USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
«Focus» (გერმანია): ინტერვიუ ვიქტორ ორბანთან
дата:  483

გერმანული გამოცემა „ფოკუსი“ (Focus) აქვეყნებს ინტერვიუს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან, რომელსაც ჟურნალისტი გაბორ შტაინგარტი ესაუბრება.

უნგრელი ლიდერი პასუხობს კითხვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე,  ევროკომისიის თავმჯდომარესთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაპირისპირებაზე, რუსეთ-უკრაინის ომთან დამოკიდებულებაზე და სხვა თემებზე.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- თქვენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერებს შორის ერთადერთი ბრძანდებით, რომელსაც გჯერათ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს. რატომ?

- დიახ, ჯერ-ჯერობით მე ერთადერთი ვარ, ვინც ღიად გამოხატავს ასეთ იმედს. რადგანაც ეს არცთუ ისე პოპულარული პოზიციაა, სხვა პოლიტიკოსებს თავიანთი თვალსაზრისის გამჟღავნება ერიდებათ.

- რა მოხდა თქვენსა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ურთიერთობაში? ევროკომისიის პრეზიდენტს ბრალს იმაში სდებთ, რომ მან თქვენს წინააღმდეგ „ერთგვარი ინტიფადა“ წამოიწყო...

- პრობლემა მას შემდეგ წარმოიქმნა, როცა ნათელი გახდა, რომ ევროკომისიის მისეული კონცეფცია ჩემსას არ ემთხვევა. ადრე კომისია განიხილებოდა როგორც ხელშეკრულებების ერთგულ სტრუქტურად და შესაბამისად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესების დამცველად. ევროკომისია პოლიტიკურად ნეიტრალური რჩებოდა. ახლა ყველაფერი სულ უფრო მეტად პოლიტიზებული ხდება. მისი თავდასხმები ჩემს წინააღმდეგ ამის მკაფიო დადასტურებას წარმოადგენს

- თქვენ ყველაზე მეტი უთანხმოება უკრაინის საკითხში გაქვთ. ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი - ანუ თქვენ - მზად არის კიევი რუსეთს ჩააბაროსო და ჰგონია, რომ ამით მშვიდობა დამყარდებაო. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, „არცერთ ევროპულ ენაზე სიტყვა „მშვიდობა“ არ ითვლება „კაპიტულაციის“ სინონიმად, ხოლო „სუვერენიტეტი“ – „ოკუპაციად“. როგორ უპასუხებდით თქვენს პოლიტიკურ მეტოქეს?

- საქმე ისაა, ჩაბმული ვართ თუ არა ისეთ ომში, რომელიც წინასწარ წამგებიანია და არა მომგებიანი... ამჟამად ჩვენ ვაგებთ, ამიტომ ვიღაცამ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ჩვენ ისე ვიქცეოდით და ვმოქმედებდით, რომ თითქოსდა უკრაინის კონფლიქტი ჩვენი საკუთარი კონფლიქტი იყო, ახლა კი, რადგან მასში მეტ-ნაკლებად ვართ ჩაბმული, ჩვენ ამ ომს ვაგებთ.

- და რის საფუძველზე ასკვნით, რომ დასავლეთი ომს აგებს? ამჟამად უკრაინის არმიას რუსეთის ტერიტორიაც კი აქვს დაკავებული და ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა კურსკის ოლქიდან ასეულ ათასობით თანამოქალაქის ევაკუაცია განეხორციელებინა...

- მე ძალიან მიკვირს, რომ გერმანიაში ჩვენს წაგებას ვერ ამჩნევენ. თუ ფრონტზე შექმნილ სიტუაციას ობიექტურად შევხედავთ და ორივე მოწინააღმდეგის ბრძოლისუნარიანობას  შევაფასებთ, აშკარა გახდება, რომ ჩვენ წაგებულის მხარეს ვდგავართ, ანუ ჩვენც ვაგებთ. (...)

- თქვენ გახდით ბოლო ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც ვლადიმერ პუტინს კრემლში ეწვიეთ. როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილება? თვლით თუ არა თქვენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზად არის მოლაპარაკებისათვის?

- ჩემი ინიციატივა ორიოდე სიტყვით ასეთია: ცეცხლის შეწყვეტა. მე მინდა დავარწმუნო უკრაინელებიც და რუსებიც, რომ უკეთესია დღეს იფიქრონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე, რომელიც სამომავლო მოლაპარაკებისათვის სივრცეს შექმნის. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, არც კიევს და არც მოსკოვს ეს იდეა არ აწყობთ. ორივე ფიქრობს, რომ დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს. სწორედ ამ მიზეზის გამო გავემგზავრე ჩინეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

(...)

- თქვენ რომ 1956 წელს, ანტისაბჭოთა აჯანყების დროს, ბუდაპეშტში ყოფილიყავით, იბრძოლებდით რუსეთის არმიის წინააღმდეგ?

- რა თქმა უნდა, მებრძოლთა პირველ რიგებში ვიქნებოდი.

წყარო: https://www.focus.de/politik/ausland/ungarn-praesident-im-pioneer-interview-beim-ukraine-krieg-ist-orban-besonders-in-einem-punkt-von-deutschland-ueberrascht_id_260400590.html

 

аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати