USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
Tbilisi
ნოდარ ანდრიაძე - ვანის არქეოლოგიური მუზეუმის აშენება უდიდესი ეროვნული საქმე იყო
Date:  6086

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმი 1985 წელს გაიხსნა და მასში სწორედ ამ დროიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა ინახება. მის ოქროს ფონდშია ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვა.).

დღეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ახალ სიცოცხლეს იწყებს. ვანის არქეოლოგიური კომპლექსი დამთვალიერებლების მიღებას სავარაუდოდ ივლისიდან შეძლებს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია.

ეს გახლავთ 35 წლის წინ   ცნობილი  მეცნიერის  არქეოლოგ ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით აშენებული უნიკალური მუზეუმი, რომელიც  გამორჩეული იყო როგორც კონცეფციით, ასევე მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით,  რეაბილიტაციის შემდეგ სრულიად თანამედროვე  სტანდარტის  და კონცეფციის მუზეუმია.          

მათ შორის, ვინც 35 წლის წინ  ამ მუზეუმის მშენებლობაში იყო ჩართული, არის ბატონი ნოდარ ანდრიაძე,  დამსახურებული  მუშაკი, რომელმაც ათეული წლები გაატარა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე.  მან ყველაზე კარგად იცის ამ მუზეუმის ისტორია.  

ბატონი ნოდარი 12  წელი ვანის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი იყო, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა მისი დიდი მხარდაჭერით და ძალისხმევით მოხდა. ის  ჩართული  იყო ამ პროცესში  თავიდან  ბოლომდე -  მუზეუმის იდეიდან მის მშენებლობამდე და გახსნამდე.  ბატონი ნოდარი მუზეუმის მშენებლობის აქამდე უცნობ ისტორიებს გვიზიარებს,  „თბილისი პოსტი“  ბ-ნი ნოდარის ისტორიით  ხსნის წერილების  ციკლს, რომელიც ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს მიეძღვნება.

ნოდარ ანდრიაძე:  1983 წელს, როდესაც ვანის  არქეოლოგიური  მუზეუმის  დაფუძნების იდეა  გაჩნდა, ვანის რაიკომის პირველი მდივანი ვიყავი.  იქამდე უკვე კარგად ვიცნობდი ოთარ ლორთქიფანიძეს, საოცარ ადამიანს და მაღალი რანგის მეცნიერს, რომელიც  იყო  ამ უნიკალური კონცეფციის მუზეუმის იდეის ავტორი.  ოთარი იმ დროს ხელმძღვანელობდა  საქართველოს არქეოლოგიის  ცენტრს, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაოები ჩაატარა თბილისის შემოგარენში  და ასევე იყო  ვანის მუდმივმოქმედი  ექსპედიციის ხელმძღვანელი.  როდესაც ვანში  გადავედი სამუშაოდ 1979 წლის მიწურული იყო, ოთარი თავის გუნდის წევრებთან  ვახტანგ ლიჩელთან, გურამ ყიფიანთან, გურამ კვირკველიასთან,   ერთად, რომლებიც მაშინ ახალგაზრდა არქეოლოგები იყვნენ, უკვე თბილისში იყო წამოსული. ისინი ვანში გაზაფხულზე ჩამოდიოდნენ და ოქტომბრის ბოლომდე  რჩებოდნენ.  შემდეგ მოდიოდნენ თბილისში,  სადაც ხდებოდა მიღებული მასალის დამუშავება. მეორე წელს  შედგა ჩვენი გაცნობა. მან მიმიწვია  ახვლედიანების გორაზე, სადაც მიმდინარეობდა გათხრები. ჩვენ შორის პირველივე შეხვედრის შემდეგ მეგობრული ურთიერთობა დაიწყო, ვიცნობდი მის არაჩვეულებრივ ოჯახს, მეუღლეს, ქალბატონ რუსუდანს, შვილებს, ისინი ძალიან ხშირად ჩამოდიოდნენ ვანში.  ოთარს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩემს ძმასთან ირაკლი ანდრიაძესთან. როგორც კი წმინდა სამების ტაძრის მშენებლობის  ფონდი შეიქმნა, პატრიარქის თხოვნით  ბატონი ოთარი ამ ფონის წევრი გახდა და სიკვდილამდე იყო ამ ფონდის წევრი.   

