რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა?
სურსათის უვნებლობა მეტად მნიშვნელოვანი საკითხია. მსოფლიოში ყოველდღიურად დიდი რაოდენობის სურსათი იწარმოება, რომელიც საჭიროებს ტრასპორტირებას, იყიდება და მოიხმარება მომხმარებლის მიერ. ეს კი ნიშნავს, რომ მუდმივად არსებობს დაბინძურების ან სურსათის უვნებლობის საფრთხის რისკი. სურსათისმიერი დაავადებები პრობლემაა, რომელიც კაცობრიობას უხსოვარი დროიდან თან სდევს.
ჯანმრთელობისთვის მავნე სურსათის პრობლემა კაცობრიობას ისტორიის დასაბამიდანვე აწუხებდა და დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სწორედ ამიტომ, უკვე რამდენიმე ასწლეულია, რაც ადამიანები ცდილობენ, თავი დაიცვან მავნებელი და უხარისხო სურსათის მოხმარებისაგან. სურსათით გამოწვეული დაავადებების შემთხვევები კვლავაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნებისათვის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, სავარაუდო გათვლის თანახმად, ყოველწლიურად 1,8 მილიონი ადამიანი იღუპება დიარეით გამოწვეული დაავადებების შედეგად და ამ შემთხვევების უმეტესობა მიეწერება დაბინძურებული სურსათის ან წყლის გამოყენებას. სურსათის სათანადოდ და სწორად მომზადების შემთხვევაში შესაძლებელია, თავიდან ავირიდოთ სურსათით გამოწვეული ამ დაავადებების უმეტესობა.
2019 წლიდან ყოველ 7 ივნისს მსოფლიოში სურსათის უვნებლობის დღე აღინიშნება, რომლის მთავარი მიზანია, აამაღლოს მოსახლეობის ინფორმირებულობა უვნებელი სურსათის შესახებ. ინიციატივა 2016 წელს კოსტა-რიკაში წარმოიშვა და მისი ავტორები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) იყო. ღონისძიების სლოგანი - „სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება“ - უვნებელი სურსათის წარმოების, მიწოდებისა და მოხმარების პროცესში ხელისუფლების, მწარმოებლებისა და ნებისმიერი ადამიანების საერთო პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს. მსოფლიო ჯამრთელობის ორგანიზაციამ 2001 წელს წარადგინა ,,ხუთი გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისთვის”, რომლის მიზანია, მარტივად და გასაგებად ახსნას, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო უვნებელი სურსათის მოსამზადებლად.
ეს პრინციპებია:
ჩვენს ქვეყანაში ტერმინი ,,სურსათის უვნებლობა” არცთუ დიდი ხანია, რაც დამკვიდრდა და დიდი ხნის განმავლობაში იგი, ძირითადად, ხარისხსა და უსაფრთხოებასთან იყო გაიგივებული. სურსათის უვნებლობა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა და, შესაბამისად, სურსათის მოხმარებით გამოწვეული რისკებისაგან დაცვას გულისხმობს, ხოლო „სასურსათო უსაფრთხოება - ეს არის ნებისმიერი ქვეყნის ყველა ფენის მოსახლეობის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა, აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების შენარჩუნებისათვის საჭირო რაოდენობისა და კვებითი ღირებულების მქონე უვნებელ სურსათზე“.
სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებია:
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში ხორცილდება კანონით დადგენილი სურსათის უვნებლობის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია სურსათის ბაზარზე განთავსება, თუ იგი არ არის უვნებელი. სურსათის მავნებლობის დადგენისას ასევე გასათვალისწინებელია, თუ რამდენადაა დაცული სურსათის წარმოებისა და დისტრიბუციისადმი, აგრეთვე ეტიკეტირებისადმი დადგენილი მოთხოვნები. გათვალისწინებული უნდა იყოს სურსათის არა მარტო შესაძლო ხანმოკლე, მყისიერი ან გრძელვადიანი გავლენა, არამედ მისი ეფექტი მომავალ თაობაზე, აკუმულაციური ეფექტი, განსაკუთრებული კატეგორიის მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის ხარისხი და სხვა.
დაუშვებელია სურსათის წარმოება, გადამუშავება, შენახვა, დაფასოება და ბაზარზე განთავსება, დისტრიბუცია თუ მწარმოებელი ბიზნესოპერატორი/დისტრიბუტორი არ არის რეგისტრირებული საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
რას ნიშნავსდ სურსათის ხარისხი?
სურსათის ხარისხი რთული და კომპლექსური კატეგორიაა, რომელიც შედგება, ყალიბდება და ვლინდება სურსათის წარმოების მთელ ჯაჭვში საწარმოს საქმიანობაზე სხვადასხვა ფაქტორის, პირობების და გარემოებების ზეგავლენით. საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, ზოგადად, ხარისხი არის პროდუქტისა ან/და მომსახურების იმ თვისებათა ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრულია მომხმარებელთა მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ხარისხი არის პროდუქტისა ან/და მომსახურების იმ თვისებათა ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრულია მომხმარებელთა მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ტერმინების განმარტება
სურსათი - ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი ასევე მოიცავს ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინს და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს.
სურსათის უვნებლობა - ყველა ის ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სურსათი არ მიაყენებს ზიანს მომხმარებელს, როდესაც მზადდება ან მიიღება ეს სურსათი მისი დანიშნულების მიხედვით.
სურსათის ხარისხი - უვნებელი სურსათის იმ მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია საბოლოო მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესებთან (მაგ.: წონა, ფერი, გემო, სუნი, შეფუთვა და ა.შ.). ფალსიფიკაცია - სურსათის შემადგენლობის, მახასიათებლების, ასორტიმენტის და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებში და ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან.
ეტიკეტი - სურსათთან დაკავშირებული ნებისმიერი სიტყვა, ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო განთავსებული შეფუთვაზე, იარლიყზე, სურსათს თანდართულ ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე, შენიშვნაზე, იარლიყზე, საყელურზე ან ბეჭედზე.
ბიოპროდუქტი - სურსათი ან საკვები, რომლის წარმოების, გადამუშავების, შეფუთვის, შენახვის, ტრანსპორტირების, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის წესები შეესაბამება ბიოწარმოების განხორციელებისა და სერტიფიცირების წესებს და რომლის ეტიკეტზე არის შესაბამისობის დამადასტურებელი ხარისხის ნიშანი და წარწერა. ბიოპროდუქტად არ ითვლება ნადირობით ან თევზჭერით მოპოვებული გარეული ცხოველი.
გადამუშავება - ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის თავდაპირველ პროდუქტს; მათ შორის, გაცხელება, შებოლვა, კონსერვირება, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გაცივება ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია.
დამბინძურებელი - ნებისმიერი ბიოლოგიური ან ქიმიური ნივთიერება, უცხო სხეული ან სხვა ნივთიერება, რომელიც არაგანზრახ მოხვდა სურსათში, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სურსათის უვნებლობას ან მის ვარგისიანობას.
ემულგატორი - საკვები დანამატი, რომელთაგან შექმნილი ემულსიის საშუალებით საკვები ხდება გემრიელი, ხანგრძლივად შენახვადი, პლასტიკური.
ინგრედიენტი - სურსათის წარმოებისათვის ნებადართული ნებისმიერი ნივთიერება, სასურსათო ნედლეული ან პროდუქტი, რომელიც გამოიყენება სურსათის წარმოებაში და მზა სასურსათო პროდუქტში რჩება საწყისი ან შეცვლილი ფორმით.
მავნებელი სურსათი - სურსათი, რომელიც ვერ პასუხობს კანონით გათვალისწინებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
მალფუჭებადი სურსათი - სურსათი, რომელიც ფუჭდება დროის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.
მიკროორგანიზმები - ისეთი მიკროსკოპული ორგანიზმები, როგორიცაა ბაქტერია, ობის სოკოები, ვირუსები და პარაზიტები, რომლებიც გვხვდება გარემოში, სურსათში და ცხოველებზე.
მომხმარებელი - სურსათის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც არ გამოიყენებს სურსათს სხვა პროდუქციის საწარმოებლად.
საფრთხე - ისეთი ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური აგენტი, რომელმაც შესაძლებელია, სასურსათო პროდუქტში ან ცხოველის საკვებში მოხვედრის შემთხვევაში, ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს.
სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხე - სურსათში/ცხოველის საკვებში, ცხოველში, მცენარეში, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებში ისეთი ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური აგენტის არსებობა ან სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების ისეთი მდგომარეობა, რომელმაც შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს.
სურსათის კალორიულობა - ენერგეტიკული ღირებულება, ენერგიის რაოდენობა, რომელიც გამოთავისუფლდება ადამიანის ორგანიზმში კონკრეტული სურსათის მოხმარებისას, მასში შემავალი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაჟანგვის დროს. გამოთავისუფლებული ენერგია ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს ხმარდება.
მომზადდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ მომწოდებული მასალის საფუძველზე