურ შემთხვევაში, რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად.

ვიტყოდი, რომ [კონტრშეტევის მასშტაბურობის] ჩავარდნა რამდენიმე მიზეზით მოხდა. თუმცა, ახლა დროა, რომ მომავალზე გავამახვილოთ ყურადღება. იქამდე, ვიდრე დასავლური დახმარება არსებობს, უკრაინამ რუსული ძალებისგან თავდასხმის მოგერიებაზე და თავდაცვაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.

რას ფიქრობთ ყირიმზე?არსებობს მოსაზრება, რომ ამ ომის მთავარი ამოსავალი წერტილი ყირიმი უნდა იყოს, რომ თუ რუსეთი ვერ შეძლებს ყირიმის გაკონტროლებას, მაშინ ეს ყველაფერს შეცვლის, ან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს ფრონტის ხაზზე.

რას ფიქრობთ ამაზე?

- უკრაინელები ცდილობენ რუსეთს დაანახონ, რომ მათ ყირიმში დარჩენა არ შეუძლიათ. Პირველ რიგში, ამას შავი ზღვის ფლოტის საყურადღებოდ და შემდეგ უკრაინის სამხრეთში მყოფი რუსული ჯარებისთვის ლოგისტიკური მხარდაჭერის აღსაკვეთად აკეთებენ.

ვფიქრობ, რომ ეს გამორჩეული მიზანია, რადგან წარმატების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშდგება რუსეთის უნარი, შეინარჩუნოს ყირიმი.

ეს გაურთულებს რუსეთს არა მარტო თავდასხმით ოპერაციას სამხრეთ უკრაინაში, არამედ პრობლემებს შეუქმნის ყირიმის სამომავლო დაცვაშიც, თუ უკრაინიდან მუდმივად საფრთხე ექნება.

ამ [სტრატეგიას] ასე ვთქვათ ორპირიანი ხმლის ფუნქცია აქვს - ერთი მხრივ, ის ზიანს აყენებს რუსეთის შესაძლებობებს გააგრძელოს თავდასხმები სამხრეთზე და მეორე, მოითხოვს გაცილებით უფრო დიდ ძალისხმევას, რომ უბრალოდ დაიცვას ყირიმში დისლოცირებული ძალები.

ამ სტრატეგიამ ასევე გზა გაუხსნა უკრაინას აღედგინა საკუთარი მარცვლეულისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუტების საზღვაო მარშრუტები და შეამცირა საფრთხე ოდესასა და ხერსონში, რაც უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, თუ უკრაინას ვერ დაიპყრობს, სამომავლოდ რუსეთი ორჯერ დაფიქრდება, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მასთან. ასე რომ, ვფიქრობ, ესარაჩვეულებრივი ტაქტიკაა ამ მომენტისთვის და [უკრაინელები] მას უნდა გაყვნენ.

როგორი მოლოდინები გაქვთ, როგორი იქნება ფრონტის ხაზი 2024 წელს? როგორ ფიქრობთ რა უნდა იყოს ერთი მთავარი მიზანი, რაზეც უკრიანული ჯარი უნდა ფოკუსირდეს 2024 წელს?

- ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა, გაგრძელდება თუ არა ამერიკის დახმარება უკრაინისადმი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები იქნება უკრაინის, გულწრფელად რომ ვთქვათ, მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობა, გააგრძელოს [ქვეყნის] დაცვა და ბრძოლა. მოძებნოს ახალი გზები, რათა გამოიყენოს რუსეთის დაუცველობა. ვფიქრობ, რომ მათთვის ეს რთული წელი იქნება. თუმცა, წელსაც შეძლებენ თავდაცვის გაგრძელებას.

თუ დამატებით დასავლურ დახმარებას არ მიიღებენ, შესაძლოა მათ მიწის ნაწილი დაკარგონ, მაგრამ ეს მიწები რუსულ ძალებს ძალიან დიდი ფასი დაუჯდებათ.

მართალია რუსეთს სტრატეგიული სიღრმე აქვს რესურსებისა და ცოცხალი ძალის თვალსაზრისით, მაგრამ ის დაუმარცხებელი არაა და ეს გამოიხატება იმაშიც, რომ რუსულ საზოგადოებაში გაჩნდა ბზარები ომის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ეს ბზარები გაჩნდა [რუსეთის] ეკონომიკაშიც, ელიტის მხრიდან ომის მხარდაჭერაშიც და ყირიმის შენარჩუნებაშიც - ეს ყველაფერი პუტინს პრობლემებს შეუქმნის. მას თავიდან აირჩევენ, მაგრამ ბევრი პრობლემა ექნება.

ვფიქრობ, რომ 2024 წელს ვნახავთ უკრაინის მხრიდან წარმატებულ თავდაცვას და დიდი ალბათობით, ახლო მომავალში დახმარების ახალ ტალღასაც.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7465109.html

 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.