ვანის არქეოლოგიურ გათხრებს ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა. მას  დიდი ისტორია აქვს.  ერთ-ერთი პირველი ცნობები ეკუთვნის ქართული კულტურის დიდ მოამაგეს ექვთიმე თაყაიშვილს, რომელიც იმპერატორის შესაბამის სამსახურს წერდა,  ქუთაისის გუბერნიაში, ვანის ტერიტორიაზე, არის ძალიან საყურადღებო  ადგილი, რომელიც საჭიროებს არქეოლოგიურ  კვლევებს და გთხოვთ გამოგვიყოთ დაფინანსება კვლევებისთვისო.  ვანისთვის იმ პერიოდში იმპერატორის კარზე არ ეცალათ,  ომმა და რევოლუციებმა ვანის საკითხი უკანა პლანზე გადაიწია. გავიდა ათეული წლები,  1947 წელს   ვანში არქეოლოგიური  გამოკვლევები დაიწყო არქეოლოგმა ქალბატონმა  ნინო   ხოშტარიამ, რომელიც წააწყდა საოცარ ფენას. მისი საქმიანობა სამამულო ომის შემდეგ გააგრძელა  არქეოლოგმა ფუტურიძემ, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაოები  ჩააატარა, მისი კვლევების შემდეგ  მთელ   საბჭოთა კავშირში გახმაურდა ვანში  არსებული საოცარი ისტორიული წარსულის შესახებ.   ვანში აღმოჩენილმა ნივთებმა თითქმის გადატრიალება მოახდინა ქართულ არქეოლოგიაში. ამის შემდეგ  ვანის არქეოლოგიური გათხრების ახალი ეპოქა უკავშირდება ოთარ ლორთქიფანიძეს.  ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი მუზეუმი, როდესაც არქეოლოგებმა აღმოაჩინეს  ახალგაზრდა მანდილოსნის სამარხი, სადაც უამრავი ოქროს ნივთი, დიადემა, ყელსაბამი, საყურეები იქნა ნაპოვნი. ასევე აღმოაჩინეს ადამიანის ფიგურა, ტორსი, ბრინჯაოში  ჩამოსხმული, ისეთი ნამუშევარი იყო, ახალი ჩამოსხმული გეგონებოდა ადამიანს.   ეს იყო უნიკალური ექსპონატები, რომლებიც მოგვიანებით  განთავსდა  მუზეუმში.  ბატონმა  ოთარმა  პეტერბერგში სიმპოზიუმზე  წაიღო ამ მასალის ამსახველი  სლაიდები, რამაც მსოფლიოს უდიდესი  მეცნიერებიც კი  გააოცა.        

 როგორ მუშაობდა  ოთხი ათეული წლის წინ   მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია ვანში?

 ახვლედიანების გორაზე,  სადაც  მიმდინარეობდა არქეოლოგიური კვლევები, მოსახლეობა ინტენსიურად იყო დასახლებული. გათხრების დროს,  როდესაც აღმოჩნდებოდა ხოლმე კულტურული ძეგლები,  დგებოდა იქ მცხოვრები  ოჯახის  გაყვანის და მათთვის  კომპენსაციის, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი. საკმაოდ ბევრი ოჯახი გავიყვანეთ იმ წლებში. 1989 წელს ტერიტორია გამოცხადდა ნაკრძალად, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ოთარ ჩერქეზიამ მოაწერა ხელი ამ დადგენილებას.  ადგილობრივ მცხოვრებლებს უკვე აღარ ჰქონდათ უფლება, მიწა ერთი მეტრის ქვემოთ გაეთხარათ.  ტერიტორია ქართველებით და ებრაელებით  იყო დასახლებული, მათ  ერთმანეთთან  ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.  ქართველების და ებრაელების მეგობრობის არაერთი მაგალითი ვიცით, მაგრამ ვანში  მათი თანაცხოვრება მართლაც რომ გამორჩეული იყო. 

