USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ნიკა ხოფერია - ხაზარებს იუდაიზმი არ მიუღიათ
Date:  1571
ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე მომთაბარე ხაზართა ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიასთან. VII-IX საუკუნეებში ხაზარები იყვნენ არაბი დამპყრობლების მთავარი მოწინააღმდეგეები კავკასიაში და კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე, უფრო ადრე იბრძოდნენ სასანიანი ირანი მეფეების წინააღმდეგაც და იყვნენ ბიზანტიის იმპერიის მოკავშირეები, როდესაც იმპერატორი ჰერაკლე ქართლში შემოიჭრა და თბილისს ალყა შემოარტყა ხაზართა ხაკან ჯიბღუსთან ერთად, თუმცა ვერ აიღო და მეორე წელს ხაზარებმა შათის მეთაურობით დამოუკიდებლად გაართვეს თავი კავკასიის ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის დაკავებას. ასევე ცნობილი ისტორიაა 764 წელს ხაზართა მიერ ქართლის კიდევ ერთი დალაშქვრა და ერისმთავარისა და მისი ასულის ტყვედ წაყვანა. დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ რომ ხაზარები იყვნენ იუდაიზმის მიმდევრები, თუმცა ბოლო დროინდელმა კვლევამ, რომელიც პროფესორმა შალომ სტამპფერმა ჩაატარა, ცხადყო რომ ხაზარების მიერ იუდაიზმის მიღება უბრალოდ მითია. ამის შესახებ მან გამოაქვეყნა თავისი ნარკვევი -  Shaul Stampfer; "Did the Khazars Convert to Judaism?", Jewish Social Studies, #3 (2013), 1-72. თემა ძალიან საინტერესოა, თუმცა ჯერჯერობით სრულ ტექსტზე წვდომა არ მაქვს, ამიტომ შემოგთავაზებთ სტატიის ზოგად ანალიზს, რომელიც მოცემულია Medievalist.Net-ზე. 

დიდი ხნის განმავლობაში ხაზარებს, რომლებიც წარმოშობით ცენტრალური აზიიდან იყვნენ, იუდაიზმის მიმდევრებად მიიჩნევდნენ, მაგრამ თანამედროვე კვლევების საფუძველზე ჩანს, რომ ისინი არასდროს მოქცეულან ამ რელიგიაზე. 

იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორი შალომ სტამპფერი აღნიშნავს, რომ ხაზარებს, შავი და კასპიის ზღვის ჩრდილოეთით მოსახლე მომთაბარე ხალხს გადაწყვეტილი ჰქონდა იუდაიზმის მიღება, რის შესახებაც ცნობები IX საუკუნის მეორე ნახევრის ისლამურ ცნობებში მოიპოვება. ასევე არსებობს X საუკუნის ორი ებრაული წყაროც. მას შემდეგ, რაც 969 წელს კიევის დიდმა მთავარმა სვიატოსლავმა ხაზართა იმპერია ფაქტიურად გაანადგურა, ხაზართა ხსენება ისტორიიდან ფაქტიურად გაქრა. 
 
 
 
კიევის მთავარი სვიატოსლავ I ებრძოდა ბიზანტიის იმპერატორ იოანე ციმისკესს, თუმცა საბოლოოდ მარცხი განიცადა და დაიღუპა. მისი ისტორია აღწერილია XI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის იოანე სკილიცეს თხზულებაში. სკილიცეს თხზულების XII საუკუნეში, სიცილიაზე გადაწერილ ვარიანტში, რომელიც მადრიდში ინახება, მოცემულია რამდენიმე საინტერესო მინიატურა სვიატოსლავის შესახებ. პირველ მინიატურაზე გამოსახულია ბიზანტიური კავალერიის მიერ სვიატოსლავის მხედრების დევნა, მეორეზე კი იოანე ციმისკეს და სვიატოსლავის შეხვედრა.
 
VII საუკუნიდან X საუკუნემდე, ხაზარები განაგებდნენ იმპერიას, რომელიც გადაჭიმული იყო კასპიისა და შავ ზღვას შორის. მათ კულტურასა და საზოგადოებაზე ძალიან მწირი ცნობები გვაქვს: მათ არ დაუტოვებიათ ლიტერატურული მემკვიდრეობა, არც არქეოლოგიური მონაცემებია მდიდარი. ცნობამ მათ მიერ იუდაიზმის მიღების შესახებ, დიდი ინტერესი გამოიწვია და ფართოდ გავრცელდა სამეცნიერო წრეებში. 
იეჰუდა ჰალევის ძეგლი კესარიაში
იეჰუდა ჰალევი იყო XI-XII საუკუნეების ესპანელი ებრაელი ფიზიკოსი, პოეტი და ფილოსოფოსი
 
ამბავი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ებრაელმა მოაზროვნემ და პოეტმა იეჰუდა ჰალევიმ ის თავის წიგნში `The Kuzari"-ში გამოიყენა. XX საუკუნემდე ხაზართა შესახებ ებრაულ წყაროებს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, მაგრამ 1932 წელს უკრაინელმა მკვლევარმა აჰათანელ კრიმსკიმ გამოაქვეყნა ხაზართა ისტორიის ექვსტომეული, სადაც ბევრ მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროს შეეხო მათი ისტორიის შესახებ. ჰენრი გრეგუარმა, ბიზანტიის ისტორიის ცნობილმა მკვლევარმა ამ წყაროების სკეპტიკური კრიტიკა დაწერა, მაგრამ 1954 წელს დუგლას მორტონ დუნლოპმა კვლავ დააბრუნა ისინი ისტორიული მეცნიერების წიაღში და გამოაქვეყნა `ებრაელ ხაზართა ისტორია" (The History of the Jewish Khazars). 
 
არტურ კესტლერის ბესტსელერმა `მეცამეტე ტომმა" (The Thirteenth Tribe, 1976) ფართოდ მიიქცია დასავლური საზოგადოების ყურადღება და დაიწყო მსჯელობა აღმოსავლეთ ევროპელი აშკენაზი ებრაელების ხაზარული წარმოშობის შესახებ. ბევრი სამეცნიერო კვლევა დაიწერა ამის შემდეგ, მაგრამ ასევე პოპულარული გახდა არააკადემიურ წრეებში, მაგალითად შლომო სანდის 2009 წლის ბესტსელერი `ებრაელი ხალხის გამონაგონი" (The Invention of the Jewish People) მიჰყვება ვერსიას აღმოსავლეთ ევროპელი ებრაელების ხაზარული წარმოშობის შესახებ. მიუხედავად ასეთი ინტერესისა, ამ თემის სისტემატური კრიტიკა თითქმის არ არსებობდა, გარდა თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარის მოშე გილის ძალიან მოკლე და ზოგადი სტატიისა. 
 
სტამპფერი აღნიშნავს, რომ მეცნიერები, რომლებიც ამ საკითხზე მსჯელობდნენ, ეყრდნობოდნენ ძალიან მწირ ტექსტობრივ და ნუმიზმატიკურ მასალას. არქეოლოგებმა ხაზართა ყოფილ ტერიტორიებზე ჩატარებული გათხრებისას თითქმის ვერანაირ არტეფაქტებს ან საფლავის ქვებს ვერ მიაკვლიეს, რომლებზეც ებრაული სიმბოლო იქნებოდა გამოსახული. სტამპფერი განიხილავს ყველა მნიშვნელოვან წერილობით დოკუმენტსაც, მათ შორის არაბულ და სხვა ენებზე,  ასევე ესპანელი ებრაელების ლიდერის ჰასდაი იბნ შაპრუტისა და იოსების, ხაზართა მეფის მიმოწერას, რომელსაც სამეცნიერო წრეებში ხშირად კემბრიჯის დოკუმენტს ან შეჩტერის დოკუმენტს უწოდებენ. 
ბიბლიის მიხედვით ებრაელები 12 ტომად იყვნენ დაყოფილები და იაკობის 12 ვაჟის შთამომავლები იყვნენ, არტურ კესტლერმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ ხაზარებმა იუდაიზმი მიიღეს, თავის წიგნს „მეცამეტე ტომი" უწოდა. 
 
ყველა ამ მასალის შეკრების შემდეგ სტამპფერი აღნიშნავს, რომ ეს წყაროები წარმოგვიდგენს ურთიერთსაწინააღმდეგო, დამახინჯებულ, ანომალიურ ცნობებს ბევრი თვალსაზრისით. წყაროების ფრთხილი და საფუძვლიანი კვლევის საფუძველზე გამოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი არ ეკუთვნოდა იმ ავტორს, რომლის დაწერილადაც ითვლებოდა მანამდე, ნაწილი კი არასაიმედო და არადამაჯერებელია. უმეტესობა ყველაზე დამაჯერებელი წყაროებისა, როგორიცაა სალამ განმმარტებელის დეტალური მოხსენება მითიური ალექსანდრეს კედლის ძებნის შესახებ, გაგზავნილი ხალიფა ჰარუნ ალ-ვასიკისთვის 842 წელს და კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნიკოლოზის წერილი, დაწერილი 914 წელს, რომელშიც ხაზარებზე გვხვდება ცნობები, არანაირ მინიშნებას არ გვაძლევს ხაზართა იუდაიზმზე მოქცევის შესახებ. 
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი
 
იმოწმებს რა ყველა სანდო წყაროს, რომელიც საინტერესოა ხაზართა იუდაიზმზე მოქცევის ამბის შესასწავლად, სტამპფერი აღნიშნავს, რომ მარტივი და ყველაზე ლოგიკური პასუხი არის ის, რომ ხაზარების მიერ იუდაიზმის მიღება უბრალოდ ლეგენდაა, რომელსაც არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი. არასდროს მომხდარა ხაზარი მეფის ან ხაზარი დიდებულების მოქცევა ამ რელიგიაზე, ამბობს ის.
სტამპფერი წლების განმავლობაში მუშაობდა ამ ნაშრომზე. ის აღნიშნავს: `ჩემი კვლევის დიდი ნაწილი ეხება იმის კვლევას, რა მოხდა წარსულში რეალურად. წარმოუდგენლად რთულია დაამტკიცო, რომ რომელიმე ფაქტი (რომელიც აქამდე რეალურად ითვლებოდა) სინამდვილეში არ მომხდარა".
ხაზართა ტერიტორიები დაახ. 850 წელს
 
სტამპფერი ამბობს, რომ ხაზართა იუდაიზმზე მოქცევის ამბის ეჭვის ქვეშ დაყენება და მისი ფაქტიური უარყოფა, გამოიწვევს რუსეთის, ხაზარებისა და ებრაელთა ისტორიის ზოგიერთი ფურცლის ხელახლა გადაწერას. თუ არ მომხდარა ხაზართა იუდაიზმზე მოქცევა, განსჯის საგნად უნდა იქცეს ადრეულ რუსებზე ებრაული გავლენის საკითხი.  
დასასრულისთვის სტამპფერი აღნიშნავს: `არსებობს ბევრი მიზეზი, რატომაა სასარგებლო და საჭირო გავარჩიოთ რეალური ფაქტი მოგონილისგან - ეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა".
 
ნიკა ხოფერია
 Medievalists.Net-ს მიხედვით
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way