1982 წელს ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლის ქვეშ აღმოჩნდა უზარმაზარი ტაძრის ნანგრევები. ამ აღმოჩენის შემდეგ დადგა საკითხი ამ ოჯახის გასახლების. ამას მოჰყვა წინააღმდეგობები, მაგრამ აღმასკომის  თავმჯდომარის  იური დვალიშვილის თაოსნობით, უზარმაზარი სამუშაოები ჩავატარეთ და ის ოჯახი ისეთი სახლით დავაკმაყოფილეთ, როგორიც მოითხოვეს. ეს იმდენად რთული პროცესი იყო, ძალიან ბევრი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვდა. იქვე  ახლოს  ტაძრის  ნანგრევებთან აღმოჩნდა უზარმაზარი ჭა. გამოვიძახეთ სპეციალისტები. ჩავიდნენ ჭის სიღრმეში ჟანგბადის ბალონებით 20 მეტრზე, კიდევ ქვემოთ. ჭას ბოლო არ ჰქონდა. მოგვიანებით  ბატონმა ოთარმა ახსნა, რომ მას  ჭის ფუნქცია რა ჰქონდა და ომიანობის დროს, რაც  ვანში  ხშირი იყო,  მას ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა როგორც დამალვის  საშუალებას, ისინი ჭით ხვდებოდნენ  გვირაბში, რომელიც  ხევში  გადიოდა.  ეს ხევი ახვლედიანების გორას მთელ პერიმეტრზე მიჰყვებოდა.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი არ იარსებებდა ედუარდ შევარდნაძის დახმარების გარეშე. გადამწყვეტი აღმოჩნდა  ქვეყნის ხელმძღვანელის და ბატონი ოთარის შეხვედრა 1983 წელს. 21 აგვისტოს  ბატონმა ედუარდმა დამირეკა.  მითხრა, რომ საირმეში ისვენებდა  და იქიდან ვანში  სურდა ამოსვლა, დაინტერესდა  იმყოფებოდა თუ არა ადგილზე  ექსპედიაცია და პირადად ბატონი ოთარი.  

მე რაიკომის პირველ და მეორე მდივნებთან ჯენერი კაპატაძესთან და შიო გიორგაძესთან ერთად მივედი ოთართან და ვუთხარი, რომ ბატონი ედუარდი აპირებდა ჩამოსვლას არქეოლოგიურ გათხრებზე. ჩვენ მოვილაპარაკეთ რაიონის მასშტაბით რა  საკითხები უნდა  დაგვეყენებინა ბატონ ედუარდთან, არქეოლოგიურ გათხრებთან დაკავშირებით  თავად ბატონ ოთარს უნდა ეთქვა თავისი სათქმელი. ოთარი ძალიან ერუდირებული გონიერი ადამიანი იყო, საოცარი უბრალოება და იუმორი ახასიათებდა,   საუბრის დროს გვითხრა: მეგობრებო ვიმოქმედოთ სიტუაციის მიხედვით.  მეორე დღეს ჩემი ავტომობილით მივაკითხე  ედუარდ შევარდნაძეს საირმეში და ერთად წავედით ვანში.

კარიბჭესთან დაგვხვდა ბატონი ოთარი. სტუმარს დავათვალიერებინეთ  არქეოლოგიური გათხრების  ტერიტორია,  ოთარი ყველაფერზე   განმარტებებს აძლევდა. არქეოლოგების საცხოვრებელ  შენობაში, ფინურ  სახლში,  პირველი  სართული გამოფენას ჰქონდა დათმობილი. ბატონი ედუარდი გაოცებული დარჩა იმ  განძეულით, რაც იმ პატარა სივრცეში ინახებოდა, ეს ნივთები ევროპის ნებისმიერ მუზეუმს დაამშვენებდა. ეს იყო ძველი წელთაღრიცხვის მე-8 - მე-7  საუკუნის ნივთების ფრაგმენტები და  ასევე  ელინური კულტურის ნაშთები. ბატონი ოთარი ამტკიცებდა, სანამ  ელინურ კულტურა მოაღწევდა  კოლხეთის ცივილიზაციამდე იქ  მას დახვდა კოლხეთის ძველი კულტურა.

ამ შეხვედრაზე გადაწყდა მუზეუმის ბედი იმ პერიოდში ახალი აღმოჩენილი იყო  სამარხში ახალგაზრდა ქალის და მამაკაცის ფიგურები, რომელიც ვაჩვენეთ ედუარდ შევარდნაძეს. ბატონმა ოთარმა  აგვიხსნა, ეს ახალგაზრდები იქნებოდნენ  დიდგვაროვანის შვილები,  მოგზაურობის დროს დაიღუპნენ,  მოხდა მათი დასაფლავების რიტუალის იმიტაცია. ორივე დამხობილი იყო დასაფლავებული და სამარხი იყო გადალესილი. 

ბატონი ედუარდი დაინტერესდა ამ ექსპონატებით. ქალსაც და მამაკაცსაც ოქროს ყურსაკიდები ეკეთათ,  ქალის ფიგურას  ოქროს სამაჯურიც  ეკეთა.  ბატონმა ედუარდმა იხუმრა, ბატონო  ოთარ, ერთი სათხოვარი მაქვს, ეს  ფიგურები რუსთაველზე მოსეირნე ახალგაზრდებს არ აჩვენოთ, ისინიც საყურეებს გაიკეთებენო. ყველას გაგვეცინა. სწორედ ეს აღმოჩნდა შესაფერისი მომენტი. ბატონმა ოთარმა  ედუარდ შევარდნაძის შეკითხვაზე, რითი დაგეხმაროთო უთხრა: ჩემი მოსკოველი კოლეგები დამპირდნენ ორი ფინური სახლის გამოგზავნას, რაიონის ხელმძღვანელობა პირველ სართულს კაპიტალურად ამოაშენებს და საკმაოდ დიდი ფართი იქნება გამოფენისთვისო.  ედუარდ შევარდაძემ თქვა, არ გვინდა ფინური სახლები, მუზეუმი ავაშენოთო. ამას არავინ მოველოდით.  სამარისებრი სიჩუმე ჩამოვარდა. ისევ  ბატონმა ოთარმა დაიწყო საუბარი, ის იყო იქ მასპინძელი. მან  ახსნა: მეცნიერულად დამტკიცებულიაო, რომ როდესაც ადამიანები  იმ ადგილზე ათვალიერებენ ძველ  ნივთებს, სადაც ის არის ნაპოვნი, უფრო შთამბეჭდავია და მეტი შემეცნებითი დატვირთვა აქვს,  ვიდრე იმ ადგილიდან დაშორებით, მუზეუმში ნანახსო. ეს უკვე გადამწყვეტი არგუმენტი იყო,  გადაწყდა მუზეუმის მშენებლობა.  

ედუარდ შევარდნაძემ ჩვენ დაგვავალა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. იმ დღეს ედუარდ შევარდანაძემ  დაათვალიერა კურორტი სულორი,  ასევე ვანში ახალგახსნილი სკოლა კომპლექსი   დარბაზით და კინოთეატრით, მაგრამ  მუზეუმის თემის გადაწყვეტა ისეთი  მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერი დაჩრდილა. 

გურამ ენუქიძე, ნოდარ ანდრიაძე და ოთარ ლორთქიფანიძე ვანში არქეოლოგიურ ექსპედიციაზე   

როგორ შეიქმნა  მუზეუმის არქიტექტურული პროექტი?

არქიტექტორ გიორგი ლეჟავას ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სამი წლით ადრე ჰქონდა გაკეთებული  მუზეუმის არქიტექტურული პროექტი.  ბატონი გიორგის  დაპროექტებული იყო პარლამენტის შენობის ის ნაწილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე დგას. ჩვენ დავიწყეთ  მივიწყებული პროექტის მოძიება  არქეოლოგიის ცენტრის არქივში. მოვაგვარეთ ორგანიზაციული საკითხები და  დავიწყეთ   მუზეუმის მშენებლობა.  ბატონმა ოთარმა მუზეუმისთვის შეარჩია  ადგილი, გორა, რომელიც ვანს დაჰყურებს. ხევზე ერთ თვეში   გავაკეთეთ ხიდი, რომელმაც  ორი მხარე დააკავშირა ერთმანეთს.  თავიდან ბოლომდე ყველაფერში  გვერდში გვედგა  გიორგი ანდრონიკაშვილი, ის კურიერებდა მშენებლობას რესპუბლიკის მასშტაბით, თუმცა გათხრები მუზეუმის  მშენებლობის დროსაც არ  შეჩერებულა.

თავიდან ედუარდ შევარდნაძის მითითებით  პროექტს სახელი შეეცვალა და ლაბორატორიის სახელი დაერქვა, რადგან იმ დროს მთელი ყურადღება  ბინათმშენებლობაზე იყო გადასული, შეკვეცილი იყო კულტურის ობიექტების აშენება, მუზეუმის მშენებლობას  შეიძლებოდა  წინააღმდეგობა შეხვედროდა, ამიტომ ასე მოვიქეცით,  თუმცა  გახსნისას  უკვე მუზეუმის სტატუსით გავხსენით. ეს მოხდა მშენებლობის დაწყებიდან ორ წელიწადში.  რაიკომის მეორე მდივანი  ღამეებს ათენებდა მშენებლობაზე. თერჯოლიდან მოგვქონდა მოსაპირკეთებელი მასალა, თერჯოლის რაიკომის მდივანი წინასწრებით აგზავნიდა ამ მასალას, რომელიც მაშინ დეფიციტური იყო.  პარალელურად ჩვენ ავაშენეთ ტურბაზა, რადგან იმ დროს ვანში სასტუმრო არ იყო.  ვანში რომ ბევრი სტუმარი ჩამოსულიყო იმერეთის  ტურისტულ მარშუტში ვანიც მოვახვედრეთ,  ჩამოსული სტუმრები  ქუთაისის, წყალტუბოს მონახულების შემდეგ ღამეს ვანში ახალ  სასტუმროში ათენებდნენ. 

მახსოვს როდესაც ჩამოვიდა ვანში ლეონიდ  ბრეჟნევის შვილიშვილი, რომელიც ახალდაქორწინებული იყო.  მას  ბაბუამ ურჩია,  თებერვალში დასასვენებლად ყველაზე კარგი ქვეყანა საქართველოაო, ისინი  საქორწინო მოგზაუროთ ჩამოვიდნენ ჩვენთან.  მოიარეს ბათუმი, ქობულეთი, დაინტერესდნენ ვანის გათხრებით. როდესავ დამირეკეს და მითხრეს, ბრეჟნევის შვილიშვილი და მისი ცოლი მოდიანო,  მთელი რაიონი ფეხზე დადგა, უშიშროება გაძლიერებულად იცავდა ყველაფერს.  ვახტანგ ლიჩელმა გაუწია  მათ მეგზურობა ვანის გათხრებზე. გაოცებულები იყვნენ ეს ახალგაზრდები იმ ყველაფრით, რაც ადგილზე  ნახეს.

მშენებლობის დაწყებიდან  რამდენიმე თვეში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართული იყო საბერძეთისკენ.  ტიმ სევერინმა არგონავტების ლეგენდა სინამდვილედ აქცია -  წამოვდა საბერძნეთიდან და რიონით ამოვიდნენ ვანში. მთელი მსოფლიო აშუქებდა ამ ამბავს.  ამ ისტორიას მოჰყვა ოთარ ლორთქიფანიძის  და ტიმ სევერინის ახლო მეგობრული და  კოლეგიალური ურთიერთობა.  ყველა ამბობდა, რომ არა მათი ურთიერთობა, ეს ექსპედიცია შესაძლოა არც შესრულებულიყო, რაც ტიმ სევერინის წიგნშიც არის აღწერილი.   

ერთ დღეს მივდივარ მუზეუმის მშენებლობაზე და ვხედავ, ხარაჩოზე ერთად დგანან ოთარი და ტიმ სევერინი, ოთარი უხსნიდა სტუმარს  ყველა დეტალს მუზეუმის შესახებ, სად რა განთავსდებოდა, როგორ იქნებოდა.  მოგვიანებით,  ბატონი ოთარის თხოვნით  რიონის პირას  სამ -ოთხ თვეში   გავაკეთეთ   არგონავტების გემის ასლი და  ავაშენეთ  არგონავტიკის მუზეუმი, შენობა არ იყო პომპეზური, მაგრამ საოცარი ისტორიული მასალა მოიძიეს  და შეაგროვეს სპეციალისტებმა.

როგორ მოხდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა?

1985 წელს გრანდიოზულად მოხდა  მუზეუმის გახსნა, უკვე  ჯუმბერ პატიაშვილი იყო ქვეყნის ლიდერი,  ის  ხელმძღვანელობდა  მუზეუმის დასრულების და გახსნის  პროცესს. ვანში  უამრავი ცნობილი მეცნიერი ჩამოვიდა ვანში.  ეს იყო ისტორიული მომენტი. ეს დღე იქცა ბატონი ოთარის ბენეფისად.  ვანის მუზეუმი იყო  უნიკალური არა მხოლოდ ისტორიით და  შინაარსით, არამედ   კონცეფციის   თვალსაზრისითაც. მოგეხსენებათ მუზეუმების უმეტესობა ყველა ქვეყანაში ძირითადად   არის დედაქალაქებში,  დედაქალაქიდან 260 კილომეტრში გაკეთებულიყო მუზეუმი  იყო სიახლე, როგორც რეგიონისთვის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.   მინდა ავღნიშნო,  იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა  პერიოდი იყო,  ეროვნული თემები წინ იყო წამოწეული.  ეს უნდა იცოდეს ახალგაზრდობამ.

მუზეუმის გახსნიდან ძალიან მალე ჩატარდა  მსოფლიო მასშტაბის სიმპოზიუმი,  ჩამოვიდნენ მეცნიერები  მსოფლიოს  სხვადასხვა ქალაქებიდან.   ყველა სტუმარი გაოცებული იყო მუზეუმით, გამოფენით,  ექსპონატებით.  ბატონ ოთარს დიდ პატივს სცემდნენ მსოფლიოს ცნობილი  მეცნიერები, მისი კოლეგები ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან.  ოთარი  ძალიან  მეგობრობდა ერმიტაჟის დირექტორთან მიხეილ პიოტროვსკისთან.  ის ხშირად ჩამოდიოდა სიმპოზიუმებზე  ვანში.   მუზეუმის გახსნაზე  სიმპოზიუმზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყო   არქეოლოგი ვორონოვი, რომელმაც სიმპოზიუმზე განაცხადა, რომ   ვანში  ნაპოვნი იყო მხოლოდ ელინური კულტურის ნაშთები და არა ძველი კოლხური ცივილიზაციის ნაშთები,  რის გამოც  სიმპოზიუმის ხელმძღვანელმა,   მეცნიერმა დიდი ბრიტანეთიდან,  ის  სიმპოზიუმიდან გაუშვა, ფაქტიურად გააგდო.     

ვანელები ფიკურად მუშაობდნენ  როგორც მშენებლობაზე,  ასევე გათხრებზეც.  მათთვის ძალიან  უყვარდათ და ასე უყვართ დღესაც,  ეს ისტორიული ადგილები.  ექსპედიციის წევრებს  ვანში ისეთი სიყვარული და  პატივისცემა ჰქონდათ,  ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში  საუკეთესო ღვინით სავსე ცისტერნა იდგა  არქეოლოგების და მათი სტუმრების პატივსაცემად.  ძალიან მეამაყება, 90-იან წლებში, როდესაც  დასავლეთ საქართველოში  არეულობა  იყო,  არავინ არ იკადრა მუზეუმის გაძარცვა.  მუზეუმის  თანამშრომლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის სამსახურის ჯგუფმა, რომელიც ვანელი ახალგაზრდებისგან იყო დაკომპლექტებული, ისე დაიცვეს  მუზეუმი, ერთი ნივთი არ დაკარგულა.  ეს არ იყო იოლი  იყო   იმ პერიოდისთვის,  ეს იყო ვანელების სამოქალაქო გმირობა.                   

  

